ჰერმან მელვილი - მობი დიკი

დამიძახეთ ისმაილი.

ყოველთვის, როცა სახე მომეღრუბლება; როცა სულში ნესტიანი და წვიმიანი ნოემბერი დაიბუდებს; როცა ვამჩნევ, რომ მეკუბოვეთა აბრების თვალიერებას ვიწყებ და ყოველ სამგლოვიარო პროცესიას ავედევნები ხოლმე; განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იპოქონდრია ისე წამომივლის, რომ მხოლოდ ჩემი მკაცრი მორალური პრინციპები არ მაძლევს ნებას, ქუჩაში გამოსულმა ყოველ გამვლელს ქუდი მიწაზე დავუნარცხო, ვხვდები, დროა ზღვას მივაშურო და რაც შეიძლება მალე.

...ისინი ხომ ჩვეულებრივი ხელობის ადამიანები არიან, დახლებს მიჯაჭვულნი, სკამებს მილურსმულნი, კანტორის მაგიდებთან წახრილნი, სამუშაო დღეებს მობათქაშებული კედლების ტყვეობაში რომ ატარებენ. მაშ, რა ხდება? განა ხმელეთზე არ არის მწვანე მინდვრები? რას აკეთებენ აქ ეს ადამიანები?

დიახ, დიახ, წყალი და ფიქრი რომ საუკუნოდ განუყრელნი არიან, ეს ხომ ყველამ იცის.

ერთი მითხარით, რომელი ჩვენგანი არ არის მონა?

გადახდის აქტი, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო უსიამოვნო სასჯელია, რომელიც ედემის ბაღის ორმა ქურდმა დაგვატეხა თავს, მაგრამ იმას რა სჯობს, როცა შენ გიხდიან?!

უბრალო ხალხი ბევრ რამეში უსწრებს თავის ბელადებს, მაგრამ ბელადებს ეს ფიქრადაც არ მოსდით.

არცოდნა დედაა შიშისა.

ველურებს, საერთოდ, თანდაყოლილი თავაზიანობაც ახასიათებთ. გაგიკვირდებათ, რა თავაზიანები არიან ისინი ბუნებით.

დიდებული რამ არის გულიანი სიცილი, თუმცაღა მეტისმეტად იშვიათია, რაც ასე დასანანია. ამიტომ კაცს თუ რაიმე აქვს სასაცილო და ამაზე კარგად იხუმრებენ, არ უნდა ეწყინოს, არ უნდა იძუნწოს და ამ საქმეს თავი არ უნდა აარიდოს. გარწმუნებთ, რომ ის, ვისაც უხვად აქვს მიმადლებული სიცილის საბაბი, ბევრად უფრო მეტი ყურადღების ღირსია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

რწმენა ტურასავით სასაფლაოზე საზრდოობს და მაშინაც კი, როცა განწირულია, ცხოველმყოფელ იმედს ჩაეჭიდება ხოლმე.

ჩემი აზრით, სულიერი მოვლენების განხილვისას ჩვენ ვემსგავსებით ლოკოკინებს, რომლებიც მზეს წყლის სიღრმიდან შეჰყურებენ და ეს ამღვრეული წყალი გამჭვირვალე ჰაერი ჰგონიათ. (ჩემი აზრით, ჩემი სხეული - ჩემი საუკეთესო ყოფიერების მხოლოდ დანალექია. სიმარლეს მოგახსენებთ, დაე, ვისაც უნდა, იმან წაიღოს ჩემი სხეული, ის მე არა ვარ. ამიტომ გაუმარჯოს და კიდევ გაუმარჯოს ველბოტის გახვრეტილ ფსკერს და გატეხილ თავის ქალას, რადგან სულს თვით იუპიტერიც ვერ გამიბზარავს.)

ამ ქვეყანაზე, ძმანო, ცოდვა-ბრალი, თუ გზის ფული აქვს, თავისუფლად დადის და არც მოხმობა სჭირდება, მაშინ, როდესაც სათნოებას, თუ ღარიბ-ღატაკია, პირველსავე საგუშაგოზე აკავებენ.

ველურები უცნაური არსებანი არიან, ზოგჯერ არც კი იცი, როგორ მოექცე. თავიდან ისინი მოკრძალებულ შიშს იწვევენ: მათი მშვიდი უბრალოება და აუღელვებლობა სოკრატეს სიბრძნედ გვეჩვენება.
ალბათ, ჩვენ, მოკვდავთ, ჭეშმარიტი ფილოსოფოსები მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიყოთ, როცა ამას შეგნებულად არ ვესწრაფვით.

ამ ქვეყანაზე არ არის თვისება, რომელსაც უკონტრასტოდ არსებობა შეეძლოს. დამოუკიდებლად არაფერი არსებობს.

ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია საკუთარი ინდივიდუალობის ბოლომდე შეცნობა, როცა თვალები დახუჭული აქვს, თითქოს სინათლე კი არა, სწორედ წყვდიადი - ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი სტიქია - იყოს უფრო მიმზიდველი ჩვენი მტვრადსაქცევი სხეულისათვის.

კეთილშობილება მუდამ ოდნავ პირქუშია.

თავზეხელაღებული ადამიანი საქმეში ლაჩარზე უფრო სახიფათოა.



ადამიანები შეიძლება აუტანელნი მოგვეჩვენონ, ისევე, როგორც ზოგიერთი თავყრილობა - სააქაო კომპანიები და ნაციები; ადამიანთა შორის შეიძლება არამზადები, სულელები და მკვლელები ერიოს, ზოგს ფლიდის გამომეტყველება აქვს და ზოგს ცხვირ-პირი ჩამოსტირის; მაგრამ ადამიანის სრულყოფილი განსახირება, იდეალი, ისე დიადია, ისეთი შარავანდედით არის შემოსილი, ადამიანი ისეთი კეთილშობილი, ისეთი ნათელი არსებაა, რომ ახლობლები ცდილობენ ყოველგვარი სამარცხვინო ლაქა თავიანთი უძვირფასესი სამოსელით დაუფარონ. უნაკლო სიმამამაცის იდეალი ისე ცოცხლობს ჩვენს სულში, ჩვენი სული სიღრმეში, რომ გარეგნული ღირსების დაკარგვაც კი ვერას აკლებს; და იგი, ეს იდეალი, იტანჯება, როცა დაძაბუნებულ ადამიანს უყურებს. ასეთი სამარცხვინო სურათის ხილვისას თვით ღვთისმოსავი ადამიანიც კი საყვედურით მიაპყრობს ცას თვალებს. მაგრამ უმაღლესი სიდიადე, რომელზეც მე აქ გესაუბრებით, არ არის მეფეთა და მანტიათა სიდიადე, იგი განუსაზღვრელი სიდიადეა და მდიდრული სამოსელი არ სჭირდება. იგი ბრწყინავს იმის ხელში, ვინც წერაქვს იქნევს, ან ყავარჯენს მიათრევს. დემოკრატიის სიდიადეა, რომლის ღვთიური ნათელიც ყველას თანაბრად ეფინება. დიადი, უცოდველი ღმერთი! მთელი დემოკრატიისცენტრი! ის, რომ იგი ყველგან არის, ჩვენი ღვთაებრივი თანასწორობაა!

ძილი რომ შეგიძლია კაცს, მხოლოდ იმისთვის ღიდა მოსვლა ამქვეყნად.

ადამიანის ყოველი ნამოქმედარი დასაღუპავად სწორედ იმიტომ არის განწირული, რომ დასრულებულად არის გამოცხადებული.

რაც არ უნდა იყოს ცალკეული ადამიანის ინტელექტუალური უპირატესობა, იგი მაინც ვერასოდეს შეძლებს სხვა ადამიანებზე რეალურ, ხელშესახებ ბატონობას, თუ თავი არ მოაჩვენა და სხვადასხვა თვალისასახვევი ხრიკი არ იხმარა, რაც თავისთავად მუდამ მეტ-ნაკლებად სიმდაბლე და საძაგლობაა.

სიმართლე უსაზღვროა.

წინ ის მიგვაქროლებს, რაც ჩვენი არსებობისათვის ყველაზე უფრო მეტად არის აუცილებელი.

დასანანი მხოლოდ ის არის, რომ ცეცხლს ისე ვერ გააჩაღებ, ასანთი თუ არ დაიწვა!

სიცილი ყველაზე უფრო გონიერი და ადვილი პასუხია იმისა, რაც კი გაუგებარია ამ ქვეყანაზე;

ადამიანური სიგიჟე კატასავით ეშმაკი და ვერაგია. ხშირად ჰგონიათ, გაქრაო, სინამდვილეში კი დახვეწილი სახე აქვს მიღებული.

ამ ხილულ ქვეყანაზე ბევრი რამ სიყვარულზეა დაფუძნებული, ხოლო ყოველივე უხილავი შიშის ნაყოფია.

დიდებულო ღმერთო, რა სატანჯველად გადაექცევა ხოლმე ადამიანს ძილი, როცა შურისძიების აუსრულებელი წადილი არ ასვენებს. იგი მუშტებშეკრული ეძლევა ძილს და როცა ეღვიძება, ხელისგულებში ჩასობილი ფრჩხილები საკუთარი სისხლით აქვს შეფერილი.

სულთან გაყრილი გონება ადამიანში ვერ იარსებებს.

როცა ადამიანებს აღტკინება ეუფლება, ისინი ზიზღით უკუაგდებენ ხოლმე მიწიერ ინტერესებს; მაგრამ ეს წუთები დიდხანს არ გრძელდება.

იმ უცნაურ და დახლართულ საქმეში, ცხოვრება რომ ეწოდება, ზოგჯერ ისეთი გაუგებარი დრო დგება და ისეთი გაუგებარი ვითარება იქმნება, როცა ადამიანს მთელი სამყარო რაღაც ტაკიმასხრობად მიაჩნია, თუმცა ამ მასხრობის გონებამახვილობას ბუნდოვნად გრძნობს და სრული საფუძველი აქვს იფიქროს, გამასხრებული სხვა არავინ არის, თუ არა მეო და მაინც სულით არ ეცემა და არავის ეკამათება. მზად არის მოინელოს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება, მოინელოს ყველანაირი რელიგია, რწმენა და შეხედულება, ხილული და უხილავი სატანჯველი, რაც არ უნდა მძიმე და ეკლიანი იყოს, მსგავსად სირაქლემისა, დაგაყლაპულ ტყვიებსა და თოფის კაჟს საუცხოოდ რომ ინელებს. ყოველდღიური წვრილმანი და საზრუნავი, მოსალოდნელი კატასტროფა, სასიკვდილო განსაცდელი, დასახიჩრება და თვით სიკვდილიც მისთვის მხოლოდ მუჯლუგუნი და გვერდში იდაყვის გაკვრაა, რითაც უხილავი და იდუმალებით მოცული მოხუცი ტაკიმასხარა გულკეთილად და მეგობრულად უმასპინძლდება. სულის ასეთი იშვიათი, არაჩვეულებრივი მდგომარეობა ადამიანისათვის დიდი უბედურების ჟამს არის დამახასიათებელი; როცა იგი განუზომელ მწუხარებას განიცდის და ის, რაც ერთი წამის წინ უდიდესი მნიშვნელობის მატარებლად ეჩვენებოდა, ახლა მორიგი ამქვეყნიური ტაკიმასხრობა ჰგონია.
ჩვენს პირობითობით სავსე სამყაროში, წყლისა იქნება ეს სამყარო თუ სხვა, სულ ერთია, ხშირად ისე ხდება ,როცა ადამიანი, რომელიც თანამოძმეთაგან ერთი მას მნიშვნელოვნად აღემატება ქედმაღლური ვაჟკაცობით, ამ კაცისადმი უსაზღვრო და დაუძლეველი სიძულვილით განიმსჭვალება ხოლმე.

ო, ჩვენი პლანეტის შავო ყვავ-ყორნებო! ვეშაპთა შორის უდიადესიც კი ამაოდ შეეცდება თქვენი ბრჭყალებისაგან თავის დახსნას!

და კიდევ მრავალ წელს ექნებათ ხომალდებს ამ ადგილის შიში და შემკრთალნი გვერდს აუქცევენ სწორედ ისევე, როგორც უტვინო ცხვრები ხტუნავენ სწორ გზაზე და მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ადგილზე მათი მეწინავე ყოჩი გადახტა, როცა ფეხებთან კომბალი დაუდეს. ესეც თქვენი ნაქები პრეცედენტები, ესეც თქვენი სასარგებლო ტრადიციები, აჰა, თქვენ, ყველა ეს უკვდავი თქმულება, არავითარი ფესვები მიწაში მათ არ გააჩნია; ისინი, როგორც იტყვიან ხოლმე, ცაშიც კი არაა გამოკიდული. აი, ესეც, ორთოდოქსალობა!

ო, ბუნებავ, ო, ადამიანის სულო! რა უსაზომოდ ბევრი რამ გაკავშირებთ თქვენ. ბუნების მატერიის ყოველ უმცირეს ატომს სუში თავისი ორეული ჰყავს.

საერთოდ, ფანატიკოსთა ცხოვრების აღწერაში კაცს აოცებს არა იმდენად მათი განუზომელი თავის მოტყუება, არამედ მათი განუზომელი უნარი სხვათა გასულელებისა.

ასე, თქვენ რომ ერთ მახრეს ლოკის თავი დაიკიდოთ, იგი მაშინვე ცალ მხარეს გადაგწონავთ, მაგრამ დაიკიდეთ ახლა მეორე მხრიდან კანტის თავი და მაშინვე აღიდგენთ წონასწორობას. ეჰ, სულელებო, სულელებო, ქიმს გადაღმა გადაუძახეთ ამ თქვენ ორთავიან ტვირთს, მხოლოდ მაშინ გაგიადვილდებათ ცურვა საკუთარი კურსით.

რა უგუნურადაც არ უნდა იქცეოდნენ ცხოველები, ადამიანი, მაინც ყოველ მათგანს აჭარბებს თავისი უგუნურებით.

რამეთუ ციური გონება ადამიანური სიგიჟეა; და კაცი, მიწიერი აზრების სამანს რომ გასცდება, საბოლოოდ მიდის უმაღლეს აზრამდე, რომელიც გონიერების თვალში უაზრობად და ველურობად ჩანს ხოლმე; და მაშინ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, იგი ხდება მტკიცე და გულგრილი, ვითარცა თვისივე ღმერთი.
რაღაც აზრი ხომ ყოველ საგანშია ჩამარხული. სხვაგვარად მთელი ეს საგნები კაპიკადაც არა ღირს, და ჩვენი მრგვალი დედამიწაც - კაპიკად ღირებული მრგვალი ნულია და მხოლოდ საიმისოდ გამოსადეგი, რომ ურმებით გასაყიდად გავგზავნოთ, როგორც ბოსტონის ახლომახლო ბორცვებში, და ირმის ნახტომზე საფლობები ამოვავსოთ.

არის რაღაც უცვლელად ეგოისტური მთის მწვერვალებში, კოშკებში, და ყველა სხვა ამაღლებულ და დიად საგანში; ამაში რომ დარწმუნდეთ, საკმარისია ლუციფერის სიამაყით ავსებულ სამ პიკს შეავლოთ თვალი.

სამყაროს არ ძალუძს საკუთარი თავის შეცნობა.

ის, რაც ადამიანში ჭეშმარიტად საოცარი და საშინელია, ჯერ არასდროს გამოთქმულა არც სიტყვით, არც წიგნით.

მოკვდავთა შორის არ არსებობს მომაკვდავზე უფრო დიდი ტირანი.

Ego non baptize te in nomine patris, sed in nomine diaboli! - ღვთის სახელით კი არ გნათლავ მე შენ, არამედ სატანის სახელით! (ლათ.)

ომს ტკივილი მოაქვს, სიძულვილი კი მწუხარებას შობს.

ეს მოვლენა სხვებს რატომღაც მხედველობიდან გამოეპარათ; ცხადია, ამის მიზეზი თვით ამ მოვლენის თვალნათლივობა იყო.

ო, როგორი არაარსებითია ყოველივე, რაც არსებობს! რა არსებობს ჭეშმარიტად, გარდა უსახელო აზრებისა!