ორჰან ფამუქი - სალმან რუშდი: სატანური სურები და მწერლის თავისუფლება

სალმან რუშდის რომანების გაზვიადებულად რეალისტური სცენები და მისი ფანტაზიით შექმნილი სამყარო რეალობად იქცა: მისი რომანი აკრძალულია ინდოეთში, პაკისტანსა და ისლამისტური ქვეყნების უმრავლესობაში. გულისწყრომა და მღელვარება არა მარტო მწერალმა და მის წიგნმა გამოიწვია, არამედ მისმა ინგლისელმა და ამერიკელმა გამომცემლებმაც. 

საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები დასავლეთშიც გაიმართა და აღმოსავლეთშიც. ემუქრებოდნენ წიგნების მაღაზიების მფლობელებსაც. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წიგნთან ერთად წვავდნენ მწერლის სურათებს და გამოსახულებებს, ახლა კი აიათოლა ხომეინიმ რუშდის მკვლელობის სანაცვლოდ დიდძალი თანხაც დააწესა. ზოგს მიაჩნდა, რომ მას მთელი პლასტიკური ქირურგიული ოპერაციისა და შეცვლილი გარეგნობის წყალობით მწერალი თავისუფლად შეძლებდა ცხოვრებას ჩვენ შორის. მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ამ ადამიანზე ნადირობის შემზარავი სცენების შესახებ მოგვითხრობენ, მკითხაობენ, რომელი კარიდან შეიძლება შემოვიდეს მკვლელი ან რომელი საკვამურიდან გამოჩნდება იგი, მაგრამ, ამავე დროს, დაუსრულებლად ლაპარაკობენ აზრის გამოხატვის თავისუფლებაზეც - ან, უფრო სწორად, იმაზე, თუ როგორ შეიძლება შეზღუდოს კანონმა მწერლის წარმოსახვითი სამყარო.

ჩვენ, თურქები, სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომელსაც მკაცრად აკონტროლებს ისლამი, და რომელშიც აზრის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება შეზღუდულია. ამიტომ ერთგვარი დამკვირვებლის როლში ვართ, რადგან თამაში ჩვენ საზღვრებს გარეთ მიმდიანრეობს და მხოლოდ უცხოურ პრესაში ამოკითხული დეტალებით ვკმაყოფილდებით.

იმის თქმას ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ჩვენთან ეს თემა არავის აინტერესებს, მაგრამ ირანის მსგავსად, ამ თემაზე აქაც ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ისინი ლაპარაკობენ, ვისაც ამ როამნის ერთი სიტყვაც არ აქვს წაკითხული და საერთოდ არაფერს კითხულობს. „რელიგიური საკითხების დირექტორატს“ ისე უბრძანეს, მოეწვია საგანგებო კრება, თითქოს ეს საკითხი ისლამის ისტორიაში თეოლოგიური ხასიათის პრობლემას ქმნიდა. იმამებმა, რომლებიც რომანებს საერთოდ არ კითხულობენ, უქადაგეს მრევლს, რომელიც ასევე არაფერს კითხულობს; ჟურნალისტები კი, რომელთაც ეს რომანი არ წაუკითხავთ, თეოლოგიური შინაარსის შეკითხვებს უსვამენ პროფესორებს - რომელთაც ასევე არ წაუკითხავთ იგი - შემდეგ იგივე ჟურნალისტები თხზავენ საგაზეთო სათაურებს, რომელთა უსირცხვილობაც თეოლოგიის ყოველგვარ საზღვრებს სცილდება: იმსახურებს თუ არა იგი სიკვდილს?

მისი სხვა რომანის, „შუაღამის შვილების“ მსგავსად, სალმან რუშდის რომანი „სატანური სურები“ მაგიური რეალიზმის სტილშია დაწერილი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურაში უკვე ოცი წელია, პოპულარობით სარგებლობს, თუმცა სათავეს გაცილებით ადრე, რაბლესგან იღებს. როგორც გიუნტერ გრასის „თუნუქის დოლიდან“ და გაბრეილ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადიდან“ - ამ ჟანრის ორი საუკეთესო რომანიდან, რომლებიც უკვე ნათარგმნია თურქულ ენაზე - ჩანს, ავტორისა და მისი გმირების სამყარო ფიზიკური სამყაროს კანონებს არ ექვემდებარება. ამ რომანებში ცხოველები ლაპარაკობენ, ადამიანები დაფრინავენ, მკვდრები ფეხზე დგანან, მშვენიერი მოჩვენებები და სულები თავისუფლად დადიან, უსულო საგნები ცოცხლდებიან და, - როგორც ეს „სატანურ სურებში“ ხდება, - ბუნებრივი მოვლენები ზებუნებრივად ვითარდება. „სატანური სურების“ გმირები ჯინებს, დემონებსა და ეშმაკებს ებრძვიან, ადამიანები ეშმაკებად ან თხებად გარდაიქმნებიან. ეს რომანი ორი, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული, გმირის ამბავს მოგვითხრობს, რომელიც თავისუფლად მოერგება რეალისტური რომანის ქარგას: წარმოშობით ბომბეელი ორი ინდოელი საცხოვრებლად ლონდონში გადადის და ინგლისელი ხდება.

გაბრიელ ფარიშტა ბომბეიში გაზრდილი კინოვარსკვლავია; ბომბეი ძალიან ჰგავს ჩვენს სტამბოლს. ფარიშტა საზოგადოებამ კინოინდუსტრიის წყალობით გაიცნო, რომელიც ძალიან ჰგავს თურქულ „იეშილ-ჩამს“, და სახელი ინდური ღმერთების როლების თამაშით მოიხვეჭა. სალადინ ჩამჩა ბომბეელი მუსლიმია, რომელიც, როგორც თავის დროზე თავად რუშდი, მდიდარმა ბიზნესმენმა მამამ ინგლისში, საჯარო სკოლაში სასწავლებლად გაგზავნა (რაღაც მომენტში ავტორი მას გაინგლისელებულ ინდოელსაც კი უწოდებს). ლონდონისაკენ მიმავალი ორი გმირი ერთმანეთს თვითმფრინავში, „ეარ ინდიას“ რეისით მგზავრობისას ხვდება. „ეარ ინდიას“ კუთვნილ თვითმფრინავს (რომელსაც სიტყვებით თამაშის მოყვარული რუშდი „ბაღს“ უწოდებს) სიქი ტერორისტები იტაცებენ. ისინი ჯერ იძულებულები ხდებიან, დასვნა თვითმფრინავი, მაგრამ მოგვიანებით მაინც აფრინდებიან, ლონდონთან მიახლოებისას კი თვითმფრინავი ქრება. ამ ორი გმირის გარდა, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი იღუპება. ეს ორნი თოვლით დაფარულ ინგლისში საღსალამათები ჩამოცვივდებიან, თითქოს ზეციური სამოთხიდან ჩამოფრინდნენო, თუმცა კაფკას გმირის, გრეგორ ზამზას მსგავსად, ისინიც ტრანსფორმაციას განიცდიან. სალადინ ჩამჩა მუსიკოსია და, რქიან-ჩლიქიან სატირად გარდაიქმნება. მასთან ერთადაა გაბრიელ ფარიშტა, რომელიც ფიზიკურად არ შეცვლილა, მაგრამ მნიშვნელოვანი პიროვნული ცვლილება განიცადა. იგი შეიპყრო განდიდების მანიამ, რომლის დაძლევასაც მკურნალობა სჭირდება. გაბრიელს საკუთარი თავი თავის სეხნია მთავარანგელოზად წარმოუდგენია, რომელმაც თავის დროზე მუჰამედს ყურანი უკარნახა. გზა, რომელსაც ეს ორი გმირი ლონდონამდე გადის (რასაც ნაწარმოებში „ილოვინ დიოვენი“ ეწოდება), არსობრივად ლონდონში ინდოელთა და პაკისტანელთა ემიგრაციას ასახავს.

გმირები ამ გზაზე ტყუპი ძმებივით ერთად გამოდიან და, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ყოველი განშორების შემდეგ კვლავ პოულობენ ერთმანეთს. ზუსტად არ ჩანს, რომელ გზას აირჩევენ, საით წავლენ: ხან ანგელოზების მხარეს არიან, ხან კი - ეშმაკების. მაგრამ მე - ჯადოქრული რეალიზმის კითხვის დროს, საერთოდ, ასე მემართება ხოლმე - წიგნის კითხვას გმირთა ზებუნებრივი თავგადასავლების გასცნობად არ განვაგრძობდი. თავად რომანის სტრუქტურა მიზიდავდა, რომელიც მოგონებებისგან, გამეორებებისგან, მცირე ზომის ამბებისგანაა ნაქსოვი. საინტერესოა მთხრობელი, რომელიც მკითხველს ალაგ-ალაგ აცნობს თავის აზრებს (მაგალითად ტეტჩერისა და მისი პოლიტიკური კურსის კრიტიკას). ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს ავტორის ენა, რომლითაც ბომბეიში გატარებულ ბავშვობის წლებს აღწერს. ეს ენა ძველი ლეგენდების ენას მაგონებს (ნაბოკოვის მსგავსად, რუშდისაც ხიბლავს სიტყვებით თამაში, შიდა რითმები, იშვიათი სიტყვები და ნეოლოგიზმები). როდესაც მთხრობელი სცილდება თავისი და რომანის გმირების „მუსლიმური ახალგაზრდობის“ წლებს და საკუთარი თავის გარდაქმნას ცდილობს- ცდილობს შეითვისოს სხვა ენა, სხვა კულტურა - მას თანდათან თავისი ქვეყნისადმი ბრაზი ეძალება. წლების შემდეგ კი, როცა მთხრობელი სამშობლოში ბრუნდება, მამამისი გაინგლისელებულ შვილს საკუთარ მოსაზრებას აცნობს გულისწყრომისა და მისი შედეგების შესახებ: „თუ საზღვარგარეთ ყოფნისას შენი ტომის ხალხს შეიძულებ, შენი ტომის ხალხისგანაც მხოლოდ სიძულვილს დაიმსახურებ!“

ხომეინის მიერ ფეტვას (სიკვდილის განაჩენის ბრძანების) გამოცხადების შემდეგ რუშდის „სატანურ სურებს“ უცხო ენებზე აღარ თარგმნიან; თუმცა მას შემდეგ აღარც მისი სხვა ნაწარმოებები თარგმნილა.

ახლა კი საზოგადოებასთან, რომელიც მშვიდად შეხვდა ყურანის მკვლევარ ტურან დურსუნის მკვლელობას, ერთი სათხოვარი მაქვს - საკუთარ სულში ჩაიხედოს და კარგად დაფიქრდეს, რუშდისაც იგივე ბედი უნდა ეწიოს?!

ორჰან ფამუქი - „სხვა ფერები“
გამომცემლობა „დიოგენე“, 2014წ.
მთრგმნელი: ხათუნა ბასილაშვილი