სალმან რუშდი - ფლორენციელი ჯადოქარი

უწყლოდ არაფერს წარმოვადგენთ, - ფიქრობდა მგზავრი, - თუნდაც იმპერატორი იყავი, წყლის გარეშე უმალ მტვრად იქცევი. წყალია ნამდვილი მბრძანებელი, ჩვენ კი მისი მონები ვართ.

სიზმარში ხომ მთხრობელის პოეტური წარმოსახვა თავისუფალია, ბანალური, პროზაული ფაქტებით არ არის შებოჭილი.

შენ ფლორენციიდან ხარ და ალბათ მოგეხსენება დედამიწაზე ყველაზე დიადი ძალის - გაუტეხელი ადამიანური სულის შესახებ, იმ ლტოლვებზე, რომელთა დაკმაყოფილებას ცდილობს ასეთი სული, სილამაზის, სრულყოფილებისა და... სიყვარულისკენ მის სწრაფვაზე.

არსებობს ისეთი რამეები, რაზეც შენს სახელგანთქმულ ფილოსოფოსებსაც კი არა აქვთ წარმოდგენა. ადამიანის სულს, თუნდაც დიადსა და ამაღლებულს, აქვს ისეთი წამები, როცა მდაბიოსავით იტანჯება.

სული მაინც იტანჯება, მაინც რაღაცისკენ ილტვის მოშიებული და მოწყურებული. თითქოს მეფე იყოს, რომელსაც გამუდმებით შემოჭრით ემუქრებიან მტრები, ისეთები, როგორიცაა, მაგალითად, შიში და შფოთვა, მარტოობა და გაურკვევლობა, უცნაური, დაუჯერებელი სიამაყე და ველური, დათრგუნული სირცხვილი. სული მოცულია საიდუმლოებებით, საიდუმლოებები ღრღნიან მას გამუდმებით, საიდუმლოებები აოხრებენ მის სამეფოს და საბოლოოდ აცამტვერებენ მას.

დიადი ქალაქების უმრავლესობა მარადიული ქალაქის შთაბეჭდილებას დაარსების დღიდანვე ტოვებს.

ჰაერი შეშინებულ მონასავით თრთოდა, საზღვარი კი ჯანსაღ აზრსა და ბოდვას, რეალობას და წარმოსახვას შორის ლამის იშლებოდა.

“იმდენი იხმაურეთ, რამდენიც გსურთ, ხალხო! რამეთუ ყვირილი სიცოცხლეა და ხმაურის სიჭარბე იმის ნიშანია, რომ ცხოვრება კარგი რამაა. ჩუმად ყოფნას მაშინაც მოვასწრებთ, როცა დავიხოცებით”.

თითოეული ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა “მეებით” სავსე ტომარა, სწორედ ისე, როგორც თვითონ ის. მაშინ გამოდის, რომ მმართველსა და ქვეშევრდომებს შორის არსებითი განსხვავება არ ყოფილა?

შესაძლოა, სწორედ ეს შიშველი, განზე მდგომი “მე” არის დამარხული ურიცხვი “ჩვენით” გადაჭედილი სამყაროს ქვეშ.


შეიძლება ეს ძალიან პატარა სიტყვაა ყველაზე აღმგზნები სიტყვა ენაში - “მე”.

ისტორიაში არაფერი მეორდება. ისტორია წინ მიდის და ადამიანსაც აქვს უნარი, შეიცვალოს.

გაბრაზებული მეფე იმ ღმერთს ჰგავს, რომელიც შეცდომებს უშვებს.

როცა ადამიანს სურს, გული მოიოხოს და შეიგინოს, ამას ყოველთვის მშობლიურ ენაზე აკეთებს.

ყველა ნამდვილ მორწმუნეს საფუძვლიანი არგუმენტები აქვს საიმისოდ, რომ არც ერთი ღმერთი არ სწამდეს საკუთარის გარდა. და სწორედ ეს საფუძვლიანი არგუმენტები მაძლევენ უფლებას ვამტკიცო, რომ არავითარი ღმერთები არ არსებობენ.

ფანტაზიის რეალობად ქცევა ღმერთების უფლების უზურპაციაა და უბრალო მოკვდავის ძალებს აღემატება.

… მათი მეფეები ველურები იყვნენ, მათ თავიანთი ღმერთი ხეზე მიაჭედეს. რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთ სასაცილო ხალხთან?

თუკი ღმერთი თავის მიერვე შექმნილ ადამიანს ზურგს შეაქცევს, ადამიანი უბრალოდ არსებობას შეწყვეტს?

ქალის სხეული ტკბილ სიზმრებს იწვევს.

როგორც ცნობილია, დიდგვაროვნები და ღვთისმსახურები, რომელთაც დღეს იმპერატორი სწყალობთ, ხვალ შეიძლება შერისხულნი აღმოჩნდნენ.

ყველა მმართველი ძალაუფლების საფასურს იმით იხდის, რომ მის ცხოვრებაში სიურპრიზები არ ხდება.

იდეები ზღვის მოქცევას თუ მთვარის ფაზებს ჰგავს. როცა მათი დრო დგება, ისინი ჩნდებიან, იზრდებიან და ძალას იკრებენ, ხოლო როცა დიდი ბორბალი დატრიალდება, სუსტდებიან, მიიქცევიან და საერთოდ ქრებიან.

სურდა გაერკვია, რატომ უნდა ყოფილიყო ადამიანი ამა თუ იმ რელიგიის მიმდევარი არა ამ რწმენის ჭეშმარიტების მიხედვით, არამედ იმიტომ, რომ მისი წინაპრები ამ რელიგიის მიმდევრები იყვნენ. იქნებ რელიგია უბრალოდ ოჯახური ტრადიციაა? შესაძლოა ჭეშმარიტი რელიგია არც არსებობდა და იყო მხოლოდ მემკვიდრეობითობა, თაობიდან თაობას კი, არა მხოლოდ ღირსებები, არამედ შეცდომებიც შეიძლება გადაეცეს. იქნებ რელიგია მხოლოდ ჩვენი წინაპრების შეცდომაა?

უნდოდა, თავისი ეჭვი ვინმესთვის გაეზიარებინა, ეთქვა, რომ ადამიანებმა შექმნეს ღმერთი და არა პირიქით. ეთქვა, რომ სწორედ ადამიანია ყველაფრის თავი და თავი და არა ღმერთი. ადამიანია ცენტრში, ზემოთ და ქვემოთ, წინ და უკან, ის არის ანგელოზიც და ეშმაკიც, სასწაულიც და ცოდვაც, ადამიანი და მხოლოდ ადამიანი, ამის გამო ამიერიდან მხოლოდ ისეთი ტაძრები უნდა აიგოს, რომელშიც ადამიანთა მოდგმას სცემენ თაყვანს. ადამიანის თაყვანისცემის რელიგია - აი, ასეთი რელიგიის დაფუძნება იყო მისი ყველაზე სანუკვარი და კადნიერი ოცნება.

თუ ღმერთი ადამიანმა შექმნა, მაშინ მას მისი დამხობაც შეეძლო.

ახარხარდა ის მეტისმეტად ხმამაღლა, ვულგარულად, როგორც იცინიან დასავლელი ადამიანები, როცა საკუთარ უპირატესობაში არიან დარწმუნებულნი, ყველაფრის, მათ შორის, სიცილის მათეული მანერის უპირატესობაში.

ის, რომ მას ბევრი სდებს ბრალს, არაფერს ამტკიცებს, არამზადა ხომ ბევრიც შეიძლება იყოს.

ექო შეიძლება საპირისპირო მიმართულებით გავრცელდეს, მონა გოგონა შეიძლება ხანდახან თავისი ქალბატონის მბრძანებლად იქცეს. ისტორია შესაძლოა არა მხოლოდ ქვემოდან ზემოთ აცოცდეს, არამედ ზემოდან ქვემოთაც დაეშვას. ხელისუფლება შეიძლება უპოვართა გოდებამ დააყრუოს.

შესაძლოა ადამიანთა მოდგმის წყევლა ის კი არ იყოს, რომ ჩვენ ერთმანეთისგან განვსხვავდებით, არამედ ის, რომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს.

წარმოიდგინეთ კოცნისთვის მზადმყოფი ქალის ნახევრად ღია ბაგეები, ასეთია ფლორენცია - კიდეებში ვიწრო, ცენტრისკენ კი ფართო და მათ შორის მიედინება მდინარე არგო, ბაგეებს რომ ერთმანეთისგან ყოფს - ზედა და ქვედა ნაწილად. ეს მაგიური ქალაქია. გაკოცებს და შენი საქმე წასულია, გინდ რიგითი მოქალაქე იყავი, გინდ მეფე.

საინტერესოა, რას გრძნობს ადამიანი სხვა ადამიანებს შორის? როცა მარტო ყოფნას ვეღარ ახერხებს, უახლოვდება თუ შორდება თავს? როგორ მოქმედებს მასზე მასა - აძლიერებს მის თავისთავადობას თუ უგულებელყოფს მას?

ქალი უკვე დიდი ხანია სრულყოფილად დაუფლებოდა ხელოვნებას, ეხილა მხოლოდ ის, რაც სურდა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო, თუ გსურდა სამყაროს ბატონ პატრონი გამხდარიყავი და არა მისი მსხვერპლი.

“ყველა კაცი ცრუობს, როცა მეძავებზე ჩამოვარდება სიტყვა”.

მიზანი ამართლებს საშუალებას, - უპასუხა არგალიამ, გაახსენდა, როგორ უყვარდა ამ ფრაზის წარმოთქმა ილ მაკიას, როცა სამი მეგობარი მიუწვდომელი ქალის დასაპყრობად მანდრაგორას გამოყენების ეთიკურ მხარეზე საუბრობდა.

... ოთხი გიგანტიც ჰყავდა მცველად - შვეიცარიელები, რომლებიც მონების ბაზარზე იყიდა ტანჟერში - ოტო, ბოტო, კლოტო და დარტანიანი.

“როცა ახალი მმართველი იღებს ხელში ძალაუფლებას, ყველაზე მკაცრი ზომების გატარებით უნდა დაიწყოს, რათა ყოველი შემდეგი გადაწყვეტილება ხალხმა ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებად აღიქვას”.

დამხობილი ღმერთი ღმერთი აღარ არის.

ადამიანს, რომელსაც ვეზირის მოკვლა შეუძლია, მეფის მოკვლაზეც არ აუკანკალდება ხელი.

როცა საქმე ძალაუფლებაზე მიდგება, ადამიანები სულელდებიან.

ბრბო თავის შეწუხებად არ ღირს, მისთვის ხომ მხოლოდ ტირანებია მნიშვნელოვანი და აუცილებელი.

ფლორენციაში ჯადოქრები არ წარმოედგინათ, როგორც მახინჯი ბებრუხანები და კუდიანები. აქ მათზე ფიქრობდნენ, როგორც მშვენიერ ქალებზე გაშლილი თმებით, რაც გარყვნილების სიმბოლოდ აღიქმებოდა.

“არავითარი აღმოსავლური სიბრძნე არ არსებობს. ხალხი აღმოსავლეთშიც ისეთივე შტერია, როგორიც დასავლეთში”.

მოუთმენლობა ხომ საერთოდ ბრბოს ბუნებაშია.

როცა ბრბო ჯარის შიშს კარგავს, სამყარო იცვლება.

“ყველაზე სამარცხვინოა იმ ადამიანების ხელით სიკვდილი, რომლებსაც ოდესღაც მეთაურობდი“.

რა კარგია, რომ ბრბოს ტვინი არა აქვს.

ადამიანებს, თითქოს კოშმარული სიზმრის შემდეგ გაიღვიძესო, მოკვლის სურვილი გაუქრათ. ისინი გონს მოეგნენ. ეს უკვე გაავებული ბრბო კი აღარ იყო, არამედ მოქალაქეების კრებული.

მაგიის კანონების წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლებოდა. თუ ქალმა მიგატოვა, ესე იგი მისი მონუსხვა ვერ მოახერხე, ან სხვას უფრო მეტი მაგიური ძალა აღმოაჩნდა, ან ვიღაცამ დაწყევლა თქვენი ქორწინება.

ღმერთს სწორედ იმას საყვედურობდა, რომ მისდამი რწმენა ადამიანს საკუთარი თავის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებას ართმევს.

რელიგიას შეიძლება სახე შეუცვალო, მისი რეფორმა მოახდინო და საერთოდ მის გარეშეც კი იცხოვრო, მაგრამ მაგიას ვერაფერს მოუხერხებ.

მეფეთა მოდგმის შურისგებამ საზღვარი არ იცის.

იყო მმართველი, სწორედ იმას ნიშნავს, შეგეძლოს შეეგუო ცვლილებებს და შენც შეიცვალო, როცა ეს აუცილებელია. და რამდენადაც მმართველი ადამიანური არსით არაფრით განსხვავდება არც ერთი ქვეშევრდომისგან და მხოლოდ განგების ნებითაა თავის მსგავსებზე ამაღლებული, თითქმის ღვთაებრივის რანგში აყვანილი, ცვლილების უნარი ზოგადად ადამიანის არსებობის აუცილებელი პირობაა.


ნიკოლო მაკიაველი

ილ მაკიამ მთელი ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება ერთ პატარა წიგნში ჩადო, რომელსაც იმის იმედად წერდა, რომ სასახლის კარის კეთილგანწყობას დაიბრუნებდა. ეს იყო ერთგვარი სახელმძღვანელო მმართველისათვის, მაგრამ წიგნი იმდენად პირქუში გამოუვიდა, თვითონვე დაეჭვდა, შეიძლება არ მოეწონოთო. და მაინც, მასში კიაფობდა იმედი, რომ ბრძნული აზრები უფრო დაფასდებოდა, ვიდრე პრიმიტიული, გამჭრიახობას მეტი ფასი დაედებოდა, ვიდრე ლიქნსა და პირფერობას. თავისი ხელით გადაწერილი წიგნი ჯულიანო მედიჩის მიუძღვნა, ხოლო როცა ჰერცოგი გარდაიცვალა, ის ხელმეორედ გადაწერა და ლორენცოს მიუძღვნა.

ამბობდნენ, როცა მაკიაველის წიგნი გაუწოდეს, ლორენცომ ზიზღით გაიცინა, ის გვერდით მოისროლა და სარკასტულად თქვა: “ნუთუ ამ არარაობას ჰგონია, რომ შეუძლია მმართველს ასწავლოს, როგორ უნდა მართოს? ალბათ სულ ზეპირად უნდა ვისწავლო, ხომ?” და როცა პირფერული სიცილი მიწყნარ და, დასძინა: “ერთ რამეში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ: თუკი ნიკოლო მაკიაველის ოდესმე ვინმე გაიხსენებს, გაიხსენებენ როგორც კომედიანტს და არა როგორც მოაზროვნეს”.

ნიკოლოს რამდენიმე თვე კიდევ იმედი ჰქონდა, პასუხს მომწერენო. როცა ნათელი გახდა, რომ არ უპასუხებდნენ, მისმა სულიერმა მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო გაუარესება. რაც შეეხება პატარა წიგნს, ნიკოლომ ის გვერდზე გადადო და აღარასდროს უცდია გამოექვეყნებინა.


სანდრო ბოტიჩელი

სანდრო ბოტიჩელი - ვენერას დაბადება
მხატვარმა ალესანდრო ფილიპეპიმ სიმონეტა მრავალჯერ დახატა, სიკვდილამდეც და სიკვდილის შემდეგაც. დახატა ჩაცმულიც და შიშველიც, გაზაფხულისა თუ ქალღმერთი ვენერას, და თვითონ მისი სახითაც. პოზირებისას ქალი ალესანდროს “ჩემს პატარა კასრს” ეძახდა, რადგან იგი ყოველთვის მის უფროს ძმაში ერეოდა, რომელსაც სხეულის მრგვალი ფორმების გამო ხალხი მართლა ბოტიჩელის, ანუ “პატარა კასრს” ეძახდა. უმცროს ფილიპეპის კი კასრს არაფერი უგავდა, მაგრამ რადგან სიმონეტას ასე სურდა, წინააღმდეგი არ იყო და მალე შერქმეულ მეტსახელზე - ბოტიჩელიზე გამოხმაურება დაიწყო.

"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა"