ჟან კოკტო - ლექსები

***
და ზოგჯერ ღამით
უსიერ ტყეში
გზასაცდენილი
თვალს ჰკიდებს მგზავრი
მხიარულ შუქს და 
გამხნევებული 
ეშმას სახლისკენ
მიიწევს ჯიქურ

***
და იგალობე ღამით
ნუ გაექცევი მეტად
სიმარტოვეში ნაშობთ
მოჩვენებებს და აჩრდილთ
და რომ შესაძლო იყოს
ჭვრეტა საკუთარ თავის
როგორც გვიჭვრეტენ სხვანი
მყის განგვმირავდა ელდა


ალეგორია

შეხედეთ... იცნობთ... დაფიქრდით კარგად,
დროთაგან მოყრილი ჭორფლიანი
დედაკაცი, ჩასხმული ოდნავ, მკერდმოფრქვეული,
სქელგავიანი... ბეცი
ძველთაგან... მერწმუნეთ, იცით, 
ვისზედაც ვბრძანებ... სისულელეა... ნუ აჩქარდებით.
ხელმოტეხილი?.. კი მაგრმა...
ეს ხომ... მილოსელია ჩვენი, ვენერა.


ო, ლა-ლა!

მყოფობენ უზენაესნი: ეს ყოველივე
სატანა გახლავთ, ოდეს სიცოცხლეს შევღაღადებდი,
ვერ ამიტანა - ჩავკვდი მაშივე.
და შეისმინეთ, ნუღა მიჰბაძავთ
ზმანებებს ჩემსას. მათზე სიკვდილი 
ბარათებს აჩნევს: ტურტლიან საცვლებს, 
ბუნდოვან ნაწერს, ბინძურ ნახატებს. 
და მეორე დღეს იმ ისტორიის ვხდები მე
გმირი, რომლის ქმედობაც ზეცაში ხდება.

***
ისიც ვინც გაქებს სცდება
ვისაც ჰგონია უყვარხარ ძლიერ
სცდება ისიც
და შეგიძლია მხოლოდ ნაპირზე
ელოდო ტალღას ტალღას
რომელიც გულს აგილოკავს
როგორც ერთგული ძაღლის ენა
პატრონის სახეს
და რადგან ტალღა არ ფიქრობს არას
ხოლო ვინც ფიქრობს წყვეტს არსებობას
თქმა ძალუძს ტალღას მე არას ვფიქრობ
და ამიტომაც ვარსებობ მარად.


ამავე თემაზე: ჟან კოკტო - მამალი და არლეკინი
ჟან კოკტო - ესეები
ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ლოლაძემ
გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982