ორჰან ფამუქი - სასამართლოში

ამ პარასკევს სტამბოლში შიშლის რაიონში, სადაც მთელი ცხოვრება გავატარე, სასამართლოს შენობასი, იმ სამსართულიანი სახლის პირდაპირ რომ მდებარეობს, რომელშიც ბებიაჩემი ორმოცი წლის განმავლობაში მარტო ცხოვრობდა, სასამართლოს წინაშე წარვდგები. 

ბრალი მედება „თურქი ერის საჯარო შეურაცხყოფაში“. პროკურორი ჩემთვის სამი წლით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ალბათ, უნდა მაღელვებდეს ის ფაქტი, რომ სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტი, ჰრანტ დინკი, იმავე დანაშულის ბრალდებით, იმავე სასამართლოში გაასამართლეს და სისხლის სამართლის კოდექსის იმავე 301-ე მუხლით დამნაშავედ ცნეს, მაგრამ მე იმედს მაინც არ ვკარგავ. ჩემი ადვოკატის მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ ჩემ მიმართ წაყენებული ბრალდება ნაკლებ დამაჯერებელია; არ მგონია, ციხეში მოვხვდე.

მეუხერხულება ჩემი სასამართლო პროცესის ზედმეტი დრამატიზება. კარგად ვიცი, რომ ჩემმა მრავალმა სამტბოლელმა მეგობარმა, რომლებსაც რჩევისთვის მივმართე, გაცილებით მკაცრი დაკითხვაც გაიარა და თავისი ნაწერების გამო სასამართლო დარბაზებსა და ციხის კამერებში მრავალი წელიც დაკარგა. ვერ ვიტყვი, რომ ჩემ წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყებამ მეტისმეტად გამაკვირვა, რადგან მე იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც დიდ პატივს სცემენ თავიანთ ფაშებს, წმინდანებსა და პოლიციელებს, მაგრამ მწერალს სათანადო პატივს არ მიაგებენ მანამ, სანამ იგი რამდენიმე წელს სასამართლო დარბაზებსა და ციხეებში არ გაატარებს. ისიც კარგად მესმის, რატომ მეუბნებიან ჩემი მეგობრები ღიმილით: ბოლოს და ბოლოს „ნამდვილ თურქ მწერლად“ იქეცი. მაგრამ იმ სიტყვების წარმოთქმისას, რომელთა გამოც ამდენი პრობლემა შემექნმა, ასეთი პატივის დამსახურებას არ ვცდილობდი.

2005 წელს შვეიცარიული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში აღვნიშნე, რომ თურქეთში მილიონი სომეხი და ოცდაათი ათასი ქურთი დახოცეს და დავძინე, რომ ჩემს ქვეყანაში ეს ტაბუდადებული თემაა. მსოფლიოს ყველა სერიოზულმა ისტორიკოსმა კარგად იცის, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს, არასაიმედოობის საბაბით, ოსმალეთის იმპერიიდან მრავალი სომეხი გაასახლეს და ბევრი დახოცეს; თურქეთის ოფიციალური წარმომადგენლები, რომელთა უმეტესობაც დიპლომატები არიან, კვლავაც ამტკიცებენ, რომ მოკლულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე მეცნიერები გვარწმუნებდნენ; იმასაც ამბობენ, რომ ეს მასობრივი ხოცვა გენოციდად ვერ ჩაითვლება, რადგან მას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა და ომის განმავლობაში სომხებმაც მრავალი მუსლიმი მოკლეს.

გასულ სექტემბერს კი, მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამმა დიდად პატივცემულმა უნივერსიტეტმა ერთობლივი ძალებით გამართა სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიებაზე ისეთი მიმართულებები გამოიკვეთა, რომელთაც სახელმწიფო ოფიციალურად არ ემხრობა. მას შემდეგ - 301-ე მუხლის არსებობის მიუხედავად - ამ საკითხის საჯარო განხილვა პირველად მოხდა.

სახელმწიფო ყველა ღონეს ხამრობს იმისთვის, რომ თურქ ერს დაუმალოს, რეალურად რა ბედი ეწიათ სომხებს ოტომანთა იმპერიაში, რის გამოც ეს საკითხი დაბუდადებულ თემად შეიძლება ჩაითვალოს. ჩემმა სიტყვებმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია: მრავალმა გაზეთმა ჩემ წინააღმდეგ სიძულვილის თესვის კამპანია წამოიწყო, ზოგიერთმა მემარჯვენე (თუმცა არცა ყოველთვის ისლამისტმა) მიმომხილველმა ისიც კი განაცხადა, რომ საჭიროა ჩემი ერთხელ და სამუსამოდ „დადუმება“; ნაციონალისტ ექსტრემისტთა დაჯგუფებებმა ჩემი გამყიდველობის გასაპროტესტებლად მიტინგები მოაწყვეს, ჩემი წიგნები კი საჯაროდ დაწვეს. ჩემი რომანის, „თოვლის“ გმირის, კას მსგავსად, მეც საკუთარ თავზე გამოვცადე რას ნიშნავს პოლიტიკური მოსაზრებების გამო საყვარელი ქალაქის გარკვეული დროით დატოვება. თავდაპირველად გაჩუმება ვამჯობინე, რადგან აღარ მინდოდა, ამ სკანდალისთვის რამე მიმემატებინა, საერთოდ, მის შესახებ არაფრის გაგონება აღარ მსურდა; საოცარი სირცხვილის გრძნობამ ამიტანა, საზოგადოებისაგან მიმალვა და საკუთარი სიტყვებისაგან გაქცევაღა მსურდა. შემდეგ ვიღაც პროვინციელმა გუბერნატორმა ჩემი წიგნების დაწვა მოითხოვა; სტამბოლში ჩემი დაბრუნების შემდეგ კი შიშლის სახალხო პროკურორმა ჩემ წინააღმდეგ საქმე აღძრა; შემდეგ ჩემზე საერთაშორისო საზოგადოებაც ალაპარაკდა.

ჩემს შეურაცხმყოფელებს პიროვნული შუღლი არ ამოძრავებდათ და არც მხოლოდ ჩემ მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას; უკვე ვიცოდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც თურქეთშიც საჭიროებდა განხილვას და მის ფარგლებს გარეთაც. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქვეყნის ღირსებას მის ისტორიაში არსებულ შავ ლაქაზე საჯაროდ მსჯელობა კი არა, მათზე გაჩუმება უფრო შეურაცხყოფს. იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ ოტომანთა იმპერიაში მცხოვრებ სომეხთა ხვედრზე მსჯელობის აკრძალვა, არსობრივად, აზრის გამოხატვის თავისუფლების აკრძალვას ნიშნავდა; დიახ, ეს ორი რამ ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ჩემდამი თანადგომისა და მხარდაჭერის ჟესტებმა დამამშვიდა; იყო მომენტები, როდესაც უხერხულობას ვგრძნობდი, რადგან ჩემს ქვეყანასა და დანარჩენი მსოფლიოს დაპირისპირების მიზეზი გავხდი.

ადვილი ასახსნელი არ არის, თუ რატომ გადაწყვიტა ევროკავშირმა გაწევრიანების მსურველმა ქვეყანამ იმ მწერლის დაპატიმრება, რომლის წიგნებსაც მთელ ევროპაში კარგად იცნობენ, და რამ აიძულა იგი, ეს დრამა (კონრადის სიტყვები რომ მოვიშველიოთ) „დასავლეთის თვალწინ“ გაეთამაშებინა. ამ პარადოქსს უბრალო უმეცრებით, შურით ან არატოლერანტობით ვერ ავხსნი; პარადოქსი სხვა რამეშიცაა. რა შეიძლება ვთქვა ქვეყანაზე, რომლის მტკიცებითაც თურქები, დასავლელი მეზობლებისაგან განსხვავებით, შემწყნარებელი ხალხია და გენოციდს, უბრალოდ, ვერ მოაწყობდნენ, მე კი ამ დროს ეროვნულ-პოლიტიკური დაჯგუფებები სივკდილით მემუქრებიან? არის კი რაიმე ლოგიკა ჩვენი სახელმწიფოს განცხადებაში იმის შესახებ, რომ მისმა მტრებმა მთელ მსოფლიოში ოტომანთა მემკვიდრეობის შესახებ მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს მაშინ, როდესაც ეს სახელმწიფო მწერლებს ერთმანეთის მიყოლებით უყენებს ბრალს, აპატიმრებს და მთელ მსოფლიოში „საშინელი თურქის“ იმიჯს უვრცელებს? უნებლიეთ ის პროფესორი გამახსენდა, რომელსაც სახელმწიფომ თურქეთში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების შესახებ დასკვნის მომზადება სთხოვა, მერე მის მიერ დაწერილი დასკვნა არ მოეწონა და ამ პროფესორს ბრალი წაუყანა. იმ დროის განმავლობაში კი, რომელიც ამ ესეს წერას მოვანდომე - მისი დაწყებიდან ამ წინადადების ჩათვლით, რომელსაც ახლა კითხულობთ - 301-ე მუხლით კიდევ ხუთი მწერალი და ჟურნალისტი მაინც გაასამართლეს. წარმომიდგენია, რომ ფლობერი და ნერვალი, „ორიენტალიზმის“ ეს ორი ნათლია, ამ შემთხვევას bizarreries (უცნაურობას) უწოდებდნენ და მართლებიც იქნებოდნენ.

თუმცაღა აქ გათამაშებული დრამა, ჩემი აზრით მხოლოდ თურქეთისათვის დამახასიათებელი გროტესკი არ არის. საქმე ახალ გლობალურ ფენომენთან უნდა გვქონდეს, რომელსაც დროა, მეტი ყურადრება მივაქციოთ. უკანასკნელ წლებში ინდოეთისა და ჩინეთის საოცარი ეკონომიკური აღმავლობის მოწმენი გავხდით, რის შედეგადაც ორივე ქვეყანაში სწრაფად განვითარდა საშუალო ფენა; თუმცა ასეთი ტრანსფორმაციის შედეგად გაჩენილი ადამიანების ხასიათის თავისებუებების ბოლომდე ჩასაწვდომად ჯერ მათი პირადი ცხოვრების რომანებში ასახვაა საჭირო. ამ ახალ ელიტას რაც გენბავთ, ის ვუწოდოთ - არადასავლური ბურჟუაზია ან გამდიდრებული ბიუროკრატია. ჩვენში მათ გადასავლეთებულ ელიტას უწოდებენ. ახლად მოხვეჭილი ქონებისა და ძალაუფლების ლეგიტიმიზაციის მიზნით ეს ადამიანები იძულებულნი არიან ორი სრულიად შეუთავსებელი მიმართულებით იმოქმედონ. პირველ რიგში, თავიანთი უეცარი გამდიდრების გასამართლებლად დასავლური აზროვნება და მოვლენებისადმი დასავლური მიდგომა უნდა შეიმუშავონ; მას შემდეგ კი, საკუთარ თანამემამულეთა განათლებას უნდა მიჰყონ ხელი, ხოლო როდესაც ხალხი მათ ტრადიციების უგულებელყოფაში დაადანაშაულებს, მყვირალა და არატოლერანტულ ნაციონალიზმს უნდა მიამრთონ. დავა, რომელიც უცხოელის თვალს, ალბათ, უცნაურობად მოეჩვენება, მოქმედ პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროგრამებსა და კულტურულ ფასეულობებს შორის კონფლიქტით შეიძლება იყოს გამოწვეული. ერთი მხრივ, ქვეყანას გლობალურ ეკონომიკაში ჩართვა ემუქრება, მეორე მხრივ კი, მძაფრდება ნაციონალისტური იდეები, რომლებიც ნამდვილ დემოკრატიასა და აზრის თავისუფლებას დასავლეთის პირმშოდ და მათ შინაურ საქმეებში დასავლეთის ჩარევად აცხადებს.

ვ.ს. ნაიპოლი მწერალთა შორის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პოსტკოლონიური ეპოქის დაუნდობელი, პირსისხლიანი, არაევროპული მმართველი ელიტის პირადი ცხოვრება აღწევდა. კორეაში დიდ იაპონელ მწერალს ქენძაბურო ოეს შევხვდი, რომლისგანაც შევიტყვე, რომ ისიც ნაციოანლ-ექსტრემისტთა თავდასხმის სამიზნე გამხდარა მას სემდეგ, რაც განუცხადებია, რომ ტოკიოში უნდა მოეწყოს მისი ქვეყნის ჯარების მიერ კორეასა და ჩინეთში ჩადენილი საშინელი დანაშაულების ღია განხილვა. მსგავსი წინაარმდეგობების შედეგია რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩეჩნების, სხვა ეროვნული უმცირესობებისა და სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფების წინააღმდეგ გამოვლენილი არატოლერანტულობა, ინდოეთში ინდუსი ნაციონალისტების თავდასხმა აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და ჩინეთის მიერ უიღურების ფარული ეთნიკური წმენდაც.

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: ხვალინდელი მწერლები, რომელთაც ახალი ელიტის პირადი ცხოვრება უნდა გამოამზეურონ, იმედოვნებენ, რომ მათი ქვეყნების მიერ სიტყვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ დასავლეთი ხმას აღიმაღლებს. მაგრამ ამჟამად გავრცელებულმა ტყუილებმა ერაყის ომისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ არსებული ციხეების შესახებ იმდენად დაუკარგა ხალხს დასავლეთის ნდობა არა მხოლოდ თურქეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც, რომ ჩემნაირ ადამიანებს საკუთარ სამშობლოში მეტისმეტად უჭირთ ნამდვილ დასავლურ დემოკრატიაზე საუბარი.

ორჰან ფამუქი - „სხვა ფერები“
გამომცემლობა „დიოგენე“, 2014წ.
მთრგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი