ანატოლ ფრანსი - ყოველგვარი რეჟიმი უკმაყოფილებას წარმოშობს

ნაწყვეტები ანატოლ ფრანსის რომანიდან - „პინგვინთა კუნძული“

ადამიანი თავისი არსით წინდახედული და ამყოლია. ასეთია მისი ბუნება. მას თავისი თავიც ვერ წარმოუდგენია საკუთრების გარეშე. ძალა კი საკუთრების ერთადერთი და დიდებული საყრდენია.

ყოველი ერის ცხოვრება სიღატაკის, დანაშაულისა და შეშლილობის მონაცვლეობა გახლავთ. სახელმწიფო საქმეთა დაწესებულებაში სიგიჟის ან ბოდვის შემჩნევა გაცილებით ძნელია.

პინგვინთა დემოკრატია თვითდინებას არ გაჰყოლია; იგი ემორჩილებოდა ფინანსურ ოლიგარქიას, რომელიც გაზეთების მეშვეობით საზოგადოებრივ აზრს ქმნიდა, დეპუტატებს, მინისტრებსა და პრეზიდენტს ქედს ახრევინებდა და რესპუბლიკის ფინანსებსა და საშინაო პოლიტიკას თვითმპყრობლურად განაგებდა.

იმ ხალხს, რომელსაც არც მრეწველობა აქვს, არც ვაჭრობა, ომები არ სჭირდება; მაგრამ საქმიანი ერი იძულებულია დაპყრობის პოლიტიკას მიმართოს. ომების რაოდენობა ჩვენს მრეწველობასთან ერთად იზრდება. თუ ინდუსტრიის რომელიმე დარგი პროდუქციის გასაღებას ვეღარ შეძლებს, ომმა უნდა მოუპოვოს ახალი ბაზარი.

თუ სიმდიდრე და ცივილიზაცია იმდენივე საომარ მიზეზს შობს, რამდენსაც სიღატაკე და ველურობა, თუ ადამიანის სიგიჟე და ბოროტება განუკურნავია, მხოლოდ ერთი კეთილი საქმის გაკეთება შეიძლება. ბრძენი დინამიტს შეაგროვებდა და ჩვენს პლანეტას ააფეთქებდა; და როცა იგი სივრცეში ნაწილებად გაიფანტება, სამყარო მცირეოდენ გაუმჯობესდება. ამით დაკმაყოფილდება მსოფლიო სინდისი, რომელიც, სხვათა შორის არც არსებობს.

ეჭვიანობა დემოკრატიული ქვეყნების სათნოება გახლავთ და მას ტირანებისაგან იცავს. რაც სურთ, იმას ყოველთვის იჯერებენ. ბოლოს და ბოლოს დაეჭვების ნიჭი იშვიათი მოვლენაა და გონებაც იშვიათად ატარებს ამ ჩანასახს, რომელსაც აღზრდა და განვითარება სჭირდება. დაეჭვების ნიჭი განსაკუთრებული, საუცხოო, ფილოსოფიური, ამორალური, ამაღლებული, საზარელი და ეშმაკი თვისებაა; ადამიანთათვის და ქონებისათვის იგი მავნეა, პოლიციას და სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის მტრული, კაცობრიობისთვის დამღუპველი, ღმერთებისათვის დამარბეველი და ზეცისა და მიწისათვის საძულველი.

დღეს, ისევე როგორც ძველად, მხოლოდ ძალმომრეობით შეიძლება რამეს მიაღწიო. ეს ქმედითი იარაღია; მხოლოდ მისი გამოყენება უნდა იცოდე.