ივანე ჯავახიშვილი - მელიაი ტულეფია (ქართველების წარმართობა)
არსენ ონიანმა 1917 წელს პირველად აღწერა "ადრეკილაჲ"-ს დღესასწაული. ... ონიანის სიტყვით 8 სხვადასხვა ჩვეულება იციან, რომელთაგან პირველი არის "ადრეკილაჲ", მეორე "მელჲაჲ ტულეფჲაჲ", მესამე "კჳირიაჲ", მეოთხე ფერხული ("ჭიშხაშ"). დანარჩენი 4 მხოლოდ სხვადასხვა სიმღერაა, რომელთა შინაარსი დროთა განმავლობაში ისე უნდა იყოს შეცვლილი, რომ ზემოდასახელებულ დღესასწაულთან ეხლანდელ ლექსებს საერთო აღარაფერი აქვთ. შემდეგ ონიანის აღწერილობაში მოთხრობილია ჯერ "ადრეკილაჲს", შემდეგ "მელჲაჲ ტელეფჲაჲ"-სა და მერმე "კჳირიაჲ"-ს ჩვეულება.
...
"ადრეკილაჲს" ჩვეულება ლაშხეთში ონიანის სიტყვით ასე სცოდნიათ: მეფერხულენი რვა კაცი ერთი მხრით დადგებიან, რვა კიდევ მეორე მხრით და სიმღერას დასძახებენ, რომელიც ასე იწყება: "ადრეკილაჲ წაგვივიდა და მოგვივიდა". ყოველ წინადადებას ჯერ პირველი წყება ამბობს სვანურად, მერმე მეორე იმეორებს მას ქართულად.ამ სიმღერის მეორე წინადადებად მეფერხულენი ამბობენ ხოლმე: "ა თქვენისთანა ვაჟებს (ე. ი. მამაკაცებს) თხემებზე ძაღლის სკორემც მოგვიცხია, მოგვიცხია"-ო. ამ მეორე წარსათქმელს მესამე და შემდეგი წარსათქმელი მისდევს, რომლებშიაც "ამისთანა ვაჟებს" მათი სხეულის ყოველ ასოს ასეთსავე უკადრისობას ემუქრებიან. არს. ონიანის აღწერილობით ლაშხური ადრეკილაჲ-ს ჩვეულებაც ეს არის მხოლოდ.
"მელჲაჲ ტულეფია"-ს წესი იმაში მდგომარეობს, რომ ერთ კაცს შარვალსა და პერანგის ამხანაგს მთლად ჩაჰხდიან ისე, რომ სარცხვინელნი უჩანდეს, ამ ტიტველა მამაკაცს უკან მეორე კაცი მოჰკიდებს ხელს, ამ მეორეს ამნაირადვე მესამე, მესამეს კიდევ მეოთხე და ასე რამდენიც იქნებიან. ამგვარად უკანანი წინა შიშველა კაცს ჰფარავენ. იმ შიშველა კაცს თავისი სარცხვინელნი ხელში უკავია, უკანანი კი მას უკანიდან უქაქუნებენ და თან გაიძახიან: "მელიაჲ ტულეფია, ჲოჰ-ჲოჰ!" შიშველა კაცს კი ხელში წკეპლა უჭირავს და უკანიდან მოქაქუნეებს იმ წკეპლას გადაუჭერს ხოლმე. "მელიაჲ ტულეფია"-ს მთელი ჩვეულების აღწერილობაც არს. ონიანის მონათხრობში ამით თავდება. იშლებიან თუ არა ამის შემდგომ მონაწილენი, ან თუ რჩებიან იქვე, როგორ ატარებენ დროს, ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი.
...
ქვემო სვანეთში "ადრეკილაჲ"-ს და "მელიაჲ-ტულეფიაჲ"-ს სახელითა და ველური პირველყოფილობით დაცული ეს დღესასწაული ზემო სვანეთში "საქმისაჲ"-ს სახელით არის შენახული. ჯერ კიდევ რაფ. ერისთავს ჰქონდა ამის შესახებ ცნობები 1898 წ. დაბეჭდილ შენიშვნებში მოთავსებული. ეს დღესასწაული დაწვრილებით აღწერილია ე. გაბლიანის ნაშრომში "ძველი და ახალი სვანეთი" (თბილისი, 1925 წ. გვ. 126 ― 127).
...
ონიანის აღწერილობიდან ჩანს, ლაშხეთში "მურყვამობის" დღესასწაულის დროს პირველად ადრეკილაჲს ჩვეულებას უნდა ასრულებდნენ, შემდეგ "მელიაჲ ტულეფიაჲ" მისდევს და მერმე "კჳირიაჲ"-ს შესახებ აქვს ონიანს ცნობა მოთავსებული. ნამდვილად კი ადრეკილაჲს შესახები ცნობა "მელიაჲ ტულეფია"-ს შესახებ ცნობასთან მჭიდროდ უნდა იყოს დაკავშირებული და თუმცა არს. ონიანის აღწერილობით "ადრეკილაჲ"-ს პირველი ადგილი აქვს მიკუთვნებული, "მელიაჲ ტულეფია"-ს კი მეორე, მაგრამ არსებითად და თავდაპირველად სწორედ წინა -უკმო უნდა ყოფილიყო და უ-მელიაჲ-ტულეფია-ოდ ადრეკილაჲს შესახები ცნობა სრულებით გაუგებარია და ადრეკილაჲს ფერხული და მეფერხულენიც თავდაპირველად უეჭველია "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს დღესასწაულის ერთ-ერთი ნაწილთაგანი უნდა ყოფილიყო.
...
სვანური ცნობებისა და რწმენის მიხედვით ადამიანი ვერ მიხვდება, თუ რა კავშირი უნდა ჰქონდეს მურყვამობის, ანუ ადრეკილაჲსა და მელიაჲ-ტულეფიაჲს დღესასწაულთან კჳირიაჲს დიდებასა და საგალობელს, მაგრამ თუ ფშავ-ხევსურულ რწმენას გავიხსენებთ და გვეცოდინება, რომ "წულის მომატება, ანუ შვილიერება, სწორედ კჳირიაზე" იყო დამოკიდებულიდა ხალხური რწმენით შვილის მიმცემ და საერთოდ შვილოსნობის მფარველ ღვთაებად "კჳირია" ითვლებოდა, მაშინ ადვილი გასაგები იქნება ის კავშირიც, რომელიც თავდაპირველად კჳირიაჲს დიდებასა და ადრეკილაჲს წესებს შორის უნდა არსებულიყო.
...
სქესობრივი გრძნობისა და განაყოფიერების ძალის გაღმერთება-თაყვანისცემის ამ დღესასწაულის თავდაპირველი დედააზრი საქმისაჲსა და კონკილას წყალობით იქ მკაფიოდ არის განსახიერებულ-გამოაშკარავებული, ადრეკილაჲს ფერხული და უშნო სიტყვები კი მეტად ბუნდოვანია და თავის-და-თავად და მარტოდ-მარტო გაუგებარიც იქნებოდა, სხვა ცნობებიც რომ არ გვქონოდა.ხოლო თუ ზემოსვანური საქმისაჲს და ქართლ კახური ყეენობის ჩვეულებებს ქვემოსვანური ადრეკილაჲს ფერხულს კი არა, არამედ "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს შევადარებთ, მაშინ ეს ქვემოსვანური ჩვეულება, რა თქმა უნდა, თავდაპირველი წესების საქმისაჲ -ყეენობაზე უკეთეს დამცველად უნდა მივიჩნიოთ. უეჭველია, ხის "საქმისაჲ", ან და "კონკილა", მით უმეტეს, რასაკვირველია, კანჭის ძვალი, "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს ჩვეულებაში "ადრეკილაჲ"-ს ცოცხალი განმასახიერებელ-წარმომადგენელი ტიტველი მამაკაცის მონაწილეობის პირველყოფილი წესის მხოლოდ გაკეთილშობილების მცდელობა არის, რაც უთუოდ ამ დღესასწაულის მონაწილეთა თანდათანი კულტურული დაწინაურებით წარმოშობილი მორცხვობისა და მორიდების გრძნობის ხალხის შეგნებაზე უფროდაუფრო გაძლიერებული გავლენის შედეგი უნდა იყოს.
მაგრამ რამდენადაც ბუნებრივი ხელოვნურ და სიმბოლურ მიმბაძველობაზე უფრო პირველყოფილია, იმდენადვე "მელიაჲ ტულეფიაჲ" ამ თაყვანისცემისა და დღესასწაულის საქმისაჲზე, ყეენობასა და თვით ადრეკილაჲზე უძველეს და პირველად ჩვეულებად უნდა იქნეს მიჩნეული. ამგვარად საფიქრებელია, რომ თავდაპირველად კჳირიას დღესასწაულში ადრეკილაჲ ცოცხლივ და ბუნებრივად იყო წარმოდგენილი და მხოლოდ შემდეგში ამის მაგიერ საქმისაჲ იქმნა შემოღებული, ამასთანავე ჯერ ხისაგან გაკეთებული მიმბაძველობის სახით, ხოლო შემდეგ კანჭის ძვლის საშუალებით უბრალო სიმბოლურ განსახიერებად შეიცვალა, რომ ბოლოს, როგორც ჯავახეთში, მხოლოდ სარტყელი-ღა დარჩენილიყო.
საფიქრებელია, რომ "ადრეკილაჲ"-ს ეხლანდელი ფერხული "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ში დაცული დღეობის ერთი ნაწილთაგანი, სახელდობრ მისი გაგრძელება, ან უფრო რომ მისი დასასრული უნდა იყოს. ამასთანავე ამ ფერხულის სიტყვები, რომელნიც "ამისთანა მამაკაცებს" სხვადასხვა უწმაწურ უკადრისობას უქადიან, გვაფიქრებინებს, რომ ფერხულის დაცული ნაწილის სიტყვები დამარცხებული მხარის მეთაურის გამაწბილებელ სიმღერას უნდა წარმოადგენდეს. ხოლო ამ ფერხულს პირველი და უეჭველია მთავარი სახელდობრ გამარჯვებული მხარის ადრეკილაჲს მადიდებელი, ნაწილი ამჟამად, ან დაკარგული უნდა იყოს, ან ჯერ ჩაწერილი არ არის.
ძნელი გამოსარკვევია, თუ რას უნდა ჰნიშნავდეს "მელიაჲ ტულეფიაჲ" საფიქრებელია, რომ როგორც ამ წარმართული დღესასწაულის სხვა ძირითადი სახელებივით, როგორიც "ადრეკილაჲ" და "საქმისაჲ" არის, ეს ორი სიტყვაც აგრეთვე ქართული სიტყვები იყოს, მხოლოდ დროთა განმავლობაში ძალზე დამახინჯებული.
აღსანიშნავია, რომ ჯავახეთში ყეენისათვის წელზე შემოსარტყმელს თივისგან დაგრეხილ თოკს "თულო"-ს უწოდებენ. ს. ორბელიანის სიტყვით კი "თულო ფუნდრუკია ერთი" (ლექსიკონი), ე. ი. მამაკაცთა რაღაც ცეკვა ყოფილა. ამიტომ "თულო" თავდაპირველად ამ სარტყელის სახელი არ უნდა ყოფილიყო.
ამასთანავე საბასავე სიტყვით "ტულაობა" ერთი მხრით "ფუვილით ძრვა"-ს ჰნიშნავდა და მეორე მხრით "თევზთა პეპლვა"-ს (ლექსიკ.), ე. ი. სქესობრივ კავშირს. უნებლიეთ იბადება აზრი, ქვემოსვანური "მელიაჲ ტულეფიაჲ"-ს მეორე სიტყვა "ტულეფიაჲ"-ც ხომ ამავე "ტულაობა"-სა და "თულო"-სთან, ან "ტულობა" და "თულო" ხომ "ტულეფია"-სთან არ არის დაკავშირებული? ასეთი საკითხი მით უფრო ბუნებრივად გვეჩვენება, რომ თევზების სქესობრივი განაყოფიერების აღმნიშვნელი ტერმინი "ტულაობა" "ფუვილით" მოძრაობის აღმნიშვნელი ყოფილა და "თულო"-ც მამაკაცთა რაღაც თამაშობის, ე. ი. მოძრაობის, ეგების ადრეკილაჲ-საქმისას წესებში მიღებული ფერხულის მსგავსი სარწმუნოებრივი ცეკვის სახელი იყო. იქნება მნიშვნელობას მოკლებული არ იყოს და ამ საკითხის გასაშუქებლად გამოდგეს ის გარემოებაც, რომ კლაპროტის ცნობით დაღესტნის ენებში, მაგ. აკუშურში "ტუნა", კუბაჩურში "დუნა" და ჩაჩნურ-ღლიღვურ-წოვურში "ტენ" penis-ს ჰნიშნავს. ეგების ქართულ "ტულაობა"-ც ამავე მნიშვნელობის სიტყვიდან ნაწარმოები ნასახელარი ზმნა იყოს? თუ ეს ასეა, მაშინ ჯავახური "თულოც" თავდაპირველად იმ თივის სარტყელის სახელი კი არ უნდა ყოფილიყო, რომელიც ეხლა ჯავახეთის ყეენყადის შერჩა, არამედ იმის აღმნიშვნელი იქნებოდა, რაც ამ თოკზე ეკიდა ხოლმე.
ამავე თემაზე - ზურაბ ქარუმიძე - მელია ტულეფია: foxtrot
ივანე ჯავახიშვილი - ქართველი ერის ისტორია,
პირველი ტომი, თავი მეორე - "ქართველების წარმართობა"