ბრძოლა როდენის ქანდაკება - ბალზაკის ირგვლივ
ოგიუსტ როდენი - ბალზაკის ქანდაკება, 1892-1897 წწ. |
[„ლიტერატურული საქართველო“, 1937წ.] - დაახლოებით 40 წლის წინად,ფრანგ ლიტერატორთა საზოგადოებამ გადასწყვიტა პარიზის ერთერთ მოედანზე დაუდგას ძეგლი ბალზაკს.
ჩატარებული იყო ხელის მოწერა, რომელიც ჩინებულად დასრულდა. ქანდაკების გაკეთება პირველად მიანდვეს შაპიუს. შაპიუ მალე გარდაიცვალა და დარჩა თავისი პროექტის მხოლოდ დაუმთავრებელი ნახაზები.
ანრი შაპიუს ესკიზები ბალზაკის ქანდაკებისთვის |
ანრი შაპიუს ესკიზები ბალზაკის ქანდაკებისთვის |
მწერალთა საზოგადოების ინიციატივით (მეთაურობდა ემილ ზოლა) ბალზაკის ქანდაკების შეკვეთა გადაეცა როდენს. ეს იყო 1891 წელს, მაშინ, როცა სახელგანთქმული მოქანდაკე იმყოფებოდა თავისი ტალანტის უაღრესად გაშლის პერიოდში. ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ როდენი დათანხმდა შეესრულებინა აღნიშნული სამუშაო. ქანდაკება დაასრულა და მარსის მოედნის სალონში გამოფინა 1898 წელს.
მაშინ დაიწყო როდენის წინააღმდეგ უმსგავსო ბრძოლა ავრცელებდნენ ათასგვარ ცილისწამებას, უაზროდ აკრიტიკებდნენ ამ გენიალური მოქანდაკის შემოქმედებას და სხვა. მწერლების საზოგადოება შეაშინა გაზეთების თავდასხმამ და გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც უარს ამბობდა მიეღო როდენისათვის შეკვეთილი ბალზაკის ქანდაკება.
ოგიუსტ როდენი - ესკიზი ბალზაკის ძეგლისთვის |
ამ გამოსვლების საპასუხოდ, როდენის მეგობრებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა დასტამბეს საპროტესტო წერილი. ამან გამოიწვია საპროტესტო გამოსვლები მთელს საფრანგეთში. ეს პროტესტები ხელმოწერილი იყო მოწინავე ინტელიგენციის მიერ, რომელთა შორის იყვნენ ანატოლ ფრანსი, დებიუსი და სხვ.
მთელი რეაქციული პრესა კამპანიას აწარმოებდა როდენის წინააღმდეგ.
როდენი იძულებული იყო თავისი გენიალური ნამუშევარი გადაეცა მუზეუმისთვის.
ამ საუკუნის დასაწყისში მწერალთა საზოგადოებამ უარი სთქვა რა როდენის შემოქმედებაზე, მიიღო მეტად მდარე ღირებულების ფალგიერის ნამუშევარი და ამის მიხედვით პარიზში დაუდგა ძეგლი ბალზაკს.
დამახასიათებელია ერთი გარემოება. როდენის ქანდაკების პარიზის ერთ-ერთ მოედანზე დადგმის წინააღმდეგ, როგორც ამ ოცდაათი წლის წინად გამოვიდნენ ფრანგულ საზოგადოების უაღრესად რეაქციული, შავბნელი, ფაშისტური ელემენტები.
ფრანგული გაზეთები იღებენ უამრავ წინადადებებს ბალზაკის ქანდაკების დასადგმელი ადგილების შესახებ. ყურადღების ღირსია წინადადება, რომელიც მიუღია გაზეთ „მარიანნ“-ს. წინადადების ავტორის აზრით, ბალზაკის ქანდაკი უნდა დაიდგას „საფრანგეთის ინსტიტუტის“ შენობის წინ, რაც იქნება იმის სახსოვარი, რომ ბალზაკი და როდენი, ფრანგული კულტურის ეს ორი ბუმბერაზი წარმომადგენელი მთელი თავიანთი სიცოცხლე დატოვებული იყვნენ ამ დაწესებულების გარედ.