ერნესტ ჰემინგუეი - სეზანი, ვან გოგი, გოგენი…

- ვის დაასახელებდით თქვენს წინამორბედად? უმთავრესად ვისგან სწავლობდით?

- ... სეზანი, ვან-გოგი, გოგენი... ყველა რომ გავიხსენო, მთელი დღე დამჭირდება. გარდა
ამისა, იქნებ იფიქროთ, რომ მე იმ ხალხის გახსენებას კი არ ვცილობ, ვისაც რაიმე გავლენა მოუხდენია ჩემს ცხოვრებაზე, არამედ ჩემი ერუდიციის გამოჩენას, რაც ფაქტიურად არ გამაჩნია.

... აქ მე რამდენიმე მხატვარიც ვახსენე, იმიტომ, რომ მხატვრებისგანაც ისევე ვსწავლობ წერას, როგორც მწერლებისგან. მაინც როგორო, შემეკითხებით. ეს რომ აგიხსნათ, მთელი დღე დამჭირდება.

***

სეზანის მხატვრობამ შემასწავლა, რომ მარტო ნამდვილი, უბრალო ფრაზები როდი კმარა მოთხრობისათვის ტევადობისა და სიღრმის მისაცემად, რასაც მე თავგამოდებით ვცდილობდი. ბევრი რამ ვისწავლე სეზანისაგან, მაგრამ არ შემიძლია გარკვევით ვთქვა, სახელდრობრ რა. თან ეგ საიდუმლოცაა.

***

შიმშილობის დროს გაცილებით უფრო ღრმად ჩავწვდი სეზანს, და ჭეშმარიტად მივხვდი, როგორ იქმნებოდა მისი პეიზაჟები.

ხშირად ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს - სეზანიც შიმშილობდა მუშაობის დროს?

ბოლოს დავასკვენი, ალბათ, ავიწყდებოდა-მეთქი ჭამა. ასეთი, არცთუ მაინცდამაინც საღი აზრი მაშინ მოგდის თავში, როცა უძილობა გჭირს ან გშია.

უფრო მოგვიანებით იმ დასკვნამდე მივედი, რომ სეზანი მართლაც შიმშილობდა, ოღონდ სულ სხვა შიმშილით.