ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) - სასაფლაოს ამბები - ახსნა გამარტება
ამ წიგნს დიდხანს ვწერდი, წელიწადში ერთ-ორ მცირე მონაკვეთს ვამატებდი. ვიცოდი, ასეთ თემას აჩქარება არ უყვარს და, გარდა ამისა, ვგრძნობდი: ეს წიგნი კი არა, ერთგვარი გზაა, რომელიც თავქუდმოგლეჯილმა თუ გავირბინე, შეიძლება ჩემს მოსახვევს გავცდე და დავიკარგო. ზოგჯერ კი იმის განცდა მეუფლებოდა, რომ დროა შევჩერდე და მორიგ მოხმობას დაველოდო.
ამ გზას ხუთ წელიწადს მოვუნდი. ის მოსკოვის ძველისძველი სასაფლაოს გალავანთან დაიწყო და შორს, ძალზე შორს წამიყვანა. ვიდრე ამ გზას ვადექი, ბევრი რამ შეიცვალა "და ზოგად კანონს მინდობილი, მეც შევიცვალე"(ციტატა ალექსანდრე პუშკინის ლექსიდან "კვლავ ვეწვიე..."), ორ განსხვავებულ პიროვნებად გავიყავი: განსჯის მოყვარულ გრიგოლ ჩხარტიშვილად და ხალხის გამრთობ ბორის აკუნინად. ასე რომ, ეს წიგნი უკვე ორმა დავასრულეთ: პირველი ესეისტურ ფრაგმენტებს წერდა, მეორე - მხატვრულს. გარდა ამისა, წერის პროცესში გავიგე, რომ ტაფოფილი ვყოფილვარ - თქვენ წარმოიდგინეთ, ამქვეყნად ასეთი გატაცებაც არსებობს (რომელიც ზოგს შეიძლება მანიადაც კი ექცეს!). თუმცა ტაფოფილს მხოლოდ პირობითად თუ მიწოდებთ, რადგან მე არასოდეს შემიგროვებია სასაფლაოებისა და სამარეების კოლექცია, მე უფრო გარდასული დროის საიდუმლო მიტაცებდა: მინდოდა გამეგო, თუ საით მიდის წარსული და რა მოსდით მასში მოსახლე ადამიანებს.
იცით ყველაზე მეტად რით მაინტრიგებენ მოსკოვის, ლონდონის, პარიზის, ამსტერდამის მაცხოვრებლები, რომ აღარაფერი ვთქვათ რომსა და თუ იერუსალიმზე? იმით, რომ მათი უმრავლესობა მკვდარია. ნიუ-იორკისა და ტოკიოს მოსახლეობაზე ამას ვერ იტყვი, ეს ქალაქები საამისოდ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.
თუკი ძველი ქალაქის მთელ მოსახლეობას, მისი დაარსებიდან მოყოლებული, ერთიან მასად წარმოვიდგენთ, წამსვე შევნიშნავთ, რომ ამ ზღვა ხალხში გათეთრებული თავის ქალები და თვალის ცარიელი ფოსოები ცოცხალ სახეებს ბევრად სჭარბობს. შეიძლება ითქვას, ისტორიული წარსულის მქონე ქალაქების მკვიდრნი მიცვალებულთა გარემოცვაში ცხოვრობენ.
არა, არ მსურს ძველ მეგაპოლისებს ქალაქი-აჩრდილები ვუწოდო. მათ ენერგია არ აკლიათ, მათში სიცოცხლე დუღს, ამაოების ბაზარი კი ფუსფუსებს. სულ სხვა რამეს ვგულისხმობ.
ბოლო დროს გამიჩნდა იმის განცდა, რომ ისინი, ვინც ჩვენამდე ცხოვრობდნენ, არსად გამქრალან, ისევ ძველ ადგიალას რჩებიან, უბრალოდ ჩვენგან განსხვავებულ დროით განზომილებებში არსებობენ. ჩვენ და ისინი ერთსა და იმავე ქუჩებში დავაბიჯებთ და ერთურთს ვერ ვხედავთ. ჩვენ მათ უხორცო სხეულებს ვაპობთ და მათში გავდივართ. ახალი ყაიდის შემინულ შენობათა მიღმა უნებლიედ ვამჩნევ იმ სახლების ლანდებს, ოდესღაც მათ ადგილას რომ იდგა: თვალწინ ხან კლასიკური ფასადი გამიელვებს, ხან გულუბრყვილო მეზონინი, ხან ჩუქურთმიანი ჭიშკარი, ხანაც ზოლიანი შლაგბაუმი.
ყველაფერი, რაც ოდესმე არსებობდა და ყველა, ვისაც ოდესმე უცხოვრია, სამუდამოდ რჩება.
არასოდეს დაგილანდავთ სადმე, ხალხმრავალ კუზნეცკის ხიდზე წამით აფრიალებულ მოსასხამ-ალმავივაში გახვეული, ცილინდრიანი ფიგურა? ანდა გრძელლენტიანი ქუდის ქვეშ გაელვებული გოგონას სიფრიფანა პროფილი? არა? მაშ, მოსკოვს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობთ.
ძველისძველი ქალაქები ასი-ორასი წლის წინათ აშენებულთ სრულებით არ ჰგავს. ვინ მოთვლის, თუ რამდენი ადამიანი დაიბადა, რამდენს უყვარდა, სძულდა, რამდენი იტანჯებოდა და ხარობდა ამგვარ დიდ ქალაქში? შეუძლებელია, ნერვული და სულიერი ენერგიის ეს ოკეანე ერთბაშად უკვალოდ გაქრეს.
ანტიკური ეპოქის შესახებ ბროდსკის მსჯელობას დავესესხები: წინაპრები ჩვენთვის არსებობენ, ჩვენ კი მათთვის არ ვარსებობთ, რადგანაც ჩვენ მათ შესახებ ზოგიერთი რამ მაინც ვიცით, ისინი კი სრულებით არ გვიცნობენ. ჩვენ მათზეზეგავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. ამიტომაც იმ ქალაქს, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ, ჩვენ არ ვედარებით. რაც უფრო ასაკოვანია ქალაქი, მით უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს თავის ამჟამინდელ მაცხოვრებლებს: სწორედ იმის გამო, რომ ისინი უმცირესობას შეადგენენ. რით გავაკვირვებთ ჩვენ, ცოცხლები, ასეთ ქალაქს? რამდენი უნახავს ჩვენისთანა გაბედული, გულმოდგინე, ნიჭიერი და, ვინ იცის, იქნებ ის ძველები ყველაფერში გვჯობდნენ კიდევაც?
ნიუ-იორკი დღევანდელ ნიუ-იორკელთა რიტმით სუნთქავს, რადგან მათი თანამედროვეა, მათი მეგობარი და თანაზიარი, ხოლო რომი და პარიზი გულგრილად დაჰყურებენ მათ, ვინც ძველ კედლებზე „ნესკაფესა“ და „არიელის“ რეკლამა გამოფინა. იცის, იცის ბებერმა ქალაქმა: დროის მორიგი ტალღა აგორდება და მთელ ამ ზიზილ-პიპილოებს უკვალოდ ჩამორეცხავს. ჯინსებიანი, ჭრელმაისურიანი ყოჩაღი კაცუნების ნაცვლად მის ქუჩებში სხვები იფუსფუსებენ, თუმცა ახლანდელებიც არსად წავლენ: უბრალოდ, მიწისქვეშა უბნებში გადაინაცვლებენ, რამდენიმე ათწლეულს იქ განისვენბენ, მერე კი მიწად იქცევიან და ამით უკვე საბოლოოდ შეერწყმიან თავიანთ ქალაქს.
მეგაპოლისებში სასაფლაოები, როგორც წესი, დიდხანს ვერ ძლებს: მათი არსებობა მხოლოდ იმდენ ხანს გრძელდება, რამდენიც სჭირდება მათთვის გამოყოფილი მიწის მონაკვეთის სამარეებით შევსებას, ამასკ იდევ ნახევარი საუკუნე ემატება, ვიდრე ჭირისუფლები ცოცხლობენ და ამ სამარეებს უვლიან. სულ რაღაც ას-ასორმოცდაათ წელიწადში გარდაცვლილთა ნეშტებს მიწის სქელი ფენა დაეფარება, მასზე მოედნები გადაიჭიმება და სახლები აღიმართება, ხოლო გაზრდილი ქალაქის გარეუბნებში ახალი ნეკროპოლისები წარმოიქმნება.
გარდაცვლილნი ჩვენს მეზობლებად რჩებიან. ჩვენ მათ ძვლებზე დავაბიჯებთ, მათთვის აგებული სახლებით ვსარგებლობთ, მათი დარგული ხეების ჩრდილში დავსეირნობთ. ჩვენი გარდაცვლილნი ხელს არ გვიშლიან და არც ჩვენ ვუშლით მათ ხელს.
რამდენიმე წლის წინათ პარიზის ქვეშ მკვდართა მთელი სამეფო აღმოაჩინეს: ეს მიწისქვეშა კატაკომბებია, სადაც ქალაქის სასაფლაოებიდან მილიონობით პარიზელის ნეშტი გადმოუსვენებიათ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დანფერ-როშროს გაჩერებამდე მივიდეს, იქ მიწისქვეშეთში ჩავიდეს და თვალუწვდენელ სივრცეში დაწყობილ თავის ქალებს გადახედოს; იქნებ სადმე მათ შორის თავისი ძვლებიც წარმოიდგინოს, მეჩვიდმეტე რიგში, მარცხნიდან ასსამოცდამერვე ადგილას, და იქნებ ეს საკუთარი პიროვნების მასშტაბის გადასინჯვაშიც დაეხმაროს.
მაგრამ, როგორც წესი, მიწის წიაღში ჩახედვისა და წინა თაობათა ამჟამინდელი საცხოვრისისათვის თვალის შევლების ამგვარი შესაძლებლობა უიშვიათესია. შეიძლება ითქვას, რომ პარიზელებს გაუმართლათ. ჩვენ წინამორბედებთან შეხვედრის ადგილად უფრო ხშირად სასწაულებრივად შემორჩენილი ძველი სასაფლაოები გვევლინება, ისეთები, სადაც უკვე დიდი ხანია რაც აღარავის კრძალავენ. მათ შეიძლება შედუღებულ-შეჩერებული დროის კუნძულები ვუწოდოთ. აუცილებელი პირობაა, რომ ძველი სასაფლაო მართლაც ხმარებიდან იყოს გამოსული, რადგან ახლადგათხრილ მიწასა და ჯერაც მოუშუშებელ ტკივილს მარადისობასთან არაფერი აქვთ საერთო. მათ სიკვდილის სუნი უდით - იმდენად მძაფრი, რომ მის გვერდით გარდასული დროის მოუხელთებელი სურნელი იფანტება.
თუკი გსურთ, მოსკოვის ხასიათს ჩასწვდეთ, მისი თავისებურება შეიგრძნოთ, გირჩევთ დონის ძველ სასაფლაოზე გაისეირნოთ. პარიზი უმჯობესია ნახევარი დღე პერ-ლაშეზზე გაატაროთ. ლონდონში ჰაიგეიტის სასაფლაოს ეწვიეთ. თვით ნიუ-იოკრშიც კი ნახავთ შეჩერებული დროის ზონას: ეს ბრუკლინში განლაგებული გრინ-ვუდია.
თუკი დღე, ამინდი და თქვენი შინაგანი განწყობა გარემოცვას ჰარმონიულად მიესადაგა, მაშინ თავს წარსულისა და მერმისის განუყოფელ ნაწილად შეიგრძნობთ. შესაძლოა, იდუმალი ხმაც ჩაგესმათ, რომელიც ჩაგჩურჩულებთ: „დაბადებაც და სიკვდილიც შეუვალი კედლები კი არა, კარებია“.
რუსულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ