ჰარუკი მურაკამი - ნორვეგიული ტყე

დაეშვა თუ არა მიწაზე თვითმფრინავი, კაბინაში მუსიკის საამური ჰანგები გაისმა - ბითლზის „ნორვეგიულ ტყეს“ ასრულედა რომელიღაც ორკესტრი. ეს მელოდია ყოველთვის ჟრუანტელს მგვრიდა, ახლა კი შემძრა, შემაძრწუნა, ისე ამაღელვა, როგორც არასდროს.

***

ყოვლად შეუძლებელია ერთმა ადამიანმა მეორეს მუდამ მიხედოს.

***

ახლა კი ვხვდები, რომ წერის არასრულყოფილ ჭურჭელში მხოლოდ არასრულყოფილი მოგონებები და არასრულყოფილი ფიქრები შემიძლია მოვათავსო. რაც მეტად ფერმკრთალდება ნაოკოს შესახებ მოგონებები, მით უფრო მეტად მესმის მისი. ისიც კი ვიცი, რატომ მთხოვა, არ დამივიწყოო. ნაოკომ თვითონ მშვენივრად იცოდა ეს. იცოდა, რომ მასზე მოგონებები გამიფერმკრთალდებოდა. ზუსტად ამიტომ მეხვეწებოდა, ნუ დამივიწყებო, ნუ დაივიწყებ, რომ ვარსებობდიო.

***

ვერასდროს ვხვდებოდი, რა საჭირო იყო ღამით დროშის დაშვება. სიბნელეშიც ხომ განაგრძობდა ერი არსებობას, უამრავი ადამიანი, რკინიგზის მუშები თუ ტაქსის მძღოლები, ბარმენები, სახანძროები და დარაჯები, მთელი ღამე მუშაობდნენ. უსამართლობად მიმაჩნია ამ ხალხის ღამით დროშის მფარველობის გარეშე დატოვება. ან იქნებ ამას სულაც არ ჰქონდა მნიშვნელობა და ჩემ გარდა, არც არავის აღელვებდა?

***

ზამთრის დადგომასთან ერთად ნაოკოს თვალები თითქოს უფრო გაუღიავდა. თითოს მისი თვალები გაიძახოდნენ, წასასვლელი არსად გვაქვსო. ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ უშტერდებოდა ჩემზე მზერა. თითქოს რაღაცის ძიებაში იყო და სწორედ ეს მიჩენდა უხერხული მარტოსულობისა და უიმედობის განცდას.

***

ყოველ კვირას კი ჩემი გარდაცვლილი მეგობრის გოგონასთან პაემანზე დავდიოდი. წარმოდგენა არ მქონდა, ან რას ვაკეთებდი, ან რატომ, ან რას ვაპირებდი.

***

ბევრს ვკითხულობდი, მაგრამ თითქმის სულ ერტსა და იმავეს. გადაკითხვა მიყვარდა - ტრუმენ კაპოტეს, ჯონ აპდაიკის, სკოტ ფიცჯერალდის, რაიმონდ ჩენდლერის. არც ჩემს კურსზე და არც საერთო საცხოვრებელში ამ მწერლების წიგნებს არავინ კითხულობდა. მათ კაძუმი ტაკაჰაში, ქენძაბურო ოე, იუკიო მიშიმა ან თანამედროვე ფრანგი რომანისტები მოსწონდათ. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, სხვებისთვის სათქმელი ბევრი რომ არაფერი მქონდა და წიგნების გარდა არაფერი მახსოვდა. თვალდახუჭული ნაცნობ წიგნს შევეხებოდი და ღრმად შევიყნოსავდი მის სურნელებას. ესეც მყოფნიდა ბედნიერებისათვის. თვრამეტი წლის ასაკში ჩემი საყვარელი წიგნი იყო ჯონ აპდაიკის „კენტავრი“, მაგრამ რამდენჯერმე წაკითხვის შემდეგ მას თავდაპირველი იდუმალება დაეკარგა და პირველი ადგილი „დიდ გეტსბის“ დაუთმო. „გეტსბიმ“ პირველობა კიდევ დიდხანს შეინარჩუნა. როდესაც ამის განწყობა მექმნებოდა, ჩამოვიღებდი თაროდან და რომელიმე მონაკვეთს ვკითხულობდი. იმედს არასდროს მიცრუებდა. მთელ წიგნში ერთი მოსაწყენი ადგილიც კი არ იყო. მინდოდა, ხალხისთვის მეთქვა, რა საოცარი რომანია, მაგრამ ჩემ გარშემო არც არავის წაეკითხა და ამის გაკეთებას არც არავინ აპირებდა. სხვები აიძულო, სკოტ ფიცჯერალდის ნაწარმოებები იკიტხონ, დიდად ჭკვიანური საქციელი ვერ არის და ასეთი რამ 1968 წელს ნამდვილად არ უნდა გექნა.

***

თუ მხოლოდ იმ წიგნებს წაიკითხავ, რომლებსაც სხვები კითხულობენ, შენც დანარჩენებივით იფიქრებ. ეს სოფლელების და უსაქმურების სამყაროა. ღირსეულ კაცს ამის შერცხვებოდა.

***

რამდენიმე უცნობ ქალთან ღამის გატარებით ვერაფერს მოიგებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ ძალას გამოგაცლის და თავს შეგაზიზღებს.

***

როდესაც უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვს, ყველაზე რთული ისაა, ამდენ საცდურს ზურგი შეაქციო.

***

თითებს ზურგზე მიფათურებდა, თითქოს დაეძებდა რაღაცას, რაღაც მნიშვნელოვანს, რაც მუდამ იქ იყო.

***

გაფიცულების დაშლისა და სამართალდამცავების მეთვალყურეობის ქვეშ ლექციების განახლების შემდეგ პირველები, ვინც მერხებს მიუსხდნენ, ის ნაბიჭვრები იყვნენ, რომლებიც აჯანყებებს მეთაურობდნენ. ისე, გეგონება არაფერი მომხდარიყოს, ისხდნენ იქ, ჩანაწერებს აკეთებდნენ და „ვარო“ წამოიძახებდნენ ხოლმე სიის ამოკითხვის დროს.

***

საერთო საცხოვრებელი მოკლედ აღვუწერე გოგონას: რამდენიმე ასეული ბიჭია, ბინძურ ოთახებში ცხოვრობენ, სვამენ და ანძრევენ-მეთქი.

- შენც მათ შორისა ხარ?

- მათ შორისაა დედამიწაზე მცხოვრები ყოველი კაცი, - ავუხსენი მე, - გოგონებს თვიური აქვთ, ბიჭები კი ანძრევენ. ყველანი.

- ისინიც კი, ვისაც მეგობარი გოგონები ჰყავთ? სექსუალურ პარტნიორებს ვგულისხმობ.

- ამას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩემ გვერდით მცხოვრები კეიოს სტუდენტი ყოველთვის ანძრევს პაემანზე წასვლის წინ. ამბობს, ეს მეხმარება მოდუნებაშიო.

***

ამქვეყნად ყველაზე სევდიანი რამ ნესტიანი ბიუსტჰალტერის ჩაცმაა.

***

- შენები სახლში არ არიან დღეს, არა?

- დედაჩემი თავის საფლავშია. ორი წლის წინ მოკვდა.

***

გოგოებმა თითქოს ამოისუნთქეს, მე რომ მომისხდნენ - ნორმალურად მეცვა, გაპარსულიც ვიყავი, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თომას მანის „ჯადოსნურ მთას“ ვკითხულობდი.

***

- ერთი ჩვეულებრივი ვინმე ვარ, ერთი ჩვეულებრივი ოჯახიდან, ჩვეულებრივი განათლება მივიღე. გარეგნობაც ჩვეულებრივი მაქვს, ნიშნებიც, ფიქრებიც.

- ოჰ, როგორი მოტრფიალე ხარ ფიცჯერალდისა. განა ის არ წერს, არავის ენდოთ, ვინც გეტყვით, უბრალო ვინმე ვარო? შენგან ვითხოვე ეგ წიგნი, კარგად მახსოვს! - იღიმებოდა ნაოკო.

***

გარკვეულ ასაკს რომ გადააბიჯებ, მერე შენი თავისთვის უნდა დაუკრა. აი, მუსიკა მაგისთვისაა.

***

ნაოკო გაუნძრევლად იჯდა, პატარა ცხოველივით, რომელიც მთვარის შუქმა სოროდან გამოიტყუა.

***

რევოლუცია მოხდება თუ არა, მუშათა კლასი იმავე ფუღუროში, იმავე ნეხვში, განაგრძობს ცხოვრებას, როგორშიც ადრე ცხოვრობდა.

***

უსამართლო საზოგადოება ის საზოგადოებაა, რომელიც შენი შესაძლებლობების ზღვარის შეცნობისკენ გიბიძგებს.

***

ზოგჯერ მიმივიხედავ ხოლმე და გული მერევა. რა ჯანდაბაა, ეს ნაბიჭვრები რატომ არაფერს აკეთებენ? თითსაც არ ანძრევენ, და მერე დადგებიან და ვიშვიშებენ.

***

არასოდეს შეიცოდო თავი, ვატანაბე. თავი მარტო არამზადებს ეცოდებათ.

***

შოკოლადის ასორტი ხომ იცი, იქიდან რაღაც მოგწონს, რაღაც კი არა. და, აი, ადგები და იმათ ამოჭამ, რომლებიც მოგწონს, და იქ კი ისინი დარჩება, რომლებიც დიდად არ მოგწონს. როცა რამე მტკივნეული ხდება, სულ ასე ვფიქრობ - ახლა საკმარისია ეს გადავაგორო და ყველაფერი კარგად იქნება. ცხოვრება შოკოლადის კოლოფსა ჰგავს!

***

მთელი იმ შენი ცდების მიუხედავად, როცა საჭირო გახდება, ადამიანებს მაინც ეტკინებათ. ცხოვრება ეგეთია.

***

კიძუკის სიკვდილმა ერთი რამ მასწავლა, და ეს ერთგვარ მრწამსადაც კი მექცა - სიკვდილი სიცოცხლის ნაწილია და არა მისი საწინააღმდეგო რამე. ჩვენ ვცხოვრობთ და თან სიკვდილსაც ვწვრთნით. ეს იყო ერთადერთი რამ იმ სიმართლეთაგან, რაც უნდა აგეთვისებინა. ნაოკოს სიკვდილმა ის მასწავლა, რომ ვერანაირი სიმართლე ვერ მერევა იმ სევდას, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა იწვევს. ვერც სიმართლე, ვერც გულწრფელობა, ვერც ძალა, ვერც სიკეთე ვერ მოერევა იმ მწუხარებას. ისღა გვრჩება, შევაბიჯოთ იმ მწუხარებაში და მისგან რამე ვისწავლოთ, მაგრამ რასაც ვისწავლით, ისიც არაფერში გამოგვადგება, როცა გაუფრთხილებლად ისევ თავს დაგვატყდება უბედურება.