ფედერიკო გარსია ლორკა - ცრემლისა და სიცილის სკოლა...

„თეატრი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნატიფი და მოქმედი იარაღია ქვეყნის აღმშენებლობისა. ეს არის ქვეყნის აღზევების და დაცემის მიმანიშნებელი ბარომეტრი. 

თეატრს, რომელიც შეძლებს სწორი გზა გამონახოს ყველა ჟანრში, ტრაგედიიდან - ვოდევილამდე, - ძალა შესწევს მოკლე ხანში აამაღლოს ხალხის სული, ხოლო ზედაპირულ და დარღვეულ თეატრს, სადაც ფრთების მაგივრობას ღორის ჩლიქები სწევენ, შეუძლია მთელ ერს დაუჩლუნგოს მხატვრული გემოვნება და მთვლემარე უსულგულობაში ჩააგდოს იგი.

თეატრი - ეს არის ცრემლისა და სიცილის სკოლა. ეს არის ტრიბუნა, საიდანაც შეგეძლება საფარველი ახადო დრომოჭმულ ან ცრუ მორალს და ცოცხალი მაგალითის მეშვეობით განმარტო ადამიანური განცდის მარადი გამოცხადება.

თუკი ხალხი არ ზრუნავს თეატრზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ხალხი კვდება ან უკვე მოკვდა. ხოლო თეატრი, რომელსაც შესრუტული არა აქვს საკუთარი ხალხის სული, მშობლიური ქვეყნის პეიზაჟების თავისებურება, მისი შვილების დრამატული ბედი, მათი სიხარული და ჭმუნვა, თეატრს, რომელშიც სოციალური ცხოვრების, ისტორიის მაჯისცემა არ ისმის - უფლება არა აქვს თეატრი ერქვას. ეს არის ბანქოს სათამაშო სახლი ან კიდევ უარესი - ადგილი, სადაც დროს კლავენ“.


ფედერიკო გარსია ლორკა - რჩეული
ესპანურიდან თარგმნა ნანა ხატისკაცმა