Sunday, February 22, 2015

არტურ კონან დოილი - მოცეკვავე კაცუნები

შერლოკ ჰოლმსი რამდენიმე საათს ისე იყო გაყურსული, სიტყვა არ დასცდენია. იგი თავდახრილი დასცქეროდა მინის სინჯარას, რომელშიაც საოცრად მყრალი რაღაც იხარშებოდა. თავიც იმგვარად გადაეხარა გვერდზე, რომ შავქოჩრიან, შიმშილისაგან გალეულ, რუხფრთიან ფრინველს მიაგავდა.

- უოტსონ, - მითხრა ანაზდად, - თქვენ აღარ აპირებთ სამხრეთაფრიკულ ფასიან ქაღალდებში თქვენი დანაზოგის დაბანდებას?

გაკვირვებისაგან შევკრთი. მართალია, უკვე ვიცოდი, რომ მას მიხვედრილობის არაჩვეულებრივი ნიჭი და უნარი ჰქონდა, მაგრამ ეს მოულოდნელი შეჭრა ჩემს ფიქრთა სამყაროში სრულიად ამოუხსნელი მეჩვენა.

- ეს საიდანღა გაიგეთ? - ვკითხე მე.

მბრუნავ სკამზე მჯდომი ჰოლმსი ჩემკენ შემოტრიალდა; ხელში სინჯარა ეჭირა, საიდანაც ორთქლი ამოდიოდა. მის ღრმად ჩამჯდარ თვალებში დამცინავი ნაპერწკალი გამოკრთა.

- აღიარეთ, უოტსონ, რომ თავგზა აგებნათ.

- მართალი ხართ! მართლაც დავიბენი.

- რომ გაიძულოთ ამის ქაღალდზე დაწერა და ხელიც მოგაწერინოთ, კარგი იქნება.

- რისთვის?

- იმისათვის, რომ ხუთი წუთის შემდეგ იტყვით, ყოველივე ეს ძალზე უბრალო საქმე ყოფილა და რამ დამაბნიაო.

- დარწმუნებული ვარ, ამას არასოდეს არ ვიტყვი.

- ძვირფასო უოტსონ... - ჰოლმსმა სინჯარა სადგარზე დაამაგრა და ლექციის კითხვა ისე დამიწყო, თითქოს პროფესორია და აუდიტორიას მიმართავსო, - დაკვნების გაკეთება არც ისე ძნელია, თუ ყოველი მომდევნო დასკვნა სრულიად უბრალოდ გამომდინარეობს წინა დასკვნიდან. თუ ამის შემდეგ ყველა შუათანა რგოლს გამოვტოვებთ და მსმენელამდე მხოლოდ ამბის დასაწყისსა და ბოლო დასკვნას მივიტანთ, შეიძლება მასზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოვახდინოთ. მას შემდეგ, რაც თქვენი მარცხენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს შორის არსებულ ჩაღრმავებას დავუკვირდი, აღარ გამჭირვებია იმ დასკვნის გამოტანა, რომ თქვენი მცირე კაპიტალით ოქროს საბადოების აქციების შეძენა გაიფიქრეთ.

- მაგრამ მე ამ ორ გარემოებას შორის ვერავითარ კავშირს ვერ ვხედავ.

- სავსებით შესაძლებელია. მე კი რამდენსამე წუთში დაგარწმუნებთ, რომ ასეთი კავშირი არსებობს. აი, ამ უბრალო ჯაჭვის რგოლები: ჯერ ერთი, როცა გუშინ საღამოს კლუბიდან დაბრუნდით, თქვენი მარცხენა ხელის ცერსა და საჩვენებელ თითს შორის ჩაღრმავებული ადგილი ცარცით იყო დასვრილი; მეორე, როცა თქვენ ბილიარდს თამაშობთ, ამ ადგილზე ცარცს ისვამთ, რათა ბილიარდის ჯოხმა ხელზე არ ისრიალოს; მესამე, ბილიარდს ეთამაშებით მხოლოდ სერსტონს; მეოთხე, ერთი თვის წინ მითხარით, რომ სერსტონმა შემოგთავაზათ, მასთან ერთადშეიძინოთ სამხრეთაფრიკული ფასიანი ქაღალდები, რომელთაც ერთი თვის შემდეგ გაყიდიან; მეხუთე, თქვენი ჩეკის წიგნაკი ჩაკეტილია ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში, და თქვენ არ გითხოვიათ ჩემთვის ამ უჯრის გასაღები; მეექვსე, აქედან გამომდინარე, თქვენ აღარ აპირებთ ფულის დაბანდებას სამხრეთაფრიკულ ქაღალდებში.

- რა უბრალო რამეა! - შევძახე მე.

- ცხადია, - მიპასუხა მან და წყენა ოდნავ დაეტყო, - ყოველი ამოხსნილი ამოცანა იოლი გვეჩვენება. მაგრამ აი კიდევ ერთი თავსატეხი, იგი ჯერ არაა გადაწყვეტილი. ვნახოთ, ჩემო მეგობარო, როგორ გაართმევთ მას თავს.

ქაღალდის ფურცელი მაგიდაზე დააგდო და თვითონ ისევ სინჯარასა და ქიმიურ ანალიზს დაუბრუნდა.

გაოცებულმა შევხედე ქაღალდზე გამოხატულ რაღაც უაზრო იეროგლიფებს.

- მომიტევეთ ჰოლმს, ეს ხომ ბავშვის ნახატია! - შევძახე მე.

- თქვენ ასე ფიქრობთ?

- მაშ, თქვენი აზრით, რა უნდა იყოს?

- ნორფოლკელ მისტერ ჰილტონ კუბიტსაც სწორედ ეგ აინტერესებს. ეს პატარა რებუსი მან ფოსტით გამოგვიგზავნა. ალბათ სადაცაა თვითონაც აქ გაჩნდება. გესმით ზარის ხმა, უოტსონ? ნამდვილად ისაა.

კიბეზე მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და წუთის შემდეგ ჩვენთან მაღალი, ლოყებღაჟღაჟა, სუფთად გაპარსული ჯენტლმენი შემოვიდა. მისი ნათელი გამოხედვა და სახის იერი იმას მეტყველებდა, რომ ეს ადამიანი ნისლიანი ლონდონის მკვიდრი არ იყო. ისე მომეჩვენა, თითქოს ჩვენს სტუმარს თან მოჰყვა აღმოსავლეთის სანაპიროს მაგარი, გრილი ქარის ქროლვა. ხელი ჩამოგვართვა და ის იყო ჩამოჯდომას აპირებდა, რომ უეცრად სწორედ იმ უცნაური ნიშნებით აჭრელებულ ფურცელს მოჰკრა თვალი, ცოტა ხნის წინათ ხელში რომ მეჭირა და მაგიდაზე დავაგდე.

- რას ფიქრობთ ამ იეროგლიფებზე, მისტერ ჰოლმს? - წამოიძახა სტუმარმა, - მე მითხრეს, რომ თქვენ გიტაცებთ საიდუმლოებით მოცული ამბები, უცნაური შემთხვევების ამოცნობა და კვანძების გახსნა. ჩემი აზრით, ამაზე უფრო უცნაურ შემთხვევას ვერსად წააწყდებით. ეს ფურცელი წინდაწინ იმიტომ გამოგიგზავნეთ, რომ ჩემს მოსვლამდე მასზე გამოხატული ნიშნები შეგესწავლათ.

- მართლაც ძალიან საგულისხმო ნახატებია, - თქვა ჰოლმსმა. - ერთი შეხედვით შეიძლება ადამიანს ბავშვის ცელქობად მოეჩვენოს. არ ვიცი, რა აზრი უნდა ჰქონდეს ასეთ პაწაწინა მოცეკვავე კაცუნების ხატვას, ან თქვენ რატომ აძლევთ რაიმე მნიშვნელობას ასეთ უცნაურ წვრილმანს?

- ჩემი ცოლი რომ არა, ასეთ უცნაურ ნახატს მართლაც არავითარი ყურადღების ღირსად არ მივიჩნევდი, მაგრამ მას შიშისაგან ლამის გული გაუსკდეს. არაფერს მეუბნება, მაგრამ ვხედავ, მის თვალებში ელდამ დაისადგურა. აი, რატომ მივიტანე ეს საქმე ასე ახლოს გულთან.

ჰოლმსმა ქაღალდი სარკმელთან მიიტანა. ეს იყო უბის წიგნიდან ამოხეული ფურცელი. ზედ ფანქრით იყო გამოყვანილი აი ასეთი პატარა ფიგურები:

ჰოლმსმა ფურცელი ყურადღებით დაათვალიერა და საფულეში ფრთხილად შეინახა.

- ეს საქმე ბევრს საინტერესოსა და უჩვეულოს გვპირდება, - თქვა მან. - ზოგი რამ უკვე მიამბეთ თქვენი წერილით, მისტერ ჰილტონ კუბიტ, მაგრამ ძალიან მადლობელი დაგრჩებით, თუ თავაზიანად დათანხმდებით მის გამეორებაზე, რათა ჩემმა მეგობარმა, ექიმმა უოტსონმაც, საკუთარი ყურით მოგისმინოთ.

- ვერაფერი შვილი მთხრობელი გახლავართ, - თქვა ჩვენმა სტუმარმა და თან თავისი დიდი, ღონიერი ხელები ნერვიულად შეკუმშა და გაშალა. - თუ ჩემს მონათხრობში რაიმე ბუნდოვნად მოგეჩვენებათ, კეთილი ინებეთ და კითხვები მომეცით. დავიწყებ იქიდან, რომ შარშან ცოლი შევირთე. წინასწარ უნდა გითხრათ, რომ თუმცა მდიდარი არა ვარ, მაგრამ ჩვენი გვარი რიდლინგ-ტორპში უკვე ხუთი საუკუნეა ცხოვრობს და მთელ ნორფოლკის საგრაფოში ყველაზე წარჩინებულად ითვლება. შარშან დღესასწაულებზე ლონდონში ჩამოვედი და რასელსკვერზე მდიდრულად მორთულ ოთახებში გავჩერდი, რადგანაც იქ ჩვენი მრევლის მოძღვარი პარკერი დაბინავდა. იქვე ერთი ახალგაზრდა ამერიკელი ლედი, გვარად პატრიკი, ილსი პატრიკი ცხოვრობდა. მე და ეს ქალიშვილი მალე დავმეგობრდით. ერთი თვეც არ გასულა, რომ ის მგზნებარედ შემიყვარდა. დავქორწინდით და საცხოვრებლად ჩემს მამულში, ნორფოლკში გადავედით.

ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, მისტერ ჰოლმს, რომ წარჩინებული გვარის კაცი თხოულობს ქალს, რომლის წარსულსა და ოჯახზე არაფერი იცის, მაგრამ ილსი პატრიკი რომ გენახათ და გაგეცნოთ, ჩემი საქციელის გაგება არ გაგიჭირდებოდათ. ილსი ჩემთან ძალიან გულახდილი გახლდათ. მან სრული უფლება მომცა უარი მეთქვა ქორწინებაზე, თუ ამას ვისურვებდი. "წარსულში ბევრი არასასიამოვნო ნაცნობი მყავდა, - მითხრა ილსიმ, - მინდა ყოველივე დავივიწყო. არ მინდა დავუბრუნდე ჩემს განვლილ ცხოვრებას, რადგან წარსულის უბრალო გახსენებაც კი ტკივილს მგვრის. თუ მე შემირთავ, ჰილტონ, შენ დაქორწინდები იმ ქალზე, რომელსაც თვითონ ურიგო არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ჩემს სიტყვას უნდა ერწმუნო და ნება მომცე გავჩუმდე ყველაფერზე, რაც იყო მანამდე, ვიდრე შენი გავხდებოდი. თუ ეს პირობა ძალიან მძიმედ გეჩვენება, დაბრუნდი ნორფოლკში და ნება მომეცი, ისევ მარტოხელად ვიცხოვრო".

ეს ქორწინებამდე ერთი დღით ადრე მითხრა. მე ვუპასუხე, რომ მზად ვიყავი დავმორჩილებოდი მის ნებას და ჩემი სიტყვა არც გამიტეხია. უკვე ერთი წლის ცოლ-ქმარი ვართ და ეს წელიწადი ძალიან ბედნიერად გავატარეთ. მაგრამ ამ ერთი თვის წინ, ივნისის მიწურულს, შევამჩნიე მოახლოებული უბედურების პირველი ნიშნები. ჩემმა ცოლმა ამერიკიდან გამოგზავნილი წერილი მიიღო. ეს იმით დავადგინე, რომ კონვერტზე ამერიკული მარკა ეკრა. ილსიმ წერილი წაიკითხა თუ არა, ცეცხლში შეაგდო და სახეზე სიკვდილის ფერმა გადა-ჰკრა. მას მერე იმ წერილზე ერთხელაც არ დაუძრავს სიტყვა და არც მე მიკითხავს რაიმე, რადგან სიტყვა სიტყვაა. მაგრამ წერილის მიღების შემდეგ ვერ იქნა და ვეღარ დამშვიდდა. ერთთავად შეშინებულია და ყველაფრიდან ჩანს, რომ რაღაც უბედურებას მოელის.

ახლა გადავალ ჩემი ამბის ყველაზე უცნაურ ნაწილზე. ამ ერთი კვირის წინ, მგონი სამშაბათს, ერთ-ერთი ფანჯრის რაფაზე ვნახე ცარცით დახატული მოცეკვავე კაცუნები, სწორედ ისეთები, ამ ქაღალდზე რომ არიან გამოსახულნი. ვიფიქრე, კაცუნები საჯინიბოში მომუშავე ყმაწვილმა დახატა-მეთქი, მაგრამ მან მითხრა და შემომფიცა კიდეც, მაგ ამბისა არაფერი ვიციო. ნახატი ღამით გაჩნდა. რაფა გავრეცხე და ილსთან საუბარში ვითომ შემთხვევით სიტყვა ამ კაცუნებზე ჩამოვაგდე. ჩემდა გასაოცრად, ცოლმა ეს ამბავი გულთან ძალიან ახლოს მიიტანა და მთხოვა, თუ იმნაირ კაცუნებს კიდევ ნახავ, მაჩვენეო. მთელი კვირა ისე გავიდა, მსგავსი არაფერი შემიმჩნევია. გუშინ დილით კი ბაღში მზის საათზე აი, ეს ფურცელი დავინახე. ილსის ვუჩვენე და მაშინვე გული შეუწუხდა. მას შემდეგ სიზმარეულივით დაბორიალობს და თვალებში გამუდმებით შიში აქვს ჩამდგარი. აი, რატომ მოგწერეთ, მისტერ ჰოლმს, და რისთვის გამოგიგზავნეთ ეს ფურცელი. პოლიციაში წასვლა არ შემეძლო, რადგან იქ უსათუოდ სასაცილოდ ამიგდებდნენ. თქვენ კი მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, მდიდარი კაცი არა ვარ, მაგრამ თუ ჩემს ცოლს საფრთხე ემუქრება, მზად ვარ უკანასკნელი გროში დავხარჯო, ოღონდ იმას არა ევნოს რა.

კარგი შესახედავი ვაჟკაცი კი იყო ეს ცისფერთვალება ბუმბერაზი! ცოლის სიყვარული და ერთგულება მისი სახის ყოველ ნაკვთზე იყო აღბეჭდილი. ჰოლმსმა ამ კაცის მონათხრობი გულისყურით მოისმინა, მერე ჩაფიქრდა და დიდხანს დუმდა.

- ხომ არ გგონიათ, მისტერ კუბიტ, - თქვა ბოლოს მან, - რომ ყველაზე სწორი იქნებოდა პირდაპირ მიგემართათ თქვენი ცოლისათვის და გეთხოვათ, საიდუმლო თქვენთვის გაემჟღავნებინა?

ჰილტონ კუბიტმა უარის ნიშნად თავი გააქნია:

- დაპირება დაპირებაა, მისტერ ჰოლმს. თუ ილსი მოისურვებს, თვითონვე ყველაფერს მიამბობს. ხოლო თუ არ ინდომებს, ძალით ვერ მოვთხოვ, გული გადამიშალოს.

- ასეთ შემთხვევაში მთელი სულით და გულით დაგეხმარებით. მითხარით, თქვენს მეზობლად ახალი ბინადარი ხომ არავინ გამოჩენილა?

- არა.

- რამდენადაც ვიცი, თქვენ ძალიან მიყრუებულ კუთხეში ცხოვრობთ. ახალი კაცის ჩამოსვლა, იმედი მაქვს, შეუმჩნეველი არ დარჩება.

- ახლომახლო ვინმე უცხო რომ გამოჩენილიყო, რა თქმა უნდა, გავიგებდი. მაგრამ ჩვენს მახლობლად არის რამდენიმე ზღვისპირა სოფელი კარგი პლაჟებით. ფერმერები ჩამოსულ მოაგარაკეებს აქირავებენ ხოლმე ოთახებს.

- ამ უცნაურ ნახატებში უსათუოდ რაღაც დაფარული აზრი უნდა იყოს. იმ წარწერას, რომელიც თქვენ გამომიგზავნეთ, სიმცირის გამო, ვერაფერი გავუგე, ხოლო ფაქტები, თქვენ რომ მაუწყეთ, ისე გაურკვეველია, რომ მათგან რაიმე დასკვნის გამოტანა ძალზე საძნელო საქმეა. ჩემი აზრით, ისევ ნორფოლკს უნდა მიაშუროთ და ყველაფერს, რაც გარშემო ხდება, თვალყური ადევნოთ. როგორც კი ახალ მოცეკვავე კაცუნებს შეამჩნევთ, უაღრესი გულმოდგინებით გადახატეთ. რა სამწუხაროა, რომ არ გადახატეთ ის ფიგურები, ცარცით რომ დაუხატავთ ფანჯრის რაფაზე! შეკრიბეთ ცნობები ყველა ახლად ჩამოსულზე, რომელთაც არ იცნობთ. როგორც კი რაიმე ახალს შენიშნავთ, მაშინვე ჩემთან გამოეშურეთ. აი, საუკეთესო რჩევა, მისტერ ჰილტონ კუბიტ, რომლის მოცემაც ახლა შემიძლია. თუ საჭირო გახდება, ყოველთვის მზად ვარ, ჩამოვიდე ნორფოლკში და ვინახულო თქვენი სახლი.

მისტერ ჰილტონ კუბიტთან შეხვედრის შემდეგ შერლოკ ჰოლმსი ხშირად იყო ღრმად ჩაფიქრებული. არა ერთხელ მინახავს, საფულედან როგორ ფრთხილად ამოიღებდა ხოლმე ფურცელს და ზედ გამოხატულ თავშესაქცევ ფიგურებს დიდხანს დასცქეროდა. მაგრამ ჩემთან ამ საგანზე მხოლოდ ორი კვირის შემდეგ ჩამოაგდო სიტყვა. ერთხელ სადღაც წასვლა დავაპირე, უცბად შემაჩერა:

- უმჯობესი იქნება, შინ დარჩეთ, უოტსონ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ დღეს დილით ჰილტონ კუბიტისაგან დეპეშა მივიღე. გახსოვთ ჰილტონ კუბიტი და მისი მოცეკვავე კაცუნები? პირველ საათსა და ოც წუთზე ლონდონში იქნება. ყოველ წამს შეიძლება კარზე მოგვიკაკუნოს. მისი დეპეშიდან შევიტყვე, რომ ჩვენთვის უაღრესად საგულისხმო ახალი ამბები აქვს.

ცდა დიდხანს არ მოგვიხდა, რადგან ნორფოლკელი სკვაირი, ეტყობა, სადგურიდან პირდაპირ ჩვენკენ გამოეშურა. ნაოჭებისაგან დაღარული შუბლი და ფიქრიანი, უგუნებო სახე ჰქონდა. დაქანცული თვალებით ხან მე შემომცქეროდა, ხან ჰოლმსს აკვირდებოდა.

- ეს ამბავი ნერვებს მიშლის, მისტერ ჰოლმს, - თქვა კუბიტმა და სავარძელში მოცელილივით ჩაეშვა. - საზიზღარი მდგომარეობაა, როცა ყოველი მხრიდან გარემოცული ხარ უცხო, უცნობი, უხილავი ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ რაღაც უფსკრულში ჩაგითრიონ, მაგრამ კიდევ უფრო აუტანელი ამბავია - უყურებდე, როგორ თანდათანობით კლავენ შენს ცოლს! ქალი თვალსა და ხელს შუა დნება.

- სრულიად არაფერი უთქვამს?

- არა, მისტერ ჰოლმს, არაფერი უთქვამს. არის წუთები, როცა იმ საცოდავს ძალიან უნდა ყველაფერი მიამბოს, მაგრამ გამბედაობა არ ჰყოფნის. ვცდილობდი დავხმარებოდი, მაგრამ ყველაფერი ისე უხეშად გამომივიდა, რომ მხოლოდ დავაფრთხე. ილსი ხშირად ჩამომიგდებს ხოლმე სიტყვას იმაზე, რა ძველებურიყოველთვის ვგრძნობ, რაღაც უნდა დასძინოს, მაგრამ სათქმელს შუაზე წყვეტს და დუმდება.

- თქვენ თვითონ ვერაფერი აღმოაჩინეთ?

- ბევრი რამ აღმოვაჩინე, მისტერ ჰოლმს. გამოსაკვლევად მოგიტანეთ ახალი მოცეკვავე კაცუნების მთელი დასტა. და, რაც მთავარია, ვნახე ის...

- ის, ვინც ამ კაცუნებს ხატავს?

- დიახ, ვნახე მუშაობაში გართული. მაგრამ ნება მომეცით, ყველაფერი დაწვრილებით და თანმიმდევრობით გიამბოთ... თქვენგან რომ დავბრუნდი, მეორე დილითვე ვიპოვე ფარდულის შავი ხის კარზე დახატული ახალი მოცეკვავე კაცუნები. ეს ფარდული ძალიან კარგად ჩანს ჩვენი სახლის ფანჯრიდან. ყველანი გადავიხატე, ნახეთ...

ქაღალდის ფურცელი ამოიღო, გაშალა და მაგიდაზე დადო. აი, რა იეროგლიფები იყო ზედ გამოხატული:

- ჩინებულია! - თქვა ჰოლმსმა. - ჩინებულია! განაგრძეთ, გეთაყვა.

- გადავიხატე კაცუნები და მერე კარზე დახატულები წავშალე, მაგრამ ორი დღის შემდეგ იმავე კარზე გაჩნდა ახალი წარწერები. აი, ისიც: ჰოლმსმა ხელი მოიფშვნიტა და სიხარულით გაიცინა.

- ჩვენი მასალა სწრაფად იზრდება, - თქვა მან.

- სამი დღის შემდეგ მზის საათზე აღმოვაჩინე ქაღალდზე დაწერილი მთელი ეპისტოლე, რომელსაც ზედ ქვა ედო. აი, ეს ქვაც. როგორც ხედავთ, ამაზე დახატულია იგივე ფიგურები, რაც წინა წერილში იყო. მაშინ გადავწყვიტე, ამ უცნობ მხატვარს დავდარაჯებოდი. რევოლვერი ავიღე და ჩემს კაბინეტში დავჯექი. ფანჯრიდან კარგად ჩანდა კორდიც და ბაღიც. ღამის ორ საათზე, როცა ფანჯარასთან ვიჯექი და მთვარის შუქით განათებულ ბაღს გავცქეროდი, ჩემს ზურგს უკან ნაბიჯის ხმა გაისმა, შემოვბრუნდი და ხალათმოსხმული ჩემი მეუღლე დავინახე. მან ვედრება დამიწყო, დაწექიო. გულახდილად ვუთხარი, მინდა შევიტყო, ამ სულელურ ოინებს ვინ სჩადის-მეთქი. ყველაფერი ეს უაზრო ხუმრობაა, რაც შენი ყურადღების ღირსი არ არის და თუ ეს ასე გაღიზიანებს, წავიდეთ სამოგზაუროდ და არავინ აღარ შეგვაწუხებსო, - მითხრა.

"როგორ! ნება მივცე ვიღაც მასხარას საკუთარი ბინიდან გაგვაგდოს? ასე ხომ მთელი საგრაფო ყბად აგვიღებს". - ვთქვი მე.

"წადი, დაიძინე და ამაზე დილით ვილაპარაკოთ", - მიპასუხა მან.

უეცრად სახე ისე გაუფითრდა, რომ ეს მთვარის შუქზედაც კი შევამჩნიე. ფერმიხდილმა ილსიმ თითები ისე მომიჭირა, ლამის მხარში ჩამასო. ფარდულის ჩრდილში რაღაც მოძრავი სხეული შევამჩნიე. მერე დავინახე, როგორ გამოძვრა კუთხიდან შავი, მოხრილი ფიგურა და კარის წინ ჩაჯდა. რევოლვერზე ხელი ვიტაცე და წინ გავიჭერი, მაგრამ ცოლმა აცახცახებული ხელები ჩამჭიდა და ადგილზევე შემაჩერა. თავის განთავისუფლება ვცადე, მაგრამ ილსი კიდევ უფრო მეტი სასოწარკვეთილებით ჩამაფრინდა მკლავში. ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე თავის დაღწევა, მაგრამ ვიდრე კარი გავაღე და ფარდულამდე მივირბინე, ის კაცი უკვე გაქრა, თუმცა კვალი მაინც დატოვა: კარზე რამდენიმე მოცეკვავე კაცუნა მიეხატა. მთელი ბაღი შემოვირბინე, მაგრამ მისი ასავალ-დასავალი ვეღარსად ვიპოვნე, თუმცა, ღრმად მწამდა, რომ იქვე ახლოს იმყოფებოდა. დილით, ფარდულის კარის დათვალიერების დროს, აღმოვაჩინე, რომ იმ წარწერაზე კიდევ რამდენიმე ახალი კაცუნა მიემატებინა.

- გადაიხატეთ?

- დიახ. ძალიან ცოტა რამ კი იყო გადასახატი. აი, ნახეთ.

ისევ ქაღალდის ფურცელი გვაჩვენა. ახლა ცეკვას ასეთი სახე მიეღო:

მითხარით, - ჰკითხა ჰოლმსმა, რომლის თვალთა გამომეტყველებაზე მივხვდი, რომ ძალიან ღელავდა, - ეს კაცუნები დამატებული იყო წინა წარწერაზე, თუ შემდეგ დახატეს?

- ისინი დახატულები იყვნენ კარის ქვედა ნაწილზე.

- ჩინებულია! ეს ჩვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს იმედს მინერგავს. გთხოვთ, მისტერ ჰილტონ კუბიტ, განაგრძოთ თქვენი საინტერესო თხრობა.

- დასამატებელი არაფერი მაქვს, მისტერ ჰოლმს, გარდა იმისა, რომ ძალიან გავბრაზდი ცოლზე იმის გამო, რომ იმ არამზადას შეპყრობაში ხელი შემიშალა. მარწმუნებდა, შენზე ვწუხდიო. ჯერ ვშიშობდი, ჩემზე კი არა, იმ უცნობზე წუხს-მეთქი, რადგან ეჭვი აღარ მეპარება იმაში, რომ ჩემმა ცოლმა იცის, ვინც არის უცნობი მხატვარი და რას ნიშნავს მისი უცნაური იეროგლიფები. მაგრამ ჩემი მეუღლის ყოვლისშემძლე ხმა და გამოხედვა, მისტერ ჰოლმს, მყისვე მიფანტავს ხოლმე ყოველგვარ ეჭვს და ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მართლა ჩემზე სწუხდა... აი ყველაფერი, რაც მოხდა. ახლა კი ველი თქვენს რჩევას, თუ როგორ მოვიქცე მომავალში. გული არ მაძლევს ნებას, თორემ ბუჩქებში დავმალავდი ხუთ-ექვს ჩვენს მარჯვე თანასოფლელს და იმ უცნობს ისე გახდიდნენ, სამუდამოდ მოგვეშვებოდა.

- ჩემი აზრით, ამნაირ რთულ საქმეს ასეთი უბრალო წამლით ვერ განკურნავთ, - თქვა ჰოლმსმა. - რამდენი ხნით შეგიძლიათ დარჩეთ ლონდონში?

- დღესვე უნდა გავბრუნდე. ღამე არ შემიძლია ცოლის მიტოვება. ძალიან ღელავდა და მთხოვდა, მალე დავბრუნებულიყავი.

- ჰო, თქვენ მართალი ხართ. მაგრამ დარჩენა რომ შეგძლებოდათ, ერთი ან ორი დღის შემდეგ თქვენთან ერთად მეც გამოვემგზავრებოდი. ყოველ შემთხვევაში, ეს ქაღალდები დამიტოვეთ. მალე ჩამოვალ და იმედი მაქვს, ამ საქმეს ცოტაოდენ შუქს მოვფენ.

შერლოკ ჰოლმსს ჩვეული პროფესიული სიმშვიდით ეჭირა თავი, მაგრამ მე, ვინც ასე კარგად ვიცნობდი ამ ადამიანს, ვატყობდი, რომ ძლიერ აღელვებული იყო. როგორც კი ჰილტონ კუბიტის ფართო ზურგი კარს მიეფარა, ჩემი მეგობარი მაგიდას მივარდა, ქაღალდები გადაშალა, მოცეკვავე კაცუნებს დააკვირდა და გამოთვლა დაიწყო. მთელი ორი საათი ციფრებითა და ასოებით აჭრელებდა ყველაფერს. ამ სამუშაომ ისე გაიტაცა, რომ ჩემი არსებობა სულაც გადაავიწყდა. როცა კვლევა-ძიების საქმე კარგად მიუდიოდა, სტვენასა და სიმღერას იწყებდა, ხოლო როცა ჩიხში ექცეოდა, დიდხანს იჯდა შუბლშეკრული, თვალებს მოუსვენრად ატრიალებდა და მზერას ერთ საგანზე ვერ აჩერებდა. ბოლოს კმაყოფილებით შეჰყვირა, სკამიდან წამოიჭრა, ოთახში სირბილს მოჰყვა და თან ხელებს იფშვნეტდა. შემდეგ გრძელი დეპეშა შეადგინა და სადღაც გააგზავნა.

- თუ ისე მიპასუხებენ, როგორც ვვარაუდობთ, უოტსონ, თქვენი წიგნი ახალი სათავგადასავლო ამბის აღწერით გამდიდრდება, - მითხრა ჰოლმსმა. - ხვალ ალბათ ჩვენ ერთად წავალთ ნორფოლკში და საბოლოოდ ამოვხსნით იმ საიდუმლოებას, რამაც მისტერ ჰილტონს ამდენი უსიამოვნება მიაყენა.

უნდა ვაღიარო, რომ ცნობისმოყვარეობა მტანჯავდა, მაგრამ ვიცოდი, ჰოლმსს ახსნა-განმარტების მიცემა მხოლოდ მაშინ უყვარდა, როცა ამას თვითონ ჩათვლიდა საჭიროდ და მოუთმენლად ველოდი, როდის გამიზიარებდა თავის აზრს.

დეპეშაზე პასუხმა დაიგვიანა. მთელი ორი დღე ჰოლმსი მოუთმენლად აპყრობდა ყურს ზარის ხმას. მეორე დღეს საღამოს მოვიდა ჰილტონ კუბიტის წერილი. გვატყობინებდა, სრული სიწყნარეა, მხოლოდ მზის საათის სადგამზე დღეს დილით უაღრესად გრძელი წარწერა გამოჩნდაო. წერილს ამ წარწერის ასეთი ასლი ერთვოდა:


ჰოლმსი ამ უჩვეულო ნახატს დააკვირდა, უეცრად ზეზე წამოვარდა, გაოცებულმა გაჯავრებით შეჰყვირა და სახე მოექუფრა.

- მეტისმეტად მივუშვით ეს საქმე, - თქვა მან, - რომელი მატარებელი გადის ნორტ-უელშემისაკენ საღამოობით?

განრიგი გადავათვალიერე. უკანასკნელი მატარებელი ახალი გასული იყო.

- ადრე მოგვიხდება საუზმობა, დილის პირველსავე მატარებელს უნდა გავყვეთ, - თქვა ჰოლმსმა. - ჩვენი იქ ყოფნა აუცილებელია. აჰა! აი დეპეშაც, მე რომ ველოდი. ერთი წუთით მომითმინეთ, მისის ჰადსონ, იქნებ საჭირო გახდეს პასუხის გაგზავნა. არა, ყველაფერი ისეა, როგორც ველოდი. ეს დეპეშა საბოლოოდ ადასტურებს, რომ უფლება აღარა გვაქვს, არ ვაცნობოთ მისტერ ჰილტონ კუბიტს საქმის ვითარება, რადგანაც ჩვენი გულუბრყვილო ნორფოლკელი სკვაირი მეტისმეტად სახიფათო ქსელშია მომწყვდეული.

თავდაპირველად მთელი ეს ამბავი სულელური და თავშესაქცევი მეგონა, მაგრამ ახლა, როცა ჩემი ნაამბობი დასასრულს უახლოვდება, ხელახლა განვიცდი მთელ იმ საშინელებას, რისი გადატანაც მაშინ მომიხდა. როგორ მინდოდა, შესაძლებლობა მქონოდა და მკითხველებისათვის შემეტყობინებინა, ყოველივე საყოველთაო კეთილდღეობით დამთავრდა-მეთქი, მაგრამ ჩემი წიგნი უტყუარი მატიანეა ფაქტებისა, და იძულებული ვარ მივყვე დასასრულამდე მთელ უცნაურ ჯაჭვს მოვლენებისა, რომელთა წყალობითაც რამდენიმე დღის შემდეგ რიდლინგ-ტორპ-მენორის მამულზე მთელი ინგლისი ალაპარაკდა.

ძლივს მოვასწარით ნორტ-უელშემში გასვლა და იმის თქმა, თუ საით მივემგზავრებოდით, რომ ჩვენთან სადგურის უფროსმა მოირბინა:

- თქვენ ალბათ ლონდონელი მაძებრები ხართ? - იკითხა მან.

ჰოლმსმა შეშფოთებით გადახედა.

- რატომ გგონიათ?

- იმიტომ, რომ ნორვიჩის ინსპექტორი ეს-ეს არის წავიდა, ან, იქნება, ექიმები ხართ? ქალი ჯერ კიდევ ცოცხალია. იქნებ მოასწროთ მისი გადარჩენა... სახრჩობელისათვის.

ჰოლმსი პირქუში და შეჭირვებული მეჩვენა.

- ჩვენ რიდლინგ-ტორპ-მენორში მივდივართ, - თქვა მან, - მაგრამ იმის თაობაზე, რაც აქ მოხდა, არაფერი ვიცით.

- საშინელი საქმეა! - შესძახა სადგურის უფროსმა, - მისტერ ჰილტონ კუბიტიცა და მისი ცოლიც ტყვიის წერა შეიქნენ. ქალმა ჯერ ქმარს ესროლა, მერე თვითონ დაიხალა ტყვიაო, ასე ამბობენ მოსამსახურე გოგოები. კაცი მკვდარია, ქალი კი სულთმობრძავი. ღმერთო, ნორფოლკის უძველესი გვარი აღიგავა პირისაგან მიწისა. მისტერ ჰილტონ კუბიტს ჩვენს მხარეში ყველა ძალიან დიდ პატივს სცემდა.

შვიდიოდე მილი ისე გავიარეთ, ჰოლმსს კრინტიც არ დაუძრავს. ასე ცუდ გუნებაზე მყოფი იშვიათად მინახავს. ლონდონიდან რომ მივდიოდით, ჰოლმსი მთელ გზაზე რაღაც მოუსვერად იყო და შევნიშნე, დილის გაზეთებს როგორღაც მოუთმენლად ათვალიერებდა. მაგრამ ახლა, როცა უეცრად მისი მოლოდინი გამართლდა, თითქოს დარდმა გააქვავაო. იჯდა, თავი უკან გადაეგდო და ნაღვლიან ფიქრებში ჩანთქმულიყო.

ამასობაში კი ეტლი ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მხარეში მიგვაქროლებდა. ამ მხარის მთელი თანამედროვე მოსახლეობა შორი-შორს მიმოფანტულ პატარა სახლებში ბინადრობს, მაგრამ ამ მწვანე მინდვრის გაყოლებით ყოველ ნაბიჯზე შეგხვდებათ აღმოსავლეთ ინგლისის ძველი დიდებისა და კეთილდღეობის უტყვი მოწმე, ეკლესიების უზარმაზარი ოთხკუთხოვანი კოშკები.

დაბოლოს, მწვანე ხრამის მიღმა გამოჩნდა გერმანიის ზღვის ლილისფერი ზოლი. მეეტლემ წნელი გაიშვირა და გვიჩვენა ორი წვეტიანი სახურავი, ხეების ტალავერიდან რომ იყო ამოშვერილი, და გვითხრა:

- აი, რიდლინგ-ტორპ-მენორი.

სახლთან რომ მივედით, მის გვერდით შევამჩნიე შავი ფარდული. ფარდული ჩოგბურთის მოედნის იქით იდგა. ამაღლებულ ადგილზე მზის საათიც დავინახე. ულვაშშეღებილი, მკვირცხლი კაცი მარდად გადმოხტა მაღალი, ორთვალა ეტლიდან. ეს იყო ნორფოლკის პოლიციის სამმართველოს ინსპექტორი მარტინი. როცა ჩემი მეგობრის გვარი შეიტყო, ძალიან გაოცდა:

- მომიტევეთ, მისტერ ჰოლმს, დანაშაული ხომ დილის სამ საათზე მოხდა! რანაირად მოახერხეთ ამის გაგება ლონდონში და ჩემთან ერთად ჩამოსვლა?

- წინასწარ ვივარაუდე ის, რაც მოხდა. მოვდიოდი, რომ საფრთხე თავიდან ამეცილებინა.

- მაშასადამე თქვენ გაქვთ ცნობები, რომელთა შესახებ ჩვენ არაფერი ვიცით, რადგანაც მეზობლებისა და მსახურთა აზრით, ცოლ-ქმარს ძალიან მეგობრულად, უფრო მეტიც, სრული სიამტკბილობით უცხოვრიათ.

- მე მაქვს მხოლოდ ის ცნობები, რომლებიც მოცეკვავე კაცუნებისაგან მივიღე, - თქვა ჰოლმსმა. - ამაზე მერე გიამბობთ. დავაგვიანე: ტრაგედია მოხდა და მისი თავიდან აცილება ვერ მოვახერხე... რა გაეწყობა, ასეთ შემთხვევაში, ჩემი ცნობები მართლმსაჯულებას დაეხმარება. ხომ არა გნებავთ, ძიება ჩემთან ერთად აწარმოოთ? ან იქნებ ამჯობინებთ, რომ მე დამოუკიდებლად ვიმოქმედო?

- ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენთან ერთად მუშაობა, მისტერ ჰოლმს, - გულწრფელად უთხრა ინსპექტორმა.

- რაკი ასეა, დაუყოვნებლივ მოვუსმინოთ მოწმეებს და დავათვალიეროთ დანაშაულის ადგილი.

ინსპექტორი მარტინი იმდენად ჭკვიანი აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობარს ნება დართო სურვილისამებრ ემოქმედა. თვითონ კი იმით დაკმაყოფილდა, რომ ჰოლმსის კვლევა-ძიებას თვალყურს ადევნებდა. ადგილობრივი ექიმი, თეთრწვერა მოხუცი, მის ჰილტონ კუბიტის ოთახიდან გამოვიდა და გვაუწყა, ქალის მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ უიმედო არააო. გონს კი ალბათ მალე ვერ მოვა, რადგან ტყვია ტვინს შეხებიაო. კითხვაზე, თვითონ დაიხალა ტყვია, თუ სხვა ვინმემ ესროლა, რაიმე გარკვეული პასუხის მოცემა ვერ გადაწყვიტა. ის კი ამოღერღა, ტყვია ძალიან ახლო მანძილიდანაა ნასროლიო, ოთახში ერთი რევოლვერი იპოვეს. ორივე ლულა ცარიელი აღმოჩნდა. მისტერ ჰილტონ კუბიტს პირდაპირ გულში მოხვედრია ტყვია. სრულიად თავისუფლად შეიძლება იმის დაშვება, რომ მან ჯერ ცოლს ესროლა, მერე კი თვითონ იკრა ტყვია. ასევე სავარაუდოა, რომ დამნაშავე ცოლია, რადგანაც რევოლვერი იატაკზე ორივესაგან თანაბარ მანძილზე აგდიაო, - თქვა ეს და დადუმდა.

- მკვდარს ხომ არ შეხებიხართ? - იკითხა ჰოლმსმა.

- არა. ჩვენ მხოლოდ ლედი გადავიყვანეთ საწოლში. დაჭრილს იატაკზე ხომ ვერ დავტოვებდით?

- დიდი ხანია, რაც აქა ხართ, ექიმო?

- დილის ოთხი საათიდან.

- თქვენ გარდა აქ კიდევ იყო ვინმე?

- დიახ, კონსტებლი.

- აქ რაიმეს გადაუნაცვლეს ადგილი?

- არაფერს.

- გონივრულად მოქცეულხართ. ვინ გამოგიძახათ?

- მოახლე სონდერსმა.

- მან პირველმა ატეხა განგაში?

- მან და მზარეულმა მისის კინგმა.

- ახლა სად არიან?

- ალბათ სამზარეულოში.

პირველ რიგში მათი ჩვენების ჩამორთმევა გადაწყდა.

მუხით მოპირკეთებული, მაღალფანჯრებიანი ძველებური დარბაზი საგამომძიებლო ოთახად იქცა. ჰოლმსი დიდ, ძველებურ სავარძელში ჩაჯდა. გამოხედვა შეუპოვარი ჰქონდა, სახეზე კი სიმკაცრე აღბეჭდოდა. მის თვალებში შეიძლებოდა ამოგეკითხათ მტკიცე გადაწყვეტილება: თუ საჭირო იქნება, თუნდაც მთელ სიცოცხლეს მივუძღვნი და შურს მაინც ვიძიებ იმ ადამიანისათვის, რომლის გადარჩენა ვერ მოვახერხეო. ჩვენს კრებას ესწრებოდნენ: ინსპექტორი მარტინი, მოხუცი, თეთრწვერა ექიმი და სოფლელი ჩლუნგი პოლისმენი.

ქალებმა ერთნაირი ჩვენება მოგვცეს: ორივე სროლის ხმამ გააღვიძა. წუთის შემდეგ მოისმა მეორე გასროლა. მეზობლად მდებარე ოთახებში ეძინათ და მისის კინგი მაშინვე სონდერსისაკენ გაიქცა. კიბეზე ერთად დაეშვნენ. კაბინეტის კარი ღია დახვდათ, მაგიდაზე სანთელი ენთო. მათი ბატონი შუაგულ ოთახში პირქვე ეგდო. იგი უკვე მკვდარი იყო. ფანჯარასთან თავით კედელს მიყრდნობილი მათი ქალბატონი იკრუნჩხებოდა. ჭრილობა საზარელი ჰქონდა - სისხლს სახის ნახევარი დაეფარა. სუნთქავდა, მაგრამ არაფრის თქმა არ შეეძლო. დერეფანსა და ოთახში ბოლი და დენთის სუნი იდგა. ფანჯარა ურდულით შიგნიდან იყო დაკეტილი, ამას ორივე ქალი დაბეჯითებით ამტკიცებდა, მაშინვე უხმეს ექიმსა და პოლიციელს. შემდეგ მეჯინიბისა და საჯინიბოში მომუშავე ყმაწვილის დახმარებით დაჭრილი ქალბატონი ასწიეს და თავის ოთახში გადაიყვანეს. ქალი კაბის ამარა იყო, ქმარს კი ღამის პერანგზე ხალათი გადაეცვა. ცოლ-ქმარს შორის არასოდეს არ ყოფილა უსიამოვნება. ყველანი შეხმატკბილებულ მეუღლეებად თვლიდნენ.

აი, მსახურთა მთავარი ჩვენება. ინსპექტორ მარტინის კითხვებზე ქალებმა უპასუხეს, ყველაფერი შიგნიდან იყო დაკეტილი და სახლიდან გაპარვას ვერავინ მოახერხებდაო. ჰოლმსის კითხვებზე განაცხადეს, როგორც კი ზედა სართულზე ჩვენი ოთახებიდან გამოვედით, დენთის სუნი მაშინვე ვიგრძენითო.

- გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტს, - უთხრა ჰოლმსმა ინსპექტორ მარტინს, - ახლა კი, ჩემი აზრით, საჭიროა შევუდგეთ იმ ოთახების შემოწმებას, სადაც დანაშაული მოხდა.

უბედურების ადგილი სრულიად პატარა ოთახი აღმოჩნდა. მისი სამი კედელი წიგნის თაროებს ეჭირა. ფანჯარასთან, ბაღს რომ გადაჰყურებდა, საწერი მაგიდა იდგა. ჩვენი ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, უბედური სკვაირის გვამმა მიიპყრო. მისი სამოსის უწესრიგობა მოწმობდა, რომ მოულოდნელად მოუხდა ლოგინიდან წამოვარდნა. ტყვიას მისთვის გული გაეგმირა და სხეულში ჩარჩენილიყო. კაცი მოკვდა წამიერად და უმტკივნეულოდ. არც ხალათზე, არც ხელებზე თოფის წამლის არავითარი კვალი არ აღმოაჩნდა. სოფლის ექიმი ამტკიცებდა, მისის კუბიტს დენთის ლაქები სახეზე ჰქონდა, მაგრამ ხელებზე არ შემინიშნავსო.

- ხელებზე ლაქების უქონლობა არაფერს არ ამტკიცებს; ხოლო ლაქები სახეზე - ეს უტყუარი საბუთია, - თქვა ჰოლმსმა, - თუ ცუდად მორგებული ვაზნიდან დენთი შემთხვევით არ გამოიყარა, რამდენიც არ უნდა ისროლოთ, ხელს არ გაისვრით... ახლა შეიძლება გაიტანოთ მისტერ კუბიტის გვამი. ექიმო, ხომ არ გიპოვნიათ ტყვია, რომლითაც იგი მოკლეს?

- ამისათვის რთული ოპერაციის გაკეთება დამჭირდებოდა. მაგრამ რევოლვერში კიდევ დარჩა ოთხი ვაზნა. სულ ორჯერ ისროლეს, ჭრილობაც ორია, მაშასადამე, ორივე ტყვიის ბედის გარკვევა იოლია.

- ეს მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება, - თქვა ჰოლმსმა. - რას იტყვით იმ ტყვიაზე, რომელმაც ფანჯრის ჩარჩო გახვრიტა?

აქ უეცრად შებრუნდა და თავისი მოგრძო, წვრილი თითით გვიჩვენა ნახვრეტი ფანჯრის ჩარჩოს ქვედა ძელზე.

- ეშმაკმა დალახვროს! - შეჰყვირა ინსპექტორმა. - როგორ მიაგენით ამას?

- მივაგენი, რადგანაც ვეძებდი.

- გასაოცარია! - თქვა სოფლის ექიმმა. - თქვენ სავსებით მართალი ბრძანდებით, სერ. გამოდის, რომ სამჯერ უსვრიათ და, მაშასადამე, აქ ვიღაც მესამეც ყოფილა. მაგრამ ვინ არის ეს მესამე და სად გაქრა?

- ამ კითხვაზე ახლავე უნდა გავცეთ პასუხი, - თქვა შერლოკ ჰოლმსმა, - თუ გაგონდებათ, მისტერ მარტინ, როცა მოსამსახურეებმა განაცხადეს, ოთახიდან გამოსვლისთანავე დენთის სუნი ვიგრძენითო, მე გითხარით, ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ-მეთქი.

- მახსოვს, სერ. მაგრამ უნდა ვაღიარო, ვერ მივხვდი, რას გულისხმობდით.

- ეს იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ კარიც და ფანჯარაც მთლიანად ღია ყოფილა. სხვა შემთხვევაში დენთის სუნი მთელ სახლში ასე სწრაფად ვერ გავრცელდებოდა. მხოლოდ გამჭოლ ქარს შეეძლო სუნის ასე შორს გატანა. ამ ოთახში ძალიან ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, კარიცა და ფანჯარაც გაღებული ყოფილა.

- რატომ ცოტა ხნით?

- იმიტომ რომ ამ სანთლიდან სტეარინი არ ჩამოღვენთილა.

- სწორია, სწორია! - შესძახა ინსპექტორმა.

- როცა დავრწმუნდი, რომ ფანჯარა ტრაგედიის დროს ღია ყოფილა, იმ დასკვნამდე მივედი, რომ საქმეში გარეულია მესამე პირი, რომელიც გარეთ მდგარა და იქიდან ფანჯარაში უსვრია. ამ მესამე კაცისათვის ნასროლი ტყვია კი შეიძლება ფანჯრის რაფას მოხვედროდა. კარგად დავათვალიერე და მართლაც აღმოვაჩინე ნატყვიარი.

- მაგრამ სარკმელი ვინღა დახურა?

- უსათუოდ ქალმა ინსტინქტურად მიჰკრა ხელი და მიხურა... მაგრამ ეს რა არის? აჰ!

კაბინეტის მაგიდაზე იდო ნიანგის ტყავის, მშვენიერი, ვერცხლით მოჭედილი, ქალის პატარა ჩანთა. ჰოლმსმა ჩანთა აიღო და გადმოაპირქვავა. მაგიდაზე ზონრით შეკრული ოცი ორმოცდაათგირვანქიანი საკრედიტო ბილეთი გადმოვარდა. ჩანთაში სხვა არაფერი აღმოჩნდა.

- აიღეთ, ეს საჭირო იქნება სასამართლოზე, - თქვა ჰოლმსმა და ინსპექტორს ჩანთა ფულთან ერთად გადასცა. - ახლა აუცილებელია იმის გარკვევა, თუ ვის ესროლეს მესამე ტყვია. ფანჯრის ჩარჩოს ნახვრეტის მიხედვით, ნასროლი ოთახიდანაა. მინდა ისევ მზარეულ ქალს მისის კენგს გამოველაპარაკო... თქვენ თქვით, მისის კენგ, გამაყრუებელმა სროლის ხმამ გამომაღვიძაო. ამით ის გინდოდათ გეთქვათ, რომ პირველი გასროლა მეორეზე უფრო მჭექარე იყო?

- მე მეძინა, სერ, და ამიტომ მიჭირს ამისი განსჯა. მეჩვენა, რომ ძალიან მაგრად იჭექა, სერ.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ ორივე გასროლის ხმა თითქმის ერთდროულად შემოგესმათ?

- ვერაფერს მოგახსენებთ, სერ.

- დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იყო. მე მგონია, მისტერ მარტინ, ამ ოთახში მეტს ვეღარაფერს გავიგებთ. თუ თანახმა ხართ, გამომყევით, ბაღში შევიხედოთ და ვნახოთ, ხომ არაფერია იქ საინტერესო.

სწორედ კაბინეტის ფანჯრის ქვეშ აღმოჩნდა ყვავილნარი. როცა იქ მივედით, ხმამაღლა შევყვირეთ. ყვავილები გათელილი იყო. რბილ მიწაზე აშკარად ჩანდა ნაკვალევი. ეს იყო მამაკაცის ძალზე წვრილცხვირიანი და გრძელი ფეხსაცმლის კვალი. ჰოლმსი ისე იქექებოდა ბალახსა და ფოთლებში, როგორც მაძებარი ძაღლი, რომელსაც დაჭრილი ფრინველის პოვნა უნდა. უეცრად შეჰყვირა და მიწიდან პატარა სპილენძის ცილინდრი აიღო.

- ასედაც ვფიქრობდი! - თქვა მან. - აი, მესამე მასრა: მე მგონია, ინსპექტორო მარტინ, რომ ძიება დასრულებულია.

პროვინციელი ინსპექტორის სახეზე გაოცება აღიბეჭდა. ის აშკარად აღტაცებული იყო ჰოლმსის ოსტატობითა და სწრაფი მოსაზრებულობით. თავდაპირველად მან თითქოს სცადა თავისი საკუთარი მოსაზრების დაცვა, მაგრამ ჰოლმსმა მალე მოინადირა და სავსებით დაიმორჩილა იგი.

- ვისზე გაქვთ ეჭვი? - ჰკითხა პოლიციელმა.

- შემდეგ გეტყვით. ამ საქმეში არის რამდენიმე ისეთი მომენტი, რომელთა თქვენთვის გადმოშლა და ახსნა ჯერ კიდევ არ შემიძლია. ჩემი დაკვირვებითა და აღმოჩენებით ისე შორს წავედი, რომ უფრო გონივრული იქნება, თუ დროებით გავჩუმდები და მერე კი ყველაფერს ერთბაშად მოგახსენებთ.

- როგორც გენებოთ, მისტერ ჰოლმს, ოღონდ მკვლელი არ გაგვექცეს.

- არ იფიქროთ, რაიმე დავფარო, მხოლოდ ესაა, რომ ამ გახურებული მუშაობისას უბრალოდ შეუძლებელია დროის დაკარგვა და გრძელი და დაწვრილებითი ახსნა-განმარტებების გადმოშლა. ამ დანაშაულის ყველა ძაფი ჩემს ხელთაა. თუნდაც ლედი გონს აღარასოდეს მოვიდეს, ჩვენ მოვახერხებთ წუხანდელი ღამის ყველა მოვლენის აღდგენასა და დამნაშავეთა მართლმსაჯულების წინაშე წაყენებას. უწინარეს ყოვლისა, მინდა დავადგინო, სადმე ახლომახლო ხომ არაა სასტუმრო "ელრიჯი".

მოსამსახურეთა ჯვარედინი დაკითხვა მოვაწყვეთ, მაგრამ, ასეთი სახელწოდების სასტუმრო არც კი გაგვიგონიაო, გვითხრეს. საჯინიბოში მომუშავე ბიჭუნამ კი უეცრად გაიხსენა, რომ სოფლიდან რამდენიმე მილის დაშორებით, ისტ-რესტონის მახლობლად ცხოვრობდა ფერმერი, გვარად ელრიჯი.

- იმ კაცის ფერმა სხვებისაგან განცალკევებულია?

- დიახ, მოშორებით გახლავთ, სერ.

- და იქნებ, იქ ჯერ კიდევ არ იციან ის ამბავი, რაც აქ წუხელ ღამით მოხდა?

- ალბათ არ იციან, სერ.

ჰოლმსი ჩაფიქრდა და უეცრად სახეზე ცბიერი ღიმილი გამოეხატა.

- შეკაზმე ცხენი, ჩემო ბიჭუნა! - თქვა მან სწრაფად. - ძალიან მინდა, რომ ელრიჯის ფერმაში წერილი წაიღო.

ამ სიტყვებზე ჰოლმსმა ჯიბიდან ამოიღო რამდენიმე ქაღალდი, რომელზედაც მოცეკვავე კაცუნები იყო გამოხატული. კაბინეტში შევიდა, მაგიდას მიუჯდა, წინ კაცუნებიანი ქაღალდები დაილაგა და საქმეში ჩაეფლო. ბოლოს ბარათი ბავშვს ჩააბარა, უბრძანა სწორედ იმ პირისათვის გადაეცა იგი, ვისთვისაც განკუთვნილი იყო და ამასთან არავითარ შემთხვევაში არ გაეცა პასუხი კითხვებზე. ბარათზე წარწერილ მისამართს მაინც მოვკარი თვალი. წარწერა უსწორმასწორო, მოქცეული ხელით იყო შესრულებული, რაც ჰოლმსის ჩვეულებრივ ლამაზ ნაწერს სრულიად არა ჰგავდა.

აი, ეს წარწერაც: ელრიჯის ფერმა, ისტ-რესტონი, ნორფოლკი, მისტერ აბ ლენის.

- მე მგონია, ინსპექტორო, - შენიშნა ჰოლმსმა, - რომ თქვენ გმართებთ დეპეშით ბადრაგის გამოძახება, რადგან თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა, საგრაფოს ციხეში ძალიან საშიში დამნაშავის წაყვანა მოგიხდებათ. ყმაწვილს, რომელსაც წერილს ვატან, შეუძლია დეპეშაც წაიღოს. უოტსონ, ჩვენ ნასადილევს მატარებლით ქალაქში გავბრუნდებით, რადგან ამ საღამოს აუცილებლად უნდა დავასრულო ერთი ქიმიური ანალიზი. ის საქმე კი, რამაც ჩვენ აქ მოგვიყვანა, დასასრულს სწრაფად უახლოვდება.

როცა ბავშვმა ბარათი გააქროლა, შერლოკ ჰოლმსმა მსახურებს უხმო და უბრძანა, ვინც მისის კუბიტის ნახვა მოისურვებს, დაუყოვნებლივ გაატარეთ სასტუმრო ოთახში, ისე რომ, არ შეატყობინოთ, რაც აქ მოხდაო. ჰოლმსმა დაჟინებით მოითხოვა ამ ბრძანების განუხრელად შესრულება. შემდეგ სასტუმრო ოთახში შევიდა და დასძინა, ახლა ყველაფერი უჩვენოდ მოხდება და ისღა დაგვრჩენია, დავჯდეთ და ვუცადოთ, ჩვენს კაკანათში რა ფრინველი მოხვდებაო. ჰოლმსთან მხოლოდ მე და ინსპექტორი დავრჩით.

- მე დაგეხმარებით იმაში, რომ ეს ერთი საათი უფრო საინტერესო და სასარგებლოდ გაატაროთ, - თქვა ჰოლმსმა, სკამი მაგიდასთან მისწია და ზედ უამრავი მოცეკვავე კაცუნებიანი ქაღალდი გაშალა. - თქვენ წინაშე, მისტერ უოტსონ, აუცილებლად უნდა გამოვისყიდო ჩემი დანაშაული: ძალიან დიდხანს ვაღიზიანებდი თქვენს ცნობისმოყვარეობას. თქვენთვის კი, ინსპექტორო, მთელი ეს ამბავი იქნება ბრწყინვალე პროფესიული გაკვეთილი. უწინარეს ყოვლისა, უნდა გიამბოთ ჩემი შეხვედრების ამბავი მისტერ ჰილტონ კუბიტთან, ბეიკერსტრიტზე.

აქ მოკლედ უამბო ინსპექტორს ის, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია.

- აი, ჩემს წინაშეა ეს გასართობი ნახატები, რომელთაც შეეძლოთ ღიმილის გამოწვევა, რომ ასეთი საშინელი ტრაგედიის მაუწყებელნი არ იყვნენ. ზედმიწევნით ვიცნობ საიდუმლო დამწერლობის ყველა სახეობას და თვითონ ვითვლები ავტორად წიგნისა, სადაც ას სამოცი შიფრის ანალიზია მოცემული, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს შიფრი ჩემთვის სრულიად ახალია. ამ სისტემის გამომგონებლის მიზანი ალბათ ის იყო, რომ ამ შიფრის ნამდვილი მნიშვნელობა დაეფარა და ნიშნები დამწერლობად კი არა, ბავშვის ნახატებად გაესაღებინა. მაგრამ ყველა, ვინც მიხვდება, რომ ეს ნიშნები ასოებს შეესაბამება, განსაკუთრებული სიძნელის გარეშეც ამოიცნობს მათ, თუ შიფრის ამოცნობის ჩვეულებრივ წესებს გამოიყენებს. პირველი ჩანაწერი ძალზე მოკლე იყო და მხოლოდ ერთი ისეთი ვარაუდის დაშვების საშუალება მომცა, რაც, ჩემი აზრით, სიმართლესთან ახლოს იყო, და რაც მერე სავსებით სწორი აღმოჩნდა. მე ვლაპარაკობ დროშებზე. ეს დროშები გამოყენებულია მხოლოდ იმისათვის, რომ აღნიშნონ სიტყვების დასასრული. ამის გარდა, პირველი წერილიდან სხვა ვეღარაფერი გავარკვიე, მესაჭიროებოდა ახალი მასალა. მეორედ რომ მინახულა, მისტერ ჰილტონ კუბიტმა გადმომცა ახალი ბარათები, რომელთაგან უკანასკნელი უდავოდ შეიცავდა მხოლოდ ერთ სიტყვას, რადგან მასში დროშები აღარ იყო. ორი სხვა ბარათი უეჭველად იწყებოდა ერთი და იმავე სიტყვით, რომელიც ოთხი ასოსაგან შედგებოდა. აი ეს სიტყვა.

როგორც ხედავთ, ეს სიტყვა თავდება იმავე ასოთი, რომლითაც იწყება. აქ ბედნიერმა აზრმა გამიელვა. წერილები ჩვეულებრივ იწყება იმ ადამიანის სახელით, რომლის მისამართითაც წერენ. კაცი, რომელიც ამ წერილს უგზავნიდა მისის კუბიტს, უსათუოდ ახლოს იცნობდა მას. სრულიად ბუნებრივია, რომ უბრალოდ სახელს ეძახდეს. მისი სახელი კი სწორედ ოთხი ასოსაგან შედგება და თავდება იმავე ასოთი, რომლითაც იწყება: ქალის სახელია ილსი. ამრიგად, მე აღმოვჩნდი სამი ასოს მფლობელი: ი, ლ და ს.

ამგვარად, ორ წერილში სახელით მიმართავს მისის კუბიტს და, ეტყობა, რაღაცას ითხოვს მისგან. რა უნდა მოსთხოვოს? ხომ არ უნდა, რომ ქალი მივიდეს სადმე ისეთ ადგილას, სადაც შეძლებს მასთან ლაპარაკს? ყურადღება მივაქციე მესამე წერილის მეორე სიტყვას. აი ისიც:

აქ რვა ასოა: მეოთხე და უკანასკნელი ასოებია "ი". მე ვივარაუდე, რომ აქ წერია, "მოდი, გელი" და უეცრად კიდევ რამდენიმე ასოს მფლობელი გავხდი. მაშინ მივუბრუნდი იმავე ბარათს, რომელშიაც მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ეს სიტყვა გამოჩნდა ფარდულის კარის ქვედა პანელზე, დანარჩენი წარწერისაგან მოშორებით. ვივარაუდე, რომ ეს იყო პასუხი და ის დაწერა მისის კუბიტმა:

ცნობილი ასოები ჩავსვი უცნობ ადგილზე და მივიღე:

"არაოდეს"

რა უნდა ეპასუხა მისის კუბიტს მის თხოვნაზე, მოდი, გელიო? ქალმა უპასუხა: "არაოდეს".

ახლა უკვე ვიცოდი იმდენი ასო, რომ შემეძლო დამეხედა პირველი ბარათისათვის.

თუ ამ წარწერაში ჩავსვამთ ჩვენთვის უკვე ცნობილ ასოებს, მივიღებთ: "მე აქ ვარ. აბ ლენი".

დავუშვათ, რომ მეორე სიტყვაა "აქ". მაშინ ბოლო სიტყვაა "ლენი". ეს გვარი ძალიან გავრცელებულია ამერიკაში. ორი ასოსაგან შემდგარი სიტყვა, რაც გვარის წინ ეწერა, ალბათ სახელი იქნებოდა. რომელი სახელი შედგება ორი ასოსაგან? ამერიკაში ძალიან გავრცელებულია სახელი "აბ". ახლა გამოსაცნობი რჩება მხოლოდ ფრაზის პირველი სიტყვა. იგი მხოლოდ ორი ასოსაგან შედგება. ესაა ნაცვალსახელი "მე". ამრიგად, პირველ წერილში წერია: "მე აქ ვარ. აბ ლენი". აი, ახლა კი საკმაოდ ბევრ ასოს ვიცნობ, სრულიად იოლად შემიძლია წავიკითხო მეორე წერილიც: "ვცხოვრობ ელრიჯისას". აზრად მომივიდა, რომ "ელრიჯი" - სახელწოდებაა სახლის ან სასტუმროსი, სადაც ცხოვრობს ყოველივე ამის დამწერი.

მე და ინსპექტორმა მარტინმა ღრმა გულისყურით მოვისმინეთ დაწვრილებითი და ნათელი ანგარიში იმაზე, თუ როგორ ხსნიდა ჩვენი მეგობარი თანდათანობით მოცეკვავე კაცუნების გამოცანას.

- შემდეგ როგორ მოიქეცით, სერ? - ჰკითხა ინსპექტორმა.

- რაკი სახელი "აბ" იხმარება მხოლოდ ამერიკაში და მთელი საქმეც იქიდან დაიწყო, რომ წერილი ამერიკიდან მოვიდა, სრული საფუძველი მქონდა მეფიქრა, რომ აბ ლენი ამერიკელია. ამას გარდა, ეჭვი მქონდა, რომ ყოველივე ამის უკან რაღაც დანაშაული იფარება. ჩემი ეჭვი გამოწვეული იყო იმით, რომ მისის კუბიტი ასე ჯიუტად უმალავდა ქმარს თავის წარსულს. მე დეპეშა გავუგზავნე ნიუ-იორკის საპოლიციო სამმართველოში მისტერ უილსონ ჰარგრივს, რომელიც ხშირად სარგებლობდა იმით, რომ მე კარგად ვიცნობ ლონდონის დამნაშავეთა სამყაროს. ვკითხე, ვინ არის აბ ლენი-მეთქი. ასეთი პასუხი მომცა: "ყველაზე უფრო საშიში ბანდიტი ჩიკაგოში". იმ საღამოს, როცა ეს წერილი მივიღე, ჰილტონ კუბიტმა ლენის უკანასკნელი წერილი მომაწოდა. ჩემთვის უკვე ცნობილი ასოები მივუყენე და გამოვიდა ფრაზა, რამაც ორი, ჯერ კიდევ უცნობი ასოს გამოცნობის შემდეგ ასეთი სახე მიიღო:


"იცოდე, მოკვდები"

ამრიგად, არამზადა თხოვნიდან მუქარაზე გადავიდა, ჩემთვის კი ცნობილია, რომ ჩიკაგოს ბანდიტების სიტყვა და საქმე ერთია. მაშინვე გამოვეშურე ნორფოლკისაკენ ჩემი მეგობრისა და თანაშემწის, დოქტორ უოტსონის თანხლებით, მაგრამ საუბედუროდ, მხოლოდ მაშინ ჩამოვედით, როცა ეს საზარელი ამბავი უკვე მომხდარი იყო.

- დიდი პატივია თქვენთან ერთად დანაშაულის გამოაშკარავება, - თავაზიანად თქვა ინსპექტორმა, - მაგრამ იმედი მაქვს, ნებას მომცემთ, მეც გითხრათ რამდენიმე გულახდილი სიტყვა. თქვენ პასუხს აგებთ მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, მე კი პასუხს ვაგებ ჩემი უფროსების წინაშე. თუ ეს აბ ლენი, ელრიჯში მცხოვრები, მართლა მკვლელია, და თუ ის გაიქცევა, ვიდრე მე აქ ვიმყოფები, მაშინ დიდი უსიამოვნება მომელის.

- ნუ გეშინიათ, ის არ შეეცდება გაქცევას.

- ეს საიდან იცით?

- გაქცევა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს.

- თუ ასეა, წავიდეთ და დავაპატიმროთ.

- აქ ველოდები, სადაც არის, მოვა.

- რატომ ფიქრობთ, რომ მოვა?

- იმიტომ, რომ მივწერე და ვთხოვე, აქ მოსულიყო.

- ეს ძალიან მოუფიქრებელი ნაბიჯია, მისტერ ჰოლმს! ნუთუ ის ბანდიტი აქ იმისათვის მოვა, რომ თქვენ სთხოვეთ? განა უფრო იოლი არ არის ვივარაუდოთ, რომ თქვენი წერილი ეჭვებს აღუძრავს და დამალვას შეეცდება?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის შედგენილი წერილი, - თქვა ჰოლმსმა. - თუ არ ვცდები, ის ჯენტლმენი უკვე მობრძანდება.

სახლისაკენ მომავალ გზაზე მართლაც ვიღაც უცნობი ადამიანი მოაბიჯებდა. ეს იყო მაღალი, ლამაზი, შავგვრემანი მამაკაცი. რუხი კოსტიუმი ეცვა და ფართოფარფლებიანი ქუდი ეხურა. შავი, უხეში წვერი და დიდი, არწივისებური ცხვირი ჰქონდა. გზად მომავალი ხელჯოხს აქნევდა და ისეთი სახით მოაბიჯებდა, თითქოს გარშემო ყველაფერი მისი საკუთრება ყოფილიყო. ბოლოს გაისმა ზარის ხმამაღალი წკრიალი.

- მე ვფიქრობ, ჯენტლმენებო, - მშვიდად თქვა ჰოლმსმა, - რომ თქვენ კარს უკან დამალვა გმართებთ. როცა საქმე ასეთ ადამიანთან გვაქვს, სიფრთხილის ყველა ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ: ინსპექტორო, ხელბორკილი მოამზადეთ, მასთან საუბარი კი მე მომანდეთ.

დუმილში მთელი წუთი გავიდა, ერთი იმნაირ წუთთაგანი, რომელსაც არასოდეს არ დაივიწყებ.

მერე კარი გაიღო და ჩვენი სტუმარი ოთახში შემოვიდა. ჰოლმსმა თვალის დახამხამებაში რევოლვერის ლულა შუბლში დაუმიზნა, მარტინმა კი მაჯებზე ხელბორკილი დაადო.

ყველაფერი ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ჩვენი ტყვე შებოჭილი აღმოჩნდა უმალ, ვიდრე თავდამსხმელებს შენიშნავდა. იგი შავი, მოციმციმე თვალებით ხან ერთს მისჩერებოდა, ხან მეორეს, მერე კი ხმამაღლა გაიცინა:

- ჰო, ჯენტლმენებო, ამჯერად თქვენ დამიჭირეთ! ახლა ვეღარსად წაგივალთ, მაგრამ მე აქ წერილით მისის ჰილტონ კუბიტმა მომიწვია... ნუ მეტყვით, რომ ის ქალიც შეთქმულთაგანია. ნუთუ ამ ხაფანგში მან შემომიტყუა?

- მისის ჰილტონ კუბიტი მძიმედ არის დაჭრილი და სულთმობრძავი წევს.

დაპატიმრებულმა ხმამაღლა შეჰყვირა, მისმა ხმამ მთელი სახლი შესძრა.

- თქვენ ხომ არ შეიშალეთ! - დაიღრიალა გაცოფებულმა. - ეს კაცია დაჭრილი და არა ქალი! განა ვინმეს გამბედაობა ეყოფოდა, რომ დაეჭრა პატარა ილსი? მე ვემუქრებოდი, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, თმის ერთ ღერსაც კი არ შევურხევდი. უკან წაიღეთ თქვენი სიტყვები, ჰეი, თქვენ! მითხარით, რომ ილსი არ არის დაჭრილი!

- ის მძიმედ დაჭრილი იპოვეს ტყვიით განგმირული ქმრის გვერდით.

კაცს გულის სიღრმიდან კვნესა აღმოხდა. დივანზე დაეშვა და სახე ხელებით დაიფარა. მთელი ხუთი წუთი დუმდა. შემდეგ ხელები ჩამოიღო და სასოწარკვეთილმა ცივი სიმშვიდით თქვა:

- არაფერი მაქვს თქვენგან დასაფარავი, ჯენტლმენებო. მე ვესროლე, მაგრამ მანაც მესროლა, - მაშასადამე, ეს არ შეიძლება მკვლელობად ჩაითვალოს, ხოლო თუ ფიქრობთ, რომ მე შემეძლო დამეჭრა ის ქალი, მაშასადამე, არც მას იცნობთ და არც მე. არასოდეს არც ერთ მამაკაცს არ ჰყვარებია ქალი ისე ძლიერ, როგორც მე, და ყველა უფლებაც მქონდა ამ ქალზე. იგი უკვე დიდი ხნის წინათ იყო ჩემთვის განკუთვნილი. რა საფუძველზე ჩადგა ეს ინგლისელი ჩვენს შორის? პირველად მე მივიღე მისი ხელის თხოვნის უფლება, და მე მოვითხოვდი მხოლოდ იმას, რაც კანონით მეკუთვნოდა.

- ის ჩამოგშორდათ, როცა გაიგო, ვინც იყავით, - მკაცრად თქვა ჰოლმსმა. - ქალი გამოიქცა ამერიკიდან, რომ თქვენგან თავი დაეღწია, ის გათხოვდა ინგლისში პატივცემულ ადამიანზე. თქვენ ემუქრებოდით, ავიწროებდით და ცდილობდით იძულებული გაგეხადათ მიეტოვებინა ქმარი, რომელიც უყვარდა, რომელსაც პატივსა სცემდა, და გაქცეულიყო თქვენთან ერთად... თქვენ კი მას სძულდით, არ უყვარდით და პატივს არ გცემდათ. საქმე იმით დაამთავრეთ, რომ მოკალით ეს კეთილშობილი კაცი და თვითმკვლელობამდე მიიყვანეთ მისი ცოლი. აი, თქვენი დამსახურებანი, მისტერ აბ ლენ, რისთვისაც პასუხისმგებლობა გეკისრებათ.

- თუ ილსი მოკვდება, ჩემთვის სულ ერთია, რა მომივა, - თქვა ამერიკელმა.

მუშტი გაშალა და ჩაიხედა ბარათში, ხელისგულზე რომ ედო.

- მომისმინეთ, მისტერ, - შესძახა აბ ლენმა და მის თვალებში ნაპერწკალმა გაიციალა, - ხომ არ ფიქრობთ, შემაშინოთ? თუ ლედი ასე მძიმედაა დაჭრილი, მაშ, ეს წერილი ვინ დაწერა?

ამ სიტყვებზე ბარათი მაგიდაზე ისროლა.

- მე დავწერე, რათა აქ მომეყვანეთ.

- თქვენ დაწერეთ? დედამიწის ზურგზე ჩვენი ბანდის წევრების გარდა, არ მოიპოვება ადამიანი, რომ მოცეკვავე კაცუნების საიდუმლოება იცოდეს. როგორ შეგეძლოთ ამის დაწერა?

- ის, რაც გამოიგონა ერთმა ადამიანმა, შეიძლება გაიგოს მეორემ, - მიუგო ჰოლმსმა.- აი, ახლოვდება კები, რომლითაც ნორვიჩში გაგაგზავნიან, მისტერ ლენი... მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ გაქვთ პატარა შესაძლებლობა, რამდენადმე გამოასწოროთ თქვენს მიერ ჩადენილი ბოროტება. ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ მისის ჰილტონ კუბიტი ეჭვმიტანილია ქმრის მკვლელობაში და მხოლოდ ჩემმა აქ ყოფნამ, ჩემს მიერ შეკრებილმა ცნობებმა იხსნეს ამ ბრალდებისაგან? თქვენ მოვალე ხართ მთელ ქვეყანას განუცხადოთ, რომ ის ამ მკვლელობაში არც ნებით და არც უნებლიეთ დამნაშავე არ არის.

- ასედაც ვიზამ, - თქვა ამერიკელმა. - ვხედავ, ჩემთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი იქნება სრული სიმართლის აღიარება. უნდა იცოდეთ, ჯენტლმენებო, რომ ლედი მე გავიცანი მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. ჩვენი ჩიკაგოს ბანდა შვიდი კაცისაგან შედგებოდა. ილსის მამა ჩვენი მეთაური იყო. ჭკვიანი მოხუცი გახლდათ. სწორედ მან გამოიგონა ის ასოები, რომელთაც ყველა ბავშვის ნახატებად თვლიდა, ვიდრე თქვენ არ გაგიღიმათ ბედმა და იმ შიფრს გასაღები არ მოარგეთ. ილსი იცნობდა ჩვენს ზოგიერთ საქმიანობას, მაგრამ ჭირივით სძულდა ჩვენი პროფესია. და რაკი მას ჰქონდა პატიოსანი გზით მოპოვებული ფული, ხელიდან გაგვისხლტა და ლონდონს ჩამოვიდა. ჩემი დანიშნული იყო და ცოლადაც გამომყვებოდა, თუ პროფესიას გამოვიცვლიდი. ჩემი ხელობის ხალხთან კი ილსის არ სურდა რაიმე საერთო ჰქონოდა. მის კვალს მივაგენი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ინგლისელს გაჰყვა. წერილი მოვწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. მაშინ აქ ჩამოვედი და რადგან ვშიშობდი, შესაძლოა, მან ჩემი წერილები არც კი წაიკითხოს-მეთქი, დავიწყე წერა ფანჯრის რაფაზე და ფარდულის კარზე.

უკვე მთელი თვეა, რაც აქ ვცხოვრობ. ფერმაში დავსახლდი. ჩემი ოთახი იმით იყო კარგი, რომ ქვედა სართულზე გახლდათ, ღამღამობით ისე შემეძლო გამოსვლა, რომ სახლის პატრონთა ყურადღებას არ მივიქცევდი. რა არ ვიღონე, რომ ილსი ჩემს მხარეს გადმომებირებინა. ვიცოდი, კითხულობდა ჩემს აჩხაბაჩხა ნაწერს, რადგანაც ერთხელ ჩემს ნაწერს ქვეშ პასუხი მიაწერა. ბოლოს მოთმინება დავკარგე და მუქარაზე გადავედი. მაშინ მომწერა წერილი, რომელშიაც მევედრებოდა, ამერიკაში დავბრუნებულიყავი, მარწმუნებდა, თავს მოვიკლავ, ჩემი ქმარი რაიმე სკანდალურ საქმეში რომ გაერიოსო. აღმითქვა, ღამის სამ საათზე, როცა ქმარი დაიძინებს, ფანჯრიდან დაგელაპარაეკბი იმ პირობით, რომ ამის შემდეგ გაემგზავრები და მომასვენებო.

მოლაპარაკების დროს ფული შემომთავაზა, რომ ჩემგან თავი დაეხსნა. ამან გამაშმაგა, ხელი ვტაცე და მინდოდა ფანჯრიდან გადამეყვანა. სწორედ იმ წამს მოირბინა მისმა ქმარმა, ხელში რევოლვერი ეჭირა. ილსი უგრძნობლად დაეშვა იატაკზე, მე და ის კაცი კი ერთიმეორეს პირისპირ შევრჩით. მეც შეიარაღებული ვიყავი და რევოლვერი შევმართე, რათა შემეშინებინა და წასვლის შესაძლებლობა მომცემოდა. მესროლა და ამაცდინა. მეც თითქმის მასთან ერთად გავისროლე და ჩემი მოწინააღმდეგე იატაკზე დაეცა. იქაურობას გავშორდი, ბაღი გადავირბინე და გავიგონე, როგორ დახურეს ფანჯარა. ყველაფერი ეს სიმართლეა, ჯენტლმენებო, და მეტი ამ საქმისა არაფერი ვიცოდი, ვიდრე ჩემთან ერთი პატარა ყმაწვილი არ გამოცხადდა და ბარათი არ გადმომცა. წერილი წავიკითხე, აქეთ გამოვიქეცი და თქვენს ხელშიც ჩავვარდი...

ამასობაში სახლთან კებიც მოვიდა. შიგ ორი პოლისმენი იჯდა.

ინსპექტორი მარტინი წამოდგა და დაპატიმრებულს მხარზე ხელი შეახო.

- დროა წავიდეთ!

- არ შეიძლება წასვლის წინ ილსი ვნახო?

- არა, ჯერ კიდევ გრძნობაზე არ მოსულა... მისტერ შერლოკ ჰოლმს, მე ისღა დამრჩენია, იმედი ვიქონიო, რომ როცა ისევ გამაგზავნიან რაიმე დიდი საქმის გამოსარკვევად, ბედნიერება მექნება კვლავ თქვენთან ერთად ვიმუშაო.

ფანჯარასთან ვიდექით და მიმავალ კებს გავცქეროდით. როცა მოვბრუნდი, შევნიშნე ბარათი, რაც დამნაშავეს მაგიდაზე დაეტოვებინა. ეს სწორედ ის ბარათი გახლდათ, ჰოლმსმა მას რომ გაუგზავნა.

- სცადეთ ამისი წაკითხვა, უოტსონ, - მითხრა ღიმილით ჰოლმსმა.

ფურცელზე დახატული იყო აი, ასეთი მოცეკვავე კაცუნები:

- თუ ჩემს ახსნა-განმარტებას გაიხსენებთ, აქ წერია: "მოგელი, არ მალოდინო". ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ასეთი მოპატიჟება ამერიკელს ჩვენთან მოიყვანდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ მისის კუბიტის გარდა ასე წერა არავის შეეძლო. ერთი სიტყვით, ჩემო ძვირფასო, უოტსონ, ეს კაცუნები, რომლებიც ასე დიდხანს ემსახურებოდნენ ბოროტებას, ახლა ვაიძულეთ, სიკეთეს ემსახურონ... მგონია, შეგისრულეთ დანაპირები და თქვენი უბის წიგნი ახალი ჩანაწერებით გავამდიდრე. ჩვენი მატარებელი სამ საათსა და ორმოც წუთზე გადის და ბეიკერსტრიტზე სწორედ სადილობისას ვიქნებით.

კიდევ რამდენიმე სიტყვაც და დავასრულებთ. ამერიკელ აბ ლენის ნორვიჩის სასამართლოს ზამთრის სესიამ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ მხედველობაში მიიღო რა დანაშაულის შემამსუბუქებელი მოტივები, და რაც მთავარია, ის გარემოება, რომ ჰილტონ კუბიტმა პირველმა ესროლა, სიკვდილი საკატორღო სამუშაოებით შეუცვალა. მისის ჰილტონის შესახებ ჩემთვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ იგი სრულიად განიკურნა, ჯერ კიდევ ქვრივია და თავის სიცოცხლეს ღარიბებზე ზრუნვას ახმარს.