სალვადორ დალი ამერიკაში |
სალვადორ დალი ნიუ-იორკში, 1936 წ. |
სალვადორ დალიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, პიტსბურგში (კალიფორნია) პირველი გამოფენა 1928 წელს გამართა. ექსპოზიციაზე წარდგენილი „კალათა პურით“ ქალაქის თანამედროვე ხელოვნების გალერეამ შეიძინა.
სალვადორ დალი - „კალათა პურით“, 1945 წ. |
სალვადორ დალი - „კალათა პურით“, 1926 წ. |
[კალათა პურით, 1945, ტილო, ზეთი, 37x32 სმ; ამ სურათის პირველი ვარიანტი დალიმ 1926 წელს დახატა. 1945 წელს კი მისი გაცილებით მოკრძალებული ვერსია შექმნა. ეს იყო ომის დასრულების პერიოდი, როცა პური ძნელად იშოვებოდა. ეს ტილო ველასკესის სურათს „მოხუცი ქალი კვერცხს წვავს“ ერთგვარი ექოა. პური ევქარისტული და მისტიკური სიმბოლოა, დალი კი მას მარტორქის რქის ფორმას აძლევს]
მომდევნო წელს დალის დეპრესიის მიზეზად კოკაინი იქცა. მძიმე პერიოდი თითქმის ათი წელი გაგრძელდა. იყო ჰოლივუდის ბუმის წლებიც, როცა მთელი თანხები კინოინდუსტრიას ხმარდებოდა და მხატვრებს სამუშაო შეუმცირდათ.
30-იან წლებში რუზველტის ადმინისტრაციის „ახალი კურსის“ ფარგლებში ჩამოყალიბდა WPA („სამუშაო პროექტების ადმინისტრაცია“); ხელოვანებს ეს პროექტი შესაძლებლობას აძლევდა, საჯარო შენობების კედლები მოეხატათ ან ქანდაკებებზე ემუშავათ. ამერიკულმა დეპრესიამ მასებში ინდივიდუალურობისთვის ბრძოლა გააღვივა, ხოლო 1915 წელს ფროიდის „სიზმრების ახსნის“ გამოქვეყნებით არაცნობიერი სამყაროსა და სიზმრების მიმართ უდიდესი ინტერესი გააჩინა. ამერიკელი ხელოვანები როგორც ფროიდით, ასეთვე ინგითაც დაინტერესდნენ.
ამერიკელ მილიონერთა ოცნებად ძველი, განათლებული ევროპა იქცა, განსაკუთრებით პარიზის გარემო მოსწონდათ. 30-იანი წლების დასაწყისში გალერისტი ჟულიენ ლევი ერთ-ერთი იყო, ვინც პარიზში გაემგზავრა, რათა სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრებს გასცნობოდა და ნიუ-იორკის გალერეაში გამოეფინა. საფრანგეთის დედაქალაქი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორ ალფრედ ბარისაც იზიდავდა. ორივე მათგანი დალის თაყვანისმცემელი იყო.
ჰიტლერის შეჭრისა და მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო საფრანგეთი არაერთმა მხატვარმა დატოვა. ნიუ-იორკმა ხელოვანთა ქალაქის ესტაფეტა აიტაცა. 40-იან წლებში აქ ჩამოყალიბდა ამერიკის აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის ნიუ-იორკის სკოლა. მისი უდიდესი გავლენა პიკასოს კუბიზმითა და სიურრეალიზმით იყო ნაკარნახევი.
დალიმ 1937 წელს ნიუ-იორკში, ჟულიენ ლევის გალერეაში, თავისი ნამუშევრები გამოფინა. ექსპოზიციას წარმატება ხვდა წილად, თავად ხელოვანმა კი კრიტიკოსები სიურრეალიზმზე მეტად დააინტერესა. ამჯერად დალი ნიუ-იორკში უკვე თავისი პარანოიდულ-კრიტიკული მეთოდის დაცვას აპირებდა. დალის მიაჩნდა, რომ ამერიკაში სიურრეალიზმი უნდა წაეხალისებინა და ამიტომაც ბრეტონს წერილი მისწერა. თუმცა, წარმატებას ნაზიარები დალი უფრო ჰოლივუდურ გლამურთან იყო ახლოს, ვიდრე მხატვართა ახალ თაობასთან, რომელიც პიროვნული და შემოქმედებითი იდენტურობისთვის იბრძოდა. ისინი ეგზისტენციალურ ტენდენციების იზიარებდნენ, ბოლოს კი ბრეტონის რევოლუციური სულისკვეთებაც გაითავისეს. სიურრეალიზმის მამამთავარი ბრეტონი იმხანად მექსიკაში ტროცკისთან იყო.
ახალი თაობის მხატვრებმა გამოაქვეყნეს მანიფესტი „დამოუკიდებელი რევოლუციური ხელოვნებისთვის“, სალვადორ დალიმ კი 1939 წელს ჟურნალ „მინოტავრში“ სტატია დაიბეჭდა, სადაც პარანოიდულ-კრიტიკულ მეთოდს კი არ აკრიტიკებდა, არამედ ავტომატიზმს იცავდა, რადგან მხატვრის აზრით, ფერწერული ტილო თავისი ფორმალური სრულყოფილებით კი არ უნდა ფასდებოდეს, არამედ ნამდვილ მოვლენად უნდა იქცეს. ჰაროლდ როზენბერგმა ამერიკული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმისათვის მოძრავი ფერწერის კონცეფცია აქედან გამომდინარე შეიმუშავა. საუბარია ნახატზე, რომელიც გამართლებულია არა თავისი მნიშვნელობით, არამედ ეგზისტენციალური გამოვლინებითაც.
1939 წელს ნიუ-იორკში მეხუთე ავენიუზე მდებარე უნივერსამ „ბონვიტ ტელერის“ ხელმძღვანელობამ სალვადორ დალის ვიტრინების დიზაინი დაუკვეთა, მერე კი მხატვართან შეუთანხმებლად დიზაინში ცვლილებები შეიტანა, რაზეც დალი განაწყენდა და ვიტრინების დემონტაჟი მოინდომა, მინაც კი ჩაამსხვრია. დალი პოლიციამ დააკავა. ამის მიუხედავად, მან ჟულიენ ლევის გალერეაში გრანდიოზული გამოფენა მაინც მოაწყო, რამაც პრესის ყურადღება მიიპყრო და არაერთი სურათი გაიყიდა.
ნიუ-იორკის საერთაშორისო გამოფენისთვის სალვადორ დალის სტენდის დამზადება დაუკვეთეს. სტენდი „ვენერას სიზმარი“ არაცნობიერის ნიმუში უნდა ყოფილიყო, თუმცა, დალიმ მითიური ქალთევზას სხეულები თევზისთავიან ქალებად აქცია.
სალვადორ დალი - „ვენერას სიზმარი“, 1939 წ |
ეს ნამუშევარი გამოფენაზე არ გაუშვეს, რის გამოც 1939 წლის ივლისში მხატვარმა გამოაქვეყნა „ადამიანის დამოუკიდებელი ფანტაზიისა და საკუთარი სიგიჟის უფლებების დეკლარაცია“. ეს იყო მანიფესტი რომლითაც ამერიკის პოეტებსა და მხატვრებს მოუწოდებდა, საკუთარი წარმოსახვის უშუალობა, ირაციონალური, სიზმრისეული ფანტაზია მექანიზებული ცივილიზაციისგან დაეცვათ. მექანიზებული ცივილიზაცია ხომ შინაგანი სამყაროს მტრედი და ობსკურანტიზმის ხელშემწყობი იყო. დალის მანიფესტის ყდაზე ბოტიჩელის ვენერას ულამაზეს სახეს თევზის თავი ცვლიდა.
1939 წლის შემოდგომაზე დალი ევროპაში დაბრუნდა. ჰიტლერი ამ დროს ევროპას იპყრობდა და როდესაც გერმანელებმა საფრანგეთის ოკუპაცია მოახდინეს, დალი და გალა, სხვა ხელოვანების მსგავსად, კვლავ ამერიკაში დაბრუნდნენ. ჯერ კიდევ პარიზში ყოფნისას, რენე კრეველმა დალის საფრანგეთის დედაქალაქში დასახლებული ამერიკელი ქერი ქროსბი გააცნო. დალის აზრით, ქერი ქროსბი მეტისმეტად ამბიციური კაცი იყო. უკვე ამერიკაში დაბრუნებულ გალასა და დალის სწორედ ქერი ქროსბიმ უმასპინძლა და ვირჯინიაში მდებარე საკუთარ ვილაში დააბინავა. დალით თავისი ავტობიოგრაფიული წიგნი „საიდუმლო ცხოვრება“ ამ ვილაში დაწერა. მხატვარმა ასევე სემიუელ მორზეს ოჯახი გაიცნო. ისინი დალის ფერწერული ტილოების კოლექციონერებად იქცნენ და კლივლენდში დალის მუზეუმიც კი დააარსეს.
სალვადორ დალიმ დახატა ავტოპორტრეტი ბეკონის შემწვარი ნაჭრით, რაც ახალი ტიპის საკვებთან შეგუების გამომხატველი იყო.
სალვადორ დალი - „ავტოპორტრეტი ბეკონით“, 1941 წ |
ეს ფერწერული ტილო მან 1941 წელს ნიუ-იორკში, ჟულიენ ლევის გალერეაში გამოფინა; გამოფენის კატალოგში სახელწოდებით „სალვადორ დალის უკანასკნელი სკანდალი“, რომლის ავტორი თავად მხატვარი გახლდათ, აცხადებდა, რომ მან კლასიციზმი გარდაქმნა და ისეთი ტიპის ფერწერას აღიარებდა, რომელიც იმპროვიზაციასა და უნიჭობას იყო მოკლებული:
„დასრულდა დრამატულ-ლირიკული ნაწარმოებების, სპონტანური ნახატებისა და იმპროვიზაციების დრო, სამგროშიანი ფილოსოფიის ხანა, რომელიც უსუსურ ტექნიკასა და დეფორმირებულ, უფორმო, უანგარო სულიერებას ნიღბავს“.
დალის უყვარდა ესკიზების გაკეთება; ის შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და მისი ნამუშევრები წინდაწინ გაკეთებული არაერთი მონახაზის შედეგად იქმნებოდა. ამიტომაც დალი არ აფასებდა ისეთი ტიპის ნამუშევარს, რომელიც არ შეიცავდა წინასწარ მონახაზს.
1942 წელს, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და სხვა ქალაქებში სალვადორ დალის რეტროსპექტიული გამოფენა მოეწყო.
სალვადორ დალი - „ჩაცმული მანქანა“, 1941 წ |
წარმოადგინეს დალის ფერწერული ტილო „ჩაცმული მანქანა“ (1941 წ.), სადაც კადილაკი საზოგადოების მოხმარების ახალ ხატად არის წარმოდგენილი. მხატვარმა წინ გაუსწრო პოპ-არტის ესთეტიკას, იმ კულტურულ მიმდინარეობას, რომელიც ამერიკაში 60-იან წლებში ჩაისახა.
1943 წელს ნიუ-იორკის უკვე სხვა გამოფენების კატალოგში დალი ნახატს „კეთილგონიერების თავდასაცავ იარაღს“ უწოდებდა. ამ პერიოდში მხატვარი ავტომატიზმსა და სისწრაფეს ებრძოდა:
„დღევანდელმა სიზარმაცემ და ტექნიკის არარსებობამ პაროქსიზმამდე, რუტინული კოლაჟის ფსიქოლოგიურ მნიშვნელობამდე მიგვიყვანა“.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დალი ამით პიკასოს აკრიტიკებდა. მითუმეტეს, კოლაჟის შემქმნელი თვითონაც რომ ყოფილიყო, სისტემატურად მაინც არ გამოიყენებდა.
1941 წელს ანდრე ბრეტონმა დალისთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა, რადგან ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ ის კლასიციზმისა და კათოლიციზმის გავლენაში მოექცა.
დალის სურათი „ჰომეროსის აპოთეოზი“ (1945 წ.) მხატვრის სიურრეალისტური ეტაპის დასასრულად ჩაითვალა.
სალვადორ დალი - „ჰომეროსის აპოთეოზი“, 1945 წ. |
კადაკესის ლანდშაფტის ფონზე უამრავი ობიექტი დაცურავს. მთავარი ფიგურა, ბიუსტი, ფორმით ანგელოზს ჰგავს, სახით კი - უკვე დაბერებულ, დაქანცულ, დეფორმირებულ და გახრწნილ დიდ მასტურბატორს. მას ყავარჯენი აქვს შედგმული, რასაც სიმყარეს ლერწმის სქელი ჯოხი აძლევს. ამ დაჩაჩანაკებული არსებიდან ფრთიანი ვიქტორია, ანუ დედამიწა იბადება, რაც აგვირგვინებს ბიუსტს.
ამ ნამუშევრის ქვესათაურია „გალას დღის სიზმარი“, რაც ტილოს მარჯვენა ნაწილის ამსახველია. აქ მძინარე გალას სხეული ჩანს, თუმცა მისი ონირიული ზმანება თითქოს ანგელოზის ფიგურას გამოეყო. ანგელოზის სრულიად დაღრეცილი ფიგურა კი კლასიკური სტილის თაღში ეშვება.
ტილოს ცენტრალურ ნაწილში ველური ცხენების რემა მუსიკოს ანგელოზებს მფარველობს და ეს სცენა თითქოს ულისეს ტრიუმფალურ მოგზაურობაზეც მიანიშნებს. დიდი მასტურბატორის სიბერე, ანგელოზი და ყავარჯენი შესაძლოა დალის სიურრეალისტური ეტაპის დასასრულის მინიშნებად მივიჩნიოთ. დალი კლასიკოს ბერძენ პოეტთან, ჰომეროსთან არის გაიგივებული, რომელიც ამჯერად, დალის შემოქმედების ახალ ეტაპზე, გამარჯვების გვირგვინდადგმულია.
დალი ნიუ-იორკში 1948 წლამდე დარჩა. ამ წლების განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა: დახატა პორტრეტები, დაწერა რომანი „შენიღბული სახეები“, წიგნებისთვის ილუსტრაციებს ქმნიდა, წერდა ლიბრეტოებს, მუშაობდა საბალეტო კოსტიუმებზე, სცენის დეკორაციებსა და სამკაულის დიზაინზე...
40-იან წლებში დალიმ შექმნა სუნამო „სკიაპარელი“ და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „საიდუმლო ცხოვრება“, რომელიც 1942 წელს გამოაქვეყნა.
რამდენიმე წლით ადრე, დალიმ ხარპო მაქსთან ერთად ძმები მარქსებისთვის სცენარი „ჟირაფები სალათზე“ დაერა, თუმცა ეს ფილმი არ გადაუღიათ. მოგვიანებით, 1946 წელს, დალიმ უოლტ დისნეისთან ერთად იმუშავა კიდევ ერთი ფილმის სცენარზე, სახელწოდებით „დანიშნულება“. თუმცა, არც ეს ფილმი უხილავს მაყურებელს კინოეკრანებზე. ეს იყო აბსოლუტურად ინოვაციური პროექტი, სადაც რეალური პერსონაჟები და ობიექტები ნახატებთან იყო შერეული.
დალიმ თავისი ონირიული სცენებით მაინც მოახერხა კინემატოგრაფში საკუთარი ექსპერიმენტის რეალიზება.
ალფრედ ჰიჩკოკი - „მონუსხული“, 1945 წ. |
ვინსენტე მინელი - „პატარძლის მამა“, 1950 წ. |