Saturday, January 19, 2013

პოლ გოგენი - ველური მხატვარი 1848-1903

„მე დიდი ხელოვანი ვარ და ეს ვიცი“ - პოლ გოგენი

„ველური ინსტინქტების მქონე უბიწო პიროვნება“ - ვინსენტ ვან გოგი გოგენზე

„ტაიტიზე ექსტაზს, სიმშვიდესა და ხელოვნებას ვეძებ“ - პოლ გოგენი

„ახალი ოჯახით გარემოცულს ევროპელებისგან განსხვავებით, ფულის მოხვეჭა არ მიზიდავს, როგორც იქნა, ამისგან გავთავისუფლდი და, ალბათ, ისევ შევძლებ სიყვარულს, სიმღერასა და სიკვდილს“ - პოლ გოგენი

„ყველაფრის გაბედვის უფლების მოპოვება მსურს“ - პოლ გოგენი

„საზოგადოებას ჩემი არაფერი მართებს, რადგან ჩემი ფერწერა მხოლოდ „ნაწილობრივ“ არის კარგი. ის მხატვრები კი, რომლებიც დღეს ამ თავისუფლებით სარგებლობენ, ჩემგან დავალებულნი არიან“ - პოლ გოგენი

„მე ველური ვარ. ცივილიზებული ადამიანები ამას ერთი შეხედვით გრძნობენ, რადგან ჩემს ტილოებში არაფერია გასაოცარი, თავგზის ამრევი, გარდა „ჩემი უნებლიე სიველურისა“ - ამით არიან ისინი შეუდარებელნი“ - პოლ გოგენი

„როგორც იქნა ბრეტანში გასამგზავრებელი ფული ვიშოვე, აქ კი კრედიტით ვცხოვრობ. ფრანგს თითქმის ვერ შეხვდები, სულ უცხოელები არიან. ჩემი ფერწერა დიდ კამათს იწვევს, მაგრამ ამერიკელებს მოსწონთ. ეს დიდი იმედია სამომავლოდ“ - პოლ გოგენი

„ოჯახში... საყვედურებს არ მაკლებენ ამ წყეული მხატვრობის გამო, მეუბნებიან, სირცხვილია, თავის რჩენა რომ არ შეგიძლიაო. მაგრამ ადამიანის ნიჭი... ორ რამეს ვერ სწვდება. მეც მხოლოდ ერთი რამ - ხატვა შემიძლია“ - პოლ გოგენი

„ძალიან მინდა, გავიქცე პარიზიდან, რომელიც ღარიბი კაცისთვის ნამდვილი უდაბნოა. როგორც მხატვარი, სულ უფრო ცნობილი ვხდები, მაგრამ მაიცნ, ხანდახან სამი დღე ულუკმაპუროდ ვარ. ეს არა მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობას არყევს, ძალასაც მართმევს. პანამაში მივემგზავრები, ველურივით მინდა ვიცხოვრო“ - პოლ გოგენი წერს მეტეს

„ახლა ზანგების ქოხში ვცხოვრობ, (პანამის) არხის გვერდით. აქაურობა ნამდვილი სამოთხეა. ქვემოთ ზღვას ქოქოსის პალმები მიუყვება, ზემოთ კი, ქალაქიდან ოცდახუთი წუთის სავალზე, ყველა ჯიშის ხეხილი ხარობს. ზანგები მთელი ღამე მიდი-მოდიან, კრეოლურ სიმღერებს მღერიან, ერთთავად ლაქალაქებენ. მაგრამ არ იფიქრო, რომ ეს საინტერესოა. არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება საფრანგეთის კოლონიებში ცხოვრებით. ვფიქრობ, აქაურობა შენც მოგეწონებოდა. უმდიდრესი ბუნება, ძალიან თბილი, თან გრილი კლიმატი...“ - პოლ გოგენი წერს მეტეს

„მიყვარს ბრეტანი. აქ რაღაც ველურს, პირველყოფილს ვხედავ. გრანიტის იატაკზე ჩემი ხის ფეხსაცმლის ყრუ და ძლიერი ხმა მესმის, ამ შეგრძნებას ჩემს ფერწერაშიც ვეძებ“ - პოლ გოგენი წერს ემილ შუფენეკერს

„ნუ ეცდებით ბუნების მეტისმეტად ზუსტად გადმოტანას. ხელოვნება აბსტრაქციაა, დააკვირდით ბუნებას და უფრო მეტი იფიქრეთ იმაზე, რა შეიძლება აქედან გამოდნეს“ - პოლ გოგენი ურჩევს ემილ შუფენეკერს

1891 წელს ალბერ ორიემ „მერკურ დე ფრანსში“ გამოაქვეყნა სტატია „სიმბოლიზმი ფერწერაში“ და მხარი დაუჭირა იდეურ, სიმბოლურ, სინთეზურ, სუბიექტურსა და დეკორატიულ მიმდინარეობებს. ორიეს გოგენი ახალი ესთეტიკური კონცეფციის დიდ მსახურად მიაჩნდა - „ეს ის ხელოვნებაა, რომელზეც ვფიქრობ, რომლის წარმოდგენაც სიამოვნებას მგვრის, როცა იძულებული ვხდები, იმ სავალალო თუ სამარცხვინო ხელოვნურობას შორის ვისეირნო, რომლითაც სავსეა ჩვენი ინდუსტრიული გამოფენები. თუ მისი შემოქმედების აზრს ჩავწვდი, ჩვენს გაუბედურებულსა და გახრწნილ სამშობლოში სწორედ ამ ხელოვნების დამკვიდრება სურდა პირველყოფილი სულის მქონე, ამ ოდნავ ველურ, მაგრამ დიდსა და გენიალურ ხელოვანს - პოლ გოგენს“.

„ბავშვების სანახავად კოპენგაჰენში ვაპირებდი ჩამოსვლას, მაგრამ თქვენ იფიქრეთ, რომ ეს ზედმეტი ხარჯი იქნებოდა. ფული ყოფილა, თურმე, მთავარი და არა გული“ - პოლ გოგენი (წერილი მეუღლეს, 1889)

„ბატონებო, უპირველეს ყოვლისა, მინდა, პოლ გოგენის მშვიდობით დაბრუნების სადღეგრძელო შემოგთავაზოთ. აღტაცებული ვარ მისი უდიდესი კეთილსინდისიერებით, ნიჭის გაფურჩქვნის დროს შორეული ქვეყნებისკენ რომ მიაქანებს, მიაქანებს საკუთარი თავისკენ, რათა იქ ახალი ძალით აღივსოს“ - სტეფან მალარმეს სიტყვა კაფე „ვოლტერში“, პოლ გოგენის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ წვეულებაზე.

„მხოლოდ აქ თუ ნახავ ასეთ სიჩუმეს... ჩიტის ჭიკჭიკიც რომ არ არღვევს. აქა-იქ ხმელი ფოთოლი ვარდება, მაგრამ ხმას არ გამოსცემს. გეგონება, ვიღაცის სულმა გაიშრიალაო. აქაურები ხშირად ღამ-ღამობით დაბორიალებენ, ოღონდ ფეხშიშველები, უჩუმრად დადიან. ყველგან სიწყნარეა. კარგად მესმის, როგორ შეუძლიათ მთელი დღეები, საათობით უჩუმრად ისხდნენ და ნაღვლიანი თვალებით ცას შესცქეროდნენ. ამ ყველაფერს შევიგრძნობ და მეც ამ მდუმარებაში ვიძირები“ - პატარა სოფელ მატაიეს პოლ გოგენი აღუწერს მეტეს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემს გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად, დიდი ინტერესი და შურიც კი გამოიწვია. პრესაც გამორჩეულად მომექცა - შემაქო!“ - პოლ გოგენი

„საბოლოოდ გადავწყვიტე ოკეანიაში გამგზავრება. დეკემბერში პარიზში დავბრუნდები და ჩემს ნივთებს იმ ფასად გავყიდი, რამდენსაც მომცემენ. როგორც კი ამას თავს მოვაბამ, მაშინვე წავალ“ - პოლ გოგენი

„ბევრს მფარველობენ, რადგან სუსტები ჩანან და დახმარებასაც ითხოვენ. მე კი არასოდეს მიცავდნენ, რადგან ყველას ძლიერი ვეგონე, თანაც ძალიან ამაყი ვიყავი“ - პოლ გოგენი (წერილი დანიელ მონფრედს, 1896)

„აქ (ტაიტიზე) ჩემს ქოხთან, სრულ სიჩუმეში, ბუნების სუნით გაბრუებული უსაზღვრო ჰარმონიაზე ვოცნებობ. ერგვარ შვებას მგვრის რაღაც ღვთაებრივი შიში, უხსოვარ დროთა ნიშნად რომ შევიცანი. და ქანდაკებასავით გახევებული ცხოველები! მათი მოძრაობის რიტმსა თუ უჩვეულო უძრაობაში არის რაღაც ძველთუძველესი, დიადი და წმინდა“ - პოლ გოგენი

„სულ ახალი, ველური მასალით დიდ სილამაზეს შევქმნი. აქ ჩემი წარმოსახვა თანდათანობით გაიცრიცა“ - წერს პოლ გოგენი მარკიზის კუნძულებზე გამგზავრებამდე

„ხელოვანი გონიერების უდიდესი ფორმულაა. ყველაზე ფაქიზი გრძნობებით გამორჩეულს შეუძლია მათი ასახვა... საგანთა უსასრულობა ზემოქმედებას ახდენს მის გონებაზე და ჩვენი ხუთივე გრძნობა უშუალოდ მის თავში იბადება“ - პოლ გოგენი

ჯგუფ „ნაბის“ თეორიტიკოსი მორის დენი წერდა - „გოგენი, რომელსაც ასეთი აწეწილი ცხოვრება ჰქონდა, ფერწერაში არეულობას ვერ იტანდა. გონიერების ნიშანი - სიცხადე უყვარდა. სეზანისგან შეთვისებული ხელოვნების რეკონსტრუქცია მან უფრო დიდი თეორიული სიზუსტით განავრცო... ჩვენ დავალებული ვართ ველურებისგან, 90-იანი წლების პრიმიტივისტებისგან, რომელთაც ძირითადი ჭეშმარიტება წარმოაჩინეს. საქმე მხატვრობაში ბუნების გადმოატანას კი არ ეხება, არამედ ჩვენი ემოციებისა და ოცნებების გადმოცემას, მათ წარმოჩენას ჰარმონიული ფერებითა და ფორმებით“.

„ერთადერთი, რაც მაძლებინებს, ფერწერაა“ - პოლ გოგენი

„ვგრძნობ, ჩემი ხელოვნება ჭეშმარიტია... შეიძლება მომავალს ჩემი არც ერთი ნამუშევარი არ შემორჩეს, მაგრამ დარჩება ხსოვნა მხატვრისა, რომელმაც ფერწერა გაათავისუფლა“ - პოლ გოგენი


პონტ-ავენელი მრეცხავი ქალები 1886


ხილვა ქადაგების შემდეგ 1888 
„ახლახან დავხატე რელიგიური შინაარსის ტილო, რომელიც საკმაოდ უხეშადაა შესრულებული, მაგრამ ეს თემა მაინტერესებს და მომწონს კიდეც. მინდოდა, პონტ-ავენის ეკლესიისთვის მეჩუქებინა, მაგრამ ამის გაგონებაც კი არ სურთ“ - პოლ გოგენი წერს ვინსენტ ვან გოგს
არლელი მრეცხავი ქალები 1888
ალიკანები - 1888
„ბუნების პედანტურ მიბაძვას ნუ ეცდებით. ხელოვნება აბსტრაქციაა. იოცნებეთ და ისე გამოსტაცეთ იგი ბუნებას“ - პოლ გოგენი

„მიზანი ბუნების მიბაძვაა..., თუმცა მისი ხილული ფერების გადაღება კი არა..., არამედ იმ ფერების მიღწევა, რომელსაც მასში ხედავ“ - პოლ გოგენი

ვინსენტის პორტრეტი - 1888
„მსურს შევქმნა ჰოლანდიელის პორტრეტი მისთვის ესოდენ საყვარელი ნატიურმორტის ხატვისას“ - პოლ გოგენი
ავტოპორტრეტი შარავანდედით 1889
მშვენიერი ანჟელა 1889
„რა საშინელებაა!“ - მარი-ანჟელიკას რეაქცია პორტრეტის ხილვისას.

„საქმე ეხება პროტრეტს „მარი-ანჟელიკ სატრის ბიუსტი და ფონი“, რომელიც ტილოზე ისევეა წარმოდგენილი, როგორც პროპორციის დარღვევით შექმნილი იაპონური ნამუშევრები: ხელებდაკრეფილი, თეთრსაყელოიან შავ კაბაში ჩაცმული ბრეტანელი ქალი ზის. მას იასამნისფერი წინსაფარი უკეთია. ჩარჩო ნაცრისფერია, ფონი კი - მოლურჯო-იასამნისფერი, წითელი და ვარდისფერი ყვავილებით. სახე და პოზა შესანიშნავადაა გადმოცემული. ქალი ხბოს წააგავს, მაგრამ აქვს რაღაც ნათელი, ცოტა სოფლურიც, რაც სასიამოვნო სანახავია“ - თეო ვან გოგი წერს ვინსენტს

ტაიტელი ქალები 1891
„ტაიტელ ქალებს მომრგვალებული პლასტიკით და ჩამოქნილი ბაგეებით რაფაელისებრი ჰარმონიული ნაკვთები აქვთ, მათ ბაგეებს კოცნის, სიამოვნებისა და ტანჯვის ენაზე ერთდროულად შეუძლიათ ამეტყველება“ - პოლ გოგენი

ია ორანა, მარია (მოგესალმები, მარია) 1891-1892
მატამოე (პეიზაჟი ფარშევანგებით) 1892
არარეა (გართობა) 1892
ტაიტური პასტორალი - 1893
„ფრანგულად დავასათაურე, როგორც გამონაკლისი, რადგან კანაკურ ენაზე შესატყვისი ვერ მოვუძებნე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ნამდვილი ვერონეზეს მწვანისა და სიგურის გამოყენებით, რატომღაც ჰოლანდიურ ტილოს მაგონებს... მთელი ჩემი ნახატების ფერი მქრქალი მგონია. ალბათ, იმიტომ, რომ შესადარებლად არც ერთი ჩემი ძველი ტილო თუ ნატიფი ხელოვნების სასწავლებლის დროინდელი ნახატი არ მაქვს“ - პოლ გოგენი წერს დანიელ დე მონფრედს

ტაიტის მთები - 1893
ბრეტანული პეიზაჟი - 1894
გზაზე მიმავალი ორი ბრეტანელი ქალი - 1894
ტე ტამარი ნო ატუა (ქრისტესშობა) 1896
ვაირუმატი 1897
საიდან მოვდივართ? ვინ ვართ? საით მივდივართ? 1897-1898
„სიკვდილის წინ, უმძიმეს მდგომარეობაში, მას მთელი ძალა შევალიე. ისეთი ტკივილიანი განცდა და უცდომელი ხედვა მქონდა, რომ პირველი მონასმებით, ჩაუსწორებლად ვხატავდი. აღარსად მეჩქარებოდა და სიცოცხლის სურვილი დამიბრუნდა“ - პოლ გოგენი

„ამოძენძილ და ხაოიან ჯვალოს წააგავს. საშინლად უხეშია... გეგონება დაუმთავრებელიაო“ - პოლ გოგენი

თეთრი ცხენი - 1898
ფაა იჰეიჰე - 1898
დიდი ბუდა - 1899
დედობა (სამი ქალი ზღვის სანაპიროზე) - 1899
„სამი ფიგურა: წინა პლანზე დახრილი ქალი ბავშვს აწოვებს; მარჯვნივ შავი ძაღლია, მარცხნივ - ფეხზე მდგომი წითელკაბიანი ქალი კალათით, უკან - ქალი მწვანე კაბაში, ყვავილებით. ფონი - ლურჯი ლაგუნები მოწითალო-მონარინჯისფრო ქვიშაზე და მეთევზე“ – 1900 წლის ოქტომბერში პოლ გოგენი ტილოებს გასაყიდად ამბრუაზ ვოლარს უგზავნის

და მათი სხეულების ოქრო - 1901
ფონი - 1901
მხედრები პლაჟზე 1902
ველური ზღაპრები - 1902
ავტოპორტრეტი - 1902

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”