გაბრიელ გარსია მარკესი - ბუენდიების სახლი
[სავარაუდო მონახაზი რომანისთვის]
სახლი გრილია; მიუხედავად ზაფხულისა - ღამით ნესტიანი, დგას შემაღლებულ ადგილზე, სოფლის ერთადერთი შარაგზის უკიდურესად განაპირას, ჩრდილოეთით. ნაშენია ცემენტით, წირთხლი მაღალია, შიდა კიბე არ აქვს. მცირეავეჯიანი დარბაზი შთამბეჭდავი სიგრძისაა. ორი დიდი ფანჯარა - იატაკიდან ჭერამდე - ქუჩის მხარესაა გაჭრილი: სწორედ ეს ფანჯრები გამოარჩევს ამ სახლს სხვა სახლებისგან. კარი არავის ახსოვს დღისით დაკეტილი. არავის ახსოვს, არავის უნახავს. შუა დარბაზში კვადრატულად განლაგებული ოთხი ლერწმის საქანელა სავარძელი არავის უნახავს ადგილშეცვლილი. თითქოს დასვენების პროპორციულობა უკან მოიტოვეს და ახლა უმაქნისი ფუნქცია აკისრიათ - დეკორატიულობა.
კუთხეში პატარა ინვალიდი გოგონა გრამოფონთან ახლოსაა. ადრე, საუკუნის დასაწყისში ეს სახლი უკაცრიელი იყო, მდუმარებაში ჩაძირული. სოფელიც ჩუმი და უკაცრიელი. უზარმაზარ დარბაზს ოდნავ ავსებდა ოთხი [...] (ახლა კუთხეში გოგონას ადგილზე მეთუნის ყავისფერი თიხის დაზგა იდგა). გვერდით ერთადერთი საძინებელი ოთახია, კედელზე ჰკიდია სამგლოვიარო ლენტშებმული ორი ძველი სურათი. აქ ჰაერიც კი მკაცრია, მაგრამ ჯანსაღი, როგორც კარის წირთხლზე მიკიდებული დედის მოკრძალებული კაბა. ან ქუჩაში გამავალ კარშიგნიდან ლამაზად მზირალი ალოე.
აურელიანო ბუენდია სოფელში რომ დაბრუნდა, ომი უკვე დამთავრებული იყო. ეტყობა, ახალ პოლკოვნიკს ისღა დარჩენოდა, პილიგრიმობისთვის მიეყო ხელი. შერჩა სამხედრო წოდება და თავისი უგუნურების გამო ტალღასავით მოვარდნილი მარცხი; ასევე შერჩა უკანასკნელი ბუენდიას ნახევრად სიკვდილი და მთელი ულუფა შიმშილი; შერჩა ნოსტალგია ოჯახზე, სიწყნარეზე (არავითარი ომი!), სახლზე, რომელსაც ექნება ფანჯარა მზისკენ და ორ სვეტს შორის გაბმულ ჰამაკზე პატიოში.
სოფელში მდგარი მისი წინაპრების სახლი პოლკოვნიკს და მის ცოლს ნაცარტუტად ქცეული დახვდა. ნაყარი მიწის ბორცვს, ეტყობა, ქარი ნელ-ნელა ხვეტდა. არავინ დამიჯერებს, რომ აქ ოდესღაც სახლი იდგა, „ისეთი ნათელი, ისეთი სუფთა იყო ყველაფერი“, - თქვა პოლკოვნიკმა. მაგრამ იმ ადგილას, სადაც პატიო იყო, ნაცარში კვლავ თავი ამოეყო ნუშის ხეს; ქრისტეს გამოსახულებაც ხომ სამშენებლო ნარჩენებში იპოვეს. ხის პატარ-პატარა ოთახებივით ჩამწკრივებულ ოთხ ფეხსალაგთან ახლოს. ნუშის ხე - წინათ, ძველი ბუენდიების დროს - ერთ მხარეს ნახევარი პატიოს ჩრდილავდა, მეორე მხარე სახლის სახურავზე იყო გადაფენილი სამგლოვიარო ყვავილებით. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ნახევარი ხე შემოდგომაზე ისხამდა ნაყოფს, ნახევარი კი - გაზაფხულზე.
პოლკოვნიკი იხსენებდა აწ იავარქმნილი სახლის წარსულის ფერებს: მრავალხმოვან მუსიკას - ერთად შეკრულ ყველა ხმაურს - რომელიც აქ სუფევდა სახლის დანგრევამდე. იხსენებდა ღრმა სიჩუმით დამძიმებულ და მჟავე სუნად ამძაღებულ ფეხსალაგს, მის გარშემო გადაბალახებულ სივრცეს, ბარიკადებივით აღმართულ ნანგრევებს, სადაც დონია სოლედადმა იპოვა ცალფრთამოტეხილი თაბაშირის წმ. რაფაელი და ლამპა. გადაწყდა, სახლი აშენდებოდა აქ, მზის გულზე, იმ ადგილის მოპირდაპირე მხარეს, სადაც განსივენებენ ომში დაღუპული ბუენდიები.
დამთავრდა თუ არა წვიმების სეზონი, მაშინვე შეუდგნენ სამშენებლო სამუშაოებს წინასწარ გამზადებული ყოველგვარი გეგმის გარეშე, სიცარიელეში. ამოთხარეს ოთხი ორმო, ჩასვეს პირველი სვეტი და ზედ მოათავსეს თაბაშირის წმ. რაფაელი, ესეც ყოველგვარი ზარ-ზეიმის გარეშე. რას იფიქრებდა პოლკოვნიკი, ასე თუ მოუწევდა შრომა: ნახაზების ზედ მიწაზე გაკეთება ნუშის ხესთან და ფეხსალაგთან ახლოს. სადაც ისეთივე ჩასქელებული გრილი ჰაერი იყო, როგორც წინათ, როცა ამ ადგილას პატიო იწონებდა თავს. ამგვარად, ოთხი ორმო რომ ამოთხარეს, თქვეს: „აქ იქნება სახლი, აქ იქნება დიდი ოთახი ბავშვებისათვის, თავისუფლად ითამაშებენ“. ამაზე უკეთესი რა იქნება!.. თითქოს ჰაერიც აიზომაო, კაცებმა სახლის ნიშნულიც დაადგინეს ზუსტად. ეს იყო ადგილი, სადაც მთავრდებოდა პატიოს სიჩუმე. როდესაც ოთხი საყრდენი სვეტი ჩადგეს, სივრცე როგორღაც გახდა სუფთ და გრილი. როგორიც არის ახლა. შიგნით დარჩა ხის სიგრილე, უფრო სწორად , ჩრდილი და მისტიკური სიჩუმე ფეხსალაგის, გარეთ დარჩა სოფელი, სიცხე და ხმაური.
სამ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, როდესაც სახლი გადახურეს, კედლები ამოაშენეს, კარ-ფანჯრები ჩადგეს, - ინტერიერი ახლაც პატიოს-მაგვარია.
3 ივნისი, 1954, ჟურნალი „კრონკიკა“, ბარანკილია
თარგმნა ელზა ახვლედიანმა, გამომცემლობა „ინტელექტი“, 2021 წ.