ადოლფო ბიოი კასარესი - მორელის გამოგონება

XX საუკუნის არგენტინულმა ლიტერატურამ მსოფლიოს სამი დიდი მწერალი შესძინა – ხორხე ლუის ბორხესი, ხულიო კორტასარი და ადოლფო ბიოი კასარესი. თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც ბიოი კასარესს მათგან გამოარჩევს: ის ერთ-ერთი პირველია, ვინც ესპანურენოვან ლიტერატურაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს ამკვიდრებს. მორელის გამოგონება (1940) მოგვითხრობს ვენესუელელ მწერალზე, რომელიც მართლმსაჯულებისგან გარბის და თავს უკაცრიელ კუნძულს აფარებს. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული რაღაც უცნაური, გაურკვეველი დაავადების კერაა, მწერალი მიიჩნევს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც უსაფრთხოდ იქნება.

მთავარი გმირი მალე აღმოაჩენს, რომ მარტო არაა. ვინ არის ეს ხალხი? რა საიდუმლოს მალავს კუნძული? კასარესი ახერხებს, გაზვიადებისა და მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე დააინტერესოს მკითხველი მთავარი გმირის ბედით, დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიცაა უკვდავება, სიცოცხლის შექმნა, ადამიანის გონების შესაძლებლობების ზღვარი...

***


***

უკვდავება იმიტომ დავკარგეთ, რომ სიკვდილთან ბრძოლას ევოლუცია არ განუცდია, ის მიმართულია თავდაპირველი, საწყისი იდეისაკენ: უზრუნველყოს მთელი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა. არადა, უკეთესი იქნებოდა, ვესწრაფოდეთ მხოლოდ იმის შენარჩუნებას, რაც ცნობიერს სურს.

***

ის, ვისაც განაჩენი გამოაქვს, ჩვენი დროის მბრძანებელიცაა, ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, გაშმაგებით ვებღაუჭებით იმას, რასაც თავისუფლება ჰქვია.

***

სასაცილოა კი არაფერს ელოდო ცხოვრებისგან, რათა არ გარისკო. ჩათვალო თავი გვამად, რათა არ მოკვდე.

***

ყოველივე უხამსს, რაც ალალად კეთდება, ადამიანის გულის მოლბობა შეუძლია.

***

რაღაცის შექმნის დროს თავს იჩენს საფრთხე, რომ აღქმა დროული და ზომიერი ვერ იქნება.

***

ახლა ჩემი არსებობა ისეთივე მოსაბეზრებელია, როგორც ხუმრობა, რომელიც პირველად სასაცილო იყო, მერე კი ბევრჯერ განმეორდა.

***

საუბარს წარმოშობს ლაპარაკის წყურვილი, მოთხოვნილება, დაეთანხმო ან არ დაეთანხმო ვინმეს.

***

ჩვენი მოქმედებები გამუდმებული, შეუმჩნეველი გამეორების შედეგია.

***

ვვარაუდობ, რომ შეიძლება რამდენიმე სამოთხე არსებობდეს, ერთი რომ იყოს, ყველა იქ მოიყრიდა თავს, ჩვენი მომლოდინე მეუღლეები ისევ დაგვხვდებოდნენ თავიანთი ლიტერატურული ოთხშაბათებით, ბევრისთვის სიკვდილი აღარ იარსებებდა.

***

უცხოების გამოჩენამდე არ ვიყავი მკვდარი, შეუძლებელია, მარტოობაში მკვდარი იყო. მკვდრეთით რომ აღვსდგე, მოწმეები უნდა გავანადგურო. უმარტივესია: რადგან არ ვარსებობ, ვერავინ იეჭვებს, რომ ვინმეს განადგურება მინდა.

***

ადამიანები შევეჩვიეთ, რომ მოვლენები სამყაროს ზანტ თანამიმდევრულობას ექვემდებარება. ახლა რეალობა იცვლება, ყველაფერი ირეალური ხდება. როცა ადამიანი იღვიძებს ან კვდება, სიზმრისეული კოშმარების, წუხილისა და ცხოვრებისეული მიდრეკილებებისგან თავის დახსნა უჭირს.

***

ალბათ, გულის სიღრმეში ყოველთვის გვინდა, ვინც გვიყვარს, ხანდახან მოჩვენება იყოს.

***

თუ ვინმეს ნდობა არ გვინდა, უნდობლობის მიზეზი არ გამოილევა.

***

ცხოვრების უკანასკნელი წამი ნაჩქარევი, შემცბარი უნდა იყოს. მისგან ყოველთვის ისე შორს ვართ, რომ ვერც წარმოგვიდგენია შუქ-ჩრდილებით მოქუფრული ბოლო წამი.

***

სწორედ ესაა ჩემი გზა: ვიცხოვრო და ყველაზე ბედნიერი მოკვდავი ვიყო. მაგრამ ჩემი ბედნიერება, ისევე, როგორც ყველაფერი ადამიანური, არამდგრადია.


ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში