მიშელ უელბეკი - კუნძულის შესაძლებლობა

დავრჩით უმიზნოდ, ადამიანებისათვის დამახასიათებელი სიამოვნებანი ჩვენთვის მიუღწეველია. არც მათ თავს დატეხილი უბედურებები გვაღელვებს. როგორც იტყვიან, სხვის გასაჭირზე ნერვიც კი არ აგვიტოკდება. ღამით არც შიშის გამო ვთრთით და არც ექსტაზის. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვცოცხლობთ. გავლევთ ამ ცხოვრებას უსიხარულოდ. ჩვენთვის დრო კი არ გადის, მიქრის.

ქალები მარადიულობის შთაბეჭდილებას გვიქმნიან. მათი ვაგინა მიერთებულია ყველა საიდუმლოს. გეგონება, ის გვირაბია, სამყაროს არსთან რომ მივყავართ და არა ხმარებიდან გამოსული ჯუჯების გასამრავლებელი ხვრელი. თუ მსგავსი განცდის აღძვრა ძალუძთ, მით უკეთესი მათთვის. ჩემს სიტყვას მხოლოდ თანაგრძნობისა და შებრალების გამოხატვა შეუძლია.

ყველაფერი ნათელი რომ გახდეს, გთავაზობთ ერთ-ერთს იმ მრავალრიცხოვანი ხუმრობებიდან, ასე ძალუმად რომ კმაზავდნენ ჩემს სპექტაკლებს. - იცით, რა ჰქვია ცხიმს ვაგინის გარშემო? - არა. - ქალი.

ბოლოს და ბოლოს იუმორისტის ხელობა და საერთოდ ცხოვრებისადმი იუმორისტული დამოკიდებულება იმითაა სასარგებლო, რომ შეგიძლია თავს სრული უფლება მისცე, მოიქცე, როგორც პირწავარდნილი ნაძირალა (ამისთვის არ დაისჯები) და თანაც საკუთარი საძაგლობა და ღორობა რენტაბელური გახადო. ქალებშიც ხომ წარმატებული იქნები, მაყუთსაც მოჭრი და ტაშის დაკვრასაც (არ გადაიტყავებენ რო კანს ხელისგულზე?) არავინ დაგზარდება.

იცით, სინამდვილეში რა გვაღელვებს? საკუთარი სიკვდილის გარემოებები! ამას წყალი არ გაუვა. საკუთარი დაბადების გარემომებები კი ვეჭვობ, დარდისა და ფიქრის საგანი იყოს. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, პირდაპირ გეტყვით: მაგრად მეკიდა ერთ ადგილას! უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ საკუთარი სირის უფლებები მაღელვებდა.

რაც მართალია მართალია, ყველა შემთხვევაში სისხლსავსე ცხოვრება ორმოცი წლის ასაკში დასასრულს უახლოვდება.

იმ დღეს, როცა ჩემმა ვაჟმა თავი მოიკლა, ჩემთვის ერბოკვერცხი მოვიმზადე პომიდვრით. მართალს ბრძანებდა ეკლესიასტე: ცოცხალი ძაღლი ბევრად ჯობია მკვდარ ლომს. ეს ბავშვი არასდროს მეხატებოდა გულზე; დედამისივით შტერი იყო და მამამისივით ავი და ბოროტი. მისი გარდაცვალება ტრაგედია ნამდვილად არ ყოფილა. კაცმა შეიძლება მსგავსი არსებების გარეშეც გადასარევად იცხოვროს.

პირადად მე ვერასდროს ვიტანდი ამ საშუალო გაქანების მანერულ ფსევდოპოეტს. ასე უნიჭოდ და უფხოდ რომ ჰბაძავს ჯოისს; არ ჰყოფნის ნიჭი, იმ გადარეული ირლანდიელისათვის ღმერთს ასე ძალუმად რომ მოუმადლებია და მუდამ შველის, დახვავებული სიმძიმეებიც კი მსუბუქად გადაგაყლაპოს. გამოუმცხვარი ფენოვანი ცომი - აი, რას მაგონებდა ყოველთვის ნაბოკოვის სტილი.

როგორც ნებისმიერი სერიოზული ურთიერთობებისთვისაა დამახასიათებელი, სრულიად ბუნებრივია, პირველსავე ღამეს ერთ ლოგინში ამოვყავით თავი.

სულაც არ არის შეუძლებელი, მამაკაცს გაათავებინო... - მითხრა იზაბელმა სრულიად უემოციო გამომეტყველებით პირველივე ვახშმობისას ტიბეტურ რესტორანში, - ყოველ შემთხვევაში მე ამას ყოველთვის წარმატებით ვახერხებდი. სიმართლეს ამბობდა. ასევე არ ტყუოდა, როცა ამტკიცედა, რომ ამისთვის არაფერი განსაკუთრებული ან დაუჯერებელი საიდუმლო არ იცოდა. საკმარისია გვახსოვდეს, - განაგრძო ღრმად ამოსუნთქვის შემდეგ, - რომ მამაკაცებს ყვერები აბიათ. სირი რომ აქვთ, ეს ყველა ქალმა იცის. დიახ, დიახ, ამის შესახებ ზედმიწევნით კარგად იციან - მას შემდეგ, რაც მამაკაცი სექსუალური ობიექტის სტატუსამდე დაიყვანეს, ქალებს პენისი აკვიატებად ექცათ, მაგრამ როცა ჟიმაობენ, რატომღაც ათიდან ცხრას ავიწყდება, რომ ყვერები მნიშვნელოვანი ეროგენული ზონაა; ნძრევის, სექსის თუ წუწვნის დროს საჭიროა, ქალი დროდადრო მამაკაცის ყვერებს შეეხოს, უბრალოდ წაეთამაშოს, სრისოს, აბურთაოს, მოეფეროს ან მოუჭიროს. სწორედ მსგავსი ჟესტებით მიხვდება მდედრი, გაივსო და გამკვრივდა თუ არა ყვერები. ეს არის და ეს. რა დიდი ფილოსოფია უნდა ახლა ამას?

ცხოვრება უწინარეს ყოვლისა, გცვეთს. ცხადია, მავანმა და მავანმა შეძლო საკუთარ თავში ჯერ კიდევ ხელუხლებელი, შეურყვნელი ბირთვის - ყოფის დედაარსის შენარჩუნება, მაგრამ რა მნიშვნელობა ან რა ზომა-წონა უნდა ჰქონდეს ამ, ასე ვთქვათ, „ნალექს“ სხეულის ცვეთა-ნგრევასთან შედარებით?

თუ სურვილი გაგიჩნდათ, ადამიანის ბუნებასთან დაკავშირებით ბოლო ილუზიებისგან გათავისუფლდეთ, ერთი რამის გაკეთება გმართებთ უსიკვდილოდ: მოკლე დროში შთამბეჭდავი თანხა ჩაიჯიბოთ. როგორც კი ეს დღე დადგება, ფარისეველი სვავების ალყაში აღმოჩნდებით. ვიმეორებ: თვალები რომ აგეხილოთ, აუცილებელია, კაპიტალი რამენაირად დააგროვოთ. ნამდვილ ბობოლებს, აი, იმათ, დაბადებიდან მდიდრები რომ იყვნენ და მთელი ცხოვრება ფუფუნებაში გალიეს, როგორც ჩანს, მსგავს ფენომენზე იმუნიტეტი აქვთ. გეგონება, სიმდიდრესთან ერთად ერთგვარი გაუცნობიერებელი მემკვიდრეობითი ცინიზმიც გამოჰყვათო და იმის ცოდნაც, რომ თამაშში ჩაბმისთანავე უკლებლივ ყველა, ვისთანაც საქმის დაჭერა მოუწევთ, მხოლოდ ერთი მიზნით იქნება შეპყრობილი - არსებული თუ არარსებული მზაკვრობით მათ ფული დასცინცლონ. სწორედ ამიტომაც იქცევიან გაასკეცებული სიფრთხილით. როგორც წესი, თავიანთ კაპიტალს ცივ ნიავს არ აკარებენ. მათთვის, ვინც სრულ სიღარიბეში დაიბადა, ასეთი მდგომარეობა ბევრად უფრო სახიფათოა.

ღირს კი საერთოდ ცხოვრება? საკუთარი არარაობით დათრგუნული ადამიანები აი, სწორედ ასეთ სიტუაციაში იღებენ მხოლოდ ერთ გადაწყვეტილებას - გააჩინონ ბავშვები! ასე ნაყოფიერდება და მრავლდება ადამიანთა მოდგმა; ცხადია, სულ უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობით.

ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისათვის დიდი გამოცანა არაა ის ჭეშმარიტება, რომ შეუძლებელია ადამიანი ბედნიერებას ეწიოს. ის არამცდაარამც არ შექმნილა ბედნიერებისთვის. მისი ერთადერთი მოწოდებაა, ერთადერთი ხვედრია გარშემო უბედურების თესვა. მან სხვების არსებობა ისეთივე გაუსაძლისი უნდა გახადოს, როგორიც საკუთარია. ამ ახირებას კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მშობლები ეწირებიან.

რახან ტაბუ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემაც სადღაც აქვეა.

ორი ადამიანის მარტოობა სხვა არაფერია, თუ არა ნებაყოფლობითი ჯოჯოხეთი. ხშირად წყვილის ცხოვრებაში ოჯახის შექმნის დღიდან არსებობს პატარ-პატარა უთანხმოებები, რომლებზეც პარტნიორები ხმას არ იღებენ, ღრმად დარწმუნებულნი, რომ სიყვარული ერთიმეორის მიყოლებით ყველა ხინჯსა და პრობლემას უსიტყვოდ, უხმაუროდ გააქრობს. ეს პრობლემები სიჩუმესა და სიწყნარეში პირიქით - იზრდება და მძაფრდება, რამდენიმე წლის შემდეგ კი ფეთქდება და ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას შეუძლებელს ხდის.

ეროტიკის გაქრობას სინაზის გაქრობაც მოჰყვება ხოლმე. დამიჯერეთ, არ არსებობს არანაირი უნაკლო, წმინდა, უბიწო და ამაღლებული ურთიერთობები. მიმსგავსებულიც კი. არც მინიშნება გაივლოთ გულში. როცა ფიზიკური სიყვარული ქრება, ქრება ყველაფერი. ერთგვაროვანი, უფერული და უსიცოცხლო დღეთა მონაცვლეობა მსუბუქი და ნაცრისფერი ნაღველითა და გაღიზიანებით ივსება.

ხანგრძლივი დროის მანძილზე არარსებული ღვთაებებისადმი შეურყეველმა რწმენამ გონებრივი სიჩლუნგე და ინტელექტუალური შეზღუდულობა გამოიწვია, რაც აბსოლუტურად შეუთავსებელია (ყოველ შემთხვევაში, ხანგრძლივი ვადით) მაღალტექნოლოგიური ცივილიზაციის მოთხოვნებთან.

როცა ადამიანი ასაკში შედის, სურს დამამშვიდებელ, სითბოსა და შვებისმომგვრელ რამეებზე იფიქროს. მაგალითად, წარმოიდგინოს, რომ იქ, მაღლა, ზეცაში ლამაზი რამერუმეები ელოდება. ამას სხვანაირად ნელ-ნელა სიკვდილისათვის შემზადება შეიძლება ეწოდოს. როცა არც მთლად სულელი ხარ და არც მდიდარი, ასეც უნდა მოიქცე.

სიბერის ჟამს ჩვენ ყველანი ძველი ბერძნებისკენ ვიბრუნებთ ხოლმე პირს და მათთან ურთიერთობის აღდგენას ვცდილობთ.

ორ ადამიანს შორის არსებულ კონფლიქტში ჩარევისას ამ კონფლიქტს სამუდამოდ გადაუჭრელობისთვის ვწირავთ.

წარმოიდგინეთ, დიდი სევდა შემოგაწვათ, იმედი გაგიცრუვდათ, რაღაც ვერ აეწყო თქვენს ცხოვრებაში, ხელი მოგეცარათ, სიცოცხლე აღარ გინდათ. გეტყვით, როგორ მოიქცეთ ამ შემთხვევაში - უწინარეს ყოვლისა, გამოცვალეთ ბინა; დიახ, სხვაგან გადადით საცხოვრებლად, დაწვით ყველა ფოტოსურათი და ამ თემაზე არავისთან დაძრათ კრინტი. განდევნილი მოგონებები ნელ-ნელა წაიშლება თქვენი მეხსიერებიდან. პროცესი შეიძლება გაჯანჯლდეს, მაგრამ დამიჯერეთ, მათგან კვალიც აღარ დარჩება. ყველა ნეირონული ჯაჭვის დეაქტივაციით დასრულდება.

სიღრმისეულად თუ შევხედავთ ყველაფერს, აქ მთავარი მაინც დონეა, მე თუ მკითხავთ, ყველაფერი კიჩია: მუსიკაც, ხელოვნებაცა და ლიტერატურაც. ნებისმიერი ემოცია კიჩია. პრაქტიკულად, დეფინიციის მიხედვით, ნებისმიერი აზრიც კიჩია და ერთგვარი გაგებით, ნებისმიერი მოქმედებაც. ერთადერთი რამ არ არის კიჩი - ეს არარაა.

გარკვეულ ასაკში არც ისე ადვილია ახალი ურთიერთობების დაწყება, საბაბიც ნაკლებად გვეძლევა, რომ გარეთ გავიდეთ. გარდა ამისა, ხშირად არც გვაქვს სურვილი. ყველაფერი გვეზარება... მაგრამ იმდენ რაღაცას უნდა მოაბა თავი... ეს დაუსრულებელი ფორმალობები, საზრუნავი, უნდა წახვიდე, წამოხვიდე... მაღაზია, საყიდლები და მისთანები... სარეცხი არ უნდა დაგავიწყდეს. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სულ უფრო და უფრო მეტ დროს იწირავს. სამუშაო ფორმა ხომ უნდა შეინარჩუნოს კაცმა! რაღაც განსაზღვრული მომენტიდან ცხოვრება ადმინისტრაციული ხდება.

ხელოვნება- სფერო, სადაც ისევე როგორც სიყვარულში, ვერაფერს მოიგებ, მაგრამ არ არის გამორიცხული, ყველაფერი წააგო.

ჩემი ღრმა რწმენით, რევოლუციონერები არიან ის ადამიანები, რომლებსაც ძალუძთ, თვალი გაუსწორონ დაუნდობელ და უხეშ სამყაროს და მას უფრო მეტი ეჭვითა და უხეშობით უპასუხონ.

თუ სამყაროს დავესხმით თავს, ვიძალადებთ მასზე, ეს უკანასკნელი ბოლოს და  ბოლოს წელში გატყდება და თავის ჭუჭყიან ფულსაც მოგაფურთხებს, მაგრამ სიხარულს არასდროს გაღირსებს, არასდროს!

ახალგაზრდობაში ბედნიერებას მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ, როცა ის ხელიდან გამოგეცლება. შემდეგ დგება მოწიფულობის ხანა, ეზიარები სიხარულსა და სისავსეს, მაგრამ უკვე აცნობიერებ, რომ ადრე თუ გვიან მასაც გამოემშვიდობები. როცა მშვენიერებას შევხვდი, მივხვდი, მოწიფულობის ასაკს მივაღწიე და ისიც მოვტვინე, რომ ცხოვრების მესამე პერიოდში ჯერ კიდევ არ შემედგა ფეხი - ნამდვილი სიბერის ასაკში, როცა ბედნიერების გარდაუვალი დაკარგვის გაცნობიერება, საერთოდ გართმევს უფლებას, იყო ბედნიერი.

ყველაფერს აქვს საზღვარი და წინააღმდეგობის გაწევის როგორი უნარითაც უნდა ვიყოთ დაჯილდოებული, საბოლოოდ მაინც თითოეული ჩვენგანი სიყვარულისგან კვდება, უფრო სწორად, მისი უკმარისობისგან.

გენეტიკური კოდის დუბლიკაცია, მუდმივი მედიტაციები წინამორბედის მიერ დატოვებულ თხრობაზე, ცხოვრების შესახებ კომენტარების შეთხზვა - აი, ჩვენი რწმენის სამი ფუნდამენტური სვეტი „დამაარსებლების“ ხანიდან მოყოლებული.

როცა გულწრფელად გიყვარს, გადარჩენის ერთადერთი გზა თუ არსებობს - საყვარელ ქალს საკუთარი გრძნობები უნდა დაუმალო; თავი უნდა მოიკატუნო და ნებისმიერ გარემოებაში გულგრილობის ნიღაბს ამოეფარო. რამხელა სევდაა ამ სრულიად მარტივ განცხადებაში ჩაქსოვილი. ამავე დროს ის შეიძლება ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილ მძიმე განაჩენად აღვიქვათ... მიუხედავად ყველაფრისა, ეს კანონი ჩემთვის კამათის საგანი არასდროს გამხდარა. არც არასდროს გამივლია გულში, მისთვის როგორმე თავი ამერიდებინა. ერთს ვიტყოდი მხოლოდ - სიყვარული აძაბუნებს ადამიანს. ორიდან ერთი აუცილებლად ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე და ის ჩაგრავს, აწამებს, კლავს მეორეს, თან ისე, რომ ვერც კი იაზრებს, ბოროტებას ჩავდივარო. ამ დროს არც სიამოვნების განცდა ეუფლება და არც არაფერი, მოქმედებს უემოციოდ, გულგრილად, სწორედ ამ მდგომარეობას უწოდებენ სიყვარულს.

ასაკობრივი შეუფერებლობა - უკანასკნელი ტაბუ, ერთადერთი გადაულახავი და მოუშლელი ზღვარი. ადრე არსებულ არანაირ წინაღობას აღარ ჰქონდა მნიშვნელობა. დღევანდელ სამყაროში თამამად შეიძლება იყო „სვინგერი“, ჯგუფური სექსის მოყვარული, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ზოოფილი, სადომაზოხისტი, მაგრამ გეკრძალება, იყო „ბებერი“.

ცივილიზაცია კი ფასდება იმის მიხედვით, როგორ ეპყრობიან, რა ბედს უმზადებენ მოხუცებს - მათ, ვინც უკვე აღარაა პროდუქტიული და სასურველი.

ადამიანები უბედურნი არიან, საშინლად უბედურნი. რად გინდა? ჭკუა მაინც ვერ ისწავლეს: მთელი ძალით ეწინააღმდეგებიან ყველანაირ ცვლილებას.

პოლიტიკურ და სამხედრო მოვლენებს, ეკონომიკურ რეფორმებს, ესთეტიკურ და კულტურულ გარდაქმნებს შეუძლიათ გარკვეული, ხშირად ძალზე მნიშვნელოვანი როლის შესრულება ადამიანთა ცხოვრებაში. მაგრამ ისტორიული მნიშვნელობით ვერაფერი გაუტოლდება ახალი რელიგიის დაბადება-განვითარებას ან უკვე არსებულის დაცემა-განადგურებას.

სიცრუემ მოიცვა ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტი, ის უკვდავყო უკლებლივ ყველა ფილოსოფოსმა და ლიტერატორმა. როგორც ჩანს, სიცრუე აუცილებელი იყო, რათა ადამიანთა მოდგმა - ადამიანი, როგორც სახეობა - გადარჩენილიყო.

დღეს ურთიერთობა ფუჭ, სრულიად უსარგებლო და დამამძიმებელ გადმონაშთად იქცა. იგივე ბედი გაიზიარა სექსუალურობამაც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ხელოვნური განაყოფიერება საყოველთაო გახდა. „მასტურბაცია ნიშნავს, ესიყვარულო იმ ადამიანს, რომელიც ნამდვილად გიყვარს“ - ეს ფრაზა არაერთ ცნობილ პიროვნებას მიაწერეს, ქეით რიჩარდსით დაწყებული, ჟაკ ლაკანით დამთავრებული. ასე თუ ისე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მისმა ავტორმა საგრძნობლად გაუსწრო დროს. თუმცა, შედეგებიტ თუ ვიმსჯელებთ, მის აზრს საზოგადოების აზროვნებაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. არ მოჰყოლია ისეთი გამოხმაურება, როგორსაც იმსახურებდა.

თავისუფლებაში სიყვარული ადგილს ვერ პოულობს. არც დამოუკიდებლობა აძლევს მას ფრთების გაშლის საშუალებას. ეს უბრალოდ სიცრუეა. წარმოსახვა ადამიანის გონებას არ შეუძლია, სიყვარული მხოლოდ ერთ რამეში შეიძლება იპოვოთ - სურვილში, გაქრეთ, შეერწყათ, როგორც ინდივიდი იმას, რასაც ოდესღაც „გრძნობათა ოკეანედ“ ნათლავდნენ და უახლოეს მომავალში სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.

ტყუილად კი არ ამბობენ, ყველი ადამიანი საკუთარ სიკვდილს ამაყად უნდა შეხვდეს და სახეში შეხედოსო. თითოეულმა ჩვენგანმა ეს მშვენივრად უწყის. და თუ ეს გარდაუვალია, თუ სიკვდილს ერთ დღესაც თვალი თვალში უნდა გავუყაროთ, დაე, ნუ ექნება მას ჩვეულებრივი დაძაბუნებული, დამჭკნარ-გამომშრალი სახე. დაე, დაუშვას გამონაკლისი - გამოგვეცხადოს სიამოვნებით გაბადრული ღიმილით!

მთარგმნელი მერაბ ფიფია
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2015წ.