მიშელ უელბეკი - თანამედროვე არქიტექტურა, როგორც გადაადგილების აჩქარების ვექტორი
ცნობილია, რომ ფართო საზოგადოებას თანამედროვე ხელოვნება არ უყვარს.
ეს მარტივი კონსტატაცია სინამდვილეში ორ ურთიერთსაპირისპირო პოზიციას ითავსებს. იმ ადგილას შემთხვევით თუ მოხვდა, სადაც თანამედროვე მხატვრის ან მოქანდაკის ნამუშევრებია გამოფენილი, ჩვეულებრივი გამვლელი მათ წინ აუცილებლად შეჩერდება, თუნდაც იმიტომ, რომ დასცინოს. მისი ირონიული ღიმილი დაუფარავ დაცინვაში გადაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, ერთგვარი ქილიკის მოთხოვნილება მას ნამდვილად გაუჩნდება. ის ფაქტი, რომ ნამუშევრები სრულ არარაობას წარმოადგენს, მათ უვნებლობაზე მიმანიშნებელი, დამამშვიდებელი რამ აღმოჩნდება. რა თქმა უნდა, მან დრო დაკარგა, მაგრამ, სინამდვილეში, არცთუ უსიამოვნოდ.
თანამედროვე არქიტექტურის გარემოცვაში ამავე გამვლელს სიცილი სულაც არ მოუნდება. შესაბამის პირობებში (გვიან საღამოს, ან პოლიციის სირენის თანხლებით) იმ მოვლენას შევნიშნავთ, რომელსაც მკვეთრად გამოხატული შიში, შფოთვა, ამასთანავე, ორგანიზმის სეკრეციული ფუნქციის ზრდა ახასიათებს. ყოველ შემთხვევაში, ფუნქციური კომპლექსი, რომელიც მხედველობის ორგანოსა და სხეულის მამოძრავებელ ნაწილებს აერთიანებს, მნიშვნელოვნად გააქტიურებულ რეჟიმში იმუშავებს.
სწორედ ეს ხდება, როცა ეგზოტიკური საგზაო ნიშნებისა და წარწერების ლაბირინთში გზააბნეული ტურისტული ავტობუსი მგზავრებს სეგოვიის საბანკო კვარტალში ან ბარსელონის ბიზნესცენტრში ჩამოსხამს ხოლმე. ფოლადის, შუშისა და შუქნიშნების ჩვეულ სამყაროში აღმოჩენილი ტურისტები უმალვე ნაბიჯს უჩქარებენ, მათი მზერაც ფხიზელი და მიზანმიმართული ხდება, რაც მოცემულ გარემოს ბოლომდე შეესაბამება. ისინი გზას გრაფიკული სიმბოლოებისა და წარწერების დახმარებით იკვლევენ, წინ მიდიან, ცოტაც და ქალაქის ისტორიულ ნაწილს, კათედრალის მიმდებარე ტერიტორიას მიადგებიან; ნაბიჯს მაშინვე შეანელებენ, მზერაც დაბნეული, ოდნავ შიშნარევი გაუხდებათ. სახეებზე გაოგნებისა და გამოშტერების ნიშნები დაეტყობათ (ამერიკელებისთვის დამახასიათებელი ღია პირის ფენომენი). ცხადია, ისინი უჩვეულო, ზედმეტად რთული, გასაშიფრავად ძნელი ვიზუალური ობიექტების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა კედლებზე განთავსებული ინფორმაციული ტექსტები მათ ყურადღებას მალევე იპყრობს. ტურიზმის კომიტეტის წყალობით, ისტორიულ-კულტურული აღმნიშვნელები ხომ თავის ადგილზეა. ჰოდა, ახლა ჩვენს ტურისტებს შეუძლიათ ვიდეოკამერები ამოიღონ, რათა სამახსოვროდ აღნუსხონ საკუთარი გადაადგილებები სხვადასხვა ორიენტირით მონიშნულ კულტურულ ტრაექტორიაზე.
თანამედროვე არქიტექტურა სადა არქიტექტურაა. საკუთარი ავტონომიური არსებობის, ან მისი, როგორც არქიტექტურის, არსებობის შესახებ მხოლოდ მოკრძალებული თვალის ჩაკვრით თუ მიგვანიშნებს – ძირითადად სარეკლამო შეტყობინებებით, იმ ტექნიკური საშუალებების მოხსენიებით, რომლებითაც თავად იქმნება (მიღებულია, რომ ლიფტის მამოძრავებელი მექანიზმი, ისევე, როგორც მისი მწარმოებელი ფირმის სახელი, აუცილებლად კარგად უნდა ჩანდეს).
თანამედროვე არქიტექტურა ფუნქციური არქიტექტურაა. სხვათა შორის, მასთან დაკავშირებული ყველა ესთეტიკური პრობლემა დიდი ხანია ამ ფორმულამ ჩაანაცვლა: „რაც ფუნქციურია, თავისთავად, ლამაზიცაა“. საოცარი დებულებაა, რომელსაც ბუნებრივი სანახაობა მუდმივად ეწინააღმდეგება. ბუნება ხომ იმისკენ გვიბიძგებს, რომ სილამაზე აღვიქვათ, როგორც ერთგვარი რევანში გონებაზე. ბუნებრივი ფორმები თვალს ხშირად იმის გამო ახარებს, რომ სრულიად უსარგებლოა, ხელშესახები სარგებლის ვერანაირ კრიტერიუმს ვერ პასუხობს. ისინი ისე მდიდრულად, ნაირფრად მრავლდებიან, რომ ნათელია, მათ რაღაც შინაგანი ძალა ამოძრავებთ, რომელიც სიცოცხლის უბრალო წყურვილად, გამრავლებისკენ მიმართულ სწრაფვად უნდა განისაზღვროს. სიმართლეს თუ ვიტყვით, ეს თითქმის აუხსნელი, მიუწვდომელი ძალაა (საკმარისია, გავიხსენოთ ცხოველთა სამყაროსთვის დამახასიათებელი გამომგონებლობა, რომელიც ასე სასაცილოდ და ცოტა არ იყოს, ამაზრზენადაც კი გვეჩვენება) – ძალა, ყოველთვის დამთრგუნველი სიცხადით რომ ვლინდება. მართალია, უსულო ბუნების ზოგიერთი ფორმა (კრისტალები, ღრუბლები, ჰიდროგრაფიული ქსელები) გარკვეულ თერმოდინამიკურ პრინციპებს ემორჩილება, მაგრამ ისინი სწორედაც ყველაზე რთული და მრავალსახოვანი ჩანს. მათში რაციონალური მექანიზმის ფუნქციონირებაზე მცირედი მინიშნებაც კი არ გვხვდება. ეს უფრო ქაოსური დუღილის პროცესია.
სრულყოფილებამდე მისული კონსტრუქციების შექმნით, რომლებიც იმდენად ფუნქციურნი არიან, რომ არც კი ჩანან, თანამედროვე არქიტექტურა გამჭვირვალე არქიტექტურა გახდა. ადამიანებისა და სავაჭრო საქონლის სწრაფი მიმოქცევის უზრუნველსაყოფად, ის მუდმივად ცდილობს, სამყარო სუფთა გეომეტრიულ განზომილებაში მოაქციოს. რამდენადაც მასში უწყვეტ ნაკადად მიედინება ტექსტუალური, ვიზუალური და სურათხატოვანი შეტყობინებები, მან მაქსიმალური კითხვადობის გარანტია უნდა უზრუნველყოს (ინფორმაციის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მხოლოდ აბსოლუტურად გამჭვირვალე ნაგებობაშია შესაძლებელი). კონსენსუსის კანონის შესაბამისად, მუდმივი შეტყობინებების იმ რაოდენობას, რომლებსაც ის გზას აძლევს, ობიექტური ინფორმაციის როლის თამაში მოუწევს. ამგვარად იქცა წინასწარი კვლევის ობიექტად იმ უზარმაზარი პანოების შინაარსი, რომლებიც საავტომობილო გზების გასწვრივ არის განთავსებული. უამრავი გამოკითხვა ჩატარდა, რათა ამა თუ იმ კატეგორიის მომხმარებელთა შოკირება თავიდან აეცილებინათ. ფსიქოლოგ-სოციოლოგებისა და საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტების კონსულტაციებიც გაითვალისწინეს. ეს ყველაფერი კი იმისთვის სჭირდებოდათ, რომ ამ ტიპის აღმნიშვნელები მოეფიქრებინათ: „ოქსერი“ ან „ტბები“.
სადგური „მონპარნასი“ გამჭვირვალე, იდუმალებას მოკლებული არქიტექტურის ნიმუშია, სადაც საჭირო და საკმარისი დისტანციაა დაცული მატარებლების განრიგის მიმანიშნებელ საინფორმაციო ტაბლოებსა და იმ ელექტრონულ ავტომატებს შორის, რომლებშიც ბილეთების დაჯავშნაა შესაძლებელი. ასევე, სრულიად გამართლებული მრავალფეროვნებით არის ორგანიზებული სხვადასხვა ბაქნისკენ მიმართული ისრები, მატარებლების გასვლისა თუ ჩამოდგომის ადგილებზე რომ მიუთითებენ. ამგვარად, საშუალო თუ ბრწყინვალე ინტელექტის მქონე დასავლეთევროპელს შეუძლია ისე გაართვას თავი სივრცეში გადაადგილების ამოცანას, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ჭყლეტაში მოყოლის, გაურკვევლობის, დროის დაკარგვის რისკი. თუ განვაზოგადებთ, მთელი თანამედროვე არქიტექტურა იმ უზარმაზარ მექანიზმად უნდა განვიხილოთ, რომელიც ადამიანების გადაადგილებას აჩქარებს და აწესრიგებს. ამ თვალსაზრისით მისი იდეალური გამოვლინება ავტოსტრადების განშტოებაა ფონტენბლოსა და მელენ სუდის სიახლოვეს.
ასევე, არქიტექტურული ანსამბლი, რომელიც „ლა დეფანსის“ სახელით არის ცნობილი, შეიძლება განისაზღვროს, როგორც, ზოგადად, პროდუქტულობის ასამაღლებელი მექანიზმი და ამასთანავე, ინდივიდუალური პროდუქტულობის ზრდის ხელშემწყობი მექანიზმიც. ეს პარანოიდული ხედვა თავისებურ სიზუსტეს მოკლებული სულაც არ გახლავთ, მაგრამ მაინც უძლურია იმ ერთფეროვნების წარმოსადგენად, რომლითაც არქიტექტურა სოციალური დაკვეთის ნაირგვარობას პასუხობს (ჰიპერმარკეტები, ღამის კლუბები, ოფისების შენობები, კულტურული და სპორტული ცენტრები). მიუხედავად ამისა, თანდათან ვხვდებით, რომ მხოლოდ საბაზრო ეკონომიკის პირობებში კი არ ვცხოვრობთ, არამედ, ზოგადად, საბაზრო საზოგადოებაში. ჩვენ ისეთი ტიპის ცივილიზაციას წარმოვადგენთ, სადაც ადამიანური ურთიერთობების, ასევე, იმ დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლებიც ადამიანს სამყაროს მიმართ უყალიბდება, მთლიანად ექვემდებარება მარტივ ანგარიშს, რომელიც გარეგნულ მიმზიდველობას, სიახლესა და ფასი-ხარისხის შესაბამისობას ითვალისწინებს. ეს ლოგიკა თანაბრად წარმართავს ეროტიკულ, სასიყვარულო, პროფესიულ და თვით სავაჭრო ურთიერთობებსაც და სულ უფრო ამარტივებს სწრაფად განახლებადი, მრავლობითი კავშირების დამყარებას (მომხმარებელსა და საქონელს შორის, თანამშრომლებსა და საწარმოებს შორის, საყვარლებს შორის). ეს კი იმ სამომხმარებლო წონასწორობის ხელშეწყობას ნიშნავს, პასუხისმგებლობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი არჩევნის ეთიკას რომ ემყარება.
სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები
ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ