გიორგი კაკაბაძე - ნიკო ფიროსმანი |
შესაძლოა ყველამ არ იცოდეს, რომ ფიროსმანი ლექსებსაც წერდა. თანამედროვეებს ნიკალას ლექსების რვეულიც უნახავთ, თუმცა უყურადღებობის გამო ის რვეულიც სამუდამოდ დაიკარგა.
***
1938 წელს, საქართველოს მხატვართა კავშირისა და ხელოვნების მუზეუმ „მეტეხის“ გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც ფიროსმანის გარდაცვალების მე-20 წლისთავს მიეძღვნა, ლადო გუდიაშვილმა უწყინარი ინფორმაცია გაამხილა, რომ ნიკო ფიროსმანს საყვარელი ჰყავდა:
„ასეა, ძმაო ლადო! ხო, იმაზე მოგახსენებ. ერთი ქალი იყო, ერთ პადვალში ემსახურებოდა, ჭურჭელს რეცხამდა, სახეზე კარგი იყო, რამდენჯერაც ჩავიდოდი, სულ მიცინოდა, თურმე რა ვიცი „ზნაკომეცა“ უნდოდა ჩემთან. მე კი არშიყობა არ მეხერხება. რუსის ქალი იყო, სახელად მარუსკა ერქვა, მეც თვალში მომივიდა და ერთხელ რომ ჩავედი, მუშტრის თვალით შევხედე. მანაც იგრძნო ეს და ერთ დღეს შევხვდით კიდეც ერთმანეთს.
წავედით მუშტაიდის ბაღში, მტკვრის პირას. იქ მე ღმერთგამწყრალმა ბევრი ვეარშიყე და ჩემ ვრემენნოი საყვარლად გავიხადე, სახელიც გამოვუცვალე - „მარგარიტა“ დავარქვი, მისი სურათიც დავხატე...“
***
ქალანთაროვების ოჯახში ნიკო განსაკუთრებით შეიყვარეს... „ნიკო ისეთი პატიოსანი და ერთგული იყო, რომ ჩვენ მას ვანდობდით მთელს ჩვენს ოჯახს, რომელიც მაშინ მდიდარი იყო. ნიკოს ნივთიერი სიმდიდრე არ აინტერესებდა. მისთვის არსებობდა მხოლოდ ხატვა და როდესაც კი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხატვაში იყო გართული“, - იგონებდა შემდგომში ანა ბეკოსეფოვისა.
[...]
კომუნისტური რეჟიმის დროს, როდესაც ქალანთაროვებმა მთელი თავიანთი ქონება დაკარგეს და არანაირი საარსებო წყარო აღარ გააჩნდათ, მაშინდელმა მთავრობამ ანა ბეკოსიფოვისას ფიროსმანის აღზრდისთვის პენსიაც კი დაუნიშნა. ეს პენსია ანას გარდაცვალების შემდეგ მის ქალიშვილზეც გადავიდა. ასე, რომ ნიკალამ მხოლოდ თავისი გარდაცვალების შემდეგ ასეთი მცირე ფორმით, მაინც შეძლო მადლიერება გამოეხატა იმ სიკეთისთვის, რომელიც ქალანთაროვებმა მის მიმართ გამოიჩინეს.
***
ფიროსმანს მირზაანში მუშაობა ძალიან უყვარდა, ფეფეს სახლში და მირზაანელი ნათესავების ბინებში მხატვრის მრავალი სურათი ინახებოდა, მაგრამ 1937 წელს კომუნისტური რეპრესიების დროს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა აღიარებით ჩვენებაში თავის „თანამოაზრედ“ ნიკო ფიროსმანიც დაასახელა.
„ერის მოღალატესთან“ და „კონტრრევოლუციონერთან“ ახლო კავშირით შეშინებულმა ფიროსმანის ნათესავებმა მხატვრის ორმოცზე მეტი ტილო შინიდან გამოიტანეს, ნავთი გადაასხეს და დაწვეს“.
***
ფიროსმანი - მამალი და კრუხი წიწილებით |
თბილისში ისეთი შემთხვევაც ახსოვთ, როდესაც ფიროსმანის ნახატები ნაგავში ეყარა. მათ ასაღებად მხოლოდ დახრა იყო საჭირო. ასეთი რამე შეემთხვა ცნობილ კოლექციონერს პაპუნა წერეთელს.
ერთ დილას, შინიდან ეზოში ჩამოდიოდა, უნებურად მისი ყურადღება მიიქცია იქვე დაგდებულმა მუყაომ, რომელზეც მეეზოვე ნაგავს ახვეტდა. მუყაოს ერთ მხარეს რაღაც ლაქები ეტყობოდა, მეორე კი შეუღებავი იყო. კოლექციონერს ცნობისმოყვარეობამ სძლია, მუყაო აიღო, ცხვირსახოცით ტალახი ჩამოწმინდა და მის ქვეშ დახატული სოფლის ეზო, ქალი, კრუხი და წიწილები გამოჩნდა - ფიროსმანაშვილის დღეს უკვე ცნობილი ნახატი, იგი საერთოდ არ იყო დაზიანებული.
- საიდან ეს სურათი? - ჰკითხა მეეზოვეს.
- მუყაო აქ ეგდო და მეც ზედ ნაგავი მივახვეტეო, - უპასუხა მეეზოვემ.
„ერთ ზაფხულს, ეს იყო 1949 წელს, სააგარეკოდ სოფელ გლდანში გავემგზავრეთ. გზად მოხუცი ქალი შემოგხვდა და შემოგვთავაზა, მასთან დაგვედო ბინა, ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მისი მოწვევა.
ოთახში შეგვიძღვა, ცოტა მოისვენეთ, ახლავე გეახლებითო. ჩემი ყურადღება კედელზე ლურსმნით მიჭედებულმა ნახატმა მიიპყრო. ფიროსმანისეულად შევიცანი და მასპინძელს ვკითხე: ეს სურათი საიდან გაქვთ-მეთქი.
- ამასწინათ ჩემმა ძმამ სხვენიდან ჩამოიღო, ტყუილად რად უნდა ეგდოს, ბავშვებმა ნახონ, გაერთობიანო.
მასპინძელს ვუთხარი, რომ ეს დიდი მხატვრის ნამუშევარია და ვთხოვე, სურათი ჩემთვის დაეთმო.
- აბა, რა ვიცი, პაპოლსკის ვკითხავ!
თქვა მან და ძმას უხმო: ყოფილმა მამასახლისმა, ჯარში რომ ცოტაოდენი პოლონური ესწავლა და სოფელს პაპოლსკად მოენათლა, გაიხსენა: ეს შველი „თეთრი დუქნიდან“ წამოვიღეო.
მისმა სიტყვებმა უფრო დამარწმუნეს, რომ სურათი ფიროსმანს ეკუთვნოდა.
- წაიღეთ, ბავშვები უამისოდაც გაძლებენ, - მითხრა მან და ნახატი კედლიდან ჩამოხსნა. მას მერე „შველი“ ჩვენი ოჯახის მშვენებაა“.
***
ფიროსმანი - ორთაჭალის ტურფა (დიფტიხი) |
ლადო გუდიაშვილთან საუბრის დროს ნიკოს უთქვამს:
„როდესაც ორთაჭალის გარყვნილ ლამაზმანებს ვხატავ, მათ შავი ცხოვრების შავ ფონზე ვათავსებ, მაგრამ მათაც გააჩნიათ სიცოცხლის სიყვარული - ეს ის ყვავილებია, რომლებიც მათი ფიგურების გარშემოა განლაგებული და ჩიტები მხრებთან. მე მათ თეთრ ზეწრებში ვხატავ, ვიბრალებ, თეთრი ფერით მე მათ ცოდვებისაგან ვასუფთავებ“.
***
„1914 წლის ზაფხული იყო. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა ივანე აბაევი სახელოსნოში, მამაჩემს, ჩემს ძმებს - გიორგის, ნიკოს, დავითს - და მე გვთხოვა ავსულიყავით სახელოსნოს თავზე მდებარე მის ბინაში, „ვაჟა-ფშაველას გაგაცნობთო“, გვითხრა ყველას.
ჩვენ დაუყოვნებლივ გავემართეთ მეორე სართულისკენ. შევედით ოთახში. მაგიდას უჯდა გახუნებულ, დაკერებულ შავ ჩოხაში და ქალამნებში გამოწყობილი კაცი. ეს კაცი ალბათ ვაჟას მოსამსახურე იქნება მეთქი, გავიფიქრე გულში და მეორე ოთახისაკენ ვიცქირებოდი, სადაც მეგულებოდა იგი.
ივანე აბაევი მომიბრუნდა და მითხრა, „ვასო, მიდი, ხელი ჩამოართვი, ეს არის მთის პოეტი, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიანო“. უეცრად შევკრთი, ვაჟას სახელი გაგონილი მქონდა და წარმოდგენილი მყავდა მდიდრულად მორთულ-მოკაზმულ ადამიანად. ასე ღარიბად ჩაცმული რომ დავინახე გამიკვირდა და დავიმორცხვე, მაშინ ჩემთან მოვიდა ივანეს მეუღლე ნინი, მომკიდა ხელი და მიმიყვანა პოეტთან.
- რა გვარი ხარ, ბალღო? - მკითხა ვაჟამ.
- ჩაჩანიძე გახლავართ. - ვუპასუხე მე.
- მთის ხალხის გვარი გქონია და რატომ მორცხვობ? - ამ სიტყვებმა ცოტა წამათამამა.
მალე პურ-მარილი გაიმართა. მასპინძელი მხიარულობდა, ვაჟაც მხიარულად იყო. ივანემ ფანდური გადმოიღო და ვაჟას მიაწოდა. ვაჟამ სიმები აუწყო და ფშაურად დაამღერა, ქართველ გმირ მეომრებზე.
სწორედ იმ ხანებში ივანე აბაევს დაქირავებული ჰყავდა მუშები, რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ მღებავი მიხაკა (მიხეილ ღრუბლაძე) და მხატვარი „ნიკალა“ (ნიკო ფიროსმანაშვილი). ნიკომ ივანეს სასტუმროს აბრა მოხატა, მიხაკას და ნიკოს სამუშაო დაემთავრებინათ და ხელფასისთვის მიაკითხეს ივანეს. საღებავებიანი ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ.
- მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა. - უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია.
- კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღბლივ და მუყაითად მუშაობდნენ ორივენი. - თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკო ფიროსმანაშვილს მიუბრუნდა, - სად ისწავლეთ ხელობა. სადაურები ხართ? - ჰკითხა ვაჟამ ორივეს.
- მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია, - უპასუხა ნიკომ.
- შენც თბილისელი არა ხარ? - წამოიწყო მიხაკამ. - თუმცა ეტაჟიანი სახლები არცერთს არა გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, - განაგრძო მიხაკამ - ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება. მამულოვის დუქანი, „ჩაშკას ტრახტირი“, ძმები ძიბუაშვილების, დანიელას, „ბედნი ლადოს“ და ბევრ სხვა ადგილებში, საცა კედლებზე დახატული სურათებია, სულ ამის მადლიანი ხელით არის დახატული. ამას ბევრი რამეები აქვს დახატული. აი, ჩემი ბიჭისთვის საჩუქრად ფუნიკულიორი დახატა. - მიხაკამ ვედროდან დაძველებული ქაღალდი ამოიღო, გაშლა და ვაჟას მიაწოდა.
ვაჟამ გამოართვა, დაათვალიერა, ძლიერ მოეწონა ფიროსმანის ნახატი და წარმოთქვა:
- შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი ჰქონია და ოქროს ხელი, რაღა მალარობას მისდევ?
- მა, რითა ჭამოს პური? სად არის ხატვის მუშტარი, შიმშილს მალარობა არა სჯობია? - უპასუხა ნაღვლიანმა მიხაკამ.
- ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია, რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი? - უთხრა ფიროსმანმა ვაჟა-ფშაველას.
- რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმული? - ჩაიცინა ვაჟამ.
- ჰაი დედასა, ეგ მარტო გლეხი ნუ გგონიათ, - ჩაერია ლაპარაკში ივანე აბაევი, - ეგ მწერალია, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიან, ეგ ის არის.
ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას, სახე გაუბრწყინდა, წამოდგა ფეხზე, მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა.
- მე წავიკითხე შენი შვლის ნუკრის ნაამბობი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, - დაიწყო ნიკომ, - ძლიერ მომეწონა და განვიზრახე დამეხატა კიდეც. და, აი, შარშან მომეცა ამის შემთხვევა, მიხუას დუქანში (მიხო ვარსიმაშვილს ბახჩიევის ქარვასლაში გახსნილი ჰქონდა სამიკიტნო „ანაგა“). მიხომ მთხოვა, კარგი რამე დამეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამეხარდა და დავიწყე ხატვა. მიხოს მოსწონდა დახატული ტყე, მთები, პატარა წყარო და მიქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ, როდესაც წითელი საღებავებით შევაფერადე შვლის მოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატა დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოღელებით.
- რად წაგაშლევინა, - ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს.
- მიხუამ მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის. მას დროს ტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო, ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა და ვერ შევძელი თქვენი მოთხრობის თემაზე სურათის დახატვა. - მიუგო ნიკალამ ვაჟას.
- ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რა. ამიგმინა ვაჟამ“.
განშორებისას ნიკო ფიროსმანაშვილმა მიხაკასაგან ნებართვა ითხოვა და მისი შვილისთვის დახატული ფუნიკულიორის ხედი ვაჟა-ფშაველას აჩუქა.
***
...გიგო გაბაშვილმა განაცხადა:
„ფიროსმანაშვილი არის დიდი უსწავლელი, მისი სურათები არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს და ასეთი ზრუნვის გამოჩენა [გამოფენის მოწყობა] ფიროსმანიშვილის მიმართ არის დიდი შეცდომა“.
[...]
დავით კაკაბაძე წერდა:
„ჩვენთვის ახალი მხატვრობა იწყება ფიროსმანით. გაბაშვილი კი მხოლოდ ხრონოლოგიური მოვლენაა“.