სუენ ძი სამხედრო ხელოვნების შესახებ
I. გათვლანი
ომის ბედის გასათვლელად წინასწარ ადარებენ მხარეთა ძალებს და აფასებენ მდგომარეობას ხუთი უმთავრესი მხრივ, ანუ: პირველი-გავლენით, მეორე-ზეცით, მესამე-მიწით, მეოთხე-სარდლით, მეხუთე-წესრიგით.
გავლენა ნიშნავს მიღწევას იმისა, რომ ხალხი სრულ თანხმობაში იყოს თავის მბრძანებელთან და ამად მზად იყოს იცოცხლოს და მოკვდეს მბრძანებლისათვის, არ უორგულოს მას.
ცა ესაა ამინდი, ანუ: სიბნელე თუ სინათლე, სიცივე თუ სიცხე, წვიმა თუ დარი, ესაა ჟამთა ცვლა.
მიწა ესაა ადგილი, ანუ: მაღალი თუ დაბალი, შორეული თუ ახლობელი, მთიანი თუ ვაკიანი, ფართო თუ ვიწრო, საბედისწერო თუ უსაფრთხო.
სარდალი, ესაა მხედართმთავრის ღირსებანი ანუ: სიბრძნე, სიწრფელე, მოწყალება, სიმამაცე, სიმკაცრე და სამართლიანობა.
წესრიგი, ესაა სახე ჯარისა, ანუ: მისი წყობისა, მართვისა და კმაყოფისა.
ომი მუდამ ფლიდობის გზაა, ამიტომ, თუ რამე გძალუძს; თუ რამეს აპირებ, დააჯერე, რომ არ აპირებ; თუ უახლოვდები, აფიქრებინე, რომ შორდები; და თუ შორდები, დაარწმუნე, რომ უახლოვდები. თუ მტერი რამეს დახარბებია - გაიტყუე იმავ სარგებლით; თუ არეულობას მოუცავს - მყის დაასწარ და იხელთე; თუ ძალით სავსეა - ჯერ მოუფრთხილდი; თუ ჯარით მრავლობს - ჯერ მოერიდე; თუ რისხვას მოუცავს - დააშოშმინე; თუ რიდიანობს - გაადიდგულე; თუ დასვენებულია - მოქანცე; თუ თანხმობა აქვს - გათიშე; დაჰკარ იქ, სადაც არ გელის; დაიძარ მაშინ, როცა არ ელის. აი, ჭეშმარიტი ოსტატობა სარდლისა, რაც გამარჯვების საწინდარია, თუმცა წინდაწინ ვერავინ ვერ აირჩევს რომელიმე ხერხს.
II. საომრად დაძვრა
თუ ომი დიდხანს ჭიანურდება, მეომართა და მეთაურთა სულისკვეთება ეცემა, იარაღი და საჭურველი ბლაგვდება, უწყვეტ ალყაში მოქცეული ციხე-ქალაქთა მთელი ძალები იფიტება, გაჯანჯლებული ლაშქრიანობით ქვეყნის სახსრები იწურება, ხოლო, როდესაც სულისკვეთება ეცემა და იარაღი ბლაგვდება, ძალები იფიტება და სახსრები იწურება. ამ გასაჭირში მოგიხელთებენ და თავს წამოყოფენ დიდებულები და მეზობელი მბრძანებლებიც. ასეთ დროს კი როგორი ბრძენიც არ უნდა იყო, ვერ შეძლებ ამ საქმის სასიკეთოდ დაბოლოებას.
არსით ყოფილა, რომ ხანგრძლივ ომს სიკეთე ექნას რომელიმე სახელმწიფოსათვის. ამიტომ, ვინც ვერ შეიცნო, თუ რა ზიანი შეიძლება მოჰყვეს ომის გზას, ის ვერ გაიგებს, თუ რის მოგება შეიძლება ომისავე გზით.
III. შეტევის ოსტატობა
ჩვეულებრივ, ასეთია ომის კანონი: მტრის ქვეყნის უვნებლად დამორჩილება მის დანგრევაზე უმჯობესია; მტრის ჯარის უვნებლად დამორჩილება მის გაწყვეტაზე უმჯობესია; მტრის ათასეულის უვნებლად დამორჩილება მის მოსპობაზე უმჯობესია; მტრის ასეულის უვნებლად დამორჩილება მის განადგურებაზე უმჯობესია; მტრის ხუთეულის უვნებლად დამორჩილება მის ამოხოცვაზე უმჯობესია.
ომის ყველაზე კარგი ხერხია - მტრის საომარი გეგმების ჩაშლა, მომდევნოა - სხვებთან მისი კავშირის მოშლა, შემდეგია - ბრძოლით მისი ჯარის მოსპობა, ბოლოს და ყველაზე უარესია-მტრის ქალაქების ალყით აღება.
ასეთია ომის კანონი: თუ ათჯერ სჭარბობ-შემოერტყი, თუ ხუთჯერ სჭარბობ-შეუტიე, თუ ორჯერ სჭარბობ- შეებრძოლე, თუ თანაბრად ხართ - ეცადე გაჰყო, თუ მცირობ - თავდაცვა გმართებს, თუ ძლიერ გჭარბობს - სწრაფად დაუძვერ.
მბრძანებელმა შეიძლება ავნოს თავის ჯარს სამ შემთხვევაში: როცა არ ესმის, რომ არ შეიძლება წინ წასვლა და ბრძანებს შეტევას, ან როცა ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება უკან სვლა და ბრძანებს უკან დახევას. ამას ჰქვია - “ჯარის აბლანდვა.” როცა არ უწყის ჯარის შიდა საქმენი და მაინც ცდილობს განაგოს ისინი, ამით თავგზას უბნევს მეთაურებსა და მებრძოლებს.
IV. განლაგება
გამარჯვება დიდოსტატისა არ ჰგავს სასწაულ ძლევას. მას არ მოაქვს ბრძენის სახელი, არც არავის უხვეჭს გმირის დიდებას. ამიტომ ის იბრძვის და იმარჯვებს, რადგან არ ცდება. შეუცდომლობა ბადებს უეჭველ ძლევას, ანუ, ის ამარცხებს უკვე ძლეულ მტერს.
V. ძალოვანება
წესი დიდი და მცირე ძალების მართვისა ძირითადად ერთნაირია, საქმე მხოლოდ წყობასა და შემადგენლობაშია. დიდი და მცირე ძალებით ბრძოლა ძირითადად ერთნაირია, საქმე მხოლოდ ნიშნებსა და ბრძანებებშია.
მოხეთქილ ნიაღვარს ლოდებიც მიაქვს, აი, ძალოვანება სწრაფი შეტევისა; ორბის კამარას ბეღურაც ეწირება, აი, სიზუსტე გათვლილი დარტყმისა.
ის, ვინც გაწაფულია ომში, თავად ესწრაფვის გაძლიერდეს მდგომარეობის მარჯვედ გამოყენებით და არ მოითხოვოს ყოველივე ქვეშევრდომთაგან, ხოლო რა აღწევს თავის ძლიერებას, მისი სარდლობით ხალხის ბრძოლა ემსგავსება შეუკავებელ სრბოლას დაქანებული ქვებისა და მორებისა. ქვებისა და მორების ბუნებაა: სწორზე უძრავად დება, ფერდობზე სრბოლა და ტრიალი, ოთხკუთხანი ძევან, მრგვალნი გორავენ.
VI ძლიერი და სუსტი ადგილები
როცა ბრძოლა მსურს, მტერს, თუნდ მოფარებულს მაღალ კედლებსა და ღრმა თხრილებს, მაინც ვაიძულებ გამოვიდეს საომრად, რადგან მე დავკრავ ზუსტად იმ ადგილს, რომლის საშველადაც ის სწრაფად მოვა. თუ არ მსურს ბრძოლა, მტერი, თუნდაც მიწაზე გავლებული ხაზი ჰყოფდეს მისგან ჩემს ბანაკს, ვერ მოვა ჩემზე, რადგან მე ძალმიძს მყის ვაცვლევინო შეტევის გეზი.
ადგილი, რომელზეც ვაპირებ დაცემას, მტერმა არასდროს უნდა იცოდეს, ხოლო, როდესაც მან ეს არ იცის, იგი თავს იცავს შეტევისგან ყოველი მხრიდან და რაც მეტი აქვს დასაცავი მხარე, მით ნაკლები ჰყავს ყოველ მხარეზე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთა რიცხვი.
როდესაც იცი, თუ სად და როდის მოხდება ბრძოლა, თუნდაც ათასი ლიე-ს სიშორიდან შეგვიძლია დაიწყო ომი; როცა არ იცი, სად ან როდის მოხდება ბრძოლა, მარცხენა ფრთითაც კი ვერ შეძლებ დაეხმარო მარჯვენას, ხოლო მარჯვენათი მოასწრო და დაიფარო მარცხენა; წინა ფლანგითაც კი ვერ უშველი უკანას, ხოლო უკანათი - ვერ გადაარჩენ წინას, რომ არაფერი ვთქვათ ათი ან თუნდაც რამდენიმე ლიე-თი დაშორებული შენი ჯარის სხვა ნაწილზე!
VII ბრძოლა ომში
ომი ემყარება სახეცვლასა და ფლიდობას, ამიტომ დაიძარ მხოლოდ სარგებლისათვის, იბრძოლე მუდამ ძალთა გაშლისა და შეერთების ცვლით. თუ ჩქარობ, იჩქარე ქარისებრ სისწრაფით; თუ დინჯობ, იდინჯე ტყისებრ სიმშვიდით. შენი თავდასხმა მძვინვარე უნდა იყოს, ვით ცეცხლის ალი; შენი თავდაცვა ურყევი უნდა იყოს, ვით სალი კლდე; გახდი უჭვრეტი, ვით ღამის წყვდიადი; კვეთე მტერი, ვით მეხი და ელვა.
ლაშქრობის თავში მებრძოლთა სულისკვეთება მაღალია, შემდეგ ის დუნდება, ბოლოს სულ ეცემა. ამიტომ ის, ვინც გაწაფულია ომში, ერიდება ბრძოლას, როცა მტრის სულისკვეთება მაღალია და უტევს მაშინ, როცა მტრის სულისკვეთება დუნდება ან სულ ეცემა. ასეთია წესი განწყობით სარგებლობისა.
ამიტომ ომის წესია; მტერი თუ მაღლობზე დგას, აღმა ნუ შეუტევ; ზურგით თუ მთას ეფარება, პირდაპირ ნუ მიხვალ; თუ თვალთმაქცურად იხევს, ნუ დაედევნები; მის რჩეულ რაზმებს ჯიქურ ნუ შეუტევ; მის მატყუარა რაზმს ნუ წამოეგები; შინისკენ პირნაბრუნებს, გზას ნუ მოუჭრი; ალყაშემორტყმულს ერთი გზა მიეც; სასოწარკვეთილს მეტს ნუღარ დათრგუნავ. ასეთია ომში ბრძოლის წესი.
VIII ცვლილებანი
ზოგიერთ გზას არ უნდა გაუყვე, ზოგიერთ ჯარს არ უნდა დაესხა, ზოგიერთ ციხეს არ უნდა შეუტიო, ზოგიერთი ადგილისთვის არ უნდა იბრძოლო, ზოგიერთი ბრძანება არ უნდა შეასრულო.
თუ გსურს ალაგმო თავადნი და მეზობელი მბრძანებელნი, ავნე მათ უმტკივნეულეს ადგილებს; თუ გსურს გაუჩინო მუდმივი საზრუნავი, შეუქმენ მათ გადაუდებელი საქმენი; თუ გსურს სდიონ რაიმე საწადელს, მიიზიდე ისინი ყალბი სარგებლით.
ხუთმა დიდმა ნაკლმა შეიძლება ავნოს ჯარის სარდალს: უგნურად მამაცს - ადვილად მოკლავენ, სიცოცხლის მოტრფიალეს - ადვილად დაატყვევებენ, უზომოდ ფიცხს - ადვილად გააბრიყვებენ, მეტისმეტად სპეტაკს - ადვილად შებღალავენ, ხალხზე გადაგებულს - ადვილად გააწამებენ. ესაა ხუთი უხიფათესი ნაკლი სარდლისთვის, ესაა ხუთი დამღუპველი საფრთხე ჯარისთვის. ჯარის უდავო მომსპობია და სარდლის უცილო დამღუპველია ეს ხუთი ნაკლი. არ ეგების მათი შეუცნობლობა.
IX. ლაშქრობა
თუ მტვერი ჰაერში სვეტებად იჭრება, ეს მტრის ეტლები მოისწრაფიან; თუ მტერი მიწისპირს ფართოდ ერთხმება, ეს მისი ქვეითნი მოაბიჯებენ; თუ მტვერი აქა-იქ ბოლქვებად ადის, ეს მტრის მებრძოლნი ფიჩხს აგროვებენ; თუ მტვრის ბოლქვები ყოველმხრივ მიმოიძვრის, ეს მისი ლაშქარი ბანაკდება.
თუ მტერი თავმდაბლობს და მოკრძალებით მოგმართავს, მისი ჯარი კი მაინც აგრძელებს მზადებას, მას შეტევა განუზრახავს; თუ კადნიერობს და მკაცრად გელაპარაკება, მისი მეწინავენი კი საომრად იქაჩებიან, ის უკანდახევას აპირებს.
თუ მიმართავ მებრძოლთა დასჯას მანამ, სანამ შეგეჩვევიან, ისინი ურჩობას დაიწყებენ. ურჩი ჯარის გამოყენება კი ძნელზე ძნელია, ხოლო, როს მებრძოლნი შეგეჩვევიან, შენ კი უწესრიგობისათვის არავის დასჯი, ჯარის გამოყენება სრულიად შეუძლებელი გახდება.
X. ბრძოლის ადგილი
თუ თანაბარი ძალოვნების დროს ჯარი უტევს მასზე ათჯერ მეტს, შედეგად მას სწრაფად უკუაქცევენ; თუ ჯარისკაცობა ძლიერია, ხოლო მეთაურობა უძლური, შედეგად მთელი ჯარი უძლურდება; თუ მეთაურობა ძლიერია, ჯარისკაცობა კი უძლურია, შედეგად მთელი ჯარი ტყვევდება; როცა უმცროსნი მეთაურთაგან ბრაზობენ და ეურჩებიან უფროსთ, მათზე დაბოღმილნი მტერთან შეხვედრისთანავე თვითნებურად იწყებენ ბრძოლას, ხოლო სარდალმა არც კი უწყის თავის ქვეშევრდომთა ძალა და უნარი, შედეგად მთელი ჯარი იშლება და ნადგურდება; როცა სარდალი სუსტია და არა მკაცრი, ჯარის მართვას არა აქვს წესი და რიგი, მეთაურნი და ჯარისკაცნი ერთურთში ქიშპობენ და ირევიან, საბრძოლო წყობა და მწკრივი ყველგან დარღვეულია, შედეგად მთელი ჯარი იბლანდება და ირევა; როცა სარდალი სწორად ვერ აფასებს მტრის ძალას, მცირე სპით ეგებება დიდ ლაშქარს, სუსტი რაზმებით უტევს ძლიერ ჯარს, საკუთარ ჯარში რჩეული მეწინავენიც კი არ ჰყავს, შედეგად მთელი მისი ჯარი მარცხდება და გარბის. აი, ექვსი მთავარი მიზეზი ჯარის უთუო დამარცხებისა.
როს ხედავ ომის წესით უცილობელი გამარჯვება შენი ხვედრია, შეგიძლია განაგრძო ბრძოლა, თუნდაც ხელმწიფემ ბრძანოს: ,,შეწყვიტეთ ომი”, ხოლო, თუ ხედავ ომის წესით გამარჯვება არ გიწერია, შეგიძლია შეწყვიტო ბრძოლა, თუნდაც ხელმწიფემ ბრძანოს: “განაგრძეთ ომი”!.
იზრუნე შენს მეომრებზე, ისე ვით შვილებზე და ისინი უძირო უფსკრულშიც თან ჩაგყვებიან; უყურე შენს მებრძოლებს ისე, ვით საყვარელ შვილებს და ისინი სიკვდილსაც შენ გვერდით შეხვდებიან. მაგრამ თუ მეომართ ისე ლმობიერად ეპყრობი, რომ ვეღარ განაგებ, ისეთი სიყვარულით ექცევი, რომ ვერაფერს უბრძანებ, თვით წესრიგის დარღვევისთვისაც კი ვერავის სჯი, ამ დედისერთა ჩვილივით განებივრებულ ჯარით ბრძოლის ველზე ვერას გააწყობ.
XI. ცხრანაირი ადგილი
დასაყოფ ადგილზე ომს ნუ დაიწყებ, მომიჯნავე ადგილზე ჯარს ნუ გააბნევ, საკვანძო ადგილზე შეჰკარ კავშირნი, მძიმე ადგილზე ხვეჭე სურსათი, ძნელად სავალ ადგილს სწრაფად გაშორდი, საალყო ადგილზე იპოვე ხსნის გზა, საბედისწერო ადგილზე იბრძოლე მედგრად. მას, ვისაც ძველად უწოდებდნენ გაწაფულს ომში, ძალუძდა ეომა ისე, რომ მტრის მოწინავეთ და ზურგის მებრძოლთ არ შეეძლოთ მწყობრად ქმედება; მეტოქის დამხმარე ძალები ვერ ასწრებდნენ მთავართა მხარდაჭერას, მოწინააღმდეგის მეთაურთ არ სურდათ ჯარისკაცთა შველა და ამად ზემოთა წყობა კარგავდა კავშირს ქვემოსთან, გაშლილნი ვერ ახერხებდნენ შეერთებას, შეერთებულნი - გამთლიანებას. ის მოქმედებდა მხოლოდ ხელსაყრელ ჟამს და აროდეს იბრძოდა უსარგებლოდ.
ომის დროს სისწრაფე ფასობს ყველაზე მეტად. ამიტომ იხელთე და დაასწარ შენს მტერს; გაუყევ იმ გზას, ის რომ არ ფიქრობს; დაჰკარ იმ ადგილს, ის რომ არ ელის.
მხოლოდ ჯარს, მოხვედრილს უდიდეს საფრთხეში, ძალუძს დამარცხების გამარჯვებად შემობრუნება.
XII. შეტევა ცეცხლით
ჩვეულებრივ, არსებობს ცეცხლით შეტევის ხუთი გზა: პირველია - როცა წვავენ მტრის ლაშქრის მეომართ; მეორეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის მარაგს; მესამეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის აღალს. მეოთხეა - როცა წვავენ მტრის ლაშქრის საწყობებს; მეხუთეა - როცა წვავენ ლაშქრის სასურსათე გზებს.
XIII. ჯაშუშთა გამოყენება
წლობით იცავენ მხარეები თავს ერთურთისაგან, რათა მზად იყვნენ გადამწყვეტი ბრძოლის იმ ერთი დღისთვის. ამიტომ, ვისაც ჯაშუშთათვის ენანება ფული, წოდება ან გასამრჯელო და ამის გამო არ უწყის მტრისა საქმენი, ის მეტისმეტად უწყალოა თავის ქვეყნისთვის, ის უფერული სარდალია თავის ლაშქრისთვის, ის უუნარო დამხმარეა თავისი მბრძანებლისა, ის ვერაფერი მპყრობელია გამარჯვებისა.
გამოყენების მიხედვით არსებობს ხუთნაირი ჯაშუში: ადგილობრივი, შიდა მოქცეული, განწირული და მობრუნებული. ხუთნაირივე ჯაშუშის ფარულ ქმედებას ვერავინ უნდა გაუგოს გზა-კვალი, მათი გამოყენების იდუმალი წესნი კი უძვირფასესი იარაღია მბრძანებლის ხელში. ადგილობრივი ჯაშუში ჰქვია მტრის ქვეყნის მცხოვრებს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ; შიდა ჯაშუში ჰქვია მტრის კარის მოხელეს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. მოქცეული ჯაშუში ჰქვია მტრისავე ჯაშუშს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ: განწირული ჯაშუში ჰქვია ჩვენს ჯაშუშს, რომელიც განზრახ ავრცელებს რა ცრუ ხმებს, უახლოვდება მტრის კარს და მოახსენებს ჩვენ მიერ შეთხზულ ყალბ ცნობებს. მობრუნებული ჯაშუში ჰქვია ჩვენს ჯაშუშს, რომელიც ბრუნდება მტრის ზურგიდან რაიმე ცნობით.
დროულად უნდა შენიშნო შენს დასაზვერად მოგზავნილი მტრის ყველა ჯაშუში, მაშინვე უნდა მოისყიდო და დაიყოლიო უხვი სარგებლით, ხოლო, როგორც კი გადაიბირებ, შეგიძლია თავისუფლად გაუშვა უკან. ამგვარად შეძლებ გაიჩინო და გამოიყენო მოქცეული ჯაშუში. მისი წყალობით ყოველთვის ზუსტად გაიგებ მტრის ქვეყნის ამბებს და ამად ადვილად შეძლებ გაიჩინო და გამოიყენო ადგილობრივი და შიდა ჯაშუშნიც. მოქცეული ჯაშუშისავე წყალობით დროზე გაიგებ რა მტრის ქვეყნის ამბებს, ყოველთვის შეძლებ საჭირო ყალბი ცნობების მიცემას შენი მტრისათვის შენივე განწირული ჯაშუშის ხელით. კარგად გაიგებ რა მტრის ქვეყნის ამბებს, შეძლებ ყოველთვის დროულად მიიღო მობრუნებული ჯაშუშის მიერ მოტანილი ყოველი ცნობაც.
ამავე თემაზე: სუნ ძი - ომის ხელოვნება
ჩინურიდან თარგმნა ზურაბ მამნიაშვილმა
წიგნი “სუენ ძ”-ი სამხედრო ხელოვნების შესახებ” გამოიცა საქართველო-ჩინეთის კულტურის ცენტრ “აბრეშუმის გზისა” და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო და ეკონომიკური განყოფილების თანამშრომლობით.