ფრედერიკ ბეგბედერი - მიშველე! - ბოდიში...

როდესაც სოციალური კომედია მთავრდება, ნამდვილი სიგიჟე მაშინ იჩენს თავს.

სიყვარული - როგორც თეოფილ გოტიემ თქვა - „უცნაური გრძნობაა, რომელსაც ათასი სიბინძურე ახლავს თან“. ყველა სხვა მძიმე ნარკოტიკს შევეშვი და არ მესმოდა, სიყვარული გამონაკლისი რატომ უნდა ყოფილიყო.

***

მართლაც იშვიათი ხელობა მაქვს: ტალანტსკაუტი, სახელიც კი პათეტიკური აქვს. მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგონას მოსაძებნად დაფინანსებული, რუსეთში გავემგზავრე, სადაც ლამაზი ქალების უზომოდ დიდი არჩევანია. ხანდახან ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პარაზიტი, კონტრაბანდისტი ან სუტენიორი ვიყავი - სისხლისმსმელის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მხოლოდ ახალი ხორცით იკვებება - კაპიტანი აქაბი, რომლის თეთრ ზვიგენსაც მირიანა, ლუბა ან ვარვარა ერქვა.

[...]

ჩემი იდეალი დომინიკ გალა იყო, ცნობილი ფრანგი, რომელმაც 1987 წელს დიუსელდორფის დისკოთეკაზე კლაუდია შიფერი აღმოაჩინა. [...] გალა გამუდმებით იმეორებდა ოსკარ უაილდის (ოღონდ არეულად) გამონათქვამს: „არ ენდო შენს პირველ შთაბეჭდილებას, რადგან ის ყოველთვის მცდარია“. კლაუდია შიფერი არაფერს ჰგავდა, როდესაც დომინიკი მას გერმანულ საცეკვაო მოედანზე მოყანყალეს გადააწყდა. ეს იყო გრძელი ტევტონური ღერო, როგორც ათასობით სხვა, ოთხკუთხა მხრებითა და ოთხკუთხავე კბილებით. მაგრამ დომინიკმა მასში ახალი ბარდოს პოტენციალი აღმოაჩინა. სწორედ ასე იპოვა ქართველმა სკაუტმა გიამ ნიჟნინოვგოროდში ნატალია ვოდიანოვა. სომეხი ტიგრანი ავიღოთ, მოსკოვის რეკრუტის შეფი, გამჭოლი თვალით, სპორტსმენის გამჭრიახობით და ფართო კავშირებით. აქ შემთხვევით არავინ ხდება მოდელფაინდერი: კარგი აღმოჩენები უნდა გააკეთო, კონტაქტები გააბა და პატივი სცე რამდენიმე წესს, რომელთაგან ეს ექვსი მთავარია:

1 - სექსუალურად არ იძალადო გოგონებზე (თუ ისინი ამას დაჟინებით არ მოითხოვენ).
2 - არასოდეს მოსთხოვო მობილურის ნომერი გოგონას, რომელთანაც უკვე გიას ან ტიგრანს აქვს კონტრაქტი გაფორმებული.
3 - ყოველთვის უნდა გადაადგილდეთ მანქანით მძღოლთან და დაცვასთან ერთად.
4 - არასოდეს დაუწყოთ შებმა გოგონებს, რომლებიც ღამით მზის სათვალეს ატარებენ.
5 - არ მიეკაროთ კოკაინს.
6 - და ყველაზე მთავარი - არასდროს გამიჯნურდეთ.

***

გოგონებად გარდაქმნილი ქალები კარგად ახერხებენ ქმრის აღგზნებას. 21-ე საუკუნის დასაწყისში კაცებს სწორედ ქალის უმწიკვლოება აღაგზნებთ. უმწიკვლოებას ითხოვენ, შესაძლოა იმიტომ, რომ ხალხია გარყვნილი. კაცებს მხოლოდ ბავშვური გარეგნობა იტაცებთ და შედეგად, ქალები ვარდისფერ გოგონებად გარდაიქმნნენ.

დღევანდელ დღეს, როდესაც ლამაზი ქალი ნადავლი გახდა, ზოგიერთი საღამო ძაღლების კონკურსს დაემსგავსა: კონკურსს იმაზე, ვინ უფრო ახალგაზრდა მხეცუკას მოიმწყვდევს თავის მკლავებში. კაცები ადარებენ თავიანთი თანმხლები ქალების სხეულებს, თვალის ფერს, თმის სურნელს და საყელურის სიგრძეს.

ლოგიკურია, რომ ლამაზები უპირატესობით სარგებლობენ და მეტი შემოსავალიც აქვთ. ბოტოქსის ინექცია უნდა შეიშხაპუნო იმისთვის, ხელფასის გაორმაგება რომ მოახერხო, დაიმატო 50 გრამი სილიკონი ორივე ძუძუში, რომ წინ წახვიდე საქმეში, განსაზღვრო ცხიმის დონე ლოყებში და გაიდიდო ყბის ძვალი სოციალურ ეშელონებში შესაღწევად. ჩაატარეთ ცდა: ნახავთ, რომ თავადაც ახალგაზრდა, ლამაზ ხალხთან გირჩევნიათ მუშაობა, თავს უკეთ იმ ხალხთან გრძნობთ, თვალები ამოღამებული რომ არ აქვთ. უფრო მეტად გაწონასწორებულ ჯანსაღ სახეებს ენდობით და არა ასაკით გაუბედურებულებს. კარგია, რომ გარეგნობა არა მარტო პირველყოფილია, არამედ შეცვლასაც ექვემდებარება.

ჩვენი საზოგადოება ფიქრობს, რომ შესაძლოა ნებისყოფის გარეშე ცხოვრება, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, საკუთარ სურვილებზე უარის თქმა საკმაოდ მწვავე პრობლემაა. ყველას სჭირდება ზუსტი მიზანი; ის კი უფრო და უფრო ბუნდოვანდება. ოცნების გარეშე გზააბნეულად მოსეირნე პირქუში ცხოველები ვხდებით. ვიცლებით ან ვიკარგებით. ხანდახან ეს სეიძლება სასიამოვნოც იყოს, ისევე როგორც უცხო ქალაქის ქუჩებში დაკარგვა, როდესაც შეგიძლია, შემთხვევით ისარგებლო და იხეტიალო, დრო გაწელო, სანამ გზას იკითხავდე, ჩამოჯდე და უყურო ღრუბლებს, როგორც ბუნებაში მობალახე ძუძუმწოვარმა, მაგრამ ძალიან მალე პანიკა გიპყრობს. იწყებ ჯიბეებში რუკის, თავშესაფრის მისამართის ან სატელიტური მართვის კოლოფის ქექვას. ადგილობრივებს აჩერებ. ტაქსის იძახებ. ცოტას თუ აქვს ნამდვილად დაკარგვის გამბედაობა.

ქალები ჩემთვის სიწმინდეა. მათ კონტინენტივით ვიპყრობ. მინდა მაისურების კრისტოფერ კოლუმბი და საცვლების ვასკო და გამა ვიყო. [...] მე მინდა შენი პირის დოქტორი ლივინგსტონი და შენი კისრის ნეილ არმსტროგნი ვიყო. როდესაც შენ მკერდს დავეწაფები, თან აღმომხდება: It’s a small step for a man, but a great step for mankind და ერთ დღესაც, როდესაც ჩემი გახდები, იმას გავაკეთებ, რაც მთვარეზე პირველმა ფეხისდამდგმელმა გააკეთა: დროშას დავარჭობ და დედამიწაზე დავბრუნდები.

ყველაზე ამაღელვებელი ქალში მისი სახეა; არ დაიჯეროთ იმ კაცების, რომლებიც უპირატესობას მათ მკერდს ან უკანალს ანიჭებენ. ეს იმის ნიშანია, რომ მათ ნაშებს საზიზღარი სიფათები აქვთ და სხეულის სხვა ნაწილზე ახდენენ კონცენტრაციას.

სამოდელო საქმის ყველაზე მწვავე პრობლემა არც ნიმფოფილიაა და არც ანორექსია, პრობლემა რასიზმია. ყველანი ქერათმიანებს რომ დავდევთ, ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველანი ფაშისტები ვართ. ნაცისტები უპირატესობას ქერებს ანიჭებდნენ: მათ აუცილებლად მოეწონებოდათ სლოვაკი ადრიანა კარამბე-სკლენარიკოვა ან ჩეხი კაროლინა კურკოვა, ევა ჰერციგოვა, ვერონიკა ვარეკოვა და პეტრა ნემცოვა (ბოლოსდაბოლოს, შემთხვევითი სულაც არ არის, ჰიტლერმა მოღვაწეობა ჩეხოსლოვაკიის დაპყრობით რომ დაიწყო, ფიურერს პრიორიტეტების შეგრძნება ნამდვილად ჰქონდა!). სამოდელო აგენტები დიდ პატივს სცემენ არიულ რასას, მათ მაღალ ღაწვებს, ღია ფერის თვალებს, ჯანმრთელ კბილებსა და უკიდეგანო სითეთრეს. გსმენიათ რამე იმის შესახებ, რომ ამხანაგ სტალნს ახალგაზრდა ბალერინებთან და ლამაზ მეძავებთან გართობა მოსწონდა? ის ისეთივე ანტისემიტი იყო, როგორიც ჰიტლერი. ქალებს, რომლებიც დიქტატორების ესთეტიკურ გემოვნებას არ შეესაბამებოდნენ, სხვადასხვა მიზნით იშორებდნენ. დღეს, ჩვენს იდეალურ სამყაროში, დრო ახდენს გაცხრილვას: ბებრები და მახინჯები თამაშგარეთ რჩებიან. მშვენიერება სპორტია, სადაც თამაშგარეები ბლომად არიან. რა შეიძლება იყოს უფრო ფაშისტური, ვიდრე „მის“-ის არჩევნებია?

მღრღნის ეს შეკითხვა: ისლამური ჩადრი უფრო ფაშისტურია, Fashion Contest-ის ჟიური თუ დისკოთეკებზე სახეების კონტროლიორი. უბრალოდ, ჩადრით სახის დაფარვა შანსს უტოვებს ულამაზოებს. ფუნდამენტალისტები უთუოდ დიდი მაჩოები არიან, რომლებიც ქალებს მანქანის ტარებას, მუშაობას ან ქმრის მოტყუებას უკრძალავენ, ოღონდ ქვების სროლის ან მჟავას შეხსმის გარეშე; მაგრამ ვაღიაროთ: ისინი ხომ ერთადერთი ესთეტიკური ანტირასისტები არიან. ჩადრის ტარება ხელს უშლის სახით ცდუნებას და ლამაზი სახის ტოტალიტარიზმს. ჩადრი ყველა ქალს აძლევს შანსს, თავი სხვანაირად მოაწონონ და არა „ნუმეროს“ ბოლო ნომერში განსაზღვრული იდეალური ქალის კრიტერიუმების გამომზეურებით.

ვიცი, რომ არსებობენ კაცები, რომლებიც ბედნიერნი არიან იმით, რომ ბერდებიან. უბრალოდ, მათ ამბიციები არ აწუხებთ.

***

ერთი წელია, რაც მოსკოვში ვცხოვრობ: გაცრუებული იმედების ქალაქში. აქ სილამაზე ეროვნული სპორტია. რუსეთი დიდია, მისი მცხოვრებნი კი ღარიბ-ღატაკნი: მათ ერთადერთ გასართობს არყის ხეების ტყეში სეირნობისას პოემების თქმა ან დუნე და განიერი მდინარეების პირას დასვენება წარმოადგენს. აქ ეკლესიები ოქროს სარკეებს ჰგავს. რუსების სიღარიბე მათივე მეშჩანობის ბრალია. ეს ის ქვეყანაა, სადაც კაცები ორმოცდაათი წლისანი იხოცებიან; მათი ქვრივები კი მეტროს გასასვლელში კატებს ყიდიან. ისეც ხდება, რომ მოხუცი ხარაჩოდან ჩამოვარდნილი სტალაქტიტით ტვინგახვრეტილი კვდება. მოსკოვური ზამთარი სანახაობრივად საკმაოდ დატვირთულია.

რუსები იძულებულნი არიან, ცენტრალური აზიის სტეპების ან ციმბირული ტუნდრის მსგავსად, თვითონაც გიგანტურნი იყვნენ: უბრალონი, მაგრამ ლირიკულნი; ღატაკნი, მაგრამ ამაყნი. ცდილობენ, ჩეხოვის „თოლიას“ პერსონაჟებს დაემსგავსონ. სამზარეულოში, სადაც ბუხარს აღვივებენ და სოკოებს ახმობენ, სიღრმისეული საუბრები აქვთ. გროშიც არ აბადიათ და მიუხედავად ამისა, ხის მაგიდებზე მუდმივად გაშლილია ზეთიანი კარტოფილი, ყაყაჩოიანი ნამცხვრები, დაშაქრული თევზი, სურნელოვანი კიტრის პიკული, ჩიტებით მოვარაყებული არყის გრაფინი, მურაბები და სპილენძის სამოვარში მოთუხთუხე ჩაი. გაცნობიდან რამდენიმე წუთში უკვე სიყვარულის ამაოებაზე, ბედნიერების დასასრულსა და სამყაროს სიგიჟეზე გელაპარაკებიან. ლაპარაკობენ დიდხანს, ავსებენ ჭიქებს და თან ნამცხვრით გიმასპინძლდებიან. თავიანთი ფატალიზმით ძალიან ამაყობენ: დიახ, რუსეთი დასაბამიდან დაღუპულია და არც არაფერი ეშველება. კიდევ დალევ? დოსტოევსკისთვის ძვირფასი ზნეობრივი რყევები ყველაზე ნაკლებად მტკივნეული ხერხია იმისთვის, რომ იქ არსებობის აზრი განსაზღვრო: რუსეთი მშვენიერი მოულოდნელობების თავშესაფარია.

***

რუსული სილამაზე მხოლოდ ლიტერატურული ან ტყესთან დაკავშირებული ფენომენი სულაც არ არის: ის, უპირველეს ყოვლისა, ქალური საწყისია. ბევრს ლაპარაკობენ ამქვეყნის ნახშირწყალბადის ბუნებრივ რესურსებზე. ვფიქრობ, რომ ეს მთავარი სიმდიდრის უგულებელყოფაა. ამერიკელები ძალიან ჯანმრთელები არიან, ფრანგები ზედმეტად ჭირვეულნი, გერმანელები საოცრად სპორტულები, ჰოლანდიელები საკმაოდ თავისუფლები, ესპანელები კი ძალზე დაღლილები! დაგვრჩა რუსები. რუსი გოგონები დანაშაულზე წასწრებული პატარა ბავშვებივით ხრიან ქუთუთოებს, თითქოს ტირილს იწყებენო, თითქოს მათ ფირუზისფერ თვალებს პოლარული სიცივიდან მოსული ცრემლები, ოჯახურ აგარაკზე მშობლების ძალადობა, ზამთარში ცარიელი თეფში, შობა საჩუქრების გარეშე და მარადიული უბედურება ახრჩობსო. და მათ წუწუნის უფლებაც არ აქვთ, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მამა კრასნოიარსკის ოლქში „და სვიდანიას“ გარეშე გაემგზავრება. რუსი გოგონების სავსე ღაწვები და ძუძუები ერთნაირად გიზიდავენ მოფერებისთვის. არასდროს კანკალებენ, მაშინაც კი, როცა თერმომეტრი მინუს ოც გრადუსზე ნაკლებს აჩვენებს. ტუჩებს ენით ილოკავენ, ისე თითქოს მათზე დაცვარულ მარგალიტებს ითვლიანო და მათ დაჟინებულ მზერაში თხოვნა და გამოწვევა იკითხება. ისინი კაცების სისუსტეებზე დაკიდებული ყვავილები არიან. თმაში თითების შეცურებით ისე თავაზიანად მანიპულირებენ ძლიერი სქესით, ეს უკანასკნელნი გონს მოსვლასაც ვერ ასწრებენ. მათ ოფლსაც კი კარგი სუნი აქვს და მათ ფერმკრთალ, გედის ფრთებით მონარნარე ხელებში მოქცეული ნებისმიერი კაცი მარიონეტი ხდება. და ეს ასეა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა პლანეტა ერთადერთი ქვეყანა იყო. სრულიად სამყაროსთვის არის ცნობილი რუსი გოგონების პოტენციალის შესახებ; სწორედ ამიტომაც, უცხოეთის ვიზებზე მათ უარს ეუბნებიან. ყველა ეროვნების ქალს სძულს ისინი, რადგან თვლიან, რომ მათი სილამაზე უსამართლობაა და ყველა უსამართლობა უნდა აღმოფხვრა. რუს გოგონებს ბევრი მტერი ჰყავთ და ეს პირველი შემთხვევა როდია ანგელოზებში: ბიბლია გადაიკითხეთ, დამწვარი ანგელოზების სამართლის კოდექსი...

სამი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში, სექსი რუსების ერთადერთ გასართობად იქცა (არაყთან და ჩაშვებასთან ერთად). ამის შედეგია მსოფლიოში უნიკალური კომპეტენცია ამ საკითხში.

შიშველი მდედრი აუცილებელია კაპიტალისტური ეკონომიკის კარგად მუშაობისთვის და ის ხშირად უნდა იცვლებოდეს. რომანტიკული მოვლენების როტაცია ზრდის სუფთა მოგებას. სამწუხაროდ, მანეკენები დიდხანს არ ინარჩუნებენ თავიანთ უმწიკვლოებას. პირველსავე თუ არა, მეორე სამუშაო დღეს მოჩხუბარ ფეხბურთელთან ან ალკოჰოლიკ მსახიობთან სექსით ამთავრებენ. ხდება ისეც, რომ საიდუმლო ოთახში მობილურის კამერა აფიქსირებს, როგორ ისუნთქვენ კოკაინს ცხენის დოზებით.

იცით, რომ ტერმინი „კოსმეტიკა“ სიტყვა „კოსმოსიდან“ მოდის, რაც, როგორც წესრიგს, ასევე სამყაროს ნიშნავს? ეტიმოლოგიურად, მაკიაჟი არის წესრიგი, რომელიც სამყაროს მართავს... კოსმეტიკა კოსმოსურია. ასე რომ, ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ make-up-ია, ჩემო ბატიუშკა!

დღის შუქზე იმ ქალის ხილვა, რომელიც საღამოს და თანაც გაბრუებულს მოგეწონა, მისგან განხიბვლის საუკეთესო საშუალებაა.

***

კგბ ხომ არსად გამქრალა, მხოლოდ ორი თანხმოვანი შეიცვალა სახელწოდებაში. რა მნიშვნელობა აქვს? ძერჟინსკის ძეგლი კი ჩამოაგდეს ფსბ-ს შენობის წინ რომ იდგა, მაგრამ მისი თანამშრომელი პრეზიდენტად აირჩიეთ. თქვენი ქვეყნის ყველა პრობლემა ამ უსასრულო ჯაჭვიდან მოდის: ჭიპლარი არ გაქვთ გადაჭრილი ამ ჯალათებთან. რუსეთი დაუსჯელი კრიმინალის და თავისუფალი ამნეზიის ქვეყანაა. რას ეძახით ამას? ცოდვების მიტევებას? მაგრამ თქვენ ეს კარგად უნდა იცოდეთ, მამაო, რომ მოგიტევონ, უნდა ითხოვოთ. აქ კი არავინ არავის პატიებას არ სთხოვს და ნახევარი მთავრობა უცვლელია. თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, მერია აუცილებლად დათანხმდებოდა სოლოვკის გულაგის ქვის მოედნის შუაგულში განთავსებას, საზოგადოებრივ სკვერში მიმალვის ნაცვლად. თქვენ კი სამხრეთაფრიკელებივით მოიქცეთი: მხოლოდ ის დამნაშავეები შეიწყალეთ, რომლებმაც დანაშაული აღიარეს. საჯარო აღიარება ცივსისხლიანობას მოითხოვს, მაგრამ კოლექტიური კრიმინალის შემდეგ, ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა. თქვენ კი ისე ამჯობინებდით მოქცევას, თითქოს არაფერი მომხდარაო. თუმცა წარსულის კრიტიკა იოლია. ის, რაც მოხდა, მამაო, ერთად აღებული ხუთი ჰოლოკოსტია. ვიცი, რასაც ფიქრობთ: თქვენმა თანამოსაუბრემ ზომაზე მეტი „ვოდკა“ დალია. მაგრამ, ეს სიმართლეა. ძალიან კარგად ვიცი, რასაც ვამბობ: ვიშის რეჟიმის, მადაგასკარის, ინდოჩინეთისა და ალჟირის შემდეგ საფრანგეთშიც იგივე ამნეზია დავთსეთ. სულ იმას ვამბობთ, რომ ჯობს, წინ წახვიდე, ვიდრე წარსულის ქექვა დაიწყო. „ლუსტრაციის პოლიტიკით“ ყველა გასვრილი აღმოჩნდება, ისევე როგორც დღეს რუმინეთში, ბულგარეთსა თუ პოლონეთშია. კამბოჯაში 30 წელი იცადეს იმისთვის, რომ სასამართლოს წითელი ქმერების (შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობა კამბოჯაში) გენოციდის, დიდი ხნის გარდაცვლილი მთავარი დამნაშავეების გასამართლება დაეწყო. არც თურქები აღიარებენ სომხების გენოციდს. მზად იქნება კი რუსეთი ამ აღიარებისთვის 2030 წელს? ბნელ წარსულში, მხოლოდ მკვდრები რჩებიან სუფთად.

ჩვენ პოსტდემოკრატიულ „სისტემაში“ შევედით. იმისათვის, რომ ის „სისტემა“ აღვწეროთ, რომელიც ამიერიდან პლანეტაზე ბატონობს, მთავარი სიტყვა „კაპიტალიზმი“ კი არა „სურვილისტური პლუტოკრატია“ უნდა იყოს. ევროპული ჰუმანიზმის საუკუნეები კოლექტივისტური უტოპიის ხარჯზე შემცირდა, რომელსაც უკან კომერციული უტოპია მოჰყვა.

როდესაც სამართალი არ არსებობს, შიში ხდება მმართველი. სწორედ ამ მიზეზით მოითხოვდა დაჟინებით ვლადიმირ ბუკოვსკი კუმუნიზმის ნიურნბერგის პროცესს. ზუსტად იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს ქვეყანა უარს იტყოდა სახეში შეეხედა თავისი ისტორიისთვის, იქნებოდა უბედური და ყველა მისი მცხოვრები მუდმივი შიშით შეპყრობილი. მის წარსულზე აღარაფერს ვამბობ. რუსეთი 1991 წლის შემდეგ ისეთია, როგორიც გერმანია 1945 წელს, ესპანეთი - ფრანკოს, იტალია - მუსოლინის, საფრანგეთი - პეტენის დროს.

იზვინიტე, რომ ყოველთვის ყველაფერს ვაკრიტიკებ: ეს, ზოგადად, ფრანგების სისუსტეა - ყბედობა საქმის ნაცვლად.

ადრე ყველა რუსი ლაპარაკობდა ფრანგულად: დოსტოევსკი თავის შვილებთან, ტურგენევი ფლობერთან, ნაბოკოვი პივოსთან და გაბრიელ მაცნეფი - ჩემთან. დღეს ეს ჩვეულება დაიკარგა და ყველგან ინგლისურმა ჩაანაცვლა.

მკვდარ ენაზე ლაპარაკი ხომ უტაქტო მსმენელებისგან გვიცავს.

ფეხზე მდგომი აღსარების ჩაბარებას ვაპროტესტებ. [...] უკანასკნელად რომ გნახეთ, ფსიქოანალიტიკოსს შეგადარეთ მამაო, მაგრამ წამოწოლა ფროიდთანაც კი შეიძლებოდა...

***

ვფიქრობ, თქვენი ერთგული რუსების უმეტესი ნაწილი ღმერთის სახელს რწმენის გარეშე ეფარება, სწორედ იმიტომ, რომ ღმერთი კაპიტალიზმშია უპირატესი. სწორედ ღმერთთან დაბრუნებიტ ფიქრობენ საბჭოთა რეჟიმის რღვევისგან მიყენებული ტანჯვის თავიდან აცილებას. მსოფლიოში გავრცელებული ჰედონიზმი ხომ იმავე პრინციპებს ემყარება, რასაც სტალინური ძალაუფლება: მატყუარები გონებასუსტებს მართავენ. ოღონდ ჰედონიზმი კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე კომუნიზმი. ეს პირველი პესიმისტური რელიგიაა. ასე რომ, ღმერთი... გულაგზე უკეთესი და „ბენტლიზე“ იაფია. რა უცნაური საუკუნეა... მართლაც რომ სასჯელია, სამოცდაათწლიანი რევოლუცია მოსკოვის ლას-ვეგასად გადაკეთებით და გარყვნილების მოსანანიებლად, ეკლესიაში დაბრუნებით დაასრულო.

გარწმუნებთ, რომ ჩემი ნაცნობი ათეისტების უმეტესობას ზუსტად იგივე პრობლემა აქვს, რაც თქვენს ახლახან შემოკრებილ მრევლს, მამაო: ფიქრის დეფიციტი. მუდმივად გაურბიან პრობლემურ საკითხებს (როგორ მდგომარეობაში ვარ? ბედნიერი, შეყვარებული, ყელამდე ქაქში ამოსვრილი; უნაყოფო მიწაზე მიტოვებული ცოცხალ-მკვდარი. სწორად ვიქცევი, რომ ვცხოვრობ და ამდენ გადასახადს ვიხდი? როგორ მოვიქცე, რომ ამ მატრიარქალურ სამყაროში ვაჟკაცად დავრჩე? ამჯერად რით ჩავანაცვლეთ ღმერთი: ვებკამერით, მათრახით თუ კომპანიონი ძაღლით?). მარტოობის შესავსებად და სიჩუმის მოსატყუებლად, ურწმუნონი ყიდულობენ მანქანებს კრედიტით ან ინტერნეტით სიმღერებს ქაჩავენ, საუზმის შემდეგ სასმელს ეტანებიან, დილაობით მატონიზებელ საშუალებებს იღებენ, საღამოობით კი დამამშვიდებლებს (ხანდახან პირიქითაც), თავიანთ მობილურებში სახელებს და ნომრებს ახარისხებენ, რამდენიმე ნომერზე ტოვებენ ერთსა და იმავე ხმოვან შეტყობინებას: მიყვარხარ. იწერენ ყველა კაბელურ არხს უფროსებისთვის, თავიანთ უბის წიგნაკებს შეხვედრების ჩანიშვნით ავსებენ. ბოლო წუთს ამ შეხვედრას აუქმებენ იმის შიშით, რომ ხალხთან ურთიერთობას ცრემლების ღვრის გარეშე ვერ მოახერხებენ. დადიან ქუჩებში SMS-ების კითხვით ისე, რომ ირგვლივ არც იყურებიან (და მარჯვენა ფეხს ალბრადორის მოსაქმებულში ჩაკრავენ), მასტურბირებენ „ფლეიბოის“ ან „In Style”-ის კითხვისას, სიხარულისგან წკუტუნებენ, როდესაც ფეხბურთის გუნდის კაპიტანი თავს მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს ურტყამს, დადიან მიწისქვეშა კომერციულ ცენტრებში, რომლებიც თემატურ პარკებს ჰგავს, თან ალაჯებენ მიწაზე გართხმულ მათხოვრებს, ერთმანეთს ხოცავენ „Nintendo Wii“-ს სათამაშო პულტისთვის, თანაც მეზობლის თანდასწრებით, განთიადზე საშველად უხმობენ ექიმს, რათა ადამიანსი ხმა გაიგონონ, ერთმანეთს „Six Feet Under”-ის ჯერ კიდევ ცელოფნიან DVD დისკს სთავაზობენ, რადგან თვითონ სადომაზოხისტური კომიქსების ყურება ურჩევნიათ და დარჩენილ დროს კი დინების საწინააღმდეგო მიმართულებით გარბიან იმის დასავიწყებლად, რომ ოზონის შრე ყოველ წუთს უფრო და უფრო თხელდება.

ჰედონიზმის ინდუსტრია ჩვენი გონების დასაკავებელ კატასტროფული რაოდენობით გასართობს მოიცავს და სულაც არ ითვალისწინებს იმას, რომ მათ გამოყენებაში ხელი შეგვიშალოს! ეს სიახლე არ არის (პლატონმა და პასკალმა დიდი ხნის წინათ შენიშნეს, რომ ადამიანი რეალობას გაურბის), ახლა ეს ფენომენი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ადამიანს მხოლოდ ერთი აზრიღა აწუხებს: შეიცვალოს აზრები! სიამოვნების მიღების დროს ის რაღაცას გაურბის, მაგრამ, ჩემი აზრით, გაქცევა იგივეა, რაც უკუღმა ძებნა. და მაინც, რას ეძებენ? ოჰ, შემიბრალეთ, ამარიდეთ თქვენს პოსტკომუნისტურ, ორთოდოქსულ, მორალისტურ მოძღვრებას. ღმერთს? კიდევ ერთი უტოპია. ოცნებაზე ოცნებობენ. ეს იგივეა, ფეხზე მდგომმა დაიძინო, ზუსტად ისე, მამაო, როგორც თქვენ შვებით ჩემი მოსმენისას.

***

რუსეთში, ფიზიკური ტანჯვა მორალური ტანჯვის დავიწყებას ემსახურება.

არ მგონია შემთხვევითი იყოს, ინგლისურად მონას „სლავი“ რომ ჰქვია.

ფემინიზმმა წაშალა იუმორი, რომელიც მამაკაცებს და ქალბატონებს ჩხუბის საშუალებას არ აძლევდა. ეს დროც დასრულდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ თანასწორნი ვართ, ვეღარ ვერთობით. ამიერიდან კონკურენტები ვართ მარტოობის რბოლაში.

არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ ყველა სამოდელო სააგენტო იმ მახინჯი კაცების დაარსებულია, რომლებიც ლამაზ ქალებთან დაწოლის წყურვილით კვდებიან და ისინი ამას მართლაც ახერხებენ, ოღონდ წესიერების საზღვრების სერიოზული დარღვევით.

რუსეთში, ისევე, როგორც საფრანგეთში, რევოლუცია ნაციონალური ჰობია.

არ ვიცი ჩვენთვის ეწამა თუ არა იესო, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ როცა მასთან ხარ, თავს აშკარად უკეთ გრძნობ. ძალიან მომწონს მისი ღვთიური გამოხედვა, რომლის გამოც ხალხის რისხვა დაიმსახურა. გვიცქერს სანდომიანი მზერით, ყველანაირი სიძულვილის გარეშე (თუმცა ოდნავ შეშფოთებული) და თითქოს იმავეს ამბობს, რასაც თომას ეუბნება იოანეს სახარებაში: „ნეტარ არიან ისინი, ვინც დაუნახავად ირწმუნებიან“. კარგი ტიპია ეს მოკრძალებული წვეროსანი. ის მოულოდნელად გამოგვეცხადა გადასარჩენად და ჩვენ კი მადლობის ნიშნად, წამებით მოვკალით. მან გვაპატია ეს უმადურობა. იესო ქრისტე: ჩვენ, ადამიანები, მას საშველად ვუხმობთ, ის კი პატიებას გვთხოვს. არანაირი ამპარტავნობა, თუმცა, ღვთის ძეა. მე ვიცნობ „ძეებს“, რომლებიც გაცილებით მედიდურობენ, ვიდრე „ის“. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ მან ხელი გამოგვიწოდა, ჩვენ კი ამით ვისარგებლეთ და მივალურსმეთ, როგორც ნაბოკოვმა თავისი პეპლები!

რატომ არის ეკლესიები ღამით დაკეტილი, იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს?

საყოველთაო აბსურდს ღვთის არსებობის გლობალიზაცია შეუძლია. აბსურდი ძალიან ღვთიურია. თვით ღმერთიც აბსურდია, ჩემი არ იყოს და არ მესმის კამიუსი, მისი რატომ არ სწამდა. ალბათ, სწამდა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა.

„მამაო ჩვენოში“ შესწორებებია შესატანი: „კოცნა ჩვენი არსობისა, მოგვეც ჩვენ დღეს!“.

გავაცნობიერე, - გყავდეს ღმერთი, დაახლოებით იგივეა, რომ გქონდეს სამშობლო, საზღვარი, სახლი; გყავდეს მამა. რელიგია შესანიშნავი თავშესაფარია.

***

ეს ფრაზაც ძალიან მომწონს: „გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. ცოტა უცნაურია. ხალხი, ვინც ეს ტექსტები შეადგინა, ჭკვიანი ავადმყოფები იყვნენ! მათ „საყოველთაო, უფასო პროზაკი“ შექმნეს. „და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ“. გიჟური სლოგანია! რეალური სამყარო სრულიად საწინააღმდეგოდ ცხოვრობს: თითქმის ყველა ადამიანს, ვისთან ერთადაც მე მიწევს მუშაობა, ფულს მხოლოდ იმაში უხდიან, რომ სხვები განსაცდელში შეიყვანონ. ეს ჩვენი სამუშაოა: მაცდუნებლები. ანაზღაურებადი მაცდუნებლები! ჩვენ აპათიის წინააღმდეგ მებრძოლები ვართ. აპათია კაპიტალიზმის მატერია: არარეალური სურვილების არქონა, სულის სიმშვიდე, სტოიკური სიბრძნე მსოფლიო ბაზრის მოძრაობას აფერხებს. მსოფლიო ასიოდე Chief Executive Officers-ის ხელშია, რომელთა ერთადერთი ამოცანა პლანეტაზე აპათიის ყოველგვარი ფორმის მოსპობაა. მსოფლიოს საუკეთესო ბიზნესსკოლებში, სტუდენტებს ცდუნების თეორიას ასწავლიან. მომხმარებელ საზოგადოებას სახელი უნდა შეეცვალოს და „ცდუნების საზოგადოება“ დაერქვას. ანტიგლობალისტურ ტრანსპარანტზე სლოგანად გამოდგება „და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში“. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც ეს დაწერა. რატომ არ შეიძლება ლოცვების სლოგანად გამოყენება? თავს არიდებენ „მამაო ჩვენოს“ და „ავე მარიას“ შემქმნელის დასახელებას. არადა, წარმოიდგინეთ, ყოველწლიურად რამდენი თანხა დაუგროვდებოდა საავტორო უფლებების დამრღვევებისგან. ღვთის საჩუქარი, დიახ, რა თქმა უნდა, ხარაშო, ღმერთის ტექსტებია. ის საავტორო უფლებებით არ სარგებლობს? სასაცილო ხართ, ამის რომ გჯერათ. ჰო, რა თქმა უნდა, თვიური გადასახადი ძალიან მაღალი იქნებოდა.

***

ვფიქრობ, საკუთარ თავში რომ ვერ გარკვეულხარ, ეს მიზეზიც საკმარისია თვითმკვლელობისთვის.

წინა თვეში დასუსტებული მეჩვენეთ მამაო, გრაფ ტოლსტოის ჰგავდით, ბოლო ფოტოებში, 1910 წელს, როდესაც ცოლი მიატოვა, „ასტაპოვის“ სადგურში რომ მომკვდარიყო.

ცოდვა როდია, დატკბე ყველა იმ სიკეთით, რასაც მაღალი ღმერთი გვიბოძებს.

ჩვენ, ყველას საკუთარი გულაგი გვაქვს, ჩვენშია უსამართლობა, რომელსაც ვერასდროს გადავხარშავთ.

ვილა „ნავარაში“ დაწერა 1901 წლის 27 ოქტომბერს პოლ-ჟან ტულეტმა: „ის, რაც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს, ქალი, ალკოჰოლი და პეიზაჟებით ტკბობაა“. მეც ძალიან მიყვარს ეს შესანიშნავი სამეული; საუკეთესო საშუალება, განერიდო საკუთარ თავს.

ნაბოკოვმა თქვა, წარმოსახვა, მეხსიერების ერთ-ერთი ფორმააო. ესე იგი, თუკი ოდესმე რაიმე ამბავი ამომიგონებია, ესეც ჩემი მეხსიერების წაუშლელი ფაილია.

როდესაც ძალიან ხშირად იმეორებ, ვიცი, რომ გავგიჟდებიო, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე გიჟი ხარ.

„ოსტატსა და მარგარიტაში“ ვოლანდის პერსონაჟი თეატრში ქალებს კაბებით მოსავს. ქუჩაში გასვლა და კაბების გაქრობა ერთია. ვოლანდის მიერ შემოსილი ქალები შიშვლები რჩებიან. დარწმუნებული ვარ, ბულგაკოვი ბედნიერია, დღეს მოსკოველი ქალების უმრავლესობა მისი სარეკომენდაციო წერილით რომ სარგებლობს.

რუსები კითხვას უფრო ადრე იწყებთ, ვიდრე ჩვენ, ფრანგები, იმიტომ, რომ პორტატული ფლეისთეიშენის ყიდვის საშუალება არ გაქვთ.

ნაბოკოვმა დაბადების ადგილი კარგად შეარჩია, ისევე როგორც პრეზიდენტმა პუტინმა. პეტერბურგში, საკმარისია ნორმალური გარეგნობა და უკვე „ვოგის“ ყდაზე ხარ.

***

მოვინახულე ბინა, სადაც დოსტოევსკისმ „ძმები კარამაზოვები“ დაწერა: არაფერი საინტერესო, იმ რბილ ქუდს თუ არ ჩავთვლით, პარიზში რომ დარჩა. კედლის საათი მისი გარდაცვალების დროზე იყო გაჩერებული: 8 საათი და 36 წუთი, 1881 წლის 28 იანვარი. ვხვდები, როგორ ქმნიან შედევრებს. საკმარისია, ცხოვრობდე შიშისმომგვრელ სახლში, თავზე ფუმფულა ქუდი გეხუროს და უცბად ქაღალდის ფურცელზე რაღაც ჩნდება. და აი, ჰოპ! ახლა უკვე უნდა ჩაუღრმავდე და თუკი ამას მოახერხებ, მაშინ სენს ბინასაც პირვანდელ მდგომარეობაში შეინახავენ. პუშკინსაც ვეწვიეთ. მისი ბიბლიოთეკა 37 წლის ასაკში მკვდარი ტიპისთვის, ძალიან გადატვირთულია. ფეხსაცმელების გახდა და ფაჩუჩების ჩაცმა მოგვთხოვეს, იტაკი რომ არ გაგვეფუწებინა. მე და ლენა პროფესიონალი მოციგურავეებივით ხელებაწეულები ვსრიალებდით და თან ვხალისობდით მუზეუმის მეთვალყურე ქალის გაოცებულ მზერაზე. აქაც საათი მისი სიკვდილის დროზე იყო გაჩერებული: სამს თხუთმეტი წუთი აკლია, 1837 წლის 10 თებერვალი. აქ ინახებოდა იმ დუელის პისტოლეტები, რომელიც პოეტს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ვიტრინაში ორი შაშხანა იყო საგულდაგულოდ გამოდებული. დიდხანს ვაკვირდებოდი, რომლიდან ესროლა მუცელში ფრანგმა დანტესმა პუშკინს, შავი მდინარის ნაპირას. ეს ის ეპოქა იყო, როდესაც სიყვარულით არ ერთობოდნენ. [...] მომაკვდავი პუშკინის სახლთან მოხუცებული იდგა, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა. როდესაც მას ჰკითხეს, თქვენ რა, ოჯახის წევრი ხართო? არაო, უპასუხა მოხუცმა, მაგრამ მე რუსი ვარო.

აი, რატომ მირჩევნია პეტერბურგი მოსკოვს, აქ იოლი მაყუთის და გამხდარი მეძავების სურვილი კულტურული სიამაყით და ისტორიული სიდიადით არის გადაფარული. ეს არის გაჩერებული საათების, უცვლელად დატოვებული ბინების და შავი პურის ნამცეცების ქალაქი. წარსული ზედაპირზე ტივტივებს და თავისი სიმძიმით აწმყოს აწვება. მოსკოვში წარსულის დავიწყება სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ ის მომავალს აფერხებს. სანქტ-პეტერბურგში წარსული მომავლის გარანტია: სწორედ აქ განიცადა კრახი ჰიტლერმა. ლენინგრადის 900-დღიანი ბლოკადის განმავლობაში, ხალხი წებოს, გაფუჭებულ იოგურტს, ვირთხებს, ბავშვებს და მიწას ჭამდა. 3 მილიონი მაცხოვრებლიდან მხოლოდ 800 000 გადარჩა. გვამები გაანადგურეს. რუსები ჩემი ტვინივით არიან მოწყობილნი: მხოლოდ სასურველ მოგონებებს ინახავენ. კგბ-ს თანამშრომლების სია: წაშლილი. მარია ფიოდოროვნას გვამი („ცარის“ მეუღლე): დიდებით გადასვენებული პეტრე-პავლეს ციხესიმაგრეში. გულაგი: სარდაფში დაარქივებული. წინააღმდეგობის მოძრაობა: პატივმიგებული. სტალინიზმის მსხვერპლნი: დავიწყებული. რუსული არმიის გმირები: ავტორიზებული (გარდა წყალქვეშა კრეისერ „კურსკზე“ ჩაძირულებისა).

***

ერთ დღესაც პიტერში ღამის კლუბს თუ გავხსნი, მას გრუშენკას დავარქმევ „ძმებ კარამაზოვებში“ თვითგამანადგურებელ, კაცების რისხვა გრუშენკას პატივსაცემად.

სექსუალური გარყვნილება ავტორიტარულ რუსეთში, ლავრენტი ბერიას შემდეგ, ტრადიციად ჩამოყალიბდა.

რუსმა „ბანდიტებმა“ დაშინება კარგად იციან, მოხეული ტიპები არიან, კარზე ზარს გირეკავენ, საყელოთი დაგითრევენ, ღია ფანჯარაში გადაგკიდებენ და გეკითხებიან, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვთო? ძირითადად ასეთ პასუხს ისმენენ: „არა, რა პრობლემა? არანაირი პრობლემა არ არის. არც არასდროს მქონია“. პეტრე დიდის შემდეგ რუსეთში პრობლემები ამგვარად გვარდება. მასიური ოქროს კარეტები დაჯავშნულმა „მერსედესებმა“ ჩაანაცვლა, მაგრამ დაშინება მაინც მთავარ მამოძრავებელ ძალად რჩება, ის რუსული საზოგადოების შოლტია (ხარის ძარღვებისგან დამზადებული).

ძალაუფლებით თუ არ ისარგებლე, აბა რა ჯანდაბად გინდა?

40 წლის რომ შესრულდები, შიში გიპყრობს და გამუდმებით ფიქრობ, რომ წუთი, რომლისგანაც სიამოვნებას იღებ, შესაძლოა უკანასკნელი იყოს შენს ცხოვრებაში. აცნობიერებ, რომ ცხოვრების ნახევარზე მეტი უკვე გავლილი გაქვს და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების შეცვლა და ღირებულებების გადაფასება თავისთავად ხდება.

როდესაც არავინ გიყვარს, დასაკარგიც არაფერი გაქვს. ეს ნიჰილიზმი არ არის: ეს კაპიტალიზმია. განებივრებულების და უსუსურების ცივილიზაცია, პოლიციური სისტემა, როცა შენი ახლობლისაც კი გეშინია.

იცი რუსული გამოცანა: რა განსხვავებაა „ლადას“ და შიდსს შორის? „ლადას“ ვერავის გადასდებ.

1991 წელს მხოლოდ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი კი არა, ადამიანებს შორის ნდობაც გარდაიცვალა. ვალდებულებების არარსებობა პოლიტიკურ თუ პირად სფეროებში, კომუნიზმის ჩავარდნის შედეგებია და ამ მარცხის შედეგებს მხოლოდ რუსეთი კი არა, მთელი მსოფლიო განიცდის. ჰედონიზმი იმ ხალხის იდეოლოგიაა, რომელსაც მომავლის იმედი აღარ აქვს. ამიერიდან ქიმერა აკრძალულია. გლობალიზაცია ჩვენგან პესიმისტ და მორჩილ ტექნომომხმარებლებს ქმნის. სიყვარული აკრძალული ოცნებაა, როგორც ყველა დანარჩენი ოცნება, გარდა ბრუნვადი კრედიტებისა. XXI საუკუნეში ლირიზმი აღარ იქნება დასაცინი.

არასდროს არ უნდა დაუჯერო იმას, რასაც გაზეთები წერენ, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა გახდა და მსგავს მონაჩმახს...

პრინციპში, ფრანგები უკრაინელების ჯიშის ხართ, თავისუფლება იმ შემთხვევაში გსურთ, თუკი ის თქვენს გაზის მრიცხველზე ციფრებს არ გაზრდის.


ფრანგულიდან თარგმნა ეკატერინე ბაკურაძემ