სალვადორ დალისა და ზიგმუნდ ფროიდის შეხვედრა |

1938 წელს დალიმ ფროიდი გაიცნო. მხატვარი მასთან შეხვედრას ვენაშიც ცდილობდა, თუმცა, საბოლოოდ ლონდონში, საკუთარ სახლში ესტუმრა. ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგიც ინგლისის დედაქალაქში ცხოვრობდა და ის დალის პოეტ ედვარდ ჯეიმზთან ერთად ფროიდთან გაჰყვა

სხვა სიურრეალისტებისგან განსხვავებით, დალიმ ფროიდზე გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა.

მომდევნო დღეს, ფროიდმა სტეფან ცვაიგს წერილი გაუგზავნა, სადაც სტუმრობისთვის მადლობას უხდიდა და წერდა, რომ სიურრეალისტებს უწინ შეშლილებად თვლიდა, დალის გაცნობით კი აზრი სრულიად შეეცვალა.

„გმადლობთ, რომ გუშინ ასეთი პატივსაცემი ადამიანების გაცნობის საშუალება მომეცით. აქამდე სიურრეალისტებს, რომელთაც მე, სავარაუდოდ, თავიანთ მფარველ წმინდანად ამირჩიეს, შეშლილებად ვითვლებით... ახალგაზრდა ესპანელი, გულწრფელი ფანატიკოსის თვალებით და უზადო ტექნიკური ოსტატობით, შეხედულებას რადიკალურად შემაცვლევინებს. ძალიან საინტერესო იქნებოდა, ანალიტიკურად შეგვესწავლა ამ ტიპის ფერწერული ნამუშევრის გენეზისი. თუმცა, კრიტიკული თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ცნება „ხელოვნება“ ყოველგვარ განმარტებას უკუაგდებს, თუკი მატერიალური არაცნობიერისა და წინარეცნობიერის გადამუშავებას შორის რაოდენობრივი ურთიერთობა გარკვეულ ჩარჩოებში არ შენარჩუნდება“, - ზიგმუნდ ფროიდი, წერილი შტეფან ცვაიგს (1938 წლის 20 ივლისი).

ფროიდს დალი გიჟად კი არ მოეჩვენა, უბრალოდ, ფანატიკოსად ჩათვალა და გულწრფელად აღიარა, რომ ტექნიკურად უზადოდ შესრულებულმა „ნარცისის მეტამორფოზამ“, რომელიც დალიმ საჩვენებლად წაუღო, აღაფრთოვანა.

ფროიდმა სიურრეალისტურ ფერწერაში გაცილებით დიდი მნიშვნელობა ცნიბიერის შესწავლას მიანიჭა, ვიდრე არაცნობიერისას.

ნარცისის მეტამორფოზა, 1937 წ. ტილო, ზეთი, 50.8 X 78.3 სმ, ტეიტის გალერეა, ლონდონი
„ხშირად შოკირებულ ივარ იმ ექსტრავაგანტური გამოსახულებებით, ტილოზე საბოლოოდ რომ აისახება... სხვა არაფერი ვარ, თუ არა ავტომატი, რომელიც იწერს... ჩემი ქვეცნობიერის კარნახი ვარ... ფროიდის მიერ აღმოჩენილი ყველა კონკრეტული მანიფესტაცია, სენსაციური და ბნელი ირაციონალური სამყარო ვარ, მნიშვნელოვანი აღმოჩენა, ჩვენი დროის დედაქალაქი, რომელიც ადამიანის სულის ყველაზე სიღრმისეულ ფესვებს ეხება და შეიგრძნობს...“

ფროიდთან შეხვედრა დალისთვის ფრიად მნიშვნელოვანი იყო. მხატვარი მიხვდა, რომ მისი იდეები მისი გენიის საყრდენი იყო და ამით უფრო გაძლიერდა. დალის ეამაყებოდა, რომ ფროიდმა სიურრეალისტებზე აზრი სწორედ მისი წყალობით შეიცვალა.

რამდენიმე წლით ადრე, კერძოდ, 1932 წელს, ანდრე ბრეტონმა ფროიდს წერილი მისწერა, სადაც საყვედურობდა, რომ მონოგრაფიაში „სიზმრის ახსნა“ მათი შეხვედრა არც კი ახსენა. ფროიდმა ბრეტონს დაუმტკიცა, რომ შეხვედრა წიგნში ნახსენები იყო, უბრალოდ რედაქტორებისას რაღაც მოხდა და საყვედური თავხედობად ჩაუთვალა. მან ბრეტონს კიდევ ერთი წერილი მისწერა, სადაც აცხადებდა, რომ სიურრეალიზმის მიმართ გამოჩენილი უდიდესი ინტერესის მიუხედავად, ამ მიმდინარეობის არსს მაინც ვერ ჩასწვდა. გარდა ამისა, მიაჩნდა, რომ ხელოვანი პიროვნულად ნევროზულია და მისი სიმპტომების მხატვრულ შემოქმედებად ტრანსფორმირება და ამ გზით სუბლიმირება შეუძლია. ბრეტონს ფროიდის არც ეს იდეა მოეწონა. ამიტომაც გადაწყვიტა დალიმ ფროიდთან შესახვედრად ბრეტონის გარეშე წასულიყო.

ფროიდი „ნარცისის მეტამორფოზით“ (1936-1937 წწ.) აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ტილო ნარცისის მითზეა აგებული, რომელიც ჯერ ბერძენი ისტორიკოსის, პავსანიუსის, მოგვიანებით კი ოვიდიუსის გაცილებით რთული ვერსიის მიხედვით გახდა ცნობილი. ნარცისის სილამაზემ ყველა მონუსხა, თავად კი არავის შეყვარება არ შეეძლო, ამიტომაც, ღვთაება იუნონამ საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი დასაჯა და მხოლოდ წყლის ზედაპირზე საკუთარი გამოსახულებით ტკბობისთვის გაწირა. გაუზიარებელი სიყვარულისგან დაღუპული ნარცისის ნაცვლად ყვავილი აღმოცენდა.

დალის ფერწერულ ტილოზე ნარცისის სხეული გაორებული ხელის მტევნის სახით ჩნდება. ხელში კვერცხი უჭირავს, საიდანაც ყვავილი აღმოცენდება; ცენტრში ცდუნების, უარისა და იმედგაცრუების სცენაა ნაჩვენები. ულამაზესი ადონისების გარემოცვაში მხატვარი ნარცისიზმზე გვესაუბრება, რომლის ნათელ მაგალითსაც პიედესტალზე შემდგარი ფიგურა განასახიერებს. ნარცისის მოპირდაპირე მხარეს აღმართულ მთებს შორის ხელის გამოსახულება, ექოს მსგავსად, შორს კიდევ ერთხელ ჩნდება. ეს ექო თავდავიწყებით შეყვარებული ნიმფაა, თუმცა, ის შესაძლოა ლორკას ხსოვნასაც ეძღვნებოდეს.

დალიმ „პარანოიდული პოემაც“ კი დაწერა და მასაც „ნარცისის მეტამორფოზა“ უწოდა. პოემაში მოთხრობილია, თუ როგორ შთანთქა ნარცისი წყალზე არეკლილმა საკუთარმა გამოსახულებამ. მისი სახისგან მხოლოდ ოვალი შემორჩა, რომელიც კვერცხად გადაიქცა. კვერცხიდან ყვავილი, ანუ „ახალი ნარცისი, გალა - ჩემი ნარცისი“ იშვა.

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში