Tuesday, November 1, 2016

მიქელანჯელო, სიქსტეს კაპელა და 1512 წლის 1 ნოემბერი

1512 წლის 1 ნოემბერს, დამთვალიერებლისთვის, მიქელანჯელოს მიერ მოხატული სიქსტეს კაპელა გაიხსნა. 

ხელოვანის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზი დიდი შედევრის შესაქმნელად მიქელანჯელოს არაერთი სირთულის გადალახვა მოუხდა...

***

1508 წელს, რომში დაბრუნების შემდეგ, მიქელანჯელომ რომის პაპ იულიუს II-სგან ახალი დავალება მიიღო - მას სიქსტეს კაპელის თაღის მოხატვა დაევალა.

მიქელანჯელო ფრესკის ტექნიკასთან ახლოს არ იყო,  „...მხატვრობა ქანდაკებასთან შედარებით წვრილმან საქმედ მიაჩნდა“. „თავის თავს მოქანდაკეს ეძახდა და არა მხატვარს.

1508 წლის მარტს ასე ჩაწერა თავის დავთარში: „დღეს, 1508 წლის 10 მარტს, მე მოქანდაკე მიქელანჯელომ დავიწყე კაპელის მოხატვა.“

ერთი წლის შემდეგ 1509 წლის იანვარში კი წერდა: „...ეს ჩემი ხელობა არ არის - დროს ტყუილუბრალოდ ვკარგავ.“

რაფაელი - ათენის სკოლა 1509-1510
ასკავიო კონდივის მტკიცებით, მიქელანჯელოსთვის მისთვის უცხო საქმის მინდობაში აქტიური მონაწილეობა ბრამანტე დონატომ მიიღო, რომელსაც სურდა, რომ ფლორენციელს „ჩრდილი მისდგომოდა“, თანაც იმის ფონზე, რომ 1508 წელს ვატიკანის „სტანციების“ მოხატვას რაფაელი იწყებდა, რომელმაც 1508 წლის აპრილ-სექტემბერში ე.წ. „Signatura”-ს დარბაზი „ათენის სკოლითა“ და „რელიგიის ტრიუმფით“ გააფორმა.  

სიქსტეს კაპელის თაღის მოხატვა დაძაბული ვითარების ფონზე მიმდინარეობდა, როგორც ჯორჯო ვაზარი აღნიშნავს, ბრამანტეს მიერ კაპელაში სამუშაოდ დადგმული ხარაჩოები მიქელანჯელომ გამოუსადეგრად მიიჩნია და მის დასახმარებლად მოყვანილი ფლორენციელი მხატვრებიც უვარგისად სცნო:

„ერთ დღეს ჩამოაფხეკინა ყველაფერი, რაც მათ აქამდე ჰქონდათ დახატული, კაპელაში ჩაიკეტა და მათთვის კარის გაღება აღარ ისურვა: შინაც კი არ შეუშვა სალაპარაკოდ“.

მხატვრებმა მცირე ხანს ადროვეს, მერე კი, როცა დარწმუნდნენ, ხუმრობა ძალიან გაუგრძელდაო, ძალზე შეურაცხყოფილნი ფლორენციაში დაბრუნდნენ.

რამდენიმე შავი მუშის ამარა დარჩენილი მიქელანჯელო 1509 წლის 27 იანვარს მამისადმი მიწერილ წერილში წერს:

„სულიერად გატეხილი ვარ, უკვე ერთი წელია, რაც პაპისაგან ფული არ მიმიღია. არც არაფერსა ვთხოვ. ნახატი ისე ნელა მიიწევს წინ, რომ სინდისი ნებას არ მაძლევს, გასამრჯელო ვითხოვო. ეს სიზანტე სამუშაოს სიძნელითაა გამოწვეული და კიდევ იმით, რომ ფრესკების ხატვა ჩემი ხელობა არ ყოფილა. ამიტომ დროს უქმად ვკარგავ და შედეგს კი ვერ ვღებულობ. ღმერთი იყოს ჩემი შემწე“.

ასკავიო კონდივის ცნობით, იულიუსს II-ს მობეზრდა გაჭიანურებული სამუშაო და მიქელანჯელოს ახირება - არ ეჩვენებინა მისთვის ნახატები, ამიტომაც:

„ერთ დღეს ჰკითხა, როდის მოვრჩებითო სამუშაოს, მიქელანჯელომ კი ჩვეულებისამებრ უპასუხა: „როდესაც შევძლებ!“ გაგულისებულმა პაპმა ჯოხი მოუქნია და თან დასძახოდა: „როდესაც შევძლებ! როდესაც შევძლებ“ მიქელანჯელო შინ გაიქცა და რომიდან წასასვლელად მზადება იწყო. მაგრამ იულიუს II-მ კაცი დაადევნა. მოციქულმა პაპს ბოდიში მოჰხადა, მისი ნაბოძები ხუთასი დუკატი მისცა ხელოვანს და დაამშვიდა, როგორც შეეძლო. მიქელანჯელომ ეს ბოდიში მიიღო“.

პაპსა და ხელოვანს შორის კონფლიქტი ამით არ ამოწურულა, იულიუს II მიქელანჯელოს ხარაჩოებიდან ჩამოგდებით დაემუქრა, რის გამოც იძულებული გახადა დაეთმო და 1512 წელს, ყველაწმინდას დღესასწაულზე ნამუშევარი გამოეჩინა.


ამ ტიტანურმა შრომამ მიქელანჯელოს სახელი გაუთქვა, თუმცა, როგორც ვაზარი აღნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეურყია და ისე გაუუარესა მხედველობა, რომ წერილებისა და სხვადასხვა საგნების უკეთ დასანახად მათ თავს ზემოთ იჭერდა.  

სიქსტეს კაპელის ფრესკების გახსნიდან სამი თვის შემდეგ, 1513 წლის 21 თებერვალს, იულიუს II გარდაიცვალა.