ალენ გინზბერგი - უილიამ ს. ბეროუზი და ჯანქი
ბილ ბეროუზი 1944 წლის შობას გავიცანი და 50-იანი წლების დასაწყისიდან ხშირად ვწერდით ერთმანეთს. ყოველთვის პატივს ვცემდი მას, როგორც ჩემზე უფროსსა და ჭკვიანს, და ახლობლობის პირველ წლებში ძალიან მიკვირდა, რომ თვითონაც პატივისცემით მპასუხობდა.
დროთა განმავლობაში ჩვენი მდგომარეობა შეიცვალა: მე ცოტა ხნით საგიჟეთში სრულიად მარტო აღმოვჩნდი, ის ბევრს მოგზაურობდა და პირად ტრაგედიებს უმკლავდებოდა. ბოლოს, მისმა მორიდებულობამ გამათამამა და შევაგულიანე, პროზას უფრო გაბედულად შესჭიდებოდა. იმ დროისთვის მე და კერუაკი თავს უკვე მწერლებად და პოეტებად მივიჩნევდით, ხოლო ბილი მეტისმეტად მორცხვი იყო, საკუთარი თავის ასეთი ექსტრავაგანტური აფიშირება რომ მოეხდინა. მიუხედავად ამისა, ჩემი წერილის პასუხად „ჯანქის“ რამდენიმე თავი გამომიგზავნა. ვფიქრობ, „ჯანქი“ თავიდან სკეტჩად უფრო იყო ჩაფიქრებული, მაგრამ თანდათან - ჩემდა გასაოცრად - ოსტატურად გადააქცია რომანად, რომელიც გარკვეულ თემას ეხებოდა. ხელნაწერის დიდი ნაწილი ფოსტით გამომიგზავნა. მის ფოსტად ნიუ-ჯერსის შტატში, პეტერსონში ვიღებდი. ადრე რომ მეგონა, ვამხნევებ-მეთქი, ახლა მგონია, რომ პირიქით ხდებოდა; სწორედ ბილი მამხნევებდა და ცდილობდა, გარე სამყაროსთან აქტიური კავშირი არ გამეწყვიტა: ჯერ იყო ჰიპობის გამო კანონთან შექმნილმა პრობლემებმა რვა თვით ფსიქიატრიულ კლინიკაში ამომაყოფინა თავი, იქიდან გამოწერის შემდეგ კი მშობლების სახლში ვლპებოდი.
ეს ყველაფერი თითქმის მეოთხედი საუკუნის წინ მოხდა და ჩვენი მიმოწერის ზუსტი შინაარსი წესიერად აღარ მახსოვს. არადა, მიმოწერა მრავალ წელს გრძელდებოდა აშშ-ის ერთი სანაპიროდან მეორემდე, კონტინენტიდან კონტინენტამდე და სწორედ ასე შევადგინეთ არა მხოლოდ „ჯანქი“, არამედ „იახეს წერილები“, „პეტერასტი“ (ჯერაც გამოუქვეყნებელი) და „შიშველი ლანჩის“ უდიდესი ნაწილი. სამწუხაროდ, ბეროუზმა თითქმის მთლიანად გაანადგურა 50-იანი წლების პირადი ეპისტოლარული არქივი, რადგან ასეთი ინტიმური და სათუთი წერილების გასაჯაროება არ სჩვევია. ამგვარად, სხვა მხრივ უჩინარი ინსპექტორი ლის მომხიბვლელი ასპექტები ბელეტრისტიკის ფარდამ დაფარა.
დასრულებული ხელნაწერი კოლეჯისა და ფსიქიატრიული კლინიკის რამდენიმე ნაცნობს ვაჩვენე, მათ, ვისაც უკვე თავი დაემკვიდრებინა საგამომცემლო საქმეში. არ დაგიმალავთ, მეც მქონდა ასეთი დაუკმაყოფილებელი ამბიცია. ამგვარად, ყოველდღიური საქმეებისთვის გამოუსადეგარმა, თავი საიდუმლო ლიტერატურულ აგენტად წარმოვიდგინე. ჯეისონ ეპსტაინმა მისტერ ბეროუზის „ჯანქი“ წაიკითხა და დაასკვნა, ეს რომ უინსტონ ჩერჩილს დაეწერა, საინტერესო იქნებოდა; თუმცა, რადგან ბეროუზის პროზა „არაფრით გამოირჩევა“ (მახსოვს ამის გამო ბევრი ვიკამათეთ „დაბლდეის“ კაბინეტში, მაგრამ გარს შემორტყმულმა სინამდვილემ, ავისმომასწავებლად ინტელიგენტი რედაქტორების იპრიტმა, ჩემმა პარანოიამ თუ ნიუ-იორკის ბიზნესშენობების მდუმარებას მიუჩვევლობამ დამაბნია და თავბრუ დამახვია), წიგნის გამოცემა არ ღირსო. ბეროუზის ხელნაწერში მხატვრული ღირებულება ვერ აღმოაჩინა ვერც ლუის სიმფსონმა, რომელიც ბობზ-მერილში ნერვულ აშლილობას მკურნალობდა.
საბედნიეროდ, ნიუ-იორკის შტატის ფსიქიატრიულ ინსტიტუტში კარლ სოლომონს შევხვდი. სოლომონი ბიძასთან, მისტერ აარონ ა. ვინთან მუშაობდა გამომცემლობა „ეის ბუქსში“. მას კარგი იუმორის გრძნობა და ლიტერატურული გემოვნება ჰქონდა, თუმცა დადაისტური, ლეტრისტული და პარანოიკულ-კრიტიკული ლიტერატურული ექსტრავაგანტურობისგან გამოკეთების გზაზე მდგარი სოლომონი, სინფსონის მსგავსად, კრიმინალი და მაწანწალა ბეროუზისა და კერუაკის რომანტიზმით არ მოიხიბლა (იმ დროს მეც კი უბრალო ებრაელი ბიჭი ვიყავი, წესიერად საშუალო ფენასაც არ ვეკუთვნოდი და გულდასმით შესწორებულ და დახვეწილ, რითმიან მეტაფიზიკურ ლექსებს ვწერდი). ამ წიგნებში ცხადად იკვეთებოდა იდენტობის კრიზისი, რომელიც მთელი აშშ-ისთვის ნერვულ აშლილობას მოასწავებდა. თანაც „ეის ბუქსის“ რბილყდიანი გამოცემები კომერციული პროექტი იყო და სოლომონის ბიძა იშვიათად ხუჭავდა თვალს იმ ფრანგულ სასიყვარულო ნოველებსა და კრიმინალურ რომანებზე, რომლებსაც კარლი ხელის კანკალით ამატებდა გამოსაცემი წიგნების სიას.
რედაქტორ სოლომონის აზრით, ჩვენ (ანუ მე, ბილსა და ჯეკს) სულ არ გვადარდებდა ის პარანოია, რაც ასეთი ტექსტის გამოცემას მოჰყვებოდა. ის ჩვენზე რთულ ვითარებაში იყო; ოჯახური თუ ფსიქიკური მდგომარეობის, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და ბიძის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულების გამო (ბიძა კარლ სოლომონს ფსიქიკურად ავადმყოფად თვლიდა), „მსგავსი რამისთვის“, ანუ „ჯანქის“ წიგნად გამოსაცემად და კერუაკისთვის პროზაული ნაწარმოებისთვის ავანსის სახით 250 აშშ დოლარის მისაცემად, დიდი გამბედაობის გამოჩენა დასჭირდა. „კინაღამ გავაფრინე... მასალაზე მუშაობისას უფრო და უფრო მიპყრობდა შიში და მღელვარება“, - იხსენებდა სოლომონი.
იმ დროს არსებობდა საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი თუ ცრურწმენა, რომ თუ ავტობუსში ან მეტროში პლანს ახსენებდი, დაგაპატიმრებდნენ და არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ მხოლოდ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ლაპარაკობდი (ნარკოტიკების ბიუროს მიერ კულტივირებული პარანოიის ვიბრაციები დღესაც იგრძნობა). ნარკოტიკებზე ლაპარაკი კანონით იკრძალებოდა. ათი წლის შემდეგაც ნაციონალურ სატელევიზიო არხზე კანონის განხილვას არ დაგაცდიდნენ, რამდენიმე კვირაში ნარკოტიკების ბიუროსა და კავშირგაბმულობის ფედერალურ სამსახურს წინასწარ ჩაწერილი ვიდეოკლიპებით რომ არ დაეგმოთ დებატები. დღეს ეს ყველაფერი ისტორიაა, თუმცა შიში და მღელვარება, რომელსაც სოლომონი ახსენებს, ისეთი რეალური იყო, რომ იაფფასიანი წიგნების საგამომცემლო ბიზნესშიც გაედგა ფეხი და თუ წიგნი დაიბეჭდებოდა, ტექსტს თან ათასგვარი განცხადება თუ კომენტარი უნდა დართვოდა, რათა გამომცემელი ავტორთან კრიმინალურად არ დაეკავშირებინათ ან იმ პერიოდში ნარკოტიკების ბიუროს ტყვეობაში მყოფი „ავტორიტეტული სამედიცინო ორგანოებისთვის“ (20000 ექიმი დაადანაშაულეს ნარკომანის მკურნალობის მცდელობაში; ათასობით მათგანი დააჯარიმეს და დააპატიმრეს 1935-1953 წლების „ექიმების ომში“ - ასეთი სახელი შეარქვა იმ მოვლენებს ნიუ-იორკის ოლქის სამედიცინო ასოციაციამ) სრულიად მიუღებელ ავტორისეულ ახირებულ და თამამ მოსაზრებებს საზოგადოება შეცდომაში არ შეეყვანა.
არადა, საქმე მარტივადაა, ორგანიზებულ კრიმინალთან შეკრული ნარკოტიკების ბიურო ნარკოტიკების იატაკქვეშა გასაღებით იყო დაკავებული და ნაცვლად იმისა, რომ მათთვის ემკურნალა, საზოგადოებაში მითებს ავრცელებდა, ნარკომანები „კრიმინალები“ არიანო. მიზანი ცხადი იყო: სიხარბე, ხელფასი, შანტაჟი და უკანონო შემოსავლებ მოქალაქეთა იმ ფენის ხარჯზე, რომელსაც პრესა და პოლიცია „მტერს“ უწოდებდა. პოლიციისა და ნარკოსინდიკატის ურთიერთობის შესახებ 1970-იანი წლების დასაწყისიდან არა ერთი ოფიციალური მოხსენება თუ წიგნი დაუწერიათ (განსაკუთრებით ცნობილია 1972 წლის „ნიუ-იორკის კნაპის კომისიის მოხსენება“ და ელ მაკკოის „ოპიუმის პოლიტიკა ინდოჩინეთში“).
რადგან წიგნის მთავარი თემა ერთობ ექსტრავაგანტური იყო, ბეროუზს პროლოგის დაწერა სთხოვეს. მას უნდა მიეთითებინა, რომ წარმოშობით წარჩინებული ოჯახიდან იყო (ამიტომ ფსევდონიმად უილიამ ლი აირჩია) და თან ისიც აეხსნა, როგორ იქცა ასეთი კარგი ოჯახიშვილი ნარკომანად, რათა მკითხველები, ცენზორები, რეცენზენტები, პოლიცია, კრიტიკოსები და გამომცემლები და, ღმერთმა უწყის, კიდევ ვინ, ტექსტს ზედმეტად არ დაეზაფრა. კარლ სოლომონმა გამომცემლობის სახელით შემგონებლური წინათქმა დაწერა. კარლ სოლომონი, ალბათ, მართლაც კეთილგონივრულად მოიქცა. მაგალითად, ერთი ტეხასური სასოფლო-სამეურნეო ასოციაცია სწორედ მან ამოიღო ტექსტიდან, რადგან ამ მკაცრი, სალიტერატურო ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ნაწარმოებისთვის შეუფერებლად მიიჩნია. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რომელიმე ფაქტსა თუ მოსაზრებაზე უილიამ ლის მიერ გაკეთებულ სამედიცინო-პოლიტიკურ განცხადებებს წინადადების გასწვრივ ფრჩხილებში რედაქტორის კომენტარიც ერთვოდა.
როგორც ლიტერატურული აგენტი, ხელშეკრულებაში ყველა ამ პირობის ჩადებას დავთანხმდი და ბეროუზს ავანსის სახით 800 აშშ დოლარი გადავეცი. „ჯანქი“ 100 000-იანი ტირაჟით გამოიცა და ნარკოტიკების ბიუროს ყოფილი აგენტის მიერ ნარკოტიკების თემაზე დაწერილ სხვა წიგნთან ერთად იყიდებოდა.
უბადრუკი პაკეტია, ვერაფერს იტყვი; მეორე მხრივ, თუ ჩვენს გულუბრყვილობასაც გავითვალისწინებთ, ნამდვილი სასწაული მოხდა, რომ წიგნი გამოიცა და მომდევნო ათ წელიწადში ლიტერატურის მილიონმა მოყვარულმა წაიკითხა. მკითხველს მოეწონა ავტორისეული ცხადი აღქმა მოვლენებისა და ფაქტებისა, მისი გასაგები, შეულამაზებელი ენა, ნათელი სინტაქსი და მხატვრული სახეები; ბიუროკრატიისა და კანონისადმი კულტურულ-რევოლუციური დამოკიდებულება და სტოიკური ცივი იუმორით აღწერილი კრიმინალი.
ნიუ-იორკი, 1976 წლის 19 სექტემბერი
მთარმგნელი - ნიკა სამუშია
გამომცემლობა „დიოგენე“, 2013