ანტონიო მაჩადო - უნამუნო
ჟურნალ „ორა დე ესპანიას“ მე-15 ნომერში დაიბეჭდა დონ მიგელ დე უნამუნოს - დიდი მიგელ დე უნამუნოს, ჩვენი უძვირფასესი მასწავლებლის რამდენიმე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები, რომელთაც დართული ჰქონდა ხოსე მარია კიროგა პლას, - დონ მიგელის სიძის, - დიდი სიყვარულით შედგენილი და ფრიად შინაარსიანი კომენტარები.
დონ მიგელ დე უნამუნოს სიკვდილის ამბავი დღემდე იდუმალებითაა მოცული და თვით არაჩვეულებრივ მოვლენათა მადევრებმაც კი ვერაფერი შეიტყვეს, მაგრამ ჩვენ, ვინც მართლა ვიცნობდით მას და გვიყვარდა იგი, სულ არ გვაფიქრებს მისი გარდაცვალების აქამდე გაურკვეველი ვითარება; ჩვენ ისედაც ვიცით ყველაფერი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გვწამს, იგი ისევე ღირსეულად მიიცვლებოდა, როგორც იცხოვრა და ამაში ეჭვი არავის გვეპარება. დონ მიგელ დე უნამუნოს ცხოვრება მთლიანად იყო ერთი გაბმული ფიქრი სიკვდილზე, დიდებული, ნათლით მოსილი აგონია. და არც შეიძლებოდა სხვანაირად დაღუპულიყო, თუ არა საკუთარ თავთან, საკუთარ რაობასთან და საკუთარ ღმერთთან ბრძოლაში.
ო, სანტა რიტა, ჩვენო მფარველო,
გარდაცვლილების სულთა ქომაგო,
საჩუქრად გვიძღვნა ზეცამ სიცოცხლე,
ნუღარ წაგვართმევს საჩუქარს ისევ!
ზღაპრის წინამძღვარზე განწყობილ ამ ლექსს, რომელსაც რელიგიური გრძნობების გულწრფელი აღიარების დარად ერთნაირად მსჭვალავს ლოცვაცა და ღვთის გმობაც, დიახ, უთუოდ ამ ლექსს ამოაყოლა სული დონ მიგელმა იქ, თავის ოქროს სალამანკაში, რომლის მარტო მზერაც კი უდიდესი ნეტარება იყო მისთვის და ესეც აუკრძალეს გენერალ მოლას ჯაშუშებმა.
ოთხ მიგელს, ოთხ ბუმბერაზ მიგელს შორის, რომლებიც აღიქვამდნენ და გამოხატავდნენ ესპანეთის უმთავრეს არსს (მიგელ სერვეტი, მიგელ დე სერვანტესი, მიგელ დე მოლინოსი და მიგელ დე უნამუნო), უნამუნო დროის მიხედვით კი იყო ბოლო, მაგრამ მათზე პატარა არამც და არამც არ ყოფილა.
დადუმდა უნამუნოს ხმა და მათ, ვისაც ვერ გაუგია, რომ მისი სიკვდილი მასშტაბურად ეროვნულ კატასტროფას უტოლდება, ესღა შეგვიძლია ვუთხრათ: „მიუტევე მათ უფალო, რამეთუ არა უწყიან, ვინ დაკარგეს!“
მართალია, დონ მიგელ დე უნამუნოს ცხოვრება არის ერთი გაბმული ფიქრი სიკვდილზე, მაგრამ იგი მაინც არ იყო სტოიკოსი, ვინც მორჩილად აღიარებს გარდაუვალ ბედს. პირიქით, იგი გახლდათ სენეკას სრული ანტიპოდი. უნამუნო ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა, ეგზისტენციალისტი, რომელმაც დაასწრო უახლოეს ფილოსოფიურ აზრს (ფრაიბურგის ფილოსოფიას), რამაც უმაღლეს განვითარებას მიაღწია ჰაიდეგერის შრომებეში; მაგრამ უნამუნო მივიდა ჰაიდეგერის რადიკალურად საწინააღმდეგო დასკვნებამდე: „ცხოვრება დასაბამიდან დასასრულამდე არის ბრძლოა სიკვდილის ფატალურ გარდაუვალობის წინააღმდეგ, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, აგონია! ადამიანური სათნოებანი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ღრმადაა ფესვებგადგმული ადამიანის ტრაგიკული და აგონისტური შემეცნების ამ უმაღლეს ძალვაში. ჩვენი ცხოვრების გმირია დონ კიხოტი, თავისი არსით ანტიპრაგმატიკოსი, მორალურად დაუმარცხებელი და დაუძლეველი გმირი, ვინც იცოდა, ან ეგონა, რომ იცოდა: ყოველგვარი დაუმსახურებელი გამარჯვება მორალური დამარცხებაა და საბოლოო ანგარიშით გამარჯვების დამსახურება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი მოპოვება! დონ კიხოტის ძირეული იდეა უნამუნოს ყველაზე უფრო ღრმა აზრის ღვძილი დაა: „იცხოვრეთ ისე, რომ სიკვდილი თქვენთვის უმაღლესი უსამართლობა იყოს!“
„რევისტა დე ლას ესპანიას“, 1938