წიგნი ► ტიციან ტაბიძე - ფიროსმანი

„ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით, უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლო, ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ ხელოვნებაზე, თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ,“ - ნიკო ფიროსმანი.

"ნიკო ფიროსმანის ცხოვრება ერთი განუწყვეტელი რგოლია გრიგალიანი შემოქმედებისა - ალბათ ძნელად დახელოვნებული ხელოვნების მეისტორიეც, რომელიც ყველაფერზე უფრო აფასებს მეთოდს და კლასიფიკაციას, ვერ აღადგენს მისი შემოქმედების პერიოდებს. ჩვენ პირადად ის გვეხარება, როგორც გაღვიძებული გოლიათი, რომელმაც იგრძნო მაგიური ძალა საღებავისა და ნიაღვარივით გამოხეთქა მასში დაგუბებულმა გენიამ, რომ მადლით და ნიჭის ცეცხლით მოერწყო ჩვენი დროის საქართველოს მხატვრობის უბირი მიწა. 

ჩვენ არ მოგვეპოვება დღეს-დღეობით არავითარი დალაგებული მასალა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. როგორც უცნაური არ უნდა იყოს ეს და, შეიძლება, ჩვენ თანამედროვეთათვის სამწუხარო, მაგრამ უცილობელი ფაქტია, რომ ნიკო ფიროსმანი აღმოაჩინა ფრანგმა მხატვარმა ლე-დანტიუმ, რომელსაც უმგზავრია საქართველოში და თან წაუღია ნიკო ფიროსმანის რამდენიმე სურათი. ამასთან ერთად ნიკო ფიროსმანზე დაიბეჭდა 1913 წელს გრიგოლ რობაქიძის წერილი რუსულ ენაზე, რომელიც უნდა ჩაითვალოს ქართველ საზოგადოებისთვის ნიკო ფიროსმანის პირველ აღმოჩენად.

აგრეთვე დიდი შრომა მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სახელის აღდგენისათვის ძმებს ილია და კირილ ზდანევიჩებს (პირველი ამათგანი ერთი დამაარსებელთაგანია ადრინდელ რუსულ ფუტურიზმის და მეორე საკმაოდ ცნობილი მხატვარი ამავე სკოლისა). მათ პირველად დაიწყეს ნიკო ფიროსმანის ნახატების მოგროვება მივიწყებულ სარდაფებიდან და ამიტომ ყველაზე უფრო მდიდარი კოლექცია ნიკო ფიროსმანის ორიგინალ სურათებისა მათ გადაარჩინეს დაღუპვისაგან.

აგრეთვე ნიკო ფიროსმანის პირმშო მოწაფეა ლადო გუდიაშვილი, რომელიც იცნობდა მას პირადად და რომელმაც მოასწრო დაეტოვებინა ჩვენთვის მისი პორტრეტი, რომლის შესახებაც ჩვენ გვექნება ქვემოთ საუბარი. ამნაირად გვიხდება დღეს სრულიად შემთხვევითი მასალებით და უცხო პირთა ნაამბობით აღდგენა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა.

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ყველა მომსწრე და ახლო ნაცნობი აღნიშნავს, ნიკო ფიროსმანი ყოფილა მარტოობას მიჩვეული და მიუკარებელიც კი, მაინც ზოგიერთებს დარჩენიათ მახსოვრობაში ისეთი დეტალები, რომლებითაც შეიძლება დაახლოებითი აღდგენა მისი ადამიანური სახის. რასაკვირველია, ეს სრულებითაც არ იქნება ისეთი დასრულებული და ყოველმხრივ შესწავლილი ბიოგრაფია, რომლის ღირსიც ის არის ქართული მხატვრობის ისტორიაში, მაგრამ აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ნიკო ფიროსმანი მარტო იმიტომ კი არ არის საინტერესო, რომ ის გამართლებულია, როგორც მძლავრი მხატვარი - არამედ იმით, რომ ის გამოხატავს ქართველი ხალხის მხატვრულ პოტენციას - ამ მხრივ ის ენათესავება მთების პოეტს ვაჟა-ფშაველას."