ვერონეზე - ქორწილი კანაში |
1563 წ. 667 X
994 სმ
|
როდესაც ამ ტილოს ქმნიდა, ვერონეზე ვენეციის ბენედიქტელთა მონასტრის, სან ჯორჯო მაჯორეს, ბერების გულის მოგებაზეც ფიქრობდა, რომელთაც ტრაპეზის დროს შეეძლოთ, იქ გამოსახულ პერსონაჟებში მათი თანამედროვე ცნობილი ვენეციელების ამოცნობით შეექციათ თავი.
მხატვარმა, უკვე ნაცადი ხერხით, მოვლენისათვის სიცოცხლის მისანიჭებლად, სცენაში იმ დროის ცნობილ პიროვნებათა პორტრეტები მართლაც შეიტანა.
მნახველისათვის კიდევ უფრო ახლობელი რომ გაეხადა, ვერონეზემ გრანდიოზული თეატრალური წარმოდგენა შექმნა, სადაც კოლონადებით, კიბეებითა და ბალუსტრადებით უხვ დეკორაციაში პერსონაჟები დაანაწილა; საბოლოოდ, მართლაც ვხედავთ მრავალპლანიან დარბაზს, ავანსცენითა და მეორე, ზედა სცენაზე ასასვლელი ორი კიბით.
იმავდროულად, მან დიდი ყურადღება დაუთმო პერსონაჟთა ჩაცმულობას, ისე, რომ უმცირესი დეტალებიც კი დაამუშავა და დახვეწილი დეკორაციებით შეამკო. ამ და სხვა, თუნდაც ისეთი უმნიშვნელო წვრილმანის მიმართ ყურადღება, როგორიცაა ბარელიეფები და ლარნაკების მოხატულობები, წარმოაჩენს დიდი და ნატიფი დეკორატორის გემოვნებას, რაც იყო კიდევაც მისი გამორჩეული თვისება.
წარმოდგენის თვალისმომჭრელი სიმდიდრის მიღმა, და იმ სიმდიდრითვე, ვერონეზე სურათის რელიგიური ხასიათის ხაზგასმასაც ცდილობს, როდესაც მნახველის ყურადღებას სცენის ერთი უძრავი წერტილისკენ მიმართავს, სადაც მჯდომარე ქრისტეა გამოსახული.
ამგვარად, ქრისტეს ფიგურა გვევლინება კომპოზიციის ცენტრად, რომლის გარშემოც სცენის ორომტრიალი და ფუსფუსია. მის თავზე, ვერტიკალურ ღერძზე, ჩანს, თუ როგორ კლავს ყასაბი კრავს, ევქარისტიის სიმბოლოს.
პირველ სართულზე, მიწის დონეზე და, ამდენად, უფრო ადამიანურ განზომილებაში, ვერონეზემ, მისი დროის სხვა მხატვრებთან ერთად, ფეხის ვიოლაზე დამკვრელი საკუთარი თავიც გამოსახა. ერთგვარი ოჯახური პორტრეტის მსგავსად, მან თავისი თავი ვიოლონჩელოზე დამკვრელი ტიციანოსა და ვიოლინოზე დამკვრელი ტინტორეტოს გვერდით წარმოგვიდგინა ისე, რომ ისინი, თითქოს, იმ წმინდა, ქრისტეს მიერ ხელდასხმული ამბის „მთარგმნელებად“ აღვიქვათ.
როდესაც სურათი უკვე დასრულებული იყო სუფრასთან, მარჯვნიდან მერვე ადგილას, ვერონეზემ პრელატუსის პორტრეტი ჩაამატა. ძალზე სავარაუდოა, რომ საქმე ეხება სან ჯორჯოს აბას, ანდრეა პამპურიოს, რომელმაც 1564 წელს, მისი არჩევის შემდეგ, ე.ი. სურათის მონასტრისათვის გადაცემიდან ერთი წლის თავზე, მოინდომა თვითონაც ყოფილიყო გამოსახული.
წყარო - ლუვრი - პარიზი [მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები]