ზურაბ ქარუმიძე - მელია ტულეფია: foxtrot (თავი I)

ზურაბ ქარუმიძე "მელია-ტულეფიასთან" დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს პასუხობს

"მოკლედ მოვყვები საიდან დაიწყო ამ რომანზე ფიქრი და წერა, ეს ნაღდი ფაქტია: 1926 წელს საქართველოში ჩამოვიდა ამერიკელი ბიზნესმენი მეუღლითურთ და იმოგზაურა სვანეთშიც.

ეს მოგზაურობა აღწერილია კინოკამერით, ჩვიდმეტწუთიანი ფილმია, რომელიც მეც ნანახი მაქვს, ჩემს გადაცემაში - „ღამის საუბრები“ ვაჩვენეთ და ვისაუბრეთ ამ ფილმზე. მოკლედ აქედან დაიწყო ეს ყველაფერი. თავად ამ ამერიკელის მემუარებში ნახსენებია ქართველი კაცი, ვინმე შაქრო, რომელიც მე გამოვიყვანე ჩემი რომანის ცენტრალურ პერსონაჟად. გვარი შევუცვალე - შაქრო კარმელი, ცოტა ექსცენტრიული პიროვნებაა, კომიკურიც არის და ტრაგიკულიც ერთობ. რაღაც ხილვები აქვს და ა.შ.

რომანი იწყება ამ შაქროს სიზმრით და სწორედ ეს სიზმარია, რაც იწვევს გაუგებრობას და თავისებურ აგრესიასაც კი ამ რომანის მიმართ. ამ სიზმარში აღწერილია ნაყოფიერების რიტუალი - „მელია ტულეფია“, რომელიც პირველად ამოვიკითხე ივანე ჯავახიშვილის ძალიან ცნობილ ნაშრომში - ქართველთა წარმართობა, სადაც აღწერილია ეს რიტუალი, უარქაულესი რიტუალია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის დროს უკვე აღარ არსებობდა, უბრალოდ, მან სხვების მონაყოლიდან ამ რიტუალის რეკონსტრუირება მოახდინა.

შემდგომში ეთნოლოგების და ეთნოგრაფების მოსაზრებებიც გამოჩნდა, რომ ეს არის ძველი ხეთური რიტუალი, რომელიც შემორჩა სვანეთში. მოგეხსენებათ, ნაყოფიერების რიტუალი დაკავშირებულია ფალიკურ ამბებთან და ამ რიტუალში სიმბოლურად ეს ყველაფერი თამაშდება.  სწორედ ეს რიტუალი ხსნის რომანს, რომელიც ესიზმრება ამ ჩემს პერსონაჟს, იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარს სვანეთი, რაღაც გასაოცარი ენთუზიაზმი აქვს სვანეთის მიმართ და რაღაც-რაღაცეები წაუკითხავს, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის ეს წიგნიც. ასეთი ფანტასმაგორიული, სიურეალისტური სცენებით იხსნება ეს რომანი, რომელიც, როგორც ლიტერატურული ნაწარმოები ასეთ რაღაცეებს საჭიროებს, რომ მე ვაჩვენო პერსონაჟის ხასიათი, მისი სამყარო და ვიწყებ ამით.

ვიმეორებ, ეს ყველაფერი უპირველეს ყოვლისა არის ლიტერატურა, ეს არის ეთნოგრაფიის შესწავლის შედეგად აღებული მასალა. თვითონ რომანი გაჯერებულია სვანეთისადმი დიდი სიყვარულით და აღტაცებით. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა, მე ოცი წლის ვიყავი, როცა პირველად ვიმოგზაურე სვანეთში, ეს არის 1977 წელი და მას შემდეგ ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ამ კუთხის მიმართ, ჩამიყვანია ჩემი ამერიკელი კოლეგები, პროფესორები, სტუდენტები, რომლებიც ასევე აღტაცებულები ბრუნდებოდნენ იქიდან."

მელია ტულეფია: foxtrot
1. შაქრო კარმელი

დიდი შუადღე. უშგული. ლამარიას ეკლესია. სალოცავის გარშემო ზორბა სვანი კაცები ფერხულში ჩამწკრივებულან და გველისებრ კლაკნილებს მიუყვებიან: თითოეულს ხელები წინმდგომის თეძოებზე უდევს და უქაქუნებს. მოფერხულეებს პატარა ბავშვები მისდევენ, მუჭით ნაკელს ესვრიან და აფურთხებენ, თან ერთმანეთსაც აყრიან ძახილ-ძახილით: „ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!“ მთელს ამ პროცესიას წინამძღოლი კაცი ჰყავს წვერმოშვებული, გრძელცხვირა და დიდრონ თვალებიანი; გულზე თიხის ფირფიტა უკიდია, წარწერით ადრეკილა; შარვალი ჩახდილი აქვს, პერანგი აწეული; ბანჯგვლიანი ღიპი უთანთალებს, ხოლო ღიპის ქვემოდან წითელი მამლაყინწა ამოზრდია, რომელსაც ორივე ხელით ათამაშებს... „ადრეკილაც“ ქაქუნით დაიარება და ხანგამოშვებით დაიძახებს: „ა, თქვენისთანა ბალღებს, დედის სკორემც გვიჭამია, გვიჭამია, გვიჭამია! შამბალააა!“ ამაზე კიდევ დანარჩენები მიუგებენ: „მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot! მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot!” ... გვერდით თეთრთავსაფრიანი ქალები შექუჩებულან, კვარცხლბეკივით შემაღლებულ ალაგას მანაზე რამდენიმე თხა დაუბამთ და იმათ წინაშე იჩოქებენ; თხები შარდავენ, დაჩოქილი ქალები კიდევ შარდის ჭავლს პირს უხვედრებენ და დალევას ლამობენ; მლაშე შარდს რომ ყლაპავენ, თავსაფრის კიდით ტუჩებს იწმენდენ და ჩურჩულით იტყვიან: „მარილი ჩვენი მოგვეც ჩვენ, ჯიმშერ! Mon cher! ჯიმშერ! Mon cher!”... „ფუი, ლამარია! ფუი, ლამარია!“ ჟრიამულობენ ნაკელში ამოგანგლული ბავშვები... „ა, თქვენისთანა ბალღებს, დედის სკორემც გვიჭამია, გვიჭამია, გვიჭამია! შამბალააა!“ გაიძახის „ადრეკილა“... „მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot! მელიაი ტულეფიაი! Foxtrot! Foxtrot!” მღერიან მოფერხულეები... უეცრად, შიშის ჟრუანტელი დაუვლის იქაურობას მოშორებით, შხარას მთის ძირას გიგანტურ ცეცხლისფერ მელიას დალანდავენ, რომელიც ძალუმი ნახტომებით ხალხისკენ გამოქანდება: თვალები ოქროსფრად უელავს, ბროლივით ეშვებს შორის ხასხასა წითელი ენა მოუჩანს... მორბის, მოგელავს, აქეთ-იქეთ იმზირება... მერე შედგება კბილებდაკრეჭილი ქშინავს და სისინებს; არემარეს დრუნჩს შეავლებს და მფეთქავი ნესტოებით ყნოსავს... თანდათან მთელს სურათს მისი სახე გადაფარავს, უფრო და უფრო აქეთ მოიწევს, მერე კი ერთბაშად რაღაცა მუხტი დაუვლის და ამოიხავლებს: „ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ!“...

„... ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ,“ ჩაესმა ძილბურანიდან გამორკვეულ შაქრო კარმელს. ხელი საბნის ქვეშ შეაცურა და ყვერები მოიფხანა. მერე სირიც მოისინჯა ქვასავით გამაგრებოდა; ძილში დაგროვებული ენერგიით დატენილი: „ის“ უკვე ამდგარიყო! სიზმრის ლატენტიური მოქმედება, როგორც რომ იტყვის პროფესორი ფრეიდ... და კიდევ ფიზიოლოგიურის წვენთა შერევა და ურთიერთქმედება ძილის დროს; აი, რა ახდენს გაღვიძებისას ხოლმე ამ ეროტიულის ენერგიის გენერირებას, გაიფიქრა შაქრომ და გაიზმორა... გაზმორებისას სირმა „თავისაკენ მოქაჩა.“ „ადე, შაქრო, კისლავოდსკში ვართ,“ უთხრა სირმა პატრონს. არა, კისლავოდსკში არ იყო, თბილისში იყო, სერგიევის ქუჩაზე, სახლში #2 ერთოთახიან ბინაში, კომუნალური სამზარეულო და საპირფარეშო რომ აკავშირებდა სხვა მდგმურებთან ამა სოფლისა: მოხარშული კომბოსტოს ყროლი და კლასიკური ქართული ჩეჩმა, მთელი თავისი ფეკალური ატრიბუტიკით... ხოლო კისლავოდსკში ნადია იყო, ნადეჟდა დაშკოვა შაქრო კარმელის ყოფილი ხასა, რომელიც იჩემებდა, რომ კავკასიის გენერალ-გუბერნატორის, დიდი თავადის, ილარიონ ივანიჩ ვორონცოვ-დაშკოვის ნაბოლარა ქალიშვილი გახლდათ. იქ საშოვარზე იყო წასული კისლავოდსკის მთავარ კურზალში ოფიციანტად მუშაობდა. ესეც შენი მთავარგამგებლობა და გუბერნატორობა, თავისი აქსელბანტებითა და ფრეილინებით, ჰე, ჰე, ჰე... თუმცა, შაქრო კარმელიც ხომ ნათავადარია, ჩემო ბატონო, და ნააფიცრალიც პრაპორჩიკიდან ლეიტენანტამდე, და, სხვათა შორის ნადეზერტირალიც: ევროპის ომში მოუწია მცირე ხანს გარევა, თუმცა მსუბუქად რომ დაიჭრა, მოახერხა და იქაურობას თავი დააღწია, მერე კიდევ ის რევოლუციაც მოხდა და სხვა ყველაფერი... ხოლო იმ „სხვა ყველაფრის“ შედეგი კი ისაა, რომ დღეს შაქრო კარმელი ტფილისის ერთადერთი და სწორუპოვარი სატაქსო „გარრაჟის“ მუშაკია იზვოშჩიკი, ოღონდ მოტორიზებული... ასე და ამგვარად, შაქროს ბედის ტრაექტორიაც ნადიასას ეპარალელურება. მაგრამ რუსის ქალს განა რა ქალი სჯობია?! საბანი გადაიხადა და წამომდგარ სირს დახედა: დასაბამიერი, თაურმდგომი ასო, ჭეშმარიტი „ალფა,“ ხოლო ყვერები „ომეგასაებრ“ მომრგვალებულნი: ალფა და ომეგა! დასაბამი და დასასრული! ნაწილი (სირი), რომელიც მთელს (შაქროს) მოიცავს და მთელი (შაქრო), რომელიც ნაწილში (სირში) განსრულდება იდუმალის დიალექტიკით! რამეთუ იყო იგი სხვა მისი... არა ერთადერთი და მისი საკუთრება, როგორც იტყოდა მაქს შტირნერ... დილისმიერმა სექსუალურმა მუხტმა ამგვარი „ლაზღანდარობის“ იშტაზე დააყენა შაქრო. ხოლო მის ნააზრევს რუსის ქალის შიშველი ხორცები ლანდებად ედებოდა... „ეპოქის სტილი სენსუალობაშია და სენსუალობა სიტიტვლეში,“ დასძინა შაქრომ, თითქოს ვინმე ახლანდელ, ყავახანის ინტელექტუალს, ვინმე მოლაყბე „ესტეტს“ მიუგდო ეს აზრი უგულისყუროდ... მერე საწოლზე წამოჯდა და ბალიშს მიეყრდნო. ბანჯგვლიანი ბარძაყი მოიფხანა. ბარძაყიდან ჭრილობა ეღრიჯებოდა, ომიდან წამოღებული ტევტონური ფოლადის ნამსხვრევის დანატოვარი...

ამასობაში კი სირმა, როგორც დირიჟორის ჯოხმა, ერთის გზნეულის მოძრაობით, შაქროს შიგადის ორკესტრი მონუსხა და მის ტანს ხურუშის ტალღამ ისე დაუარა, როგორც რომ ბეთჰოვენის საფორტეპიანო-საკონცერტო ინტროდუქციამ! სირი კი არა, მეტალურგიული ქარხნის ახალგაზრდა ინჟინერია, სარკესთან მდგარი, ახლადგაპარსული… სირი კი არა, ტატლინის კოშკია – ძეგლი „მესამე ინტერნაციონალისა“ და ჭეშმარიტი „ჟან კრისტოფია“ რომენ როლანისა – უდახვეწილესი თხზულება! სირი, როგორც ცხენი პატმოსის კუნძულიდან, მისი ნესტოები სეისმოგრაფია ყველა მიწისძვრების; კარდუს მონოლიტი, რისხვარი მარტორქა; ხოლო მისი სუნთქვა მოდის როგორც “მალშტრემ” ედგარ პოესი, რომელზეც რემბომ მიუშვა ულაყი ჰიპოპოტამ… ეს იყო ჰამადანში: საცა ერთ ღამეს დიდმა ალექსანდრემ ათიათასს მხედარს ათიათასი ქალი მოთენთილ ბალახზე ცოლებათ გაუფინა… ცირა წარბი, წარბენილი, ცაკუთხური, წაკუზული, წაკუთხური – კუბისტური: დედა დადა გოგირდმჟავა მოთუთო და თხელი უმბო ბბადაბუბა დადა-დედა-ფუტურ-ფუჩურ-ინდუსტრია და ხევსური-ჯვაროსანი…

სწორედ ამდაგვარ, შეიძლება ითქვას, სიმბოლისტურ-ფუტურისტულ შტრიხებში იკვეთება შაქრო კარმელის დილა (1926 წლის ივნისისა), იმიტომ, რომ შაქრო კარმელი ბუნებით ხელოვანია, მეტიც – იგი არა პერსონაა, არამედ პერსონაჟი; ხოლო სულით იგი არისტოკრატია და სოციალისტი იმავდროულად, თვითმგვემი ნარცისისტი და ნეტარი მაზოხისტი, რასსისტი-კაცთმოყვარე, წარმართი მართლმადიდებელი და უკუღმართი მოწამე, დაღლილი დენდი და ლუმპენ-პროლეტარი, უპოვარი ფაშა-ეფენდი – ეფექტების მოყვარული: ჰაფიზის ვარდი პრიუდომის უკანალში! არწივი დაჭრილი და ფრთოსანი გველი, ლომი და რწყილი, ნიჭი და ყიყვი, რაღაცა შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული…


შაქრო კარმელი კაცი კი არა, დეკადანსია – დეკადანსი დროთა ნაღრძობი კავშირის წყვეტისას, როცა ლანდები თავიანთ საგნებს ჰკარგავენ! დიახ, მე ვფიქრობ, ქართული მოდერნიზმის, თბილისური ავანგარდის ჩარჩო ზედგამოჭრილია შაქრო კარმელის პორტრეტისათვის. “ცისფერყანწელნი” – ჭლექიანი სიმბოლისტები, გრაალით მსმელნი; აპოკალიფსის და სიგიჟის, ვაჟას და ვაგნერის, ნიცშეს და ქართული მითოსის სინთეზი, აზარფეშებით ჩამოტარებული. დასტურ რომ ნადიმია მთავარი ჰანგი ჩვენი ნაბეჭდი სიტყვის და ჯერ არ გათავებულან სადღეგრძელონი იმა ნადიმის. ჩვენს მხრებს ჯერ არ მოსხმიათ მელანქოლიის წამოსახამი! ხოლო აქეთა ფლანგზე კი ახმაურებულ და ენერგიულ ჯგუფად დგანან და მერე შეტევაზე გადმოდიან ახალგაზრდები – საქართველო-ფენიქსის ფრთაშესხმული ფუტურისტები: ელექტრობამ ისე ჩააქრო მთვარე, როგორც ათაშანგმა – კაცის გული; აეროპლანების წყობილი შაირი და ლოკომოტივების მუსიკა გაგვიტაცებს ახალი სიმაღლეებისკენ – ცათმბჯენების სახურავებისაკენ, სადაც რკინის კალიები დახტიან, ცეპელინთა პროჟეკტორების შუქზე; კონსტრუქტივიზმი, ნიჰილიზმი და ალკოჰოლიზმი ისე სერავენ შეშუპებულ ტვინებს და გადიდებულ ღვიძლებს, როგორც დრედნაუტები და კრეისერები სერავენ ტრანსრაციონალური წარმოსახვის ზღვას; იქ, სადღაც, შორს, საქართველო ჩვენით იწყება! თუმცა, არის ყველაფერ ამაში რაღაცა ზედაპირული: შაქრო კარმელი კაცი კი არა, სხვათა ყოფიერების კიდეზე გამოყვანილი ორნამენტია, ერთი რამ დეკორატიული პარაზიტი, ინდივიდუალური ბიო-სოციალური არშია. მისი ენერგია გარეშე მყოფთაგან მოდის, როგორც ენერგია ჭიისა, როცა მას ფეხს აჭერენ. საკუთარ ლოგინში წამომჯდარი, და სირწამომდგარი, იგი იმყოფება დიდი იმპერიის კიდეზე – იმპერიისა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაინგრა და ახლა ნელ-ნელა აღდგენას იწყებს და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მთელისა და ნაწილის თავისებურ დიალექტიკასთან გვაქვს საქმე: 1926 წლის ივნისის ამ დილას, შაქრო კარმელში თავს იყრიან რაღაცა არტისტული ილუზიები, სიმბოლიზმიან-ფუტურიზმიანად, რაღაცა “თვალღია ფანტასმაგორიები,” რომლებიც წარმომავლობენ იმდროინდელი ქართული ხელოვნებიდან საერთოდ, რომელიც, თავის მხრივ, ჩამოყალიბდა დასავლური ცივილიზაციის პერიფერიაზე, როგორც თავადვე პერიფერიული და ორნამენტული წარმონაქმნი.

„განა ოსიპ მანდელშტამმა, ამ ურიას ჭონჭოლმა, სულ რაღაც ორ წინადადებაში არ მოათავსა ჩვენი კულტურის არსი?! ისეთი ნათქვამია, გონებაში პირდაპირ ლურსმანივით ჩაგესობა კაცს…” – ეს ერთმა მდრტვინავმა ლიტერატორმა, ფსევდონიმით “ლოტრეამონ მალდორორი,” განუცხადა შაქროს, “ავეტიკას დუქნის” გაბოლილ ღრიანცელში, და ჟურნალიდან ამოხეული ფურცელიც მიაჩეჩა, საცა ქიმიური ფანქრით შემოხაზული იყო სიტყვები: “ია ბი პრიჩისლილ გრუზინსკუიუ კულტურუ კ ტიპუ კულტურ ორნომენტალნიხ. ოკაიმლიაია ოგრომნუიუ ი ზაკონჩენნუიუ ობლასტ ჩუჟოგო, ონი ვპიტივაიუტ ვ სებია გლავნიმ ობრზაომ ეგო უზორ, ვ ტო ჟე ვრემია ოჟესტოჩონნო სოპროტივლიაიას ვნუტრენნე ვრაჟდებნოი სუტი მოგუშჩესტვენნიხ სოსედნიხ ობლასტეი.” “გაგვაბითურა, ბატონო; ასეა ეს!” – დაურთო ლოტრეამონ მალდორორმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ერმილე ტუსკია გახლდათ.

„საქართველო — ცივილიზებული დასავლეთის მხრიდან აღმოსავლეთის ბოსტანში გადმოგდებული კენჭი!” – ტვინის მარცხენა ჰემისფეროში აღმოცენებული ამ მეტაფორით შაქრომ მარჯვენა ყვერი მოიფხანა, მერე ლოგინში ჩაცურდა, ხელები თავქვეშ ამოიდო, გაიზმორა და მთქნარებაც ზედ მიაყოლა. “რეჟისორის შეცდომით ხუთი საუკუნე დაიგვიანა!” შაქრო კარმელი ერთ-ერთი იმ ბურგუნდიელ რაინდთაგანის შთამომავალი გახლდათ, გურიელმა რომ დაატყვევა ბათუმთან. ეს მოხდა 1445 წელს… ბურგუნდიის დუკას – ფილიპე კეთილს – კუნძულ როდოსზე მყოფმა ჰოსპიტალიერმა რაინდებმა შველა სთხოვეს: „ოტომანები გვიტევენ, თავს გვესხმიან, გვძარცვავენ! მთელს აქაურს საქრისტიანოს ავიწროვებენ! დიადი კონსტანტინოპოლი მათი დარტყმის საფრთხის ქვეშაა! შენ შეგთხოვთ სამხედრო ძალით დაგვეხმარო, რომ ერთობლივად აღვუდგეთ ამ წინდაცვეთილ ძაღლთა თარეშს!” რომის პაპის კურთხევით და ფულით ფილიპე კეთილმა თავისი ჯვაროსნული ლაშქრობის წამოწყება განიზრახა და სამზადისს შეუდგა. ოთხი გალერა ააშენეს და ორასი რაინდი, სრული აღჭურვილობით, განაწესეს საზღვაოსნო ბრძოლებისათვის. ბურგუნდიელთა ფლოტილიას ხელმძღვანელობდნენ ფილიპეს მიერვე 1430 წელს დაარსებული „ოქროს საწმისის“ ორდენის მაგისტრები – მესირ ჟოფრუა დე ტუასი და მესირ ვალერან დე ვავრენი. პირველივე შეტაკება, რომელიც კუნძულ როდოსთან მოხდა, ბურგუნდიელთა მარცხით დასრულდა და ფლოტილიამ შავი ზღვისაკენ დაიხია. მაგრამ, ოტომანთა რამოდენიმე მცირე რეიდი იქაც დაატყდათ თავს. ბურგუნდიელთა მდგომარეობა სავალალო შეიქნა. განახევრებული ძალებით და უსახსროდ დარჩენილებმა მეკობრეობა დაიწყეს – სურსათისა და სასმელის გარდა რაინდ-მეზღვაურებს ქალებიც ესაჭიროებოდათ, ქალი კი ფული ღირდა… ფილიპე კეთილის გალერები საქართველოს სანაპიროსკენ დაიძრა. აქვე უნდა ითქვას, რომ მეკობრეობა მხოლოდ დე ტუასიმ განიზრახა, ხოლო დე ვავრენს ერთადერთი და კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა: იგი ეძებდა კოლხეთს – “ოქროს საწმისის” მიწას! ტრაპიზონელმა ბერძნებმა დე ტუასის უთხრეს: ქართველებს ნუ დაესხმი, ეგენი მუსლიმები არ გეგონოს, ქრისტიანები არიანო. მაგრამ, დე ტუასიმ არად ჩააგდო მათი ნათქვამი: “ვინაც რომის პაპს არ ემორჩილება, სქიზმატია, ხოლო სქიზმატის ძარცვა ისეთივე ღვთისსათნო საქმეა, როგორც ძარცვა ოტომანისა!” მაშინ ტრაპიზონელებმა მაცნე აფრინეს გურიელთან და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს. გურიელმაც კარგი თადარიგი დაიჭირა – მცირე ლაშქარი შეკრიბა და ბათუმთან ჩაუსაფრდა მეკობრეებს.

ნაპირზე გადმოსული ბურგუნდიელები (“ვინცხა ბრანჯები,” ანუ ფრანგები, ანუ კათოლიკეები) ხუთასამდე გადარეულმა გურულმა უბრძოლველად დაატყვევა. ბურგუნდიელთა ამ ტყვევნილებამ თითქმის ორ თვეს გასტანა, სწორედ ამდენი დრო დასჭირდა ვატიკანს და ფილიპე კეთილს, რომ ტრაპიზონის მეფე იოანე IV-ის შუამავლობით გურიელთან მოლაპარაკება ეწარმოებინა “ჯვაროსნების” გამოსაშვებად. ორი თვის თავზე, იტალიის გავლით, სამშობლოში დაბრუნებული რაინდები ახლობლებისთვის მთლად საცნაურნი აღარ იყვნენ. ვალერან დე ვავრენის ბიძა, “ასწლიანი ომის” ჟამთააღმწერელი და აჟინკურის ბრძოლის მონაწილე, ჟან დე ვავრენი წერდა, რომ ძმისწული მისი, ვალერან, მცირედი სიშლეგით იყო აღბეჭდილი, დროდადრო მამლის ყივილის მსგავს ბგერებს გამოსცემდა, თითქოს მღეროდაო, მერე კი დაბალი ხმით იმ თავისსავე “ნამღერს” ცდილობდა რომ აჰყოლოდა; განუზავებელ ღვინოს ეძალებოდა და ხელფეხის კლაკვნით აცეკვდებოდა ხოლმე, ვითომდა წმინდა ვიტუსის სენმა შეიპყროო. აღმოჩნდა, რომ იმ ორი თვის განმავლობაში, გურიელის კარზე, ისევე როგორც ყველა ალაგას, საცა “ბრანჯი ტყვეები” ჰყავდათ, იმგვარი ღვინის სმა და მღერა-შექცევა სუფევდა, რომ ბურგუნდიელებს დღე-ღამეც არეული ჰქონდათ და ზენა-ქვენაც. განსაკუთრებული პატივი, ცხადია, დე ტუასის და დე ვავრენს ერგო – ამათ თავად გურიელი მასპინძლობდა, ხოლო როდესაც გაირკვა, რომ ესენი კოლხეთის მაძებარნი და “ოქროს საწმისის” რაინდები იყვნენ, გურულ-ბურგუნდიულმა ლხინმა კიდევ უფრო მძაფრი და მხურვალე ხასიათი შეიძინა. რამოდენიმე სუფრა გონიო-აფსაროსის ციხეშიც გაიშალა, იმ ალაგას, საცა იასონმა მოჰკლა მედეას ძმა – აფსირტე. გურულებმა და ბურგუნდიელებმა ძმობაც შეჰფიცეს ერთმანეთს, ხოლო დე ტუასის ვასალი და მარჯვენა ხელი, რაინდი ჰუგო დე კარმიუ გურიელის ქალს ისე მოეწონა, რომ მამას შესთხოვა, ამ კაცს გამაყოლეო. ჰუგო დე კარმის გულშიც გაღვივდა გურიელის ქალისადმი ვნება, და ოქროს საწმისის რაინდმა მართლაც და რაინდული საქციელი ჩაიდინა – იასონის ცოდვა უნდა გამოვისყიდოო, კოლხი ხალხის წინაშე ჩადენილიო, საწმისი და ულამაზესი ქალი რომ მოგტაცათო! გურიელს ჩაესიძა და ბურგუნდიაში აღარ დაბრუნებულა.

სწორედ იმ ჰუგო დე კარმიუს და გურიელის ქალის ჩამომავალი გახლდათ შაქრო კარმელი. ამ ისტორიას შაქრო განსაკუთრებული სიამოვნებით უამბობდა ხოლმე ახლადგაცნობილ ხალხს – სუფრასთან, თუ სადმე დუქანში. მწერალი რომ ყოფილიყო, ვთქვათ, როგორც ჩვენი ავალონ იუნგარო, ანდა მერეჟკოვსკი, ამ ამბავს რომანსაც მიუძღვნიდა. მაგრამ, შაქრო შორიდან ეტრფოდა ლიტერატურას – პერიფერიიდან, თუმცა ნაკითხობას ვერ დაუწუნებდა კაცი – კლასიკა გინდა, თუ ახლანდელები; კითხულობდა, ოღონდ კითხულობდა იმგვარადვე, როგორც რომ ღვინოსა სვამდა: არ აგემოვნებდა, უბრალოდ შთანთქავდა. ცხადია, წაკითხულიდან მცირედს იხსომებდა კიდევაც, რომ მერმე ერთი-ორი რამ “ლამაზი აზრი” ეთქვა სხვათა და, განსაკუთრებით, საკუთარი თავის მოსაწონად. ფილიპე კეთილის “მცირე ჯვაროსნობის” გურული ეპიზოდი ისტორიული ფაქტია, მაგრამ აი შაქრო კარმელის დიდი წინაპარი – ბურგუნდიელი რაინდი ჰუგო დე კარმიუ – შაქროსივე ქმნილება იყო. თუმცა, შაქრო ამას არ იმჩნევდა, ისევ და ისევ რაღაც არტისტულ ილუზიებში გაფანტული გონებით… გრიგოლ რობაქიძის “ენგადი” თავიდან არ ამოსდიოდა შაქროს: ხევსურთა ხმლებზე ამოტვიფრული “A.M.D.” — “Ave Mater Dei!” რაღა თქმა უნდა, სწორედ ასე უნდა წავიკითხოთ! იმიტომ, რომ ხევსური დანაშთია რომელიღაც კულტუროსანი ხალხისა. რიჩარდ ლომგულის ჯვაროსნებიც მოსულან აქ: მისი დედის, ელეონორა აკვიტანელის სადიდებელ ლოცვას ხევსურები დღესაც ამბობენ. ხოლო რიჩარდ ლომგულის ფარზე ვეფხთან შებმული მოყმე იყო გამოსახული – ვეფხისტყაოსანი, იდუმალ სიბრძნეს განდობილი და ნაზიარები მისტაგოგი! რისთვის ჩამოვიდა “მალულად” დავით აღმაშენებელთან ბოლდუინ იერუსალიმელი – წმინდა მიწის იმდროინდელი მეფე? ეგრეთ წოდებული “გრაალისათვის” ჩამოვიდა, როგორც რომ ორი ათასზე მეტი წლით ადრე, არგონავტები ჩამოვიდნენ ეგრეთ წოდებული “საწმისისათვის”… დიახ, “გრაალის ბარძიმიცა” და “ოქროს საწმისიც” სიმვოლებია მხოლოდღა – სიმვოლები იმ საიდუმლოსი, რომელიც ქართულ ენაშია დამარხული…

ივლისის ამ დილას ასე გაღვივდა შაქროს გონებაში, “ეროტიულ სურათებთან” ერთად, ისტორიულ-მითოლოგიური ჰალუცინაციები… გარნა რა უნდა იყოს ეს საიდუმლო, რომელიც სიმვოლიურად “კირბების,” “ლაზარეს,” “გრაალის,” “ოქროს საწმისის,” “ღვთისმშობლის წილხვედრი მიწისა” და კიდევ სხვათა და სხვათა სახელით მოიხსენიება? ეს “ტემა” განსაკუთრებულ კვლევას საჭიროებს, საგანგებო გამჭრიახობით აღჭურვილ მენტალიტეტს; შესძლებს, ვთქვათ, ამგვარი კვლევა-მოძიების ჩატარებას იგივე ავალონ იუნგარო გარრი გოლენდი? შაქრო კვლავ საწოლზე წამოჯდა. ამ ღამით ისევ სვანეთი ესიზმრა: სვანეთი, თავისი მთავარი მისტერიით – მელია-ტულეფია… განა სრულიად საქართველოც მისტერია არ არის?! გეო-ორგია: მიწის ღრეობა და ჯვარი ვაზისა: ჯვარი – ტანჯვა, ვაზი – ყვავილობა! მიწაში ჩაფლული თიხის ჭურჭელი და ამ ჭურჭელში აღსრულებული მოწამეობა თეთრი გიორგისა, რომელიც არის ჭეშმარიტი დიონისო, რომელიც სილამაზისთვის ეწამა, იმიტომ რომ ადამინი სილამაზით გადარეული ცხოველია. აქამდე სწორედ მშვენიერისაკენ სწრაფვამ გადაარჩინა ეს ცხოველი, რომელსაც არც ფიზიკური ძალა აქვს, არც კლანჭი, ბრჭყალი, სისწრაფე, თუ ეშვები… მშვენიერება მზისა და მიწის იდუმალი კავშირიდან იშვის – ამ კავშირს, ამ შერწყმას ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანი ეთაყვანებოდა. ვაზი პირველადი განსხეულებაა ამ კავშირისა, ღვინო – პირველადი სუბსტანციაა მისი. საქართველო სილამაზის მისტერიაა, ხოლო სილამაზე გადაარჩენს მსოფლიოს: დოსტოევსკი.

ამიტომაცაა, რომ ქართველი ერი მგოსანია ბუნებით! სილამაზისთვის ჯვარცმული ერი ვართ – სილამაზე უპირველეს ყოვლისა! აქ ზნეობაც სილამაზის კანონებს ემორჩილება – ამორალური საქციელი ულამაზოა… ხოლო სვანეთიში პირწმინდა სილამაზის საიდუმლო ინახება – მზე და მიწა, ხურუში და თესლი, ნათელი და ბნელი, ხედვა და გზნება, აპოლონი და დიონისო, დაფარულის დაუფარაობა, სხეულყოფილი შთაგონება!.. არადა, სვანეთში არასოდეს ყოფილა შაქრო, მხოლოდ სურათებით იცნობდა – გრაფ-ფოტოგრაფ სენიორ ვიტტორიო სელლას “კამერა ობსკურადან” აღმოცემებული ხატებით… სვანეთშია ალმოდებული მაყვლოვანი, რომელიც არ იწვის – მიწის მიერ შთანთქმული მზის ნათება! მანათობელი წყვდიადი, მზიანი ღამე: საქართველო მზიანი ღამის ქვეყანაა, ხოლო სვანეთი ჰიმნია, მზიანი ღამის მიმართ ამოთქმული! დიახ, მზე თვალია, რომელიც სვანეთის მიწას, სვანეთის ლანდშაფტს კითხულობს, როგორც ტექსტს ამ ჰიმნისას: ტექსტი-ლანდშაფტი, რომელიც ჯერ ვერცერთ მოკვდავს ვერ ამოუკითხავს… ამ ტექსტის წასაკითხად მესამე თვალია საჭირო, რომელიც მზის თვალით შეხედავს მიწას… სწორედ ამ ტექსტშია კოსმიური სიბრძნე, უმალ ორფიული! უშგული, როგორც უმაღლეს ალაგას განლაგებული სოფელი, უმაღლესი წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გამავალ სამანზე, სწორედ ის ტრაპეზია, რომელზეც გადაშლილია ტექსტი-ლანშაფტი, სადაც მზის თვალი მზიანი ღამის ჰიმნს კითხულობს…

ორფიული ჰიმნი – სილამაზის საიდუმლოს განმსიტყვებელი! ო, ეს არ გახლავთ მორიგი “ფანტასმაგორია” შაქროს თავში; ეს ყველაფერი შაქრომ ერთი ღირშესანიშნავი ადამიანისგან შეიტყო, იგივე ლოტრეამონ მალდორორმა რომ გააცნო, რამოდენიმე წლის წინ, იური დეგენის “ფანტასტიურ დუქანში” – გიორგი გურჯიევი ერქვა იმ კაცს: იგი კოსმოსის მსჭვალავ საკრალურ რხევებს იკვლევდა და მერე თავისებურ ქორეოგრაფიულ მოძრაობებში გადმოჰქონდა, რასაც რომ ადამიანის ჰარმონიული განვითარების ფსიქო-ფიზიკური ძალა მოჰქონდა. მანვე, გურჯიევმა, გამოთვალა, რომ ხსენებული კოსმიური რხევების ყველაზე ინტენსიური აღქმა სწორედ უშგულშია შესაძლებელი, მეორე ასეთივე ალაგი მხოლოდ ტიბეტშია. იმხანად იგი საგანგებო ექსპედიციის მოწყობასაც კი აპირებდა სვანეთში, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობით და საზომი ხელსაწყოებით, მაგრამ არ დასცალდა – ბოლშევიკები შემოვიდნენ და გურჯიევიც გაიქცა; ამბობენ, ახლა პარიზში მოღვაწეობს და უამრავი მიმდევარი ჰყავსო… სხვათა შორის, გურჯიევმა ისიც თქვა, რომ მალე აქ დიდი სისხლი დაიღვრება, რომ მალე ჩვენს თავებს წიხლებს ჩასცემენ და თიხას მოზილავენ, რომ იმ თიხიდან ახალი ადამიანი გამოძერწონ… ორფიული მუსიკაც ხომ ცთომილთაგან გამოცემულ ბგერებს ემყარებოდა, როგორც წერდა ედუარდ შიურე… ვიტორიო სელლას ერთი ფოტოსურათი წარმოუდგა თვალწინ: უშგულში განცალკევებულად მდგარი სამი შავი მურყვამი – იმ ალაგს “ჩაჟაში” ჰქვიან; ამათგან ორი ისე დგას, როგორც გიგანტური რქები ორფეოსის გიგანტური ქნარისა; მართლაცდა რაღაცა კოსმიური ნაგებობაა, საკრალური ვიბრაციების გამტარი – გურჯიევის თვალი სწორედ ამას დაინახავდა… და ასევე – როგორც ორფევსი იზიდავდა ტყის ნადირს თავისი სიმღერით, ისე იზიდავდა საქართველო სხვა მოდგმის ხალხებს: ბერძენ არგონავტებს, შუმერებს, რომაელებს, სპარსებს, სარკინოზებს, ჯვაროსნებს, მონღოლ-თათრებს, კათოლიკე მისსიონერებს, რუსებსა და ევროპულ სოციალისტთა დელეგაციებს.

სილამაზე ჰარმონიაა განსხვავებულთა შორის, დაპირისპირებულთა შორის, შეუთავსებელთა შორის აღმოცენებული! აქ, საქართველოში იპოვის დასავლეთი თავის აღმოსავლეთს, ხოლო აღმოსავლეთი – დასავლეთს. ალბათ ეს ქვეცნობიერი აზრი ძევს იმაში, რომ სიზმრად ნანახი სვანური მისტერია “ფოქსტროტით” იყო შეზავებული: “ფოქსტროტი” – მწუხრის ქვეყნიდან წამოსული როკვა ქალ-ვაჟისა, რომელთაც წყურვილი ჰკლავთ – წყურვილი პირველყოფილისა, ანუ პირველმიწისა და პირველმზისა, და აღდგინება სქესთა დასაბამიერი ერთობისა: მზიან ღამეში რომ ეკონებოდნენ ერთმანეთს, ხოლო ტანთ არაფერი ემოსათ გარდა ვნებისა და ხურვებისა!

აქ კვლავ რუსის ქალის შიშველი ხორცები წარმოუდგა ეროტიულის სიმძაფრით: ერთხელ ნადიასთან ერთად სულ რომ გაშიშვლდნენ და “ფოქსტროტი” წაიცეკვეს, მერე ლოგინზე რომ გადაგორდნენ, ბღლარძუნ-ბღლარძუნით… და კვლავ დაუქნია შაქროს სირმა დირიჟორის ჯოხი მისი შიგადის სიმფონიურ ორკესტრს… მზის ხურუში და მზის თესლი! და ივნისის ამ დილას შაქრო კარმელმა მუჭურით დაიცხრო მოძალებული ჟინი სექსუალობისა, გვერდზე გადაბრუნდა და ისევ დაიძინა…

გამომცემლობა „სიესტა“, 2011წ.