კირილ ზდანევიჩი - ქართული მხატვრობა 1922 წელს |
1922 წ. ქართულ მხატვრობაში იყო იმედებისა და მოლოდინის წელიწადი. მხატვრობის და სკულპტურის იმ უფროსი თაობის ოსტატებს, რომელნიც ტონს აძლევენ მხატვრულ საქართველოს, 1922 წელს თითქმის არ უმჟღავნებიათ თავისი თავი.
მხოლოდ ორი სუსტი გამოფენა და იაკობ ნიკოლაძის იუბილე იყო მაჩვენებელი მაჯისცემის, მაგრამ მეორე მხრივ, მხატვრობის აკადემია და მ. თოიძის საოსტატო იძლევიან სამართლიან იმედებს ქართული მხატვრობის აყვავებისას.
დიდი იმედების მატარებელია ნიკოლაძის სამოქანდაკო კლასსიც.
საშინელი უსახსრობა, ტილოს და საღებართა უქონლობა ძალიან ავიწროებს მხატვრების მუშაობას. მისი შედეგი იყო, რომ მხოლოდ ერთი გამოფენა გაიმართა. იუბილეზე გამოფენილმა იაკობ ნიკოლაძის გიპსმა და მარმარილომ კიდევ ზედმეტად გვაჩვენა სიმდიდრე და ნაირობა შემოქმედის. ქართულმა საზოგადოებამ, ღირსეულად ადიდა ამ დღეს იუბილარი. მეფური „აკაკი წერეთელი“, ღვთიური „რუსთაველი“, მთელი რიგი პორტრეტების და ფიგურების, იძლეოდენ უდიდეს შთაბეჭდილებას თანამედროვე ქართული სკულპტ. ნაყოფიერ პიონერზე.
ფიროსმანის სახელი ერთ წელიწადში გახდა ძვირფასი და ცნობილიც. „ცისფერ ყანწელებთან“ ერთად, დიდი დამსახურება მიუძღვის მის წინაშე გიორგი ლეონიძის გაზეთს „ბახტრიონს“ რომელმაც ფიროსმანი გასულ წელს, თითქმის მეორედ აღმოაჩინა. ფიროსმანის გარშემო ამ ჟამათ დიდი მუშაობაა. იკრიფება მისი სურათები, იწერება მონოგრაფია და ბიოგრაფია და ცალკე ადგილიც ეძლევა საქართველოს გალერეაში.
მ. თოიძეს, ა. მრევლიშვილს, გ. გაბაშვილს, დ. შევარდნაძეს, სიდ. ერისთავს წლეულს არაფერი გამოუქვეყნებიათ. ალბად მათს სურათებს უხვად ვნახავთ მომავალ გამოფენებზე.
უჩვეულო სისწრაფით იზრდება მხატვრების სახეც. აქ ყველანი დიდს იმედებს იძლევიან: ირ. გამრეკელი, გველესიანი, ქ. მაღალაშვილი, კოტე ტატიშვილი, ერისთავი, ახვლედიანი და სხვ.
აქ უნდა მივესალმოთ ირაკლი გამრეკელს, რომლის დეკორაციები („სალომეა“) და სურათები იმედს გვაძლევენ, რომ ქართულ მხატვრობას კიდევ ერთი ნიჭი ემატება.
პარიზიდან მოსული ცნობებით, გუდიაშვილი იქ ბრწყინვალედ იმარჯვებს და ყოველივე მოლოდინებს აჭარბებს. მხატვარი უკვე გაუწვევიათ ინგლისში, გერმანიაში, ამერიკაში. მისი სურათები უკვე ამშვენებს ევროპის დიდ გალერეებს.
დავით კაკაბაძე მუშაობს მხატვრობის თეორიულ საფუძვლებზე. მან პარიზში დაბეჭდა წიგნი, რომელმაც დიდი სენსაცია მოახდინა. ამასთან მან დახატა სურათები: რეალიზაიდან უკიდურეს ფუტურიზმამდის.
მწუხარებით უნდა აღინიშნოს შალვა ქიქოძის დაკარგვა საზღვარგარედ.
ასეთი იყო ქართული მხატვრობა 1922 წელს. როგორც ყოველი დარგი ქართულ ხელოვნების, ქართული მხატვრობაც დღითი დღე იზრდება და საქართველოც მოკლე ხანში იხილავს თავისი ნიჭიერ შვილების მიერ შექმნილს ახალს დიდებას.
გაზეთი „ბახტრიონი“, #25, 1923 წ.