ერნესტო საბატო - გვირაბი

ზოგჯერ მგონია, რომ აზრი არაფერს აქვს. ამ ციცქნა პლანეტაზე, რომელიც მილიონობით წელია არარაში ბრუნავს, ტკივილით ვიბადებით, ვიზრდებით, ვიბრძვით, ვავადმყოფობთ, ვიტანჯებით, ვტანჯავთ, ვყვირით, ვკვდებით, კვდებიან და ამ დროს, იბადებიან სხვები, რათა ეს უსარგებლო კომედია ხელახლა წამოიწყონ... ჩვენი ცხოვრება მართლაც უცნობ კივილთა სერიაა გულგრილ ვარსკვლავთა უდაბნოში?

***

თვითმკვლელობა გხიბლავს იმით, რომ ადვილად სპობს: ერთი წამი და მთელი ეს აბსურდული სამყარო, როგორც გიგანტური სიმულაცია, ისე ჩამოიშლება, თითქოს მისი ცათამბჯენების, ჯავშანტრანსპორტიორების, ტანკებისა და ციხეების სიმტკიცე მხოლოდ ფანტასმაგორია იყოს, ისეთივე სიმტკიცისა, როგორც ცათამბჯენები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკები და ციხეები კოშმარულ სიზმარში.

ასე თუ მივუდგებით, ცხოვრებაც გრძელ კოშმარს ჰგავს, რომლისგანაც თავის დახსნა სიკვდილით შეიძლება, რაც გარკვეულწილად, გამოღვიძებასავითაა. მაგრამ რისთვის უნდა გამოიღვიძო? თავის მოკვლის ყველა განზრახვა, რაც კი მქონია, შეუკავებია ჭოჭმანს, რომ აღმოვჩნდები აბსოლუტურ და მარადიულ არარაში. 

ყველაფრის მიუხედავად, ადამიანი ისეა მიჯაჭვული საკუთარ არსებობაზე, რომ საბოლოოდ, ურჩევნია აიტანოს მისი სიმახინჯით გამოწვეული არასრულყოფილება და ტკივილი, ვიდრე საკუთარი ნებით დაასრულოს ეს ფანტასმაგორია.

ამასთან, ხშირად, როცა სასოწარკვეთის იმ ზღვარს ვუახლოვდებით, რომელიც თვითმკვლელობამდე დგება, ვინაიდან უკვე ამოვწურეთ ყოველივე ავის ინვენტარი და მივაღწიეთ იმ წერტილს, სადაც ბოროტება დაუძლეველია, სიკეთის ნებისმიერი ელემენტი, რაც უნდა მცირე იყოს, განუზომლად დიდ ღირებულებას იძენს, ხდება გადამწყვეტი და მას ისეთი სასოწარკვეთით ვებღაუჭებით, როგორც ნებისმიერ ბალახს უფსკრულში გადაჩეხის საფრთხის წინ.

***

ადამიანს წამებისა და სიკვდილისგან გაქცევა არ ჰყოფნის, რათა კმაყოფილმა იცხოვროს: როგორც კი დაიბრუნებს ახლებურ თავდაჯერებულობას, სიამაყე, ამპარტავნობა და ქედმაღლობა, ის, რაც ერთი შეხედვით სამუდამოდ გამქრალი ჩანდა, ხელახლა იჩენს თავს, მსგავსად იმ ცხოველისა, რომელიც მანამდე შიშისგან გაქცეულიყო. გარკვეულწილად, ეს თვისებები ხელახლა იჩენენ თავს, ოღონდ მეტი თავდაჯერებულობით, თითქოს რცხვენოდათ, რა დონემდე იყვნენ მანამდე დაშვებული. ასეთ შემთხვევებში, უმადურობისა და უვიცობის მოწმენი იოლად ვხდებით.


ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ | გამომცემლობა „ინტელექტი“

Popular posts from this blog

ო. ჰენრი - მოგვთა საჩუქრები

რიუნოსკე აკუტაგავა - ქრისტიანის სიკვდილი

უილიამ ფოლკნერი - საუბრები ვირჯინიის უნივერსიტეტში