ჯანრი კაშია - გველის-მჭამელი

1966 წელს ვწერდი: ვაჟა-ფშაველა ქართული ფენომენია. სახიერი არსება მისი ეროვნული შესაქმისა ქართული სულის ყოფიერებაში სუფევს. ვაჟა-ფშაველა არაოდენ ლიტერატურული მოვლენაა ქართული კულტურისა, არამედ, და არსებითად, თავად შემოქმედია მისი და გამაცხადებელი ქართული კოსმოგენიური პრინციპისა. ვაჟა-ფშაველა ქართული კულტურის წიაღში პოვებს თავის ბუნებრივ ალაგს და იმდენადვე არსდება იქ-და-მისით, რამდენადაც აარსებს მას, ვითარცა ქართული ყანის გუთნის-დედა.

ვაჟა-ფშაველას საშესაქმო არსებობის კოსმოგენიური ენერგია რუსთველურია, ანუ - გიორგიული. ვაჟას პოეზია საფუძველდებულია ქართულ რელიგიურ ინტუიციაში გაცხადებული ყოფიერების პირველსახით და მას ასახიერებს. იგი პირველსახე, ერთჯერადის გაფორმებული გიორგიელთა მიერ, რუსთაველმა გაასახიერა „ვეფხვისტყაოსანი“-თ, გაასრულა რა ქართული კულტურის გიორგიული შესაქმე.

რუსთველი და „ვეფხვისტყაოსანი“ ქართული კულტურის გიორგიული მითია: მისი არსი და ფორმა, მისი ყოფიერ შემოქმედი შესაქმის „ნამდვილი ამბავი“. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ჯადო სწორედ ამ მითებრივ არსებაშია საგულვებელი. ამ თვალსაზრისით, ვაჟას შემოქმედება, ვითარცა ერთი ქმნილება გენიისა, პიროვნებისა, ახალი გასრულებაა ქართული კულტურის გიორგიული შესაქმისა; ოღონდ: ისტორიულ ჟამთა სვლაში ფერფლწაყრილი, ჩამარხული არსება ამ კულტურისა ნებამოშვებული, მოდუნებული ყოფის წიაღიდან, ითხოვდა გამოხსნას - „ახალი გასრულება“ ქართული კულტურის შესაქმისა ამ გამოხსნას გულისხმობს ჯერ, ვაჟა-ფშაველა - ის მპოვნელია „ობოლი მარგალიტისა“, ვისი პიროვნული თავგანწირვა ახალ ენერგიას და იმპულსს აძლევს ერს, ვითარცა კულტურის შემოქმედსა-და-მფლობელს.


მითებრივი არსება გამოყოფს ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთაგან პოემას „გველის-მჭამელი“, რომელიც ქართველი ერისა და ქართული კულტურის მითურქმნილი ისტორიაა, ანუ პიროვნებაში გასახიერებული ერის სულიერი ყოფის და, ამავე დროს, თვით ვაჟას პიროვნული ყოფის ტრაგიკული ისტორია არის. „გველის-მჭამელში“, როგორც მითურქმნილ პოემაში, ერთდროულად კიდეც იქმნება მითებრივად რეალობა, და კიდეც გამოიხატება იგი პოეტურად; ანუ სიტყვა არის კიდეც სახლი შესაქმისა, რომელში და რომლითაც არსდება ყოფიერება და მხოლოდღა ნიშანია ყოფიერებისა, რომელიც ცხადყოფს ამა ყოფიერებას. ამგვარი „ორბუნებოვანება“ „გველის-მჭამელისა“ მიზეზია დაუშრეტელი ინტერესისა, რომელიც მაჯადოებელი ძალისხმევით გვიზიდავს თვალმიუწვდენელ სიღრმე-სიმაღლეთა სახილველად“, ახლა მსურს დავუმატო:


ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში ქართულმა ენამ გაგვიხსნა ყოფიერების არსებობის მითოსური შესაქმის საიდუმლო დაყოფიერების პირველსახე დაგვანახა. ამ პირველსახის ხილვით გამოწვეული ჭაბუკური აღფრთოვანება დაედო საფუძვლად წინამდებარე შრომას, რომლის პირველი „თვითგამოცემითი“ პირი 1964-66 წლებში იხილა მეგობართა უვიწროესმა წრემ.


წიგნს ახლდა პატარა კრებული ვაჟას შესახებ გამოთქმული აზრებისა, რადგან კრიტიკოსთა კრიტიკა ჩემს მიზანს არ წარმოადგენდა. მკითხველს ეძლეოდა საშუალება, თავად ეფიქრა იმაზე, რაც თქმულა ვაჟაზე ან, საკუთრივ, „გველის-მჭამელზე“ და შეედარებინა იმასთან, რასაც ვთავაზობდი. ცხადია, ეს სრულიადაც არ ნიშნავდა უპატივცემულობას ამ ქართველ მოაზროვნეთადმი, რომელთაგან ზოგი თავგანწირვით იცავდა ვაჟას მაშინაც კი, როდესაც ვაჟას სახელის ხსენება საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე ხელისმოწერა იყო (მაგალითად, გრიგოლ კიკნაძე...). ამის დავიწყება და არდაფასება არშეიძლებოდა და არ შეიძლება („ჯერ ისწავლეთ მადლობის თქმა დაშემდეგ შეძლებთ ფიქრს“, - როგორც ამბობს ერთ-ერთ თავის ლექსში მარტინ ჰაიდეგგერი), მაგრამ მაშინ და ახლაც მერჩივნა უშუალოდ ვაჟასთან და მის შემოქმედებასთან პირისპირ დგომა, იმ გრანდიოზული სამყაროს ხედვა და მასში ბორიალი, რომელსაც ჩემ წინაშე წამოჭრილ კითხვებზე ერთადერთს შეეძლო პასუხის გაცემა.

ამ თვალსაზრისით, ვაჟას შემოქმედება და, საკუთრივ, „გველის-მჭამელი“ იყო ის გზა, რომელ გზაზედაც, ჩემის ღრმა რწმენით, შესაძლებელი იქნებოდა, პირველ კითხვებისათვის გამეცა პასუხი - ვინ ვარ? რატომ ვარ? საიდან მოვდივარ და საით მივდივარ? წინამდებარე წიგნი სწორედ იმ გზამდე მისასვლელ ბილიკად შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც ამ ოცდახუთი წლის წინათ გაიკვალა თავისთვის ახალგაზრდა მოგზაურმა.


მიაღწია თუ არა ბილიკმა ვაჟა-ფშაველად (ქართულ კულტურად) წოდებულ დიდ გზას, ეს მკითხველმა განსაჯოს.


პარიზი, 1989 წ. შემოდგომა.