სუნ ძი | ომის ხელოვანი

სუნ ძიმ, ჩინელმა მწერალმა და მხედართმთავარმა, ომებში მიღებული გამოცდილებით დაგროვებული ცოდნა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს სამხედრო თეორიულ ტრაქტატში - „ომის ხელოვნება“ გადმოსცა. 

მის ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია კავშირზე პოლიტიკასა და ომის წარმოების წესებს შორის, მოქნილ ტაქტიკასა და სტრატეგიის შესამუშავებლად აუცილებელ ინტელექტუალურ პოტენციალზე და ამასთანავე, შეიცავს გაფრთხილებას გაუთვალისწინებელი შედეგების შესახებ, რომელიც ნებისმიერ ომს ახლავს. ნაშრომი იქცა ომის წარმოების სახელმძღვანელოდ, რომელიც შემდგომ მრავალმა მხედართმთავარმა გამოიყენა.

სუნ ძი ბრძოლაში

მიზანშეწონილად მიიჩნევა მოსაზრება, რომ ის ჩვ.წ.აღ-მდე IV საუკუნეში ცხოვრობდა, რადგან ვარაუდობენ, რომ სუნ ძი იყო მხედართმთავარი და სამხედრო სტრატეგი ვუს სახელმწიფოში, ე.წ. გვიანი „გაზაფხულისა და შემოდგომის ხანაში“, რომელიც ჩვ.წ.აღ-მდე 770 და 476 წლებს შორის პერიოდს მოიცავს.

წიგნის ტექსტი მიგვანიშნებს იმას, რომ ის „მეომარი სახელმწიფოების ხანის“ (მოიცავს 475 და 221 წლებს შორის პერიოდს, როდესაც ჩინეთი ერთმანეთთან მეომარ 6 თუ 7 სახელმწიფოდ იყო დაყოფილი) ადრეულ წლებში დაიწერა.

სწორედ მას ასახელებენ იმ მხედართმთავრად, რომელმაც ჩუუს დედაქალაქი ინგი დაიპყრო. სხვა წყაროები კი გვამცნობს, რომ მან დაამარცხა ჩრდილოური სახელმწიფოები - ცინი და ციი.

„ომის ხელოვნებას“, როგორც სახელმძღვანელოს ფართოდ იყენებდნენ ჩინელები და მონღოლები. ჩვ.წ.-ის 760 წელს, წიგნის პირველი სრულყოფილი თარგმანი იაპონიაში გამოჩნდა, 1722 წელს კი პეკინში მოღვაწე იეზუიტმა მისიონერმა, მამა არნიოტმა ის პირველად ჩაიტანა დასავლეთში და პარიზში ფრანგული თარგმანი გამოსცა. ამის შემდგომ წიგნი ფართოდ გავრცელდა მრავალ ენაზე.


ომი, როგორც ხელოვნება

სუნ ძის აზრით, ომის წარმოება არის არა მეცნიერება, არამედ ხელოვნება, რომლის შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია.

სამაგიეროდ, წარმატების მისაღწევად რამდენიმე წესი არსებობს. მხედართმთავარმა უნდა შეიმუშაოს ისეთი თავდაცვითი ზომები, რომლებიც ნებისმიერი იერიშის მოგერიებისა და შემდგომ, მტრის დასამარცხებლად საჭირო ქმედების შესაძლებლობა მისცემს. ზომებსა და ქმედებაში მხოლოდ სამხედრო ხერხები როდი იგულისხმება. სინამდვილეში, სუნ ძის აზრით, სამხედრო ძალა პრობლემის გადაჭრის უკანასკნელი საშუალებაა, რომლის გამოყენებამდეც, დიპლომატიის, მტრის მოსყიდვის, მის ბანაკში ჭორების გავრცელების, მოწინააღმდეგის სახელმწიფოში პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობის, სხვაგვარად - მტრის ყოველმხრივი შესწავლისა და მისი სხვადასხვაგვარი შესაძლებლობების განეიტრალების გზას უნდა მიმართო.

„უნარიან სტრატეგს მტრის ჯარის დამარცხება მასთან შეუბმელად, ქალაქის დაპყრობა - ალყაშემოურტყმელად და სახელმწიფოს დაპყრობა სისხლის დაუღვრელად უნდა შეეძლოს“, - წერდა იგი.

როცა სამხედრო შეტაკება გარდაუვალი ხდება, ასეთ შემთხვევაში, მისი აზრით, აუცილებელია, მტრის ძალებისა და მისი განლაგების შესახებ ისეთივე დეტალური ინფორმაციის მოპოვება, როგორიც საკუთარ ჯარზე გაქვს.

„შეიცან მტერი, შეიცანი საკუთარი თავი და ათასობით ბრძოლას დაუმარცხებლად ჩაატარებ“, - გვასწავლის სუნ ძი.

მოწინააღმდეგის განლაგების შესახებ იმდენად დაწვრილებით ინფორმაციას მოითხოვდა, რომ ერთხელ, განსხვავებული გეოგრაფიული პირობების მიხედვით, 9 საბრძოლო გეგმა დაწერა.

ის გვასწავლის - „მოერიდე სიძლიერეს, შეუტიე სისუსტეს“.

მისი აზრით, ომი ხანმოკლე და შედეგიანი უნდა იყოს, რადგან „ომის გახანგრძლივებით არც ერთ ქვეყანას არასდროს უხეირია“. მისი აზრით, წარმატებული მხედართმთავრები „თავდაცვას მაშინ მისდევენ, როდესაც ძალა არ ჰყოფნით თავდასასხმელად, და უტევენ მაშინ, როდესაც ამის ძალა ერჩით“.

მიუხედავად იმისა, რომ ომის წარმოების თაობაზე მის მიერ ჩამოყალიბებული აქსიომები ძალზე მარტივად შეიძლება მოგვეჩვენოს, უამრავ მხედართმთავარს, ვისაც ის გაუთვალისწინებია, გამარჯვება მოუპოვებია, და არაერთმა სარდალმა, ვინც ისინი არად ჩააგდო, მარცხი განიცადა.




ვარაუდობენ, რომ ნაპოლეონს წაკითხული ჰქონდა „ომის ხელოვნება“, რომელიც 1782 წელს პარიზში გამოიცა. ის აგრეთვე გამოიყენეს გამოჩენილმა სამხედრო თეორეტიკოსებმა - ანტუან ანრი ჟომინიმ, რომელმაც დაწერა „ომის ხელოვნების მოკლე კურსი“, და კარლ ფონ კლაუზევიცმა, რომლის კალამსაც ეკუთვნის ნაშრომი „ომის შესახებ“, თუმცა თანამედროვე სამხედრო თეორეტიკოსები, ჟომინისაც და კლაუზევიცსაც მეტისმეტად ვიწრო ევროპული და მეცხრამეტე საუკუნის კატეგორიებით მოაზროვნე მოღვაწეებად მიიჩნევდნენ.

საყოველთაო აზრით, მხოლოდ სუნ ძიმ გაუძლო დროის გამოცდას.

ომის წარმოებისას პოლიტიკური ასპექტების წინ წამოწევის გამო, „ომის ხელოვნებას“, როგორც სახელმძღვანელოს, პარტიზანული ბრძოლებისას იყენებდნენ მაო ძედუნი, ვო ნგუენ გიაპი და ფიდელ კასტრო. მან დიდი გავლენა იქონია აგრეთვე მეორე მსოფლიო ომამდელ სამხედრო თეორეტიკოსებზე - გენერალ ჯონ ფულერსა და ბ.ჰ. ლიდელ ჰარტზე, დაბოლოს - ჯავშანსატანკო ოპერაციების გერმანელ ოსტატებზე, რომლებმაც მათი ნაშრომი გადაღეჭეს.


ნაიჯელ ქოთორნი - „გამარჯვება - 100 გამოჩენილი მხედართმთავარი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში