ფირუზ ქაზემზადე - ბრძოლა ამიერკავკასიისთვის 1917-1921
ლეგენდის თანახმად, ზარათუშტრა ამიერკავკასიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანში დაიბადა, მარად უქრობი ცეცხლის მიწაზე.
***
საქართველოში სრულიად არ არსებობდა პირობები, რომელთაც მარქსი სოციალიზმის შენებისთვის აუცილებლად მიიჩნევდა, მაგრამ ქართველები სუბიექტური სოციალისტები იყვნენ და, ბუნებრივია, ყველაზე პროგრესული დასავლური თეორიის გავლენა ისე განიცადეს, რომ თან არას დაგიდევდნენ, მიესადაგებოდა თუ არა მისი მოთხოვნები მათი ქვეყნის პირობებს.
***
რაკი მარქსისტები და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები იყვნენ, ქართველი სოციალისტები, ბუნებრივია, ნაციონალიზმს უნდა დაპირისპირებოდნენ. თუ ქართველ არისტოკრატს სომეხი კაპიტალისტი მისი სომხობის გამო სძულდა, სოციალისტებს მისი სიძულვილი იმიტომ მიაჩნდათ სწორად, რომ ის კაპიტალისტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ, აგიტაცია გაეწიათ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის, ამაზე ოცნებაც კი არ მიაჩნდათ სწორად. ცნობილი მეცნიერი ნიკო მარი წერდა, რომ იმ დროს სისხლით ქართველი სოციალისტები ქართველი გლეხების წინაშე ქართულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგნაირად ასრულებდნენ: „ძირს საქართველო! გაუმარჯოს რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშატა პარტიას!“ თუკი თითო-ოროლა გაბედული მსმენელი ეროვნული იდეის ამგვარი დაკნინების გამო შეპასუხებას დააპირებდა, ხმის ამოღების უფლებასაც არ აძლევდნენო.
***
ქალაქებში რუსები ისევე ცხოვრობდნენ, როგორც რუსეთის იმპერიის ნებისმიერ სხვა ქალაქში. ამიერკავკასიაში მათ დასახლებას თან მოჰყვა სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრების გახსნა და პოლიტიკური პარტიების დაარსება. ზოგიერთი ქალაქი სრულად დაემსგავსა რუსულ ქალაქებს, იმდენად, რომ მოსკოვიდან ტფილისში ჩასული მოგზაური თავს იქ უცხო მიწაზე არ გრძნობდა. განათლებული ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები რუსულად მეტყველებდნენ და, საკუთარ ენაზე წერის ნაცვლად, რუსულ ენაზე წერას ამჯობინებდნენ. მაგრამ რუსიფიკაციის ამ მყიფე ქერქის მიღმა ის მასები იმალებოდა, რომელიც ისეთივე არარუსული დარჩა, როგორიც ყოველთვის იყო. ისინი საკუთარ ენაზე მეტყველებდნენ და ალმაცერად უყურებდნენ ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებულ კოლონისტებს. ნაციონალური სენტიმენტი არ მომკვდარა იმ ამიერკავკასიელთა გულებშიც კი, რომელთაც რუსული უნივერსიტეტები დაემთავრებინათ, რუსულად საუბრობდნენ და რუსეთში თავს ისე გრძნობდნენ, როგორ საკუთარ ქვეყანაში. ეს გრძნობა მათში მხოლოდ მიძინებული იყო, მის გასაღვიძებლად ახლა პატარა ბიძგიც იკმარებდა.
***
I მსოფლიო ომში სომხები ამიერკავკასიის ერთადერთი ხალხი იყო, რომელიც ომის წლებში დიპლომატიურ საქმიანობას და კვაზი-დამოუკიდებელ სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდა. ქართველები რუსულ არმიაში ისევე მსახურობდნენ, როგორც რუსეთის იმპერიის სხვა ქვეშევრდომები. მათი დამოკიდებულება ამ ომის მიმართ თითქმის არ განსხვავდებოდა რუსული მასების დამოკიდებულებისაგან, მხოლოდ ცალკეულ ნაციონალისტებს თუ ჰქონდათ ანტირუსული განწყობა, განსაკუთრებით, თავად-აზნაურული წრის ხალხს.
აზერბაიჯანელები, ისევე, როგორც ამიერკავკასიის სხვა მუსლიმი ხალხები, სამხედრო სამსახურის ვალდებულებისგან გათავისუფლებულები იყვნენ. იშვიათად, რომ ამ ხალხის რომელიმე წარმომადგენელი საკუთარი ნებით შესულიყო რუსულ ჯარში. ზოგს რუსეთის დამარცხებისა და ამგვარად გათავისუფლების იმედიც კი ჰქონდა, მაგრამ უმრავლესობა სრულიად აპათიური იყო.
***
რევოლუციის ამბებმა ტფილისამდე, ამიერკავკასიის ადმინისტრაციულ და კულტურულ დედაქალაქამდე, 15 მარტს ჩააღწია. შედეგი მეორე დღესვე აშკარა შეიქნა. რუსული იმპერიული ხელისუფლების მთელი იერარქია დაიშალა. ჯერ პოლიცია გაუჩინარდა ტფილისის ქუჩებიდან, შემდეგ კი სახელმწიფო დაწესებულებები დაიხურა. ქალაქს რევოლუციონერთა ბანდები მოედნენ და პირველი რაც მოიმოქმედეს, საიდუმლო პოლიციის ადგილობრივი სამსახურის უფროსი დააპატიმრეს, როგორც მჩაგვრელთა დრომოჭმული რეჟიმის სიმბოლო.
ყველას სიტყვა „დემოკრატია“ ეკერა პირზე, დემოკრატიამ მოიცვა თითოეული მოქალაქის გონება. ეწყობოდა უზარმაზარი მიტინგები, რომლებზეც ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები ამხანაგური გრძნობის მოულოდნელ წამოფეთქებაში ერთიანდებოდნენ. მორგან ფილიპს-პრაისი, ბრიტანელი ჟურნალისტი, რომელიც იმ დროს ტფილისში იმყოფებოდა, ერთ-ერთ ასეთ მიტინგს ასე აღწერდა:
„ჩაგრულთა სიმრავლეში უეცრად იფეთქა დემოსის სულმა, და შუასაუკუნეების მთიელთა და მეოცე საუკუნის მუშათა დიდ თავყრილობაში გადაიზარდა, ყველანი ძმობისა და თავისუფლების იდეებით იყვნენ შთაგონებულნი“.
***
1935 წელს ლავრენტი ბერია, ძველი ქართველი ბოლშევიკი, წერდა, რომ ტფილისელი ბოლშევიკების მეთაურთა ჯგუფი - ფილიპე მახარაძე, ბუდუ მდივანი, ოკუჯავა, ტოროშელიძე და სხვები - მტკიცედ ეწინააღმდეგებოდნენ ლენინის და სტალინის დირექტივებს შეიარაღებული აჯანყების მოწყობის შესახებ. ბერია ქართველ ბოლშევიკებს არსენალის დათმობაში ადანაშაულებდა, მათ პოლიტიკას გმობდა და ღალატად უთვლიდა.
***
დასავლეთის ძლევამოსილი სახელმწიფოებისთვის 1917 წლის შემოდგომაზე ამიერკავკასია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების კონსული ტფილისში, სმიტი, ნოემბრის რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში პირველ ტელეგრამას რომ გზავნიდა, უპირველეს ყოვლისა აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი და ჯარი ბოლშევიკების მმართველობას არ შეეგუებოდა.
„თუმცა,“ დასძენდა სმიტი, „ეჭვი მეპარება, ხუთ დღეზე მეტხანს შეძლონ წინააღმდეგობის გაწევა ფინანსური დახმარების გარეშე, რაც ახლა მოკავშირეებისთვის სასიცოცხლო ინტერესად უნდა იქცეს“.
ცხრა დღის შემდეგ სმიტის კიდევ ერთი ტელეგრამა სახელმწიფო დეპარტამენტს ატყობინებდა, რომ ბაქო ბოლშევიკების ხელშია გადასული, მაგრამ დანარჩენ ამიერკავკასიაში მოსახლეობის დიდ უმეტესობასა და მათ ლიდერებს შორის ისეთი განწყობებია, რომ ბოლშევიკებს არ სცნობენ და არც სეპარატულ ზავს მოაწერენ ხელს.
ამერიკის კონსული თავის ანგარიშებში ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ამიერკავკასია ფინანსურად გაბანკროტებული იყო და სრული ჩამოშლისგან მას მხოლოდ უცხოური სესხი ან გრანტი იხსნიდა.
[...]
როდესაც ჯერ კიდევ 1917 წლის 26 ნოემბერს, სახელმწიფო მდივანმა ლანსინგმა ამერიკის კონსულს ტფილისში ტელეგრამა გამოუგზავნა, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსურ დახმარებაზე ასე სწერდა:
„გთხოვთ მოგვახსენოთ თქვენი აზრი, როგორ ავცდებით თქვენ მიერ აღწერილ ვითარებაში ხსენებული დახმარებით რუსეთის დანაწევრების, ნაწილობრივი დაშლისა თუ სამოქალაქო ომის წახალისებას. დეპარტამენტი ვერც ერთი ამ მიამრთულების ტენდენციას ხელს ვერ შეუწყობს.
მომდევნო დღეს ვუდრო უილსონის მრჩევლის, კოლონელ ჰაუზისადმი გაგზავნილ ტელეგრამაში ლანსინგი წერდა:
„ამერიკის კონსულს ტფილისში არ უნდა მიეცეს de facto მთავრობის ცნობის უფლებამოსილება, სანამ ნათელი არ შეიქნება, რომ ამგვარი ნაბიჯი რუსეთში სამოქალაქო ომს ან სეპარატიზმსა და ქვეყნის რღვევას არ გამოიწვევს“.
საპასუხო წერილში კოლონელი ჰაუზი ლანსინგს სწერდა, რომ საფრანგეთის, ინგლისის და იტალიის პრემიერ-მინისტრები ამიერკავკასიური მოძრაობის მხარდაჭერისკენ იხრებიან, მაგრამ თავად მას შიდა არეულობების წახალისება სახიფათოდ მიაჩნია.
ამერიკის კონსული ტფილისში თავად შეესწრო კავკასური არმიის დაშლას, ამიერკავკასიის კომისარიტი მის თვალწინ დღითი-დღე სუსტდებოდა, და ამიტომ დახმარების სურვილს ვერ ელეოდა, მაგრამ ამ პროცესებისადმი მისი მთავრობის დამოკიდებულება ისეთი იყო, ხელ-ფეხი შებოჭილი ჰქონდა.
საფრანგეთის და ინგლისის აგენტების პატაკები სმიტისაზე ნაკლებად ოპტიმისტური იყო. ინგლისელებმა და ფრანგებმა დაასკვნეს, რომ ვითარების შეცვლა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, ხოლო თურქულ-გერმანული ექსპანსია - გარდაუვალი, ამიტომ მოკავშირეებს, რეგიონში ისეთი არეულობა უნდა შეექმნათ, რომელშიც მტერი მის ეკონომიკურ ექსპლუატაციას ვერ მოახერხებდა. ამგვარი ნეგატიური დამოკიდებულება იქცა მოკავშირეთა ოფიციალურ პოლიტიკად ამიერკავკასიაში.
***
ამიერკავკასია რუსეთს სულ უფრო და უფრო შორდებოდა. დეკემბრის დასაწყისში ტფილისში პირველი ქართული ეროვნული ყრილობა ჩატარდა. მასზე ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და ადგილობრივი ავტონომიური მმართველობა მოითხოვა. თუმცა, რუსეთისაგან გამოყოფაზე იქ ჯერ სიტყვაც არ იყო თქმული.
ჟორდანიამ აუდიტორიას შეახსენა, ერთი საუკუნით ადრე საქართველო დილემის წინაშე იდგა, აღმოსავლეთი აერჩია თუ დასავლეთიო. „მაგრამ გზა დასავლეთისკენ რუსეთზე გადიოდა, ამიტომ დასავლეთის გეზი რუსეთთან გაერთიანებას ნიშნავდა“, თქვა მან.
მთელი მეცხრამეტე საუკუნე საქართველო რუსეთისგან ჩაგვრას განიცდიდა, და მაინც, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას სიტყვა არ დაუძრავს გამოყოფაზე. ყველას საერთო აზრი ჰქონდა, რომ როგორც კი რუსეთში მდგომარეობა გამოსწორდებოდა, ამისგან საქართველოც მოგებული დარჩებოდა.
„ახლა“, თქვა ჟორდანიამ, „საქართველო კვლავ იმავე დილემის წინაშეა დამდგარი და კიდევ ერთხელ, ჩვენი არჩევანი რუსეთი უნდა იყოს. მაგრამ დღევანდელ რუსეთს ანარქია მოსდებია და ნაწილებად გლეჯს, ამის გამო ამიერკავკასია იძულებულია, ავტონომიური მმართველობა შემოიღოს, სანამ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრება ჩატარდება და მთელი რუსეთის ბედი გადაწყდება“.
***
სეიმის გახსნის დღეს, 1918 წლის 23 თებერვალს ბოლშევიკებმა ტფილისში, ალექსანდრეს ბაღში დიდი მიტინგი მოაწყვეს, წითელი დროშებითა და ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირებით. როცა პოლიციამ შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდა, ბრბო მას არ დაემორჩილა და მაშინ პოლიციამ მომიტინგეებს ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გაუხსნა. ამ შემთხვევამ ახალშექმნილ სეიმს ჩრდილი მიაყენა. ინციდენტის გამომკვლევი საგანგებო კომისიის დასკვნა, რომელიც ტფილისის საბჭოს წარედგინა, ამტკიცებდა, რომ ცეცხლი პოლიციის უფროსის ბრძანებით კი არ გახსნილა, არამედ ბრბოდან ატეხილ სროლას მოჰყვა, როგორც უნებლიე რეაქცია. ამ დასკვნის საფუძველზე ტფილისის საბჭომ პასუხისმგებლობა მიტინგის ბოლშევიკ ორგანიზატორებსა და ხელმძღვანელებს დააკისრა.
***
ჩხენკელი მითითებებს არ დაელოდა და თურქების ულტიმატუმს შემდეგი პასუხი შეაგება:
„ოტომანთა იმპერიის დელეგაციას
ამიერკავკასიის სამშვიდობო დელეგაციას ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარის 1918 წლის 6 აპრილით დათარიღებულ წერილზე პატივი აქვს განაცხადოს, რომ იგი სცნობს ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას და მზადაა, შემდგომი მოლაპარაკებები მასზე დაფუძნებით აწარმოოს.
ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩხენკელი. ტრაპიზონი, 1918 წლის 10 აპრილი“.
***
ამიერკავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას სტალინი გაზეთ „პრავდის“ ფურცლებზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სეიმის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, რასაც თითქოსდა ხელფეხი უნდა გაეხსნა ტფილისის „მთავრობისთვის“, სინამდვილეში საერთაშორისო მტაცებლების ხაფანგში გააბა ამიერკავკასია“. მან იქვე იწინასწარმეტყველა, რომ ეს დამოუკიდებლობა ტფილისელ მენსევიკებს გერმანია-თურქეთის იმპერიალისტების მოკავშირედ აქცევს რუსეთის რევოლუციის წინააღმდეგ.
„ამიერკავკასიის მოსახლეობა“, წერდა სტალინი, „რუსეთისაგან გამოყოფის წინააღმდეგია. შემთხვევითი არაა, რომ მენშევიკთაგან ყველაზე სინდისიერებმა: ჟორდანიამ, წერეთელმა და თვით (თვით!) გეგეჭკორმაც კი, ხელები დაიბანეს და ეს ბინძური საქმე მენშევიკური პარტიის ყველაზე უსინდისო წევრებს მიანდეს“.
***
1918 წლის 28 აპრილს ახალშობილი დამოუკიდებელი სახელმწიფო, - ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა ოტომანთა იმპერიამ სცნო.
***
ქართველები და გერმანიის დელეგაციის ხელმძღვანელი - გრაფი ფონ ლოსოვი საბოლოოდ 24 მაისს შეთანხმდნენ. ამის შემდეგ ჩხენკელმა ტფილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:
„აცნობეთ საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმდჯოამრეს, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დაყოვნება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს. გერმანელთა შუამდგომლობის მცდელობამ მარცხი განიცადა. ერთი გზაღა დაგვრჩა - დავუპირისპიროთ თურქების შემოჭრას დამოუკიდებელი საქართველო, რომელსაც გერმანია დაუჭერს მხარს. საქართველოს ხელისუფლებასთან გერმანიის წარმომადგენელი გრაფი შულენბურგი იქნება. გერმანიასთან ხელშეკრულების ნაწილი უკვე მზადაა ხელმოსაწერად.
***
ბრიტანელ ტყვეთა საქმე
საქართველოს სუვერენინტეტის მიმართ გერმანელებისა და თურქების უპატივცემულო დამოკიდებულება თვალსაჩინოდ გამოჩნდა ბრიტანელ ტყვეებთან დაკავშირებულ ინციდენტში. ამ ტყვეების ერთი ჯგუფი ტფილისში თურქებმა ჩამოიყვანეს. დამფუძნებელ კრებაში (საქართველოს პარლამენტში) მთავრობას საერთაშორისო სამართლის დარღვევის ამ აშკარა ფაქტზე რეაგირება მოსთხოვეს, რის შედეგადაც საქართველოს მთავრობამ თურქებს ამ ქმედების გამო პროტესტი განუცხადა. ამჯერად გემრანელებს ქართველებისთვის თურქების წინააღმდეგ მხარე არ დაუჭერიათ. ფონ კრესმა განაცხადა, რომ ბათუმის ხელშეკრულების თანახმად, მათ მოკავშირეებს უფლება ჰქონდათ, სამხედრო ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საქართველოს რკინიგზა გამოეყენებინათ. თუმცა, ქართველები დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ სამხედრო ტყვეების „სამხედრო ტვირთად“ მოხსენიება ბათუმის ხელშეკრულების მეტისმეტად თავისუფალ ინტერპრეტირებას ნიშნავდა. გარდა ამისა, ტყვეები თურქებმა ტფილისის სასტუმროებში დააბინავეს, რაც ტრანზიტის ცნებას აშკარად არ შეეფერებოდა. თუმცა, რაკი გერმანელებმა არ დათმეს, საქართველოს მთავრობას უკან დახევა მოუხდა. ის მხოლოდ იმას დასჯერდა, გერმანულ მხარესთან ურთიერთობის იმედი გამოეთქვა, რომ ამგვარი რამ აღარასოდეს განმეორდებოდა. თავად თურქები 1918 წლის სექტემბერში იმ მდგომარეობაში ვერ იყვნენ, რომ მეზობელ ქვეყანას დაპირისპირებოდნენ და საქართველოს მთავრობას ყველაზე თავაზიანი ფორმით სთხოვდნენ, ეს ინციდენტი გაუგებრობად ჩაეთვალა.
***
***
როცა ამერიკის პოლიტიკური მისიის წევრები ტფილისის გავლით ბაქოდან ბათუმში მიემგზავრებოდნენ, მისიის ხელმძღვანელმა უნივერსიტეტის პროფესორმა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს, დიომიდე თოფურიძეს ჰკითხა, რატომ იყო ტფილისის ქუჩებში ყველგან წითელი დროსები გამოფენილი.
„წითელი დროშა სოცილიაზმის და რევოლუციის სიმბოლოა. შემთხვევით, რევოლუციის გაგრძელებას ხომ არ აპირებთ...? ეს ხომ იგივეა, რაც ბოლშევიზმი. თქვენ კი კარგად უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ მოკავშირეებს მშვიდობისა და წესრიგის აღდგენა სურთ“.
საპატიო სტუმრის დასამშვიდებლად თოფურიძემ უპასუხა:
„ჩვენი რევოლუცია, დიდი ხანია, დასრულდა. სოციალური ექსპერიმენტებისგან ახლა ძალიან შორს ვართ...“.
პროფესორი პასუხმა არ დააკმაყოფილა: „მართალია, რომ თქვენი მთავრობა სოციალისტურია?“, - იკითხა მან.
თოფურიძემ ისე იუარა, თვალი არ დაუხამხამებია, თუმცა, დასძინა, რომ კაბინეტში რამდენიმე სოციალისტი მინისტრი ჰყავდათ. ამის შემდეგ ამერიკელ სტუმარს უკითხავს, გაუწევდა თუ არა დახმარებას საქართველო ბრიტანეთს, და მაშასადამე, შეერთებულ შტატებსაც, ბოლშევიზმთან ბრძოლაში.
***
დაიკავეს თუ არა ამიერკავკასია, ბრიტანელებმა იქაურობის ბატონ-პატრონებივით დაიწყეს მოქმედება. მათი ოფიცრები ბათუმის პოლიციის შენობაში ყველა წერილს და ამანათს ხსნიდნენ, ისეთებსაც კი, ამიერკავკასიის რესპუბლიკების მთავრობებისთვის რომ იყო განკუთვნილი და დიპლომატიური ფოსტით ჩამოტანილი. ტფილისში ბრიტანელებმა შეუფერებლად მიიჩნიეს მენშევიკურ „ბორბა“-ში ზოგიერთი გამოქვეყნებული სტატია, გენერალმა უოკერმა კი ჟორდანიას განუცხადა:
„უნდა გავაფრთხილო საქართველოს მთავრობა, რომ თუ იგი გაზეთს ამ კამპანიის შეწყვეტას არ უბრძანებს, და თუ ამგვარი სტატიები კვლავაც გამოქვეყნდება, ამის შემდგომ კი მთავრობა „ბორბას“ არ დახურავს, მე თავად გავხდები იძულებული აღვკვეთო ამ გაზეთის გამოცემა, რადგან მისი სტატიები მოკავშირეთა სახელმწიფოებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ“.
ჟორდანიამ მას პასუხად მიუგო, რომ ქართული პრესა საზოგადოების განწყობებს ასახავს და ცენზურას არ ექვემდებარება, მაგრამ თუკი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმართული სტატიები კვლავაც გამოქვეყნდება, მთავრობა თავად მიიღებს ზომებს, რათა მსგავსი შემთხვევები არ განმეორდეს.
***
სომხურ-ქართული კონფლიქტისას, 1918 წლის 14 დეკემბერს, ევგენი გეგეჭკორი ქართული პარლამენტის წინაშე წარსდგა:
„ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც დიპლომატიის მეშვეობით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, თქვა მინისტრმა, „თუ ეს კონფლიქტის მოგვარებისკენ არ მიგვიყვანს, დიპლომატიას დადუმება მოუწევს“.
***
„კონფერენცია აცხადებს ,რომ ქართველ სოციალ-დემოკრატთა მიერ არჩეულმა პოლიტიკამ, რომლებიც დემოკრატიული წყობისა და საქართველოს ავტონომიის გადარჩენას უცხორ დახმარებაზე ორიენტაციისა და რუსეთისგან გამოყოფის ფასად ცდილობდნენ, ისინი ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც მთლიანობაში ეწინააღმდეგება პარტიის მიერ დასახულ მიზნებს“.
***
1918 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელი იცვალა და თავი პარლამენტად გამოაცხადა. თუმცა, მანამდეც კი, სანამ ეს მოხდებოდა, მენშევიკურმა წითელმა გვარდიამაც სახელწოდება შეიცვალა და „სახალხო გვარდია“ დაირქვა.
[...]
და მაინც, გადაჭარბება იქნება იმის მტკიცება, თითქოს მენშევიკებმა რევოლუციური გზიდან გადაუხვიეს. ფაქტია, ეს ის მთავრობა აღარ იყო, 1918 წელს რომ პარტიას „ათვინიერებდა“, უფრო - პირუკუ. აპრილში, როცა ამიერკავკასია რუსეთს გამოეყო, და მაისში, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მენშევიკების ლიდერი, ნოე ჟორდანია, მთავრობის გარეთ რჩებოდა. თავის მოადგილეებს, ჩხენკელს, რამიშვილს, გეგეჭკორს და სხვებს, მან პრაქტიკული სამუშაო - სახელმწიფოს ორგანიზება მიანდო. თავად ჟორდანია კი ტფილისის საბჭოს თავმჯდომარედ, სამხარეო საბჭოების ცენტრის თავმჯდომარედ და საკუთარი პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარედ რჩებოდა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჟორდანიამ მხოლოდ 1918 წლის მიწურულს დაიკავა, როცა პარტიისა და მთავრობის მუშაობის შეძლებისდაგვარად დაახლოებისა და კოორდინაციის აუცილებლობა შეიქნა.
***
საქართველოს ეროვნული საბჭო, რომელსაც მოგვიანებით პარლამენტი ეწოდა, ჩვეულებრივი წესით არ არჩეულა. რაკი მას არც მკაფიო უფლებამოსილებანი გააჩნდა, ახლა დამფუძნებელი კრების არჩევა გადაწყდა, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია უნდა დაეწერა და, ამავე დროს, მისი საკანონმდებლო ორგანოც უნდა ყოფილიყო. 1919 წლის თებერვალში არჩევნები საყოველთაო, თანაბარი და ფარული ხმის მიცემის წესით ჩატარდა. წარმომადგენლობითობა პროპორციული იყო. თითქმის შვიდასი ათასი რეგისტრირებული ამომრჩევლიდან ხმა 524, 000-მა პირმა მისცა, აქედან 408,000-მა - მენშევიკებს, რომელთაც ქალაქების მოსახლეობის ხმების 72% და სოფლის მოსახლეობის ხმების 82% მოაგროვეს. საქართველოს დამფუძნებელკრებაში მენშევიკებმა მთლიანი ას ორმოციოდე ადგილიდან ას ცხრა გაინაღდეს. პროპორიული წარმომადგენლობითობა რომ არა, საქართველოს დამფუძნებელი კრების არამენშევიკ წევრთა ოდენობა ერთს ან ორს ვერ ასცდებოდა, რადგან საქართველოში თითო-ოროლა ადგილი ძლივს მოიძებნებოდა, სადაც მენშევიკებს ხმათა უმრავლესობა არ ჰქონდათ მიღებული.
***
როცა პროკლამაციების დაბეჭდვა იყო საჭირო, კომსომოლის წევრები ღამით ორი წამყვანი მენშევიკური გაზეთის „ბორბას“ ან „ერთობის“ რედაქციასთან გამოჩნდებოდნენ, დარაჯს თუ მარტო დარჩნილ მცველს მოქრთამავდნენ და უახლოეს დუქანში წაიყვანდნენ, დანარჩენები კი ამასობაში შენობაში შეიპარებოდნენ და თავიანთ პროკლამაციებს თუ ბროშურებს ათასობით ეგზემპლარად ბეჭდავდნენ. თითოეულ ნაბეჭდ ეგზემპლარს ეწერა: „დაბეჭდილია რუსეთის კომუნისტური პარტიის სამხარეო კომიტეტის სტამბაში“. მენშევიკური პოლიცია სად აღარ ეძებდა ამ იატაქქვეშა სტამბას, რა თქმა უნდა, „ბორბას“ და „ერთობის“ რედაქციების გარდა. სანამ ეს საქმე გაიხსნა, კომსომოლმა რამდენჯერმე მოახერხე ამ ოინის გამეორება.
***
1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.
***
„ქართულმა დემოკრატიამ, მისი მთავრობის მეოხებით, სოჭის მოსახლეობა რუსული მმართველობის თანმდევი ორი საზარელი განსაცდელისგან იხსნა: ანარქიისა და სამხედრო დიქტატურისაგან. მან ენერგიული ძალისხმევით წარმართა ოლქის შიდა ცხოვრება და საზოგადოებრივი წესრიგის, ნამდვილი დემოკრატიისა და საღი სახალხო მმართველობის კალაპოტში ჩააყენა“.
რეზოლუციას ხელს აწერდა ქალაქ სოჭის დუმის სოციალისტური ბლოკი, გლეხ დეპუტატთა საოლქო საბჭო, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სოჭის კომიტეტი და ესერთა სოჭის კომიტეტი.
***
1919 წლის ნოემბერში, მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ, რომელიც ამასობაში დარწმუნდა, რომ მოხალისეთა არმია საბოლოოდ დამარცხდა და აღარაფერი ეშველებოდა, ამიერკავიის რესპუბლიკების მხარდაჭერაზე, როგორც საბჭოთა რუსეთის ექსპანსიის შემაკავებელ ბარიერზე, დაიწყო ფიქრი. საქართველო სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად იქნა აღიარებული (საქართველოსა და აზერბაიჯანის დე-ფაქტო დამოუკიდებლობა ანტანტის უმაღლესმა საბჭომ 10, ხოლო სომხეთის - 19 იანვარს აღიარა).
ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი საქართველოში, ოლივერ უორდროპი გეგეჭკორს სწერდა:
„პატივი მაქვს გაცნობოთ, რომ ლორდ კერზონს სურს, საქმის ვითრება გაგაცნოთ: გუშინ მან, მისივე ინიციატივით, მოკავშირე სახელმწიფოების უმაღლეს საბჭოს საქართველოს და აზერბაიჯანის აღიარება შესთავაზა. წინადადება ერთხმად იქნა მიღებული, იტალიისა და საფრანგეთის მთავრობების თანხმობით“.
***
1920 წლის ნოემბერში ამ სიტყვებს, არც მეტი, არც ნაკლები, თვით სტალინი წერდა:
„კავკასიის მნიშვნელობას რევოლუციისათვის მხოლოდ ის ფაქტი კი არ განსაზღვრავს, რომ იგი ნედლეულის, საწვავისა და სურსათის მარაგების წყაროა, არამედ მისი მდებარეობაც ევროპასა და აზიას, კერძოდ - რუსეთსა და თურქეთს შორის, ისევე, როგორც ეკონომიკურად და სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი გზები (ბათუმი-ბაქო, ბათუმი - თავრიზი, ბათუმი-თავრისი-ერზრუმი).
ამ ყველაფერს ითვალისწინებს ანტანტა, რომელიც ამჟამად კონსტანტინოპოლს, შავი ზღვის ამ გასაღებს ფლობს და ახლა ცდილბოს, ამიერკავკასიის გავლით აღმოსავლეთისკენ მიმავალი პირდაპირი გზა შეინარჩუნოს.
ვინ დაიმკვიდრებს თავს საბოლოოდ კავკასიაში, ვინ იხეირებს ნავთობით და აზიის სიღრმისკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი გზებით, რევოლუცია თუ ანტანტა? - სწორედ ესაა საკითხავი“.
[...]
„საქართვეო, რომელიც ინგლისის და საფრანგეთის იმპერიალისტური ოპერაციების მთავარ დასაყრდენად იქცა და ამის გამო საბჭოთა რუსეთთან მტრულ ურთიერთობაში იმყოფება - ეს საქართველო თავისი არსებობის ბოლო დღეებს ითვლის“.
***
საქართველო სამოქალაქო ომში ჩაურევლობას არჩევს
„მოგეხსენებათ, საბჭოთა რუსეთმა სამხედრო ალიანსი შემოგვთავაზა. ჩვენ მტკიცე უარი განვუცხადეთ. ალბათ იცით, როგორი იყო ჩვენი პასუხი. რას ნიშნავს ამგვარი კავშირი? (sic - როგორც ჩანს, უნდოდა ეთქვა: „რისი ნიშანი იქნებოდა ამგვარი კავშირი?) ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენც, მათსავით, ევროპასთან ურთიერთობა უნდა გაგვეწყვიტა და მათსავით აღმოსავლეთისკენ უნდა მიგვეპყრო მზერა - აი, ეს იყო ჩვენ წინაშე დასმული საკითხის არსი, აქ კი ჭოჭმანი შეუძლებელია... როგორც ხედავთ, აქ საქართველოსა და რუსეთის გზები იყოფა. ჩვენი მტრები იტყვიან, რომ ჩვენ იმპერიალისტების მხარზე ვართ. ამიტომ აქ მტკიცედ უნდა განვაცხადო: აღმოსავლელ ფანატიკოსებს დასავლელი იმპერიალისტები მირჩევნია!“.
[...]
1920 წლის აპრილში აზერბაიჯანის გასაბჭოებამ საქართველოს მთავრობას ახალი პრობლემები მოუტანა, რომლებთანაც გამკლავება იყო საჭირო. აზერბაიჯანის მთავრობამ საქართველოს რუსეთის თავდასხმის შესახებ 27 აპრილს ამცნო. 1919 წლის ხელშეკრულების მიხედვით, რომელსაც მოქმედების ვადა მხოლოდ 1922 წელს ეწურებოდა, საქართველოს აზერბაიჯანის დახმარების ვალდებულება ჰქონდა, მაგრამ უკანასკნელ მომენტში მან ეს მოვალეობა არ შეასრულა და არაფერი მოუმოქმედია, სანამ წითელი არმია ამ ქვეყანას იპყრობდა. 30 აპრილს წარმოთქმულ სიტყვაში ნოე ჟორდანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მზად იყო, აზერბაიჯანს დახმარებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამოუკიდებლობისთვის მტერთან საბრძოლველად მისი საკუთარი ხალხი აღდგებოდა. თუმცა, ცხადი შეიქნა, რომ დამპყრობელს აზერბაიჯანში წინააღმდეგობა არ შეხვედრია. ბოლშევიკების ჯარი ას კილომეტრს ექვს საათში გადიოდა. სწორედ ამან გადააწყვეტინა საქართველოს ჩაურევლობა. გამოსვლის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ მტერი საქართველოს დაესხმებოდა თავს, იგი თავის დამოუკიდებლობას დაიცავდა, და რომ სამხედრო მზადება უკვე დაწყებული იყო.
***
ლენინისათვის გაგზავნილ წერილში კიროვი წერდა:
„ქართველი მენშევიკები, რომლებიც უკიდურესად მტკიცენი და ორგანიზებულები არიან, დაპატიმრებულ კომუნისტებს რომ ათავისუფლებდნენ, ამით სხვებს თავის გამჟღავნების საშუალებას აძლევდნენ და დაუყოვნებლივ იწყებდნენ მასობრივ რეპრესიებს კომუნისტური პარტიის წინააღმდეგ“.
***
[...]
7 თებერვალს de jure აღიარების აღსანიშნავად საგარეო საქმეთა სამინისტროში ბანკეტი გაიმართა. სიტყვით გამოვიდა ჟორდანია, მოკლე მისალოცი სიტყვა წარმოსთქვეს სათითაოდ გერმანელმა, ფრანგმა, იტალიელმა, თურქმა, პოლონელმა და რუსმა დიპლომატებმაც. უკანასკნელმა გამომსვლელმა, რუსეთის საელჩოს მდივანმა ქავთარაძემ ჟორდანიას ამ სიტყვებით მიმართა:
„ამხანაგო ნოე! ასე მოგმართავთ, რადგან ჩვენ ჩვენს იდეებს ერთი და იმავე წყაროდან ვეწაფებოდით. მოგმართავთ, როგორც ჩემს ძველ მასწავლებელს. მოგმართავთ ქართულად, რადგან ეს იმ მშრომელი ხალხის ენაა, რომელთანაც მე ჩემი რევოლუციური ახალგაზრდობა გამიტარებია. ამხანაგო ნოე, თქვენს გამოსვლაში რუსეთი ისტორიულ და გეოგრაფიულ მეზობლად მოიხსენიეთ. ასე მგონია, ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო აქ აღსანიშნავი. კერძოდ, იდეოლოგიური მომენტი. რუსეთი სოციალისტური რესპუბლიკაა, სადაც მშრომელთა მასები დიდი ხნის წინ შეუდგნენ სოციალისტური რეჟიმის დამყარებას... და თქვენთვის, როგორც სოციალისტისთვის... ვისთვისაც სოციალიზმი საბოლოო მიზანია, რუეთსა და საქართველოს შორის უფრო მნიშვნელოვანი ძაფები აკავშირებს, ვიდრე მხოლოდ ისტორიული და გეოგრაფიული მეზობლობა...
ნება მომეცით, ეს ჭიქა ავწიო და სრულიად გულწრფელად დავლიო ქართველი მშრომელი ხალხის და თქვენი, როგორც მისი ამჟამინდელი ლიდერის სადღეგრძელო“.
მეორე დღეს შეინმანმა „სლოვოს“ კორესპონდენტს განუცხადა, რომ რუსეთმა დიდი სიხარულით მიიღო საქართველოს de jure აღიარების ცნობა და იმედი გამოთქვა, რომ ახლა, მდგომარეობის ესოდენ გამყარებით, ის თავდაჯერებას მოიპოვებდა და რუსეთთან მისი ურთიერთობებიც გაუმჯობესდებოდა. მის ქვეყანას კი საქართველოს რესპუბლიკასთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობა სურდა.
სწორედ მაშინ, როდესაც შეინმანი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, რუსეთის მეთერთმეტე არმია საქართველოზე სრულმასშტაბიანი იერიშისთვის ემზადებოდა.
***
***
ტფილისი მტერს 25 თებერვლამდე უწევდა წინააღმდეგობას. იმ დღეს კი ორჯონიკიძემ მოსკოვში ტელეგრამა აფრინა: „ტფილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“
***
პირველი თავდასხმა საქართველოზე 11 თებერვალს განხორციელდა. 25 თებერვალს ორჯონიკიძემ მოსკოვში დეპეშა გააგზავნა და ტფილისის დაცემა აუწყა, თუმცა, 27-ში, მოსკოვის საბჭოს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლენინმა მაინც განაცხადა:
„დიდი მნიშვნელობის მოვლენები განვითარდა იქ (კავკასიაში). დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ მათი არსი ისაა, რომ იდი ომია მოსალოდნელი. შეუძლებელი იყო, სომხეთსა და საქართველოს შეჯახებას გულგრილად მოვკიდებოდით. ამ მოვლენების შედეგად სომხურ-ქარტული ომი აჯანყებაში გადაიზარდა, რომელშიც ჩვენი ჯარის ცალკეული ნაწილები მონაწილეობდნენ“.
შემდეგ ლენინმა აღნიშნა, რომ „შეუმოწმებელი ინფორმაციით“, ტფილისში საბჭოთა მმართველობა დამყარდა და რომ რუსეთი ფსონს საქართველოს პროლეტარიატზე დადებს იმ ხანძრის ჩასაქრობად, რომლის აგიზგიზებაც კავკასიაში ქართველ კაპიტალისტებს სურთ.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა: ნუთუ ლენინმა არ იცოდა, რომ რუსული არმია უკვე ორი კვირის შესული იყო საქართველოში, რომ ტფილისი ოკუპირებული იყო, თუ შეგნებულად ილაპარაკა ასე ორაზროვნად?
ლენინის დირექტივები
„1. დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშებისა და უღარიბესი გლეხების შეიარაღება, რათა შეიქმნას ძლიერი ქართული წითელი არმია.
2. ქართული ინტელიგენციისა და წვრილი ვაჭრების მიმართ დათმობის პოლიტიკის გატარებაა საჭირო. აუცილებელია იმის გააზრება, რომ არათუ მათი საკუთრების ნაციონალიზება არ ივარგებს (sic) - მეტიც, გარკვეული მსხვერპლის გაღებაც კი იქნება სასურველი იმისთვის, რომ მათ მდგომარეობა გაუუმჯობესდეთ და წვრილი ვაჭრობის საშუალება მიეცათ.
3. უკიდურესად მნიშვნელოვანია მისაღები კომპრომისის ძიება ჟორდანიასთან ან ისეთ მენშევიკებთან ბლოკის შესაქმნელად, ვინც ამბოხებამდე მთლად მტრულად არ იყო განწყობილი საქართველოში საბჭოთა მმართველობის დამყარების იდეისადმი, თუკი გარკვეული პირობები იქნებოდა დაცული.
გთხოვთ გახსოვდეთ, საქართველოს შიდა და საერთაშორისო მდგომარეობა მოითხოვს, რომ ქართველმა კომუნისტებმა მას რუსული სტერეოტიპი კი არ მიუსადაგონ, არამედ, თავიანთ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოქნილი, ორიგინალური, წვრილბურჟუაზიული ელემენტისთვის მეტ დათმობაზე დაფუძნებული ტაქტიკა შეიმუშავონ“.
მთარგმნელი - ქეთი ქანთარია
ქართულ ენაზე ითარგმნა საქართველოს წიგნის ეროვნული ცენტრისა და კავკასიის განვითარების ფონდის ხელშეწყობით.
გამომცემლობა „პოეზია“, 2016წ.