ნინო ხარატიშვილი - „უკმარი სინათლე“
ბედნიერებას მკვახე ქლიავის და ზაფხულის მტვრიანი წვიმის, აღელვებისა და გაურკვევლობის და შაქრის ფხვნილმოფრქვეული წინათგრძნობების გემო ჰქონდა. *** ბებიაჩემი წარმომიდგენია ფუმფულალოყებიან გოგონად, რომელსაც ფირუზისფერი ლენტი უკეთია თმაში და ლაქის ფეხსაცმელები აცვია, სერიოზული, წელში გამართული ზის ნათელ ოთახში და ნაჭრის ცხვირსახოცზე გულწითელა ჩიტებს ქარგავს. ზუსტად ისე, „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ რომ გვაქვს, ძველი ინგლისური გამოცემა, იქ რომ ხატია. მისი ნათელი და უზრუნველი ბავშვობა რომ მახსენდებოდა, ტანში მზარავდა, რადგან ბაბუდას მონაყოლიდან ვიცოდი, რომ მალე სიბნელე და წყვდიადი ჩამოწვებოდა მათ თავს, ბოროტი ჯადო გადაეფარებოდა ლამაზ, თაღებიან და მოოქრულსარკეებიან სახლს: ბოლშევიკები მოვიდოდნენ და ყველაფერს წაართმევდნენ. ჩემს ბავშვურ წარმოდგენაში ბოლშევიკები წყვდიადის ბოროტი ძალები იყვნენ, შავ მოსასხამებში გახვეულები, და ბერძნული მითოლოგიის წიგნში დახატული ციკლოპივით, ცალი თვალი ჰქონდათ. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რომ ბოლშევიკები კი არ მოვიდნენ და წავიდნენ, არამედ მოვიდნენ და სამოცდაათ წელს დარჩნენ დ...