გერონტი ქიქოძე - ქართული მხატვრობა და ფიროსმანიშვილი
რამდენიმე ნაკადი ჰკვებავს ქართულ მხატვრულ კულტურას. ერთი დასავლეთიდან მოდის. ეს არის მოზაიკა, საფრესკო მხატვრობა, საღმრთო წერილის ილუსტრაცია, მინანქრის ხელოვნება, ოქრომჭედლობა. თითქმის ყველა ამ დარგებში ქართველი მხატვრები მხოლოდ პირველ ანბანს სწავლობენ ბიზანტიელ და სირიელ ოსტატებისგან, შემდეგ ხშირად თავიანთი დამოუკიდებელი გზით მიდიან თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბიზანტიის რეალისტური მხატვრობის საუცხოო აყვავებას მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე საუკუნეში (კაჰრიე ჯამეს მოზაიკას, მისტრას ფრესკებს), რაიცა ნაწილობრივ სირიელი და იტალიური მხატვრობის ზეგავლენით უნდა მომხდარიყო, შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ბიზანტიური ხელოვნება საერთოდ უფრო აბსტრაქტულია, უფრო უმოძრაო, უფრო დამოკიდებული ეკკლესიის ავტორიტეტისგან, ქართულში კი მეტი რეალიზმი, მეტი თავისუფლება. მუდმივ ცხოველმყოფელი ბერძნული კლასიკური ხელოვნების ტრადიცია არა ნაკლებ ძლიერია საქართველოში, ვიდრე ბიზანტიაში. ბეთანიის წინასწარმეტყველებისა, მოციქულებისა და საეკლესიო მამების ან ზარზმის ჯგუფობრივი ფიგურების კუნთების მოძრაობა და სამოსელის ნაოჭებ...