ჯონ სტაინბეკი - კონსერვის რიგი |

„კონსერვის რიგი“ დიდი ამერიკელი მწერლის - ჯონ სტაინბეკის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია. წიგნი 1945 წელს გამოიცა და ერთი ქუჩის ცხოვრებას აღწერს დიდი დეპრესიის პერიოდის მონტერეიში (კალიფორნია). 

მაღაზიის ჩინელი მეპატრონე ლი ჩონგი, რომელიც უდრეკი კაცია, თუ საქმე ლობიოს კონსერვს ეხება, მაგრამ თანაგრძნობით სავსე, თუ ბაბუის ცხედარზე ფიქრობს; დიდებული ქალი დორა და მისი გოგოები ბორდელ „დათვის დროშიდან“; მხატვარი ჰენრი, ნაოსნობა რომ უყვარს, მაგრამ წყლის ეშინია; „მაწანწალების სასახლის“ სახელით ცნობილი მაკისა და მისი ძმაკაცების ჯგუფი, რომლის არც ერთ წევრს არ ჰყავს ოჯახი, არც ფული აქვს და არც არავითარი ამბიცია, ჭამა-სმის, სიამოვნების, ხიფათისა და თავგადასავლების გარდა - ეს ის შთამბეჭდავი პერსონაჟებია, რომელიც კონსერვის რიგის კოლორიტულ, სევდიან და იმედიან ამბავს ქმნიან.

ამ ამბის შუაგულში მოქცეულია ბიოლოგიური ლაბორატორიის მესაკუთრე, ტანმორჩილი დოკი, კაცი, რომელიც ქრისტესაც ჩამოჰგავს და სატირსაც. აი, ისეთი, ყველას რომ ეიმედება. „დოკი ჯიგარია!“ - ამბობენ კონსერვის რიგის მცხოვრებლები და ერთხელაც გადაწყვეტენ, რომ მას წვეულება მოუწყონ...

***

მონტერეიში კონსერვის რიგი ლექსიცაა, მყრალი სუნიც, ჭრაჭუნის უსიამოვნო ხმაც, თავისებური ფერი, სტილი თუ ჩვევა, მონატრება თუ ოცნება. აქ ყველაფერი ერთდროულად თავმოყრილიცაა და მიმოფანტულიც - თუჯი, დაჟანგული რკინა, ხის ნაფოტი, აყრილი ქვაფენილი, ჯაგნარით დაფარული უკაცრიელი ადგილები, ნაგვის გროვები, თუნუქით გადახურული სარდინის კონსერვის საამქროები, ღამის კლუბები და რესტორნები, ბორდელები, პატარა, მაგრამ მუდამ ხალხით გადაჭედილი სურსათის მაღაზიები, ლაბორატორიები და ღამის გასათევი თავშესაფრები.

ერთხელ ვიღაცას უთქვამს, ამ ქალაქის მცხოვრებლები - ჩათლახები, სუტენიორები, გემბლერები და ნაბიჭვრებია არიანო - და ალბათ ყველანაირი ჯურის ხალხს გულისხმობდა. სხვა კუთხიდან რომ შეეხედა იმავე კაცს, შეიძლება ეთქვა - აქ წმინდანები და ანგელოზები, წამებულები და ღვთისნიერი ადამიანი ცხოვრობენო - და ალბათ იმავეს იგულისხმებდა.

***

თვითმკვლელობა ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა, მაგრამ ხანდახან მეგობრის სიკეთემ შეიძლება თვითმკვლელობაზე ხელი აგაღებინოს.

***

სიტყვა არის სიმბოლო და აღმაფრენა, რომელიც საკუთარ თავში შთანთქავს ადამიანებს, ხედებს, მცენარეებს, ხეებს, ქარხნებს და პეკინესებს. ნივთი ხდება სიტყვა, რომელიც შემდეგ ისევ ნივთი ხდება, ოღონდ უკვე სახეცვლილი ნაწილი ფანტასტიკური ქსოვილისა. სიტყვა შთანთქავს კონსერვის რიგსაც, გადაამუშავებს და უკან გადმოაფურთხებს და მას უკვე სამყაროს სიმწვანისა და ზღვის ზედაპირზე არეკლილი ცის ნაზი ელფერი დაჰკრავს.

***

ყველა კაცი ერთნაირად იქცევა, როცა იღვიძებს.

***

თუ კაცი ერთი დოლარის გამო ტყუილს ამბობს, ესე იგი ის დოლარი ძალიან სჭირდება.

***

- სანაძლეოს დავდებ, მაკს რომ მოენდომებინა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი იქნებოდა. - ჰეიზელმა ნაკვერჩხალს ქვიშა მიაყარა.

- მერე რაში გამოადგებოდა, რო? - ჰკითხა ჯონსმა, - მაგ საქმით კაცი ვერ გაერთობა.

***

კონსერვის რიგზე საოცრად ლამაზად თენდება. გარიჟრაჟი რომ გაიცრიცება, ვიდრე მზე ამოვა, იმ ხანმოკლე ნაცრისფერ მონაკვეთში თითქოს ვერცხლისფერ შუქშია გახვეული მთელი ქუჩა და სადღაც დროის მიღმაა გამოკიდებული. ქუჩის ფარნები უკვე ჩამქრალია, სარეველა ბალახს ზურმუხტისფერი დასდებია, თუნუქით გადახურულ კონსერვის საამქროებს კი პლატონის მარგალიტისებური ბზინვარება გადაჰკრავს.

ქუჩაში არც ერთი მანქანა არ ჩანს. ჯერჯერობით პროგრესი და ბიზნესი არ აწუხებს ამ ქალაქს. მხოლოდ ტალღების ხმა ისმის, ისმის როგორ ეხეთქებიან ტალღები კონსერვის საამქროს ხიმინჯებს. და ესაა ყველაზე წყნარი პერიოდი, როდესაც არ არსებობს დრო, ეს არის მოსვენების ხანმოკლე ხანა. კატები ღობიდან მძიმე წვეთებივით ეტყეპებიან და მერე მიწაზე სქელი სიროფივით მისრიალებენ, თან თევზის თავებს დაეძებენ. დილის ჩუმი ძაღლებიც გამოეფინებიან გარეთ და საქმიანად არჩევენ მოსაფსმელ ადგილს. ფრთების ტყლაშუნით მოფრინავენ თოლიები და კონსერვის საამქროს სახურავებზე სხდებიან, იმ დღის მონარჩენის მოლოდინში.

***

ხალხს არ უყვარს, როცა ადამიანი სიმართლეს ამბობს.

***

არსებობს ორი შესაძლო რეაქცია განდევნილი კაცისა - ის ან ცდილობს გამოსწორდეს, უკეთესი, უფრო კეთილი და უფრო წესიერი გახდეს, ან კიდევ დღითი დღე უარესდება და მთელ სამყაროს იწვევს საომრად. უკანასკნელი რეაქცია გაცილებით ხშირია.

***

თვისებები, რომელსაც ვაფასებთ ადამიანში - სიკეთე, გულუხვობა, პატიოსნება, თანაგრძნობა - მარცხისკენ მიგვიძღვის, ხოლო უკმეხობა, სიხარბე, სიძუნწე, ეგოიზმი წარმატების საწინდარია მათთვის, ვისაც ეს თვისებები ახასიათებს. და მართალია, ადამიანთა უმრავლესობას პირველის თვისებები აღაფრთოვანებს, მაინც მეორის მომკილი უყვარს.

***

კეთილდღეობისთვის სულის გაყიდვა ნებაყოფლობითია და თითქმის ანონიმური - მაგრამ ყოველთვის, არა.

***

ადვილი სათქმელია - დრო ყველაფერს კურნავს, ყველაფერი ჩაივლის, ხალხი მალე დაივიწყებსო - და რაღაც ეგეთები. ადვილი სათქმელია, როცა შენ არ გეხება. მაგრამ, თუ გეხება, მაშინ დრო არ იძვრის, ადამიანები არაფერს ივიწყებენ და აღმოჩნდები რაღაცის შუაგულში, სადაც არაფერი იცვლება.

***

შეიძლება ბედისწერის ან ავისმომასწავებელი ნიშნების არ გჯეროდეს, და არც არავის სჯერა, მაგრამ არც მთლად მათი უგულებელყოფა იქნება ჭკვიანური, და არც არავინ უგულებელყოფს.

***

წვეულების ბუნება არ არის სათანადოდ შესწავლილი, მაგრამ ზოგადად მიიჩნევენ, რომ რაღაც პათოლოგია ნამდვილად არსებობს და ყველა წვეულებას თავისებური პათოლოგია ახასიათებს. და კიდევ, ყველა თანხმდება, რომ წვეულება ისე არასოდეს წარიმართება, როგორც თქვენ დაგეგმეთ, ან როგორც გნებავდათ.


ინგლისურიდან თარგმნა - თაკო ჭილაძემ

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში