ვარლამ შალამოვი - დოსტოევსკი, ტოლსტოი, ჩეხოვი, გორკი და ქურდული სამყარო

მხატვრული ლიტერატურა დამნაშვეთა სამყაროს ყოველთვის თანაგრძნობით, არც თუ იშვიათად კი სულაც მლიქვნელური პირმოთნეობით ასახავდა. იაფფასიანი ზიზილ-პიპილებით მზერადაბმულმა ქურდული სამყარო რომანტიკული საბურველით შემოსა, ვერ შეძლო დაენახა მისი ჭეშმარიტად გულისამრევი სახე. ეს პედაგოგიური ცდომილებაა, რომელიც ჩვენს ახალგაზრდობას ძალიან ძვირი დაუჯდა. 14-15 წლის ბიჭს ეპატიება გატაცება ამ სამყაროს „გმირული“ ფიგურებით, მწერლისთვის კი ეს უპატიებელი დანაშაულია. მაგრამ დიდ მწერლებს შორისაც კი ვერ შევხვდებით ისეთს, რომელიც დაინახავდა რა ქურდის ნამდვილ სახეს, პირს იბრუნებდა მისგან, ან, როგორც ჭეშმარიტ შემოქმედს შეჰფერის, მსჯავრს დასდებდა მას, როგორც ზნეობრივად მიუღებელს.

ისტორიის კაპრიზით, სინდისისა და ღირსების ყველაზე ექსპანსიურმა მქადაგებელმა, როგორიცაა, ვთქვათ, ვიქტორ ჰიუგო, ძალა არ დაიშურეს დანაშაულებრივი სამყაროსთვის ხოტბის შესასხმელად. ჰიუგოს წარმოედგინა, რომ დანაშაულებრივი სამყარო საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც ღიად შეუდრეკლად და ქედუხრელად აპროტესტებს გაბატონებულ სიყალბეს. მაგრამ ჰიუგოს თავი არ შეუწუხებია იმის გარკვევით, თუ რომელი პოზიციიდან უპირისპირდება ნებისმიერ ხელისუფლებას ქურდული გაერთიანება.

ჰიუგოს რომანების წაკითხვის შემდეგ, პატარა ბიჭები ელტვოდნენ ნაცნობობას ცოცხალ „მიზერაბლებთან“, ბლატარებში კი დღემდე გამოიყენება მეტსახელი „ჟან ვალჟანი“.

***
„მკვდარი სახლის ჩანაწერებში“ დოსტოევსკი თავს არიდებს პირდაპირ და მკაფიო პასუხს ამ კითხვაზე. ყველა ეს პეტროვები, ლუჩკები, სუშილოვები, გაზინები - ნამდვილი დანაშაულებრივი სამყაროს, ჭეშმარიტი ბლატარების თვალთახედვით „არიფები“, „ასმოდეები“ და „მუჟიკები“ არიან, რომელთაც თრგუნავენ, ძარცვავენ, ზიზღით ეპყრობიან. ბლატართა თვალთახედვით, მკვლელი და ქურდი პეტროვი და სუშილოვი ბევრად უფრო ახლოს რომანის ავტორთან არიან, ვიდრე მათთნ.

დოსტოევსკის „ქურდები“ ძარცვისა და თავდასხმის ისეთსავე ობიექტს წარმოადგენენ, როგორსაც ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი და მისი მსგავსნი, რა დიდი უფსკრულიც არ უნდა ჰყოფდეთ ბოროტმოქმედ აზნაურებს უბრალო ხალხისგან. ძნელი სათქმელია, თუ რატომ აარიდა თავი დოსტოევსკიმ ქურდების ნამდვილი სურათების გამოსახვას: ქურდი ხომ ის კაცი არ არის, რომელმაც უბრალოდ მოიპარა. შეიძლება მოიპარო და სისტემატურადაც იქურდო, მაგრამ ბლატერი, ანუ ამ მიწისქვეშა, ბილწი ორდენის წევრი ვერ გახდე. როგორც ჩანს, კატორღაში ეს „თანრიგი“ არ იყო. იგი არ ისჯება ხანგრძლივი ვადით იმიტომ, რომ მკვლელები მათში ცოტანი არიან; უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ დოსტოევსკის დროს ცოტანი იყვნენ ბლატერები, რომლებიც „სველ“ საქმეებზე გადიოდნენ და „დერზკი“ ხელი ჰქონდათ. „ურკა“, „ურკაგანები“ - ასე იხსენიებს თავს დანაშაულებრივი სამყარო. მის საზოგადოებას შეადგენენ „დომუშნიკები“, „სკოკარები“, „ფარმაზონები“ და ჯიბგირები (ჯიბის ქურდები).

„დანაშაულებრივი სამყარო“ გარკვეული მნიშვნელობის მქონე ტერმინია. ჟულიკი, ურკა, უკრაგანი, ადამიანი, ბლატერი - სინონიმებია. დოსტოევსკი კატორღაში მათ არ შეხვედრია, მაგრამ რომ შეხვედროდა, ამ წიგნის საუკუთესო გვერდებს ვეღარ ვიხილავდით, რომელიც კეთილი ადამიანური საწყისის მიმართ გვინმტკიცებს რწმენას, რაც მის ბუნებაში დევს. მაგრამ ბლატერებს დოსტოევსკი არ გადაჰყრია, მისი წიგნის კატორღელი გმირები ისეთივე შემთხვევითი ბოროტმოქმედები არიან, როგორც ალექსანდრ პეტროვიჩ გორიანჩიკოვი. მაგალითად, განა ბლატარულ სამყაროში დასაშვებია ერთმანეთის გაქურდვა, რასაც დოსტოევსკი საგანგებოდ აღნიშნავს და ხაზს უსვამს?! აქ დაკანონებულია არიფების ძარცვა, ალაფის გაყოფა, ბანქოს თამაში („სტოსი“ და „ბურა“), მოგებული ნივთების გადანაწილება ბლატარებში.

„მკვდარ სახლში“ გაზინი სპირტს ჰყიდის, იგივეს აკეთებენ სხვებიც, მაგრამ ბლატარები გაზინს სპირტს მომენტალურად წაართმევდნენ, მისი კარიერა ფრთების გაშლას ვერ მოასწრებდა.

ძველი „კანონით“ ბლატარი საპატიმროში არ უნდა მუშაობდეს, მის მაგივრად არიფებმა უნდა იმუშაონ. მიასნიკოვები და ვარლამოვები ამ სამყაროში დამამცირებელ მეტსახელს - „ვოლგის მტვირთავი“ მიიღებდნენ, „მოსლები“ (ჯარისკაცები), „ბაკლუშინები“, „ოკულინას ქმრები“ და სხვა, ეს არ არის პროფესიონალი ბოროტმოქმედების - ბლატარების სამყარო, ესენი უბრალო ადამიანები არიან, რომელთაც შემთხვევით გადააბიჯეს რომელიღაც ზღვარს და კანონის ნეგატიური ძალა იწვნიეს, აკიმ აკიმოვიჩის - ტიპური არიფის მსგავსად.

ბლატართა ერთობა განსაკუთრებული კანონის სამყაროა, რომელიც მარადიულ ომშია ჩაბმული სამყაროსთან, რომლის ტიპური წარმომადგენლებიც არიან აკიმ აკიმოვიჩი, პეტროვი, და თუნდაც პლაც-მაიორი. ბლატარებისთვის პლაც-მაიორი უფრო ახლოც კია, მასთან უბრალო ურთიერთობა აქვთ, იგი ღვთისგან დადგენილი უფროსობა, ხელისუფლების წარმომადგენელია. ამგვარ პლაც-მაიორს ნებისმიერი ბლატარი ბერავს ხოლმე სამართლიანობაზე ღირსებასა და სხვა მაღალ მატერიებზე საუბრით. და ეს ოდითგან ასეა. სახედამუწუკებული, მიამიტი პლაც-მაიორი მათი აშკარა მტერია, აკიმ აკიმოვიჩები და პეტროვები კი - მსხვერპლი.

არც ერთ რომანში დოსტოევსკი არ ასახავს ბლატარებს. დოსტოევსკი მათ არ იცნობდა, და თუ იცნობდა კიდეც, მან როგორც მხატვარმა პირი იბრუნა მათგან.

***

ტოლსტოის არა აქვს რამდენადმე შთამბეჭდავი სურათები ამ ჯურის ხალხისა, „აღდგომაშიც“ კი, სადაც ხასიათის შტრიხები ზედაპირულია, რაც ავტორს პასუხისმგებლობისაგან ათავისუფლებს.

***

ჩეხოვს ჰქონდა შეხება ამ სამყაროსთან. იყო რაღაც ისეთი მის სახალინურ მოგზაურობაში, რამაც მისი წერის მანერა შეცვალა. ჩეხოვი რამდენიმე წერილში პირდაპირ აღნიშნავს, რომ ყველაფერი რაც მანამდე დაუწერია, რუსი მწერლისთვის შეუფერებელ, უმნიშვნელო წვრილმანებად მიაჩნია. ისევე, როგორც „მკვდარი სახლის ჩანაწერებში“, კუნძულ სახალინზეც საპატიმრო ადგილების გამომათაყვანებელი, ყოვლისმომცველი სიბილწე ღუპავს (და შეუძლებელია არ ღუპავდეს) ყოველივე წმინდას, კარგს, ადამიანურს. ბლატარების სამყარომ შეაძრწუნა მწერალი. 

ჩეხოვმა გამოიცნო ამ სიბილწის მთავარი აკუმულატორი, თავისებური ატომური რეაქტორი, რომელიც თავად მოიპოვებს და აღიდგენს საჭირო საწვავს. მაგრამ ჩეხოვს მხოლოდ ის შეეძლო, რომ ნაღვლიანად გაეღიმა და რბილად, მაგრამ დაჟინებით მიენიშნებინა ამ სამყაროზე, რომელსაც იგიც ჰიუგოსგან იცნობდა. სახალინზე ჩეხოვმა მეტისმეტად მცირე დრო დაჰყო და სიცოცხლის ბოლომდე არ ეყო სიმამაცე ეს მასალა თავის მხატვრულ ნაწარმოებებში გამოეყენებინა.

ერთი შეხედვით, გორკის ბიოგრაფიული შემოქმედება ქმნიდა წინაპირობას, რათა მას მართლად და კრიტიკულად აესახა ბლატარები. ჩელკაში - უეჭველი ბლატარია, მაგრამ ეს ქურდი-რეციდივისტი მოთხრობაში ასახულია იგივე ნაძალადევი და ყალბი სიმართლით, როგორც „განკვეთილნის“ გმირები. ცხადია, გავრილი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ გლეხური სულის სიმბოლო. იგი ურკაგანი ჩელკაშის მოსწავლეა, თუნდაც შემთხვევითი, მაგრამ საჭირო მოსწავლე, რომელიც ხვალ შეიძლება „გაფუჭებული შტიმპი“ გახდეს და ერთი საფეხურით აიწიოს კიბეზე, რომელსაც დანაშაულებრივ სამყაროში შევყავართ. როგორც ერთმა ბლატარმა ფილოსოფოსმა თქვა, „არავინ იბადება ბლატარად, ბლატარები ხდებიან“.

გორკის ახალგაზრდულ წლებში ჰქონდა შეხება ბლატარებთან. ჩელკაშის მხატვრული სახით მან ხარკი გადაუხადა ბრიყვულ აღტაცებას ამ სოციალური ჯგუფის მოჩვენებითი სიმამაცისა და თავისუფლების მიმართ. 

ძალიან არადამაჯერებელი ბლატარია ვასკა პეპელი („ფსკერზე“). ნაცვლად მხილებისა, ჩელკაშის მსგავსად, ისიც რომანტიზებული და განდიდებულია. ავტორის აშკარა სიმპათიის შედეგია, რომ ეს მხატვრული სახეც ცუდ საქმეს ემსახურება.

ასეთია გორკის მცდელობები დანაშაულებრივი სამყაროს ასახვისა. ის არ იცნობდა ამ სამყაროს, ნამდვილ ბლატარებს არ შეხვედრია, ეს მწერლისთვის საკმაოდ რთულია, რამდენადაც ქურდული სამყარო ჩაკეტილი, თუმცა არც თუ ძალიან კონსპირაციული ორდენია; გარეშე პირებს დაკვირვებისა და შესწავლისთვის იქ არ უშვებენ. არც გორკი-მაწანწალასთან, არც გორკი-მწერალთან, არც ერთი ბლატარი ღიად და გულწრფელად არ ისაუბრებს იმ მიზეზით, რომ გორკი მათთვის უპირველეს ყოვლისა არიფია.

ოციან წლებში ჩვენში ამ ტიპის ლიტერატურის მოდა დამკვიდრდა. ბაბელის „ბენია კრივი“, ლეონოვის „ქურდი“, სელვინსკის „მოტკე მალხამოვეცი“, ინბერის „ვასკა სვისტი ხათაბალაში“, და ბოლოს ფარმაზონი ოსტაპ ბენდერი ილფი და პეტროვისა. როგორც ჩანს, ყველა მწერალმა გადაუხადა ქარაფშუტული ხარკი ამ მოულოდნელ დაკვეთას დანაშაულის რომანტიკაზე. დანაშაულებრივი სამყაროს აღვირახსნილი პოეტიზაცია „ახალ ტალღად“ მიიჩნეოდა ლიტერატურაში, რამაც ბევრი გამოცდილი მწერალი შეაცდინა.

მიუხედავად საკითხის არსის უაღრესად სუსტი წვდომისა, რასაც ყველა მწერალი ამჟღავნებდა ვინც ჩამოვთვალეთ და ვერ ჩამოვთვალეთ, ამ წიგნებს მკითხველებში დიდი წარმატება ხვდათ წილად, შესაბამისად - მოჰქონდათ მნიშვნელოვანი ზიანი.

შემდეგ მდგომარეობა გაუარესდა. დაიწყო ხანგრძლივი პერიოდი სახელგანთქმული „გადაჭედვისა“, იმ გადაჭედვისა, რომელზეც ბლატარები იცინოდნენ და დღემდე იცინიან. გაიხსნა ბოლშევსკის და ლუბერეცკის კომუნები, 120-მა მწერალმა დაწერა კოლექტიური წიგნი ბელამორ-ბალტიის არხზე, წიგნი დაიბეჭდა მაკეტში, რომელიც ძალიან ჰგავდა ილუსტრირებულ სახარებას. ამ პერიოდის ლიტერატურულ გვირგვინად იქცა პოგოდინის „არისტოკრატები“, რომელშიც დრამატურგმა მეათასედ გაიმეორა ძველთაძველი შეცდომა, არ ჩაუღრმავდა იმ ცოცხალ ადამიანებს, რომელთაც მიამიტი მწერლისთვის მარტივი სპექტაკლი გაითამაშეს.

ბევრი წიგნი დაიწერა, გადაიღეს ფილმები და დაიდგა პიესები დანაშაულებრივი სამყაროს წევრთა ხელახლა აღზრდის შესახებ, თუმცა...

დანაშაულებრივი სამყარო ლიტერატორებისა და მკითხველებისთვის, გუტენბერგიდან ვიდრე დღემდე, რჩება შვიდი ბეჭდით დაბეჭდილ წიგნად. ამ საკითხზე მომუშავე მწერლები ქარაფშუტულად ეკიდებოდნენ უმნიშვნელოვანეს თემას. მათ იზიდავდათ და ატყუებდათ ამ სამყაროს ფოსფორული ნათება, არგებდნენ მას რომანტიკულ ნიღაბს და განუმტკიცებდნენ მკითხველს ისედაც ყალბ შეხედულებას ამ ცბიერ, გულისამრევ სამყაროზე, რომელსაც ადამიანური არაფერი გააჩნია.

ფაფხურმა სხვადასხვა გადაჭედვებზე ამოსუნთქვის საშუალება მისცა მრავალ ათას პროფესიონალ ქურდს, იხსნა ისინი.


ვარლამ შალამოვი - ნარკვევები დანაშაულებრივ სამყაროზე
თარგმნა მერაბ გვაზავამ
გამომცემლობა „ლითერასი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში