ბასკეთის ნაკრები თბილისში და დინამოს პირველი საერთაშორისო მატჩი
თბილისის "დინამო", 1937წ. |
მასალა მოამზადა: გიორგი ჭეიშვილმა
ბასკეთის საფეხბურთო ნაკრები - ბასკების ქვეყნის საფეხბურთო გუნდია, რომელსაც ბასკეთის ფეხბურთის ფედერაცია აკონტროლებს. ბასკეთის ფეხბურთის ფედერაცია „ფიფასა“ და „უეფას“ წევრი არ არის, შესაბამისად, არ მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო ტურნირებში, როგორებიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.
პირველი მატჩი საბჭოთა ტურნეს ფარგლებში |
საბჭოთა კავშირში ჩატარებული ტურნეს ფარგლებში, პირველი მატჩი მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გაიმართა. მოსკოველები ანგარიშით 1:5 დამარცხდნენ.
1937 წლის 24 ივლისს კი, ლავრენტი ბერიას სახელობის „დინამო“ არენაზე, ბასკეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა მეტოქე. ეს მატჩი თბილისის „დინამოსთვის“ პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო.
„კვლავ გვეჯიბრება ჩვენ ბასკონია
დღეს გველოდება სხვა ბურთაობა
და ოცნებისთვის მოსაგონია
ანტიურ ქვეყნის სანახაობა.
სჩანს სტადიონი, მზით ანთებული,
მოთამაშეთა მინდორი მწვანე,
ურიცხვ მშრომელთა სავსე კრებული,
აზვირთებული ვით ოკეანე.
ბრწყინავს ვარდებით შეხვედრის წამი...
უეცრად ბურთი ავარდა ცაში,
ამფითეატრის თეთრი კამკამი,
ოლიმპიური დიდი თამაში!
მედგრად იბრძვიან ფეხბურთელები,
სწყურიათ ლელო, არ გრძნობენ დაღლას,
იგერიებენ სწრაფ ქართველები
მძაფრად მოვარდნილ ბასკების ტალღას.
ბურთს გაისვრიან თავით და ფეხით,
რომ იგი სტყორცნონ მიზანს შორეულს,
ესხმიან ურთ-ერთს, ისე ვით მეხი,
გვანან გრიგალს და ზვავს ცეცხლმორეულს.
აი, გაჩაღდა კარებთან ბრძოლა,
დგას დოროხოვი მაღალი ყელით,
ბურთმა იმისკენ გამოიქროლა
სწვდა ბურთს მეკარე ორივე ხელით.
მძიმე ორბივით ბურთი დაფრინავს,
სჩანს სვეტიანი კარები ბადით,
ბურთი სულ ახლოს მიზანთან ბრწყინავს,
მას დაეძგერა ბლასკო სიმარდით.
ჩვენებმა ბასკებს ბურთი მოსტაცეს,
ლეოპარდივით იბრძვის ლანგარა,
და პაიჭაძე - მძლავრი ოსტატი
ამართულია ფოლადის ფარად.
ორივე გუნდი თავის შეტევით
იწვევს დაძაბულ გრძნობათა ლხენას
არ ჩადიოდეს ეს მზე ნეტავი,
ბინდი არ სწყვეტდეს სხეულთა დენას!
ტაშს ვუკრავთ ბასკებს შეუნელებლად;
ჩვენს წინ იხსნება ძვირფასი მხარე,
სადაც ებრძვიან ესპანელები
ფრანკოს ფაშისტურ და ველურ ჯარებს.“
თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელშიც ბასკებმა 0:2 იმარჯვეს, ერთი გოლი სწორედ ისიდორო ლანგარას ანგარიშზეა.
ისიდორო ლანგარა |
***
24 ივლისი, 1937წელი. თბილისი, ლ.პ.ბერიას სახელობის "დინამოს" სტადიონი.
„დინამო“ 0:2 ბასკეთის ნაკრები (ესპანეთი)
გოლები: 0:1 ისიდრო ლანგარა (35), 0:2 მიხეილ მინაევი (89, სკ)
დინამო: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე (კაპ), გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლუარსაბ ლოლაძე, მიხეილ ასლამაზოვი (ვლადიმერ ბერძენიშვილი 65)
მწვრთნელი: ალექსეი სოკოლოვი
***
რეპორტაჟები მატჩის შესახებ:
ბასკთა ნაკრები – თბილისის “დინამო” 2:0
მატჩის დღეს – 24 ივლისს, ხალხმა შუადღიდანვე იწყო დენა ამხანაგ ლ. ბერიას სახელობის სტადიონისაკენ, რომელიც ამ დღეს საზეიმოდ მორთული ეგებებოდა გმირული ესპანეთის ხალხის საუკეთესო შვილებს – ესპანეთის რესპუბლიკური არმიის მებრძოლებს და სრულყოფილ სპორტსმენებს.
5 საათსა და 45 წუთზე – 40 ათასამდე მაყურებელი ცხოველი ჟრიამულითა და ტაშის კვრით შეეგება ლენინგრადელი მსაჯის ამხ. შჩელჩკოვის გამოსვლას მოედანზე.
გაისმის მსაჯის ნიშანი და მოედანზე ლურჯ მაიკებსა და თეთრ ტრუსებში გამოწყობილი ბასკი ფეხბურთელები გამოდიან. მაყურებლები მხურვალე ოვაციითა და ხანგრძლივი “ვაშას” ძახილით ეგებება ძვირფას სტუმრებს. რამოდენიმე წუთი და მოედანზე თაიგულებით ხელში გამორბიან თბილისელი ოსტატები. კვლავ მხურვალე ოვაცია და “ვაშას” ძახილი.
ამხანაგ ლ. ბერიას სახ. სტადიონის რადიო კვანძის მიკროფონთან, რომელიც მოწყობილია მოედნის ცენტრში, დგება თბილისის “დინამოს” კაპიტანი შ. შავგულიძე და მხურვალე სიტყვით ესალმება ესპანეთის გმირ ხალხსა და მის სახელოვან სპორტსმენებს.
საპასუხო სიტყვით გამოდის ბასკთა გუნდის კაპიტანი გ. გოროსტიცა, წარმოთქმული სიტყვები ითარგმნა რუსულ და ესპანურ ენებზე. დაბოლოს, გუნდების კაპიტნები ესალმებიან ერთმანეთს და თბილისელი ოსტატები ცოცხალ ყვავილთა თაიგულებს აძლევენ სტუმრებს.
6 ს. 5 წუთზე გაისმის მსაჯის ნიშანი და თამაშიც იწყება. გუნდები თამაშობენ შემდეგი შემადგენლობით:
ბასკთა ნაკრები გუნდი: მეკარე – ბლასკო, მცველები – არესო და აედო. ნახევარდაცვა –სალაურენი, მაგუერსა და ეჩაბარია, თავდასხმა – გოროსტიცა (კაპიტანი), პედრო რეგეირო, ლანგარა, ალონსო და ლარინაგა.
თბილისის “დინამო” (ოსტატები): მეკარე – დოროხოვი; მცველები – შავგულიძე და ჭუმბურიძე, ნახევარდაცვა – გაგუა, მინაევი და ჯორბენაძე, თავდასხმა – გავაშელი, მ. ბერძენიშვილი, პაიჭაძე, ლოლაძე, ასლამაზოვი.
ვფიქრობდით, რომ თამაში თავიდანვე სწრაფი ტემპით დაიწყებოდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. არც ერთი გუნდი არ ცდილა მოწინააღმდეგისათვის ცხოველი ტემპის შეთავაზებას. ორივე მხარე დინჯად, თავშეკავებით თამაშობს; თითქოს სინჯავდნენ ერთმანეთის შესაძლებლობას და შედარებით სუსტ ადგილებს დაეძებდნენ.
თამაშის ინიციატივას თანდათანობით დაეუფლნენ სტუმრები, რამდენიმე მოხდენილი იერიშით მიეჭრნენ თბილისელ ოსტატებს, ორი მძლავრი ბურთიც გააგზავნეს კარებისაკენ, მაგრამ ორივე ბურთს მოხდენილად იღებს მეკარე დოროხოვი. მე-9 წუთზე გარემარბ გოროსტიცას მიერ კორნერიდან მოწოდებული ბურთი “დაეკიდა” თბილისის კარებთან, რომელსაც პედრო რეგეირო თავით მოაქცევს კიდეც ბადეში, მაგრამ ბასკი თავდამსხმელი ოვსაიდში (მცველებს უკან) აღმოჩნდა და მსაჯი – კარებში ბურთის გატარებამდე იძლევა სტუმრების დაჯარიმების ნიშანს. ბურთი გამობრუნებულ იქნა უკანვე.
მე-14 წუთზე თბილისელთა თავდასხმის ცენტრი ბ. პაიჭაძე ელვის სისწრაფით გაიტაცებს ბურთს, გაუსხლტება თავდაცვის ცენტრს – მაგუერსას, შემდეგ მარჯვენა მცველს – არესოს და წინ შემოხვედრილ მარცხენა მცველ აედოსაგან “გადახურული” – მძლავრად დაურტყამს სტუმრების კარებში, მაგრამ, მეკარე ბლასკოს ვეფხის ნახტომი სახიფათო ბურთს აცდენს სტუმრების ბადეს.
მარცხენა ინსაიდ ლოლაძემაც მძლავრი ბურთი გააგზავნა სტუმრების კარებისაკენ, მაგრამ ბლასკომ ისიც მოხდენილად აიღო.
მე-27 წუთზე ბასკთა თავდასხმის ცენტრი – ლანგარა არღვევს მცველთა რკალს და საჯარიმო მოედანზე შემდგარი – შურდულივით გაექანება კარებისაკენ. წინ – კარებიდან დროულად გამოსული დოროხოვი შეეგება, რომელიც იმდენად ახლოს მიეჭრება და გაუწვება ბურთს, რომ “დაბალ ბურთისათვის” კარები მთლიანად “დახურული” აღმოჩნდება და ლანგარაც იძულებულია ბურთი თავზე გადაუტაროს დოროხოვს. ასეც იქცევა, მაგრამ მრუდე ხაზით გაგზავნილი ბურთი მშვიდად გადაუვლის კარების ზედა ძელს.
35 წუთზე ბასკთა მარჯვენა გარემარბი გოროსტიცა გაიტაცებს ბურთს და მარჯვენა მხრიდან კარებთან მოახლოებული – ორ მეტრში “გაუჭრის” მას თავდასხმის ცენტრს ლანგარას.
თბილისელთა თავდაცვის ცენტრი, მინაევი მოინდომებს ლანგარასათვის ბურთის აცდენას, გაშლილი ფეხით შეეცდება ბურთის კორნერში გაგზავნას, მაგრამ ვერ წვდება. ლანგარა კი მხოლოდ ნახევრად შეუცვლის მას (ბურთს) მიმართულებას და კუთხისაკენ წასულ ბურთს დოროხოვის შორი ნახტომიც ვერ შველის.
სტუმრების პირველი წარმატება მაყურებლებმა მხურვალე ოვაციითა და ჟრიამულით დააჯილდოვა. სტუმრების ფარზე აიმართა ციფრი “1”. ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმი შედარებით ცოცხალი ტემპით დაიწყო. პირველ წუთებში დინამოელებმა რამოდენიმე მოხდენილი იერიში მიიტანეს სტუმრების კარებთან, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. ფეხის დაზიანების გამო თბილისელთა მარცხენა გარემარბს – ასლამაზოვს სცვლის ვ. ბერძენიშვილი.
თამაშის ინიციატივა კვლავ სტუმრებმა დაისაკუთრეს და იერიშებიც დინამოელთა მხარეს გადავიდა. თავდასხმის ცენტრი ლანგარა სამჯერ დაუსხლტა მცველებს, სამჯერვე “მკვდარი” ბურთი გააგზავნა თბილისის კარებში, მაგრამ სამივე მძლავრი ბურთი დოროხოვის მოხდენილი ნახტომით კარების წინვე “მოიკვეთა”.
“მკვდარი” ბურთების მოულოდნელი აღებით განცვიფრებულმა ლანგარამ რამდენჯერმე შესძახა “ზამორა” (ზამორა – მსოფლიოში განთქმული ესპანელი მეკარეა, რომელიც 11 მეტრიან საჯარიმო დარტყმიდანაც კი არ უშვებდა კარებში ბურთს) და უკმაყოფილოდ ჩაიქნია ხელები.
სულ სამიოდე წუთი დარჩა მატჩის დამთავრებამდე, შეხვედრის 1:0-ზე დასრულებას ყველა მძლავრ შედეგად თვლიდა. არავინ არ ელოდა ანგარიშის შეცვლას. მაგრამ ამ დროს კორნერიდან კარებთან “დაკიდებულ” ბურთს ვერ წვდება საგრძნობლად მაღლა შემხტარი დოროხოვი, რის შემდეგ ბურთი ბეჭზე ხვდება მინაევს და მშვიდად არხებს თბილისელთა კარების ბადეს.
სტუმრების ფარზე აიმართა ციფრი “2” და მალე თამაშიც დამთავრდა.
მოედნიდან მიმავალ სტუმრებსა და თბილისელ ოსტატებს მხურვალე მისალმებებითა და ოვაციებით აცილებს მაყურებლები. მატჩი მშვენივრად ჩაატარა ლენინგრადელმა მსაჯმა შჩელჩკოვმა.
ბასკ ფეხბურთელების ამ დღის თამაში ექსტრა კლასის საუკეთესო დემონსტრაცია იყო. სტუმრების სრულყოფილი კომბინაციები – ყოველგვარი მდგომარეობიდან ბურთის როგორც ფეხით, ისე თავით მიღება და გადაცემის სიზუსტე, ნაკლები რბენა და სწრაფი გადაწოდებით ბურთის მაქსიმალური დინამიურობის მიღწევა, კარებში მძლავრად და ზუსტად დარტყმული ბურთები და მრავალი სხვა, მაყურებლებში აუწერელ კმაყოფილებასა და ჟრიამულს იწვევდა.
ჩვენი ფეხბურთელები უნდა დაეუფლონ ბასკ ოსტატების ამ ძვირფას ტექნიკასა და გამოცდილებას.
იგივე არ ითქმის ჩვენი ოსტატების შესახებ. უპირველეს ყოვლისა გაუმართლებელი იყო ამ დღის თამაშის ტაქტიკა, რომელიც ძირითადად თავდაცვაში გამოიხატებოდა. ასე მაგალითად, ნახევარდაცვის ცენტრის – მინაევის მცველთა ხაზისაკენ დახევამ მართალია განამტკიცა თავდაცვა, მაგრამ სამაგიეროდ შეასუსტა და შეიძლება ითქვას – “ზურგი მოუშალა” თავდასხმას. ამ გარემოებამ ერთგვარი უსისტემობა შეიტანა თავდამსხმელთა ხუთეულის თამაშში. მარჯვენა ინსაიდი მ. ბერძენიშვილი, რომელიც როგორც თავდამსხმელი, ყოველთვის დაუცხრომელი და დაუფასებელია მოედანზე, დღეს თითქოს არ თამაშობდა ჩვეული ოსტატობით. რა იყო ამის მიზეზი? ის, რომ მ. ბერძენიშვილს უხდებოდა თამაში როგორც ინსაიდად ისე ნახევარდაცვის ცენტრად. ამან კი მარჯვენა ფრთაზე მოშალა სამეულის (პაიჭაძე, მ. ბერძენიშვილი და გავაშელი) ყველა საჭირო მომენტისათვის მზადყოფნა, ხოლო ფეხბურთში კი – გადამწყვეტი მხოლოდ და მხოლოდ მომენტია, რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ასლამაზოვი ამ დღეს ძალზე სუსტი იყო, ხოლო ლოლაძე ვერ ნახულობდა “თავისუფალ მოედანს”.
ამ დღეს უჩვეულოდ შესანიშნავად თამაშობდა მეკარე დოროხოვი, თითქმის გადაულახავი იყო მცველი – შ. შავგულიძე, თუმც დამოუკიდებლად, მაგრამ მშვენივრად ითამაშეს ბ. პაიჭაძემ და თ. გავაშელმა. მთლიანად, მძლავრი იყო თავდაცვა, ხოლო თავდასხმა სუსტი. ამ მდგომარეობის მიზეზი – კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, იყო თავდაცვითი ტაქტიკა, რამაც დაარღვია თბილისელ ოსტატთათვის ჩვეული დამარბეველი ტემპისა და შეუნელებელი თავდასხმის გამართლებული ტაქტიკა.
პენალტი, „ახალგაზრდა კომუნისტი“, 26 ივლისი, 1937 წ.
***
ბასკთა ქვეყანა – თბილისი
ინტერესს ამ შეხვედრისადმი აძლიერებდა ის, რომ ჩვენს ფეხბურთელებს საქმე ჰქონდათ საერთაშორისო ფაშიზმის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი ბასკი ხალხის წარმომადგენლებთან.
მატჩმა დიდძალი ხალხი მიიზიდა. თითქოს მთელი თბილისი ამ დღეს “დინამოს” სტადიონისკენ დაიძრა. ოთხ საათზე ვეებერთელა სტადიონი უკვე გაჭედილი იყო მაყურებლებით. ოცდაათი ათასი კაცი ადევნებდა თვალყურს ამ შესანიშნავ თამაშს.
ხალხი ვერ მალავს თავის გრძნობებს, თავის სიმპათიას ესპანელებისადმი. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო შეიქნა იმ მომენტიდან, როდესაც მინდორზე გამოვიდა ბასკთა ქვეყნის გუნდი. დღეს მას წინ მოუძღვის გილიერმო გოროსტიცა, ბასკთა გუნდის მარჯვენა გარემარბი, მრავალი საერთაშორისო შეჯიბრების მონაწილე. არა სჩანს ბასკების სახელოვანი კაპიტანი, შესანიშნავი ფეხბურთელი ლუის რეგეირო. ავადმყოფობის გამო მას არა აქვს საშუალება თავისი განსაცვიფრებელი ტექნიკა უჩვენოს თბილისელებს. ლუისი მისმა ძმამ პედრო რეგეირომ შეცვალა.
მოდის გოროსტიცა და მას უკან მოსდევენ ჩასკვნილი, ბრძოლებში გამობრძმედილი ვაჟკაცები:
გრეგორიო ბლასკო, სერაფინ აედო, პაბლო ბარხოსი, ლეონარდო სილაურენი, ხოზე მუგუერსა, რობერტო ეჩებარია, ისიდრო ლანგარა, პედრო რეგეირო, ენრიკო ლარინაგა, ემილიო ალონსო...
ისინი მირბიან მინდორზე და მთელი სტადიონი ფეხზე ამდგარი ესალმება მამაც მებრძოლებს, რომლებმაც მხოლოდ რამდენიმე თვის წინათ დასტოვეს მოწინავე პოზიციები და რესპუბლიკური არმიის მებრძოლთა ჩაცმულობა ფეხბურთელის მაიკით შესცვალეს.
ბასკების შემდეგ მოედანზე შემოდიან დინამოელები: შოთა შავგულიძე, ალ. დოროხოვი, გიორგი ჭუმბურიძე, ვლ. ჯორბენაძე, მიხ. მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხ. ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლოლაძე, მიხ. ასლამაზოვი. ყველა მათგანს ხელში უჭირავს ყვავილების თაიგული.
მოთამაშეები ჩამწკრივდნენ ერთმანეთის პირდაპირ შუა მინდორზე. თბილისის “დინამოს” კაპიტანმა ორდენოსანმა შოთა შავგულიძემ ხელი ჩამოართვა გილიერმო გოროსტიცას და მიესალმა სტუმრებს.
“ვაშას” ძახილი რესპუბლიკური ესპანეთის პატივსაცემად შეუერთდა ესპანეთის ჰიმნის მღელვარე ჰანგებს.
მისასალმებელი სიტყვები დიდხანს არ გრძელდება. ერთხელ კიდევ იგრიალა ტაშმა, როდესაც გოროსტიცამ დაამთავრა თავისი მოკლე, ლამაზი სიტყვა, გაისმა მსაჯის სტვენა და თამაში დაიწყო.
პირველად ბურთს ფეხი გაჰკრა ბ. პაიჭაძემ. თბილისელები გააფთრებით ეკვეთნენ “მოწინააღმდეგეს” და თვალის დახამამებაში ბასკების კართან გაჩნდნენ, მაგრამ სტუმრები მალე გაერკვნენ მდგომარეობაში და თამაში თანდათან “დინამოს” ჭიშკართან გადაიყვანეს. მე-10 წუთზე ძლიერად ურტყამს გოროსტიცა, მაგრამ აცილებს, ორი წუთის შემდეგ დააცილა ლანგარამ.
მე-15 წუთზე ლანგარამ ტყვიასავით ბურთი გაგზავნა თბილისის კარებისკენ, მაგრამ იგი ბოძს მოხვდა.
ინიციატივა ბასკების ხელშია. გგონია – ისინი თერთმეტი კი არა, მეტნი არიან მინდორზე. მიუხედავად ამისა, დინამოელები დროგამოშვებით მაინც ახერხებენ ესპანელების ფრონტის გარღვევას.
მე-20 წუთზე მ. ასლამაზოვი მარტოდ მარტო დარჩა მეკარესთან. დაარტყა და... დააცილა. ერთი წუთის შემდეგ დააცილა ბ. პაიჭაძემაც.
მე-35 წუთზე გოროსტიცამ გაიტანა ბურთი, სწრაფად გადასცა ლანგარას და ამ უკანასკნელმა ლამაზი კუთხური დარტყმით დააგვირგვინა დაწყებული კომბინაცია.
მეორე ტაიმი დაიწყო თბილისელების ერთსულოვანი შეტევით. ბლასკო ზედიზედ იჭერს რამდენიმე ძნელ ბურთს. მაგრამ ეს მომენტი დიდხანს არ გრძელდება. მალე მდგომარეობის ბატონ-პატრონი ისევ ბასკები ხდებიან. გახშირდა “შუტები” თბილისის კარებში. ექვსი წუთით ადრე ტაიმის დამთავრებამდე დოროხოვი იჭერს ლანგარასაგან გაგზავნილ ორ ფრიად ძნელ ბურთს. მოსალოდნელი იყო, რომ ტაიმის ბოლომდე მიღწეული შედეგი აღარ დაირღვეოდა, მაგრამ მოხდა შემთხვევა, რომელმაც ანგარიში გაადიდა ბასკების სასარგებლოდ: დოროხოვმა კარებიდან გამოაგდო ალონსოს მიერ კორნერიდან მოწოდებული ბურთი, ბურთი მოხვდა იქვე ახლო მდგომ მინაევს და... ბადეში შეგორდა.
ამრიგად, ესპანეთის და თბილისის ფეხბურთელების შეხვედრა მოიგეს ესპანელებმა ანგარიშით 2:0.
ბასკებმა ამ დღეს განსაცვიფრებელი მოქნილობა და მაღალი ტექნიკა გამომამჟღავნეს, მათ თავით თამაშს აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებლები. მოძრაობაში და სირბილში, თავდასხმისა და თავდაცვის ხერხებში იგრძნობოდა შინაგანი ძალა და ორგანიზებულობა.
თბილისის “დინამომ” ეს მატჩი საერთოდ დამაკმაყოფილებლად ჩაატარა და საპატიო შედეგსაც მიაღწია. შედარებით მოისუსტებდა თავდასხმა, განსაკუთრებით მარცხენა ფრთა, უკეთესად თამაშობდნენ მცველები და მეკარე. ისეთ ძლიერ “მოწინააღმდეგესთან” შეხვედრა, როგორიც ბასკები არიან, უთუოდ ხელს შეუწყობს ჩვენი გუნდის თამაშის კლასის ზრდას.
შეჯიბრებას დაესწრნენ ამხ. ლ. ბერია, გ. არუთინოვი, ე. გოგეშვილი. ს. გოგლიძე, ა. კეკელია, ფ. მახარაძე, გ. სტურუა.
შ. ბუაჩიძე, „კომუნისტი“, 26 ივლისი, 1937 წ.