ტურინის სუდარა - გარდამოხსნა იესო ქრისტესი | გაზეთი „ივერია“, 1902 წ.

(დიდი აღმოჩენა დღევანდელის მეცნიერებისა, რომელმაც დაამტკიცა იესო ქრისტეს გარდიმოხსნის სინამდვილე; ეს გარდამოხსნა დაცულია ამ ჟამად იტალიის ქალაქს ტურინს).

1898 წელს იტალიის ქალაქს ტურინში გამართული იყო გამოფენა წმიდა და საღვთო საგნებისა. მრავალ გვარ სხვა-და-სხვა საგანთა და ხელოვნების ნაწარმოებთა შორის, რომელიც იმ გამოფენაზედ იყო შეგროვილი, საზოგადოების ყურადღება მიიქცია განსაკუთრებით ტურინის შესანიშნავმა გარდამოხსნამ.

ევროპაში ამ ჟამად 40-მდე გარდამოხსნაა ანუ სუდარა იესო ქრისტესი და თითოეულ მათგანისას ამბობენ, ნამდვილიაო, მაგრამ არც ერთზედ არავითარი გამოსახულება არ არის. მხოლოდ ტურინის გარდამოხსნაზეა გამოსახულება იესო ქრისტესი. ამბობენ, რომ ბიზანტიაშიც იყო დაცული გარდამოხსნა, რომელზედაც ემჩნეოდა გამოსახულება იესო ქრისტესიო, მაგრამ იგი დიდი ხანია აღარსადა სჩანს. რაიცა შეეხება ბეზანსონის გარდამოხსნას, რომელიც დაიკარგა საფრანგეთის პირველ რევოლუციის დროს, ეგ გარდამოხსნა პირია ტურინის გარდამოხსნისა; ეგ პირი გადაუღიათ 1375 წელს; ამ პირიდან გადაუღიათ კიდევ სხვა პირი. ამ მეორედ გადაღებულს პირს დაუკვირდა სამეცნიერო კრიტიკა და დაასკვნა, რომ ეგ პირი ტურინის გარდამოხსნიდან არის ნამდვილად გადაღებულიო.

ორი გარდამოხსნაა კიდევ ცნობილი გამოსახულებითა. ერთი ლისაბონს ახლო, რომელზედაც სურათი მეტად სასაცილოა და რომელიც არას გზით არ შეიძლება ნამდვილ გარდამოხსნად მივიჩნიოთ, ხოლო მეორე პაწაწინა, სიგრძით სულ 33 სანტიმეტრი, რომელიც პარიჟის ნაციონალურს ბიბლიოთეკას ეკუთვნის და რომელიც კვალად დაპატარავებით გადაღებული პირია ბეზანსონის გარდამოხსნისა.

ტურინის გარდამოხსნა გაჩნდა ევროპაში 1353 წელს. საიდან და როგორ გაჩნდა, არავინ იცის და სიბნელით არის მოცული ეს ამბავი. ზოგნი ამბობდნენ, ეგ გარდამოხსნა განგებ გაკეთებულიაო, ზოგნი-კი, პირ-იქით, ამტკიცებდნენ, რომ ეგ ის გარდამოხსნაა, რომელიც ინახებოდა ბიზანტიის იმპერატორების სამლოცველოებში და რომელზედაც, როგორც ტურინისაზედ იყო გამოსახული იესო ქრისტეო. ეს გარდამოხსნა მიაჩნდათ ნამდვილ იმ სუდარათ, რომელშიაც შეახვიეს იესო ქრისტე ჯვარიდამ გადმოხსნის შემდეგ.

ის გარდამოხსნა, რომელსაც სახელად ტურინის გარდამოხსნა ეწოდება, პირველად ჩნდება ისტორიაში, როგორც საჩუქარი და შეწირულება, რომელიც მიუძღვნია ჟოფრუა პირველს დე-შარნის, სავოიას მფლობელს, ლირეის ეკლესიისათვის. ეს ეკლესია თვით იმ მფლობელს აღუშენებია 1353 წელს. 1357 წელს ლირეის გარდამოხსნა დიდს სიწმინდედ არის მიჩნეული და ხალხი მხურვალედა სცემს თაყვანსა. ეს თაყვანის-ცემა არ მოსწონს დე-პუატიეს, ტროის ეპისკოპოზს, ნამდვილი გარდამოხსნა არ არის, არ ვიცით, საიდან გაჩნდაო. ამიტომ ეპისკოპოზმა აუკრძალა ეკლესიას, მაგ გარდამოხსნას ნუ აჩვენებთ ხალხსაო. გარნა ლირეის ეკლესიის კრებული არ ემორჩილება ეპისკოპოზის ბრძანებას. 1389 წელს ტროის მეორე ეპისკოპოზმა - პიერ დე-ასიზმა ხელ-ახლად აღკრძალა ამ გარდამოხსნის თაყვანის-ცემა და თავის მემუარებში დაწერა 34 წლის შემდეგ მას უკან, რაც პირველად ეპ. პუატიემ დაუშალა საეკლესიო კრებულს იმ გარდამოხსნის გამოტანა ხალხის საჩვენებლად: ერთი მხატვარი გამოტყდა და მიტხრა, რომ ლირეის გარდამოხსნა ჩემი დახატულიაო. მაგრამ არც ამ პიერ დ’ასიზის მემუარებში და არც იმ დროის სხვა ისტორიულ საბუთებში არ მოიპოვება წერილით დამტკიცება იმისი, რომ იმ მხატვარს დაეხატოს ეგ გარდამოხსნა; არც რამ განაჩენი სჩანს ამ საგნის შესახები და ამიტომ სრულიად ეკარგება ფასი დ-ასიზის სიტყვებს.

ავინიონის პაპმა კლიმენტ VII-მ თუმცა ხელ-აღებით არ აუკრძალა ლირეის ეკლესიის კრებულს, ნუ აჩვენებთ ხალხს მაგ გარდამოხსნასო, გარნა უბრძნა, როცა გამოიტანოთ ხალხის საჩვენებლად, აუხსენით ხოლმე მლოცავთ, რომ ეგ გარდამოხსნა ნამდვილი სუდარა არ არის ქრისტესი, არამედ მხოლოდ სურათია, მისი გამომეტყველიო.

რამდენსამე ხნის შემდეგ, სავოის მფლობელთ გარდამოხსნა გამოსწირეს ლირეის ეკლესიას და გადიტანეს შამბერს, ხოლო შემდეგ - ტურინს, საცა დაკრძალულია დღესაც.

ეს გარდამოხსნა წარმოადგენს სელის ქსოვილს და აქვს სიგრძით 4.10 მეტრი, ხოლო სიგანით 1.10 მეტრი. ქსოვილი ჩაყვითლებულია დიდხანს შენახვით და ძლიერ დაზიანებულია ცეცხლის გაჩენის დროს 1532 წელს. დალაქავებულია სისხლითაც სწორედ იქ, საცა წყლულნი ქრისტესნი დაუფარავს.

გარდამოხსნაზედ ცხადად ემჩნევა აჩრდილივით ორი მკრთალი სურათი ადამიანის გვამისა, თავით ერთმანეთს მიბჯენილი. ერთი პირისა და მეორე ზურგის მხრისა, რაიცა აქვე დახატულ სურათზედ ცხადად სჩანს. ჰგონებენ და მართლაც უნდა ყოფილიყო, რომ გვამი ქრისტესი დაუსვენებიათ ამ ქსოვილის ნახევარზედ, ხოლო მეორე ნახევარი გადმოუკეციათ თავთან და ზემოდან წაუბურავთ. ამ ზემოდან წაბურულს ქსოვილს დასჩნევია პირ-აღმა მდებარის იესო ქრისტეს გვამის სურათი, ხოლო ძირს გაშლილს - ზურგისა და კეფისა. თავის აქეთ-იქითა მხარეს და მუხლებთან სჩანს ნაკეცები ქსოვილისა.

ზემოხსენებულ გამოფენის დროს, 1898 წელს ფოტოგრაფიით გადაიღეს ამ გარდამოხსნის სურათი. გადაღების დროს, აღმოჩნდა ყოვლად-შესანიშნავი ამბავი, სახელდობრ ისა, რომ ფოტოგრაფიის შუშაზედ სწორედ გამოჩნდა ქსოვილის ნახატი (პოზიტივი), მაშინ, როდესაც ფოტოგრაფიის წესისამებრ, უკუღმა უნდა გამოჩენილიყო, როგორც სარკეში ჩნდება სახე ადამიანისა უკუღმა (ნეგატივი). მაშასადამე, თვით ნახატი ქსოვილზედ ნეგატივი ყოფილა; თორემ უამისოდ ფოტოგრაფიის სურათზედ პოზიტივი არ გადიხატებოდა პირველსავე გადახატვის დროს, - უსათუოდ ნეგატივი უნდა გამოსულიყო.

ამ გარემოებამ უცბად შეარყია და გაჰფანტა ის ეჭვი, რომელიც ამ გარდამოხსნის შესახებ არსებობდა შუა საუკუნეთაგან დაწყებული, რომ ვითომ იგი ნამდვილად ის ქსოვილი არ არის, რომელშიაც ქრისტე იყო შებურვილიო. ტურინის გარდამოხსნაზედ ნამდვილი, ხოლო უკუღმა აღბეჭდილი, სურათი რომ არ ყოფილიყო იესო ქრისტეს გვამისა, არამედ ჩვეულებრივი სურათი ყოფილიყო, განა რა მიეზით უნდა უარ-ეყო მხატვარს გადმოცემა და დაეხატნა ლახვრით ქმნილი წყლული ქრისტესი გულის ბოყვის მარცხენა მხარეს და არა მარჯვენასა? განა რად უნდა დაეხატნა ქრისტე სრულიად შიშველი, შოლტით გვემული ადგილები ზურგზედ გამოსახა თვით უალაგო ალაგასაც, ხოლო წყლული სამსჭვალთაგან მარტო ერთს ხელზედ გამოესახნა, მეორეზედ კი არა და მეორე წყლული პირველის ხელით დაეფარნა, დაეჩრდილნა?!

გარდამოხსნის გამოსახულება რომ მხატვრის ხელით იყოს ნაკეთები, იგი, მსგავსად მეორე მხატვრისა, რომელსაც დაუხატნია ბეზანსონის გარდამოხსნის პირი, ეცდებოდა ისე დაეხატნა ხელები, რომ ორივეზედ გამოჩენილიყო წყლულნი, ქმნილნი სამსჭვალთაგან. ამას გარდა, დასჯერდებოდა მხოლოდ პირ-აღმა მდებარის გვამის დახატვისა და პირქვე მდებარეს, ზურგს აღარ დაჰხატავდა.

ამ გვარმა ეჭვებმა და შეფიქრიანებამ აღძრა ცნობის-მოყვარეობა ყველასი, აალაპარაკა და აამღელვარა გონება მთლად ევროპის მეცნიერთა, სწავლულთა და უსწავლელთა. 1900 წელს ეს მღელვარება ფიქრისა და გონებისა თავს იჩენს პარიჟის წარწერათა აკადემიაშ, ხოლო ამა 1902 წელს ამ საგნის კვლევა-ძიებას შეუდგა პარიჟის სამეცნიერო აკადემია.

სწორედ არა-ჩვეულებრივი, მაგრამ საგულისხმიერო და გულს ღრმად ჩამწვდენი სანახაობაა: მეცნიერება სცდილობს თვისის სასტიკის, გარნა კაცობრივის ღონისძიებით, დაიცვას საქრისტიანო გარდმოცემა და დაამტკიცოს სინამდვილე ერთის უძვირფასესის სიწმინდისა, რომელიც დიდი ხანია დაკარგული იყო.

აი რა ვიცით სახარებიდან იესო ქრისტეს არდაგისა: სამი უფრო ძველი სახარება ამბობს, რომ იოსებ არიმათიელმა მიიღო ნებართვა ჩამოეხსნა ჯვრიდამ იესო, იყიდა მისთვის არდაგი, შეჰგრაგნა გვამი მისი არდაგითა მით და დასდვა ახალსა საფლავსა. ქრისტეს საცხებელნი დედანი ესე დაბრუნდნენ სახლში დასაფლავების შემდეგ და დაამზადეს საკმეველი სუნნელი და ნელ საცხებელი. შაბატი იგი დაღაიდუმეს მცნებისა მისთვის, ხოლო კვირა დილით, განთიადისას, კვლავ მივიდნენ საფლავსა სუნნელითა და ნელ-საცხებლით შესამურავად იესოს გამისა, მაგრამ საფლავი ცარიელი იყო უკვე.

მეოთხე სახარება-კი (იოანესაგან) ამბობს, რომ იოსებ არიმათიელმა მიიღო ნება ქრისტეს დაკრძალვისა და დასდვა გვამი მისი საფლავისა ნიკოდიმოსის შემწეობით. ნიკოდიმოსმა თან მოიტანა ქრისტეს დასაფლავებისათვის ძვირფასი აღრეული მურისა და ალოისა. იოსებმა და ნიკოდიმოსმა სცხეს ნელ-საცხებელი გვამსა და შეახვიეს არდაგითა. მესამე დღეს, როცა გვამი იესოსი აღარ იყო საფლავში, აღმოჩნდა იქ მხოლოდ ტილონი, უწესოდ მდებარენი. სუდარა-კი, რომელი იყო თავსა მისსა, „არა ტილოთა თანა მდებარე, არამედ თვისაგან შეკეცილი ერთსა ადგილსა“.

მეცნიერებმა შეუდარეს ერთმანეთს თქმული სამის პირველისა და მეოთხე სახარებისა და დაამყარეს მტკიცედ ის გარემოება, რომ იესო ქრისტე იოსებ არიმათიელს დაუსაფლავებია აჩქარებით და არა საბოლოოდ, რომ პასექის დღესასწაულის მოახლოებას იძულებული გაუხდია იოსებიცა და ნიკოდიმოსიც შემურვა იესო ქრისტეს გვამისა ნელ-საცხებლითა და, მაშასადამე, განბანაცა მისი გადაედოთ პასექის შემდგომ დღისთვის. მანამდე-კი სახელდახელოდ შეუხვევიათ გვამი იესოსი არდაგიათა ანუ სუდარით და თან უხმარიათ სუნნელებანიცა.

როგორ უხმარიათ ეგ სუნნელებანი, ამისას სახარება იოანესი არას ამბობს, მაგრამ ცხადია, რომ ეგ სუნნელებანი არ წაუსვამთ ქრისტეს გვამისათვის. ასე რომ ყოფილიყო, მენელ-საცხებელნი დედანი, რომელნიც დაესწრნენ დასაფლავებას, აღარ მოიტანდნენ ხელ-მეორედ პასექის მეორე დღესვე, კვირა დილით, ნელ-საცხებელთა ქრისტეს გვამის შესამურავად. და აი სწორედ ეს გარემოება ამტკიცებს, რომ საბოლოოდ დასაფლავება იესო ქრისტესი ვერ მოხდებოდა პარასკევს: მაშინ არ უცხიათ გვამისთვის სუნნელნი, არ შეუმურავთ გვამი და, მაშასადამე, არც განუბანიათ; ხოლო, ჩვეულებისამებრ, ჯერ უნდა განებანათ გვამი და მერე ეცხოთ სუნნელნი და შეემურვათ.

როგორ იყო შეხვეული გვამი იესოსი არდაგითა, ამას სახარება დაწვრილებით არ გვიხსნის, მაგრამ იოანეს სახარებაში ნათქვამია, რომ არდაგი ანუ სუდარა ეფარა თავსა მისსა და რომ ეს საურავი ჰნახეს აღდგომის შემდეგ ერთად შეკეცილ-შეხვეული და კუნჭულში მიგდებული. ცხადია, მაშ, რომ ეგ სახურავი, რომელიც პირზედ ეფარა იესოს, პატარა ხელსახოცი კი არ იყო, როგორც ზოგიერთნი ამტკიცებენ, არამედ მოზრდილი ტილო, გრძელის ხალიჩის ოდენი.

რომ ეს ასეა, ამას ამტკიცებს ახლანდელი საარქეოლოგიო გამოკვლევა გაიეტისა; გაიეტმა შარშან შეისწავლა ძველის-ძველი საფლავნი ებრაელტა და ჰპოვა მათში არა ერთი და ორი ნიმუში ქსოვილისა, რომელიც საბურავად უხმარიათ ძველად. ყველაზედ უფრო საკვირველი და საოცარი ის არის, რომ ეს საბურავნი სწორედ იმ ზომისანია, რა ზომისაც არის ტურინის არდაგი და ხმარებითაც სწორედ ისე უხმარიათ, როგორც ყოფილა ხმარებული არდაგი ქრისტესი, ესე იგი მიცვალებულის გვამი უსვენებიათ ქსოვილის ერთ ბოლოზედ, ხოლო მეორე ბოლო თავთან გადმოუკეციათ და გადუფარებიათ ზემოდან.

ამ სახით, სახარება გვეუბნება, რომ გვამი ქრისტესი შეხვეული იყო არდაგითა, რომელსაც წაცხებული ჰქონდა სუნნელებანი; არქეოლოგია გვასწავებს, რომ ის სუდარანი, რომელსაც ხმარობდნენ ებრაელნი, სწორედ იმ ზომისაა და სწორედ ისე ჰხმარობდნენ, როგორც ტურინის არდაგია ნახმარები; ახალნი ფიზიკა-ქიმიურნი გამოკვლევანი ამტკიცებს, როგორც ქვემორე დავინახავთ, რომ შეიძლება გადავიდეს და აღიბეჭდოს ადამიანის გვამი იმ არდაგზე, რომელსაც წაცხებული აქვს აღნარევი ალოისა და ზეთისა, თუ გვამი შეხვეულია არდაგში განუბანელი ჭირის ოფლისაგან სულის აღმოტევების ჟამს. შეიძლება აღიბეჭდოს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა გვამს, სიკვდილის წინად, რამდენისამე საათის განმავლობაში აცხუნებს ცხარე მზე. მით უფრო აღიბეჭდებოდა გვამი იესოსი არდაგზედ, რომ ამ გვამზედ იმოქმედა ისეთმა საშინელმა ელვა-ქუხილმა, რომელიც ასტყდა, როგორც ვიცით, სწორედ იესოს სიკვდილის ჟამს.

მაშ, როგორ აღიბეჭდა გვამი იესოსი არდაგზედა? აი როგორ გვიხსნის ამას პრეპარატორი ზოოლოგიისა სორბონში მეცნიერი ვინიონი, რომელსაც უმუშავნია ამ საგანზედ საპოლიტეხნიკო სკოლის რეპეტიტორ კოლზონთანა და სორბონის პროფესორ ივ დელაჟთან ერთად.

ზოგიერთს საგანსაო, - ამბობს ვინიონი, - იმისთანას, რომელიც ნელ-ნელა განიშორებს ორთქლს, ისეთი თვისება აქვს, რომ შეიძლება აღიბეჭდოს სიბნელეში ლითონის თხელს ფირფიტაზედ. ასეთია საგნები ახლად-გაწმენდილის ცინკისა, ანუ ცინკის ფხვნილ მოყრილი საგნები და ბევრი კიდევ სხვა. შეიძლება აღიბეჭდოს ისეთი საგნებიცა, რომელიც განიშორებს ამონიაკალურ ორთქლს. ეს ორთქლი მოქმედობს იმ ქსოვილზედ, რომელსაც შეუსვამს ნარევი ზეთისა და ალოისა. ეს ადვილად მტკიცდება ცდითაცა. ჰიპსის ხელს რომ ჩავაცვათ შვედური ხელთათმანები, ამონიაკალურის ნივთირებით გაჟღენთილი და ზედ გადავაფაროთ ქსოვილი, ზეთითა და ალოით წასმული, ისეთივე ნასახი გადავა ზედ, როგორც ქრისტეს არდაგზეა, ესე იგი მუქი-წითელი ფერისა და იმგვარისავე მოხაზულობითა, როგორიც იქ არის. ეს ცდა ამტკიცებს, ვინიონის აზრით, იმ მოსაზრებას, რომელიც არ ეწინააღმდეგება ისტორიის მოწმობასაც; სახელდობრ, იმ მოსაზრებას, რომ გვამი ქრისტესი, ჯვრიდან ჩამოღებული და საჩქაროდ შეხვეული, განუბანლად ჭირის ოფლისაგან, ზეთითა და ალიოთ გაჟღენთილ არდაგში, აღიბეჭდა, ამონიაკალურ ორთქლის წყალობით, და ეს აღნაბეჭდი დაცულ იქმნა ისე მშვენივრად დღემდე ტურინის გარდამოხსნის ქსოვილზედა.

რომ ეს საბურავი წარმოადგენს ქრისტეს სახეს და არა სხვისას, ამას ამტკიცებს ის გარემოებანი, რომელიც მოჰხდა მხოლოდ ქრისტეს დასაფლავების დროს. ასე აღბეჭდვისათვის უთუოდ საჭირო იყო, რომ გვამი განუბანელი ყოფილიყო, რომ შეხვეულიყო ყოფილიყო არა უბრალო, არამედ ალოითი და ზეთ ცხებულ არდაგში, რომ გვამი დადებულიყო ბნელს გამოქვაბულში და რომ იგი გვამი იქ დიდხანს არ დარჩენილიყო, რადგან უამისოდ ხრწნა გვამისა გააქრობდა აღნაბეჭდსა. ყოველივე ეს გარემობა-კი მოჰხდა მხოლოდ მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომილ ქრისტეს დასაფლავების დროს. სხვა არავინ დასაფლავებულა ამ გარემოებათა შორის.

[...]

თუ წინად ეჭვსა ჰბადებდა ეს გარდამოხსნა, ჰბადებდა იმიტომ, რომ მაშინ არ შეეძლოთ მიხვედრილიყვნენ, რას ჰნიშნავდა ზედ აღბეჭდილი უკუღმა გამოსახული ნეგატივური გამოსახულება. არ შეეძლოთ მიმხვდარიყვნენ, რადგან ფოტოგრაფიული ხელოვნება არ იყო ჯერ მაშინ მოგონილი. ამისთანა გამოსახულება მთელის მისის რეალურის, თავ-ზარ-დამცემის დაწვრილებითა, შეუძლიან აიღოს მხოლოდ ფოტოგრაფიამ; ვერაფერს ამისთანას ვერ დაჰხატავდა, ვერ გადიღებდა ტილოზედ მხატვარი, მერე ისიც ნაკლებად ცნობილი შუა-საუკუნეთა მხატვარი, როცა ანატომია დღევანდელს სიმაღლეზედ არ იდგა.

მაგალითად, მარცხენა ფეხი გამოსახულების ზედა-პირისა ოდნავ მოკაულია. ამასვე ვხედავთ აღნაბეჭდის ქვედა პირზედაც იქ, საცა მუხლის საღსარია. ეს მუხლის საღსარი რამდენისამე მილიმეტრით მაღლაა, ვიდრე საღსარი მარჯვენა მუხლისა. ამ მცირდეს მოკაკულობას ფეხისას გამოუწვევია რაოდენადმე ტანის და თავის გადახრილობა მარჯვნივ. ამ გადახრილობას შეესაბამება ასეთივე გადახრილობა ზედა-პირის გამოსახულებისა. განსაკუთრებით საყურადღებო ის არის, რომ გადახრილობას ამტკიცებს ზედა-პირის გამოსაულებაზედ აღბეჭდილი ხელების მდგომარეობა: მარჯვენა ხელი ტანის დახრის გამო მარჯვნივ ცოტათი უფრო ძირს არის დაშვებული, ვიდრე მარცხენა ხელი, რის გამოც თითები ხელისა შესამჩნევად დაბლაა და შორსაც არის ტანის ზემოხსენებულ ხაზიდგან, ვიდრე მარცხენა ხელი. ეს გარემოება სრულიად აბათილებს აზრს სიყალბისას: მხატვარი, რომელსაც ასეთი სისწორით და გულმოდგინებით შეუძლიან ხატვა, ასეთს უცნაურს შეცდომას არ მოიქმედებდა და არ დახატავდა ასე შეუსაბამოდ გვამის ზედა და ქვედა პირს.

ამ გვარადაო, - დაასკვნის ვინიონი, თუ დღემდე იგივეობა ტურინისა და ბიზანტიის ნამდვილის გარდამოხსნისა, რომელზედაც ემჩნეოდა გამოსახული ქრისტე, საფიქრებელი და საეჭვო იყო, ახლა, ამ გამოკვლევის შემდეგ იგივეობა ყოველისავე ეჭვს გარეშეა.

დე ბურგად ლა დარდი, რედაქტორი სამეცნიერო ჟურნალისა „იქს სხივები“, ამბობს, რომ გამოკვლევა ვინიონისა, კოლზონისა და დელაჟისა ისე ცხად-ჰყოფს საგანს, რომ ერთი იოტის ოდენა ეჭვი აღარა რჩება მეისტორიეთა ამქრისათვისაო. თავისს მხრითაც დასძენს ეს მსწავლული ამ გამოკვლევას რამდენსამე მოსაზრებას, რომელიც არკვევს ქრისტეს გამოსახულების ზოგიერთ საგანგებო თვისებას ტურინის გარდამოხსნაზედ. ამ მოსაზრებათა წყალობით აუხსნელი აღარა რჩება არც ერთი წვლილი და ყოვლადის უეჭველობით მტკიცდება მისი სინამდვილე.

აი, მაგ. იესო ქრისტეს გვამის ზედა პირის გამოსახულება ტურინის გარდამოხსნაზედ ბევრს აოცებს თვისის მეტისმეტ სიგამხდრითა და უსიცოცხლობით, მაშინ, როდესაც ქვედა-პირი, ანუ ზურგის მხარე, წარმოადგენს მშვენიერს და ჯან-ღონით სავსე გვამს 30 წლის კაცისას. ცხადად ეტყობა, რომ ეს არის ახლა მოუსპიათ თავისუფალი ცხოვრება ამ კაცისათვისაო, რომელსაც სრულებით არ ემჩნევა, რომ მოღლილი და მოქანცული იყოს ხანგრძლივის დაპატიმრებით ციხეში. ნამდვილად-კი ეს ორი ესოდენ განსხვავებული აღნაბეჭდი უეჭველია ერთისა და იმავე გვამისაა, რადგან პოზა ერთისა და მეორისა ანატომიურის ყოვლადის დაწვრილებით შეესაბამება ერთი-მეორეს.

ლა დარდი დაწვრილებით განიხილავს გვამის ზედა-პირის გამოსახულებას ფეხების სურათითურთ, რომელთაც ჯოხების სახე აქვთ (როგორცა სთქვა მე-XVIII საუკუნის ერთმა აბატმა) და იმ აზრს დააკსვნის, რომ ეგ გამოსახულება ფრიად ტიპიურია და სწორედ მაგრეთიც უნდა იყოს ეგრედ წოდებულ რადიოგრაფიულ გადახატულობისათვის, ესე იგი იმ გადახატულობისათვის, რომელიც რენტჰენის სხივების შემწეობით არის ქმნილი სიბნელეშიო.

ბურგად ლა დარდის მოჰყავს გამოკვლევანი რუსსელისა, კოლზონისა, ბეკკერელისა და სხვათა, რომელნიც ამტკიცებენ, რომ ბევრს საგანს აქვს თვისება გადიბეჭდოს სიბნელეში თხელ და ნაზ ფირფიტებზედ და ამბობს, რომ ეგ თვისება შესაძლოა აქვს ბევრს სხვა საგანსაც, რომელიც ჯერ გამოკვლეული არ არის და რომ ეგ თვისება ფოტოგრაფიულად გადასვლისა სიბნელეში ძლიერდება, როცა საგანზედ მოქმედებს სინათლე, ელექტრონი, სითბო და მეტადრე ნაკადი ტესლისა და რენტჰენის სხივებისა. ეს კიდევ ცოტაა. ის საგნები და სხეულნი, რომელნიც განიცდიან ამ ძალთა ზედ მოქმედებას, იმსჭვალებიან მათით და იკრებენ ბლომად დიდს ხნით, თითქო შემდეგ უნდა ზოგით დაჰხარჯონო და ამგვარად იძლიერებენ თვისს უნარს სხივთა გამოცემსიას. ამ მეცნიერის აზრით, ადამიანის სხეულიც ამავე კანონს ექვემდებარება. ცდანი ლუისისა და ბარადესი, რომელნიც ფოტოგრაფიით იღებდნენ ცოცხალის ადამიანის ხელიდგან ადენილს ორთქლს და აგრეთვე განმარტებანი ამ საგნის შესახებ გებგარდისა, კოლზონისა, დიუჟარედენისა და ივონისა, ცხადად გვიცვენებს, რომ სითბოს ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს. უეჭველად ჰმოქმედობს აგრეთვე ელექტრონი და სინათლე. ლა დარდიმ რადიოგრაფიით გადიღო მიცვალებულის გვამი რენტჰენის სხივების შემწეობით პარიჟის სამკურნალო სკოლის ბნელ სარდაფში 1899 წელს. გვამმა თვისება თვისის აღბეჭდილობის გადაღებისა ფოტოგრაფიულ შუშებზედ შეირჩინა რამდენისამე საათის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოსპობილ იქმნა ყოველ-გვარი მოქმედება ამ გვამზედ რენჰენის სხივებისა. ლა დარდი შეჰნიშნავს ამასთანავე, რომ ცოცხალი სხეული უფრო სწრაფად ითვისებს რენტჰენის სხივებს, ვიდრე გვამი მიცვალებულისა, მხოლოდ გვამი უფრო ხანგრძლივ შეინარჩუნებს ხოლმე თვისებას თვისის აღბეჭდილობის გარდაცემისას. თან ეს აღნაბეჭდი ბევრად უფრო დაწვრილებულის სავსებით გამოდის.

შესაძლებელიაო, - განაგრძობს იგივე მსწავლული, - რომ მზის სხივებსაცა აქვს ასეთი ძალა. გრგოლი მზისა, როგორც დაამტკიცა დელანდრმა, უშვებს ისეთს სხივებს, რომელიც შესაძლოა სავსებით დავადაროთ კატოდიკურს სხივებს. ცნობილია, მაგალითად, რომ ის ნივთირება, რომელსაც დაუკარგავს თვისება სხივთა გამოცემასა, კვალად იბრუნებს ამ თვისებას, თუ მზეზედ გამოჰფინეთ. ეგ ნივთირება თითქოს ხელახლად იბადება მზის წყალობით. ეს კიდევ ცოტაა. ცეიგერმა მოახერხა და შესანიშნავი ფოტოგრაფიული სურათები გადაიღო: ღამე მონ-ბლანისა, ჟენევისა და ჟენევის ტბისა.

ცვეიგერი სწერს წერილს ლა დარდის და ამბობს, მე მგონია, რომ მზისაგან სხივების ძლიერს გამოცემას მთელის დღის განმავლობაში შეეძლო მიეცა ამ საგნებისთვის ხანგრძლივი თვისება განათებისა, რომელმაც გასტანა შუაღამემდეო.

ხოლო თუ ამ ფაქტებს მივიღებთ მხედველობაში და გავიხსენებთ, რომ გვამი ქრისტესი ჯვარცმის დროს რამდენისამე საათის განმავლობაში ექვემდებარებოდა სინათლის ზედ-მოქმედებას და მზეც შესაძლოა საკმაოდ აცხუნებდა, რომ ამ ხანგრძლივის სინათლის ზედ-გავლენით, იგი გვამი მეტად გაიმსჭვალა სინათლით, მაშინ, ცხადია, ეს გარემოება მისცემდა ქრისტეს გვამს ძლიერს თვისებას სხივების გამოცემისას, იმდენად ძლიერს, რომ ბნელს საფლავში გადასულიყო მისი გამოსახულობა ზეთისა და ალოით გაჟენთილ აღსაბეჭდად მზად მყოფს ტილოზედ.

ამ ზედ-მოქმედებას დაერთო გავლენა ამონიაკიალურ ორთქლისა, რაიცა ისე კარგად ახსნეს და განმარტეს კოლზონმა და ვინიონმა. სხვათა შორის ამ გავლენის მეოხებით გადავიდა ისე ცხადად და შვენივრად სახე ქრისტესი ტურინის გარდამოხსნაზედ. თუ გვამი ჯვარცმულის, ამ გარდამოხსნაზედ გარდასულისა, მართლა გვამი იყო ქრისტესი, რაც ჩვენ ყოვლად და ყოვლად სარწმუნოდ მიგვაჩნია, ისიც უეჭველი უნდა იყოს, რომ იგი გვამი მართლა მზეზედ იყო კარგ ხანს. ამას გარდა გვამზედ მოქმედებდა სხვა ძალაც. სახარება გვეუბნება, რომ საშინელი ელვა-ქუხილი ასტყდა ქრისტეს სიკვდილის ჟამსა, იყო ძვრა ქვეყნისა, საფლავნი აღეხვნენ და კრეტსაბმელი იგი ტაძრისა განიპო ორადაო. მაშასადამე, იესოს გვამზედ უნდა ემოქმედნა ელექტრონსაც, რომელმაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი სხივთა გამოცმელობა.

ცხადია, მაშ, რა მიზეზით გამოსჭვრის ტურინის გარდამოხსნის გამოსახულებაზედ სხეულ შიგნიდან ძვლები. იმ მიზეზით, რომ მზეს უმოქმედნია გვამზედ რენტგჰენის სხივებით.

შეწყნარება იმ აზრისა, რომ ეგ გარდამოხსნა შუა საუკუნეთა ხელოვანის მხატვრის ნაწარმოებიაო, ვერ ახსნის ყველა იმ განსაკუთრებულს თვისებას, რომელიც ჩვენ ასე დაწვრილებით განვმარტეთ. ეგ განსაკუთრებულნი თვისებანი შედეგია ფიზიკა-ქიმიურის მოქმედებისა; ეს მოქმედება-კი გააჩინა იმ გარემოებათა შეერთებამ, რომელიც ყველაფერში იმ გვარივე იყო, როგორიც თან შეუდგა, თანახმად ისტორიისა, ქრისტეს დასაფლავებას.

მაშ, ასე: ჩონჩხის მზგავსი სახე ტურინის გარდამოხსნის გამოსახულების ზედა-პირისა იმ მიზეზით წარმოსდგება, რომ სხეულიდან გამოსჭვრის ძვლები; ხოლო ეგ გამოჭვირვა შესაძლებელია აიხსნას მხოლოდ გვამის სხივთა-გამომცემლობით. გვამის უჭრედებმა მოქმედება იქონის არდაგის ქსოვილზედ და გვამი აღიბეჭდა ზედ იმ ტილომ, რომელიც გაჟვნთილი იყო ზეთისა და ალოის ნარევით. ამ სხივთა-გამომცემლობამ ამონიაკალურ ორთქლის მოქმედებასთან ერთად მოგვცა ის თვისის სინამდვილით ყოვლად საოცარი სახე ქრისტესი, რომელსაც ვხედავთ 19 საუკუნის განმავლობაში უხრწნელად დაცულ ტურინის გარდამოხსნაზედ.

ავტორი: ოლგა ჯაბადარი
გაზეთი „ივერია“, 1902 წ.