არტურ კონან დოილი - შიშის ველი

- უოტსონ, გსმენია ჩემგან პროფესორ მორიარტის შესახებ?

- ცნობილი მეცნიერი კრიმინალი, იმდენადვე ცნობილი თაღლითებს შორის, როგორც...

- ჩემი სირცხვილი, უოტსონ! - დარცხვენილი ხმით ჩურჩულებდა ჰოლმსი.

- მე ვაპირებდი მეთქვა, რამდენადაც იგი უცნობია საზოგადოებისათვის-მეთქი.

- მოარტყი! მიზანში მოარტყი! - წამოიძახა ჰოლმსმა, - შენ ჭეშმარიტად მოულოდნელ მიდრეკილებას ავლენ სარკაზმისკენ, უოტსონ, რომლისგანაც საკუთარი თავის დაცვა უნდა ვისწავლო. მაგრამ როდესაც მორიარდის კრიმინალს უწოდებ, კანონის თვალსაზრისით ეს ცილისწამებაა და ამაშია მისი დიდება და საოცრება! ყველა დროის უდიდესი ინტრიგანი, ყველა უღმერთობის ორგანიზატორი, იატაკქვეშა სამყაროს მაკონტროლებელი გონი, გონი რომელსაც შეეძლო შეექმნა ან მოეწამლა ნაციათა ბედი - აი, ასეთია ეს კაცი! მაგრამ იგი იმდენად შორს დგას საზოგადო ეჭვისაგან, იმდენად დაცულია კრიტიკისგან, მორიდებულია, მაგრამ იმდენად დაფასებული თავის საქმიანობაში, რომ შენ მიერ გაჟღერებული ამ კონკრეტული სიტყვების გამო შეუძლია გაიძულოს სასამართლოში წახვიდე და შენი წლიური პენსია მისთვის მიყენებული შეურაცხყოფის კომპენსაციად გადაიხადო. განა იგი არ არის „ასტეროიდის დინამიკის“ სახელგანთქმული ავტორი, წიგნისა, რომელიც წმინდა მათემატიკის ისეთ იშვიათ სიმაღლეებს იპყრობს, რომ როგორც ამბობენ, სამეცნიერო პრესაში ერთი კაციც არ აღმოჩნდა, ვინც მის კრიტიკას შეძლებდა? არის ეს ის კაცი, ვის რეპუტაციასაც შეიძლება შეეხო? ცილისმწამებელი დოქტორი და ცილისწამების მსხვერპლი პროფესორი - ასეთი იქნებოდა თქვენი როლების განაწილება! ეს გენიალურია, უოტსონ, მაგრამ თუკი წვრილმან საქმეებზე ფუჭად არ გავისარჯე, ჩვენი დრო უეჭველად მოვა.

***

არც ერთი ჯაჭვი არაა თავის უსუსტეს რგოლზე ძლიერი.

***

უნიჭობა არაფერს აღიარებს თავის თავზე უპირატესად, მაგრამ ტალანტი იმწამსვე ცნობს გენიას.

***

ჰოლმსმა გაიღიმა. როგორც ეს ჭეშმარიტ ხელოვანს ახასიათებს, იგი ყოველთვის ენთებოდა გულწრფელი აღფრთოვანების მოსმენისას.

***

ყველაფერი წრეზე ბრუნავს, პროფესორი მორიარტიც კი.

***

- ჯონათაინ ვაილდი დეტექტივი არ არის და არც რომანის გმირია. იგი კრიმინალის ოსტატი იყო და გასულ საუკუნეში ცხოვრობდა - 1750 ან დაახლოებით მაგ დროს. [...] ჯონათაინ ვაილდი ლონდონის კრიმინალების დაფარული ძალა იყო, რომელსაც თავის გონიერებასა და ორგანიზების ნიჭში თხუთმეტ პროცენტ საკომისიოს უხდიდნენ. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ეს ყველაფერი ადრე უკვე გაკეთებულა და კიდევ გაკეთდება.

***

მორიარტი რკინის ჯოხით მართავს თავის ხალხს. მისი დისციპლინა თავზარდამცემია. მის კოდექსში მხოლოდ ერთი სასჯელია - ესაა სიკვდილი.

***

არასაკმარის მონაცემებზე დაყრდნობით ნაადრევი თეორიების ჩამოყალიბების ცდუნება ჩვენი პროფესიის სენია.

***

თუკი ოდესმე გამიცალკევებია ჩემი თავი ოფიციალური ძალოვნებისაგან, ესეც იმიტომ, რომ მათ დაიჭირეს თავი შორს ჩემგან.

***

როგორც მოგეხსენება, მე არა ვარ ქალთა მოდგმის გულმხურვალე პატივისმცემელი, უოტსონ, მაგრამ ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ მხოლოდ ცოტა ცოლი არსებობს, ვისაც რაიმე პატივისცემა გააჩნია თავისი ქმრის მიმართ, ვინც არ მისცემს უფლებას კაცს ნათქვამს მასა და გარდაცვლილი მეუღლის ცხედარს შორის ჩადგეს. თუკი ოდესმე დავქორწინდები, უოტსონ, იმედი უნდა მქონდეს, რომ რაიმე გრძნობით აღავსებს ჩემს ცოლს, რაც მას არ მისცემს საშუალებას, საოჯახო საქმეში დამხმარემ წაიყვანოს, როდესაც ჩემი ცხედარი მისგან რამდენიმე იარდის მოშორებით ესვენება.

***

ვაღიარებ, ეს არის მხოლოდ ფანტაზია. მაგრამ რამდენად ხშირად არის ფანტაზია სიმართლის დედა?

***

მე მჯერა ადგილის გენიის.

***

უოტსონი ამტკიცებს, რომ მე დრამატურგი ვარ რეალურ ცხოვრებაში, - გაეცინა ჰოლმსს, - ჩემში გარკვეული არტისტული სული დუღს, რომელიც დაჟინებით მოითხოვს კარგად დადგმულ წარმოდგენას.

***

ვითარება ჩიხშია შესული, როდესაც ორ თავისუფალ მოქალაქეს არ შეუძლია საკუთარი აზრები გაუცვალოს ერთმანეთს.

***

მე შემიძლია მორიარტის ამოცნობა, როდესაც მის ნამუშევარს ვხედავ. [...] ეს იმ კაცის გაკეთებულია, ვინც თავს უფლებას ვერ მისცემდა, მარცხი განეცადა... ვისი განსაკუთრებული პოზიცია იმ ფაქტზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, წარმატებით უნდა განხორციელდეს.

მთარგმნელი - მაია კილაძე
გამომცემლობა „ოჩოპინტრე“, 2015წ.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში