Header Ads

test

ტფილისის #1 ყაჩაღი - ტატო წულუკიძე |

ტატო წულუკიძე (შუაში) [ფოტო დაცულია ი. გრიშაშვილის სახლ-მუზეუმში]
გთავაზობთ სხვადასხვა წყაროდან შეკრებილ ცნობებს ცნობილი ტფილისელი ყაჩაღისა და ავაზაკის - ტატო წულუკიძის შესახებ...

კარაპეტ გრიგორიანცი - ტატო წულუკიძე [ძველი თბილისის იშვიათი ამბები]

ყაჩაღი ტატო წულუკიძე იყო თაწმინდის უბნელი საკუთარი სახლ-კარის და ხეტყის ქარხნის პატრონი აზნაურის შვილი, რომელსაც ხშირად ამხანაგები ხუროშვილს ეძახდნენ.

ჯერ ისევ თექვსმეტი წლის ყმაწვილი იყო, რომ რაღაც მიზეზის გამოთ გიმნაზიიდან დათხოვნილი იქმნა. ტატოს მამამ თავისი შვილი პატარა სირაჯხანაში თავის ერთ ნათესავის დუქანში მიაბარა.

ტატო იმ დუქანში დიდხანს არ დარჩა. ერთ დღეს სხვის მიბარებული ვერცხლის საათი დუქნიდან მოიპარა და გაიქცა. ეს იყო იმ საშინელი შეუბრალებელი სისხლის მღვრელი ავაზაკის პირველი ქურდობა. რაღა თქმა უნდა, ამგვარ საქციელის გამოთ მშობლებმა ტატო თვალში ამოიღეს და კიდეც სამუდამოდ ოჯახს დაეთხოვა და გავარდა. შეადგინა თანა მოაზრე ბრბო და კადნიერად დაიწყო ცარცვა გლეჯა და მკვლელობა. იმის ამხანაგებიდან მარტო ორი სამის სახელი მახსოვს, ერთი ყოფილა შავი პეტო, მეორე იოსელიანი, მესამე საქულა.

ტატო წულუკიძე მე პირადათ მინახავს იმ დროს. ესე იგი 1877 წელს, როდესაც კლდის უბანში ერთი მდიდრის სახლი გაეცარცვა და როგორღაც ხერხად ხელში ეგდოთ და დაეჭირად. ის იყო ჯორჯიაშვილის მზგავსი შავგრემანი და სუსტი აგებულობის ყმაწვილი. თავზე ეხურა მიხაკის ფერი ფაფახი და ტანზე ეცვა აქლემის ბალნის ყვითელი ჩოხა. მისი ორივე ხელები თოკებით შეეკრათ და თან სატარებელ იარაღებს სინჯავდნენ. თან ქონიყო ერთი გაზი, ერთი პატარა ლომი, რამდენიმე ცალი ქლიბები და ორმოცამდე მავთულზე ასხმული გასაღებები. ამ დაჭერიდან ტატომ თავი ოსტატობით იხსნა და ხელახლად გავარდა.

ის როდესაც მეტეხის ციხეში მოამწყვდიეს, იქ დიდხანს არ დარჩა. ერთ დღეს ჩავარდა ციხის ფეხსადგილში და მტკვარში ცურვით ორთაჭალაში თავი ამოჰყო. ამგვარადვე ოსტატურად შემდეგში გაიპარა პოლიციის კამერიდან, მესამეთაც გაიპარა საოლქო სასამართლოს ფეხსადგილიდან, ეხლანდელ ორიანტის სასტუმროს შენობიდან.

რავდენჯერაც ის გაიპარებოდა, იმდენჯერ ქალაქის მცხოვრებთ შიშის ზარი ეცემოდათ, იმისი შეუბრალებელი მხეცური საქციელი ხალხს ძილს უფრთხობდა და სიცოცხლეს აძულებდა. წარმოიდგინეთ, რომ თავის ამხანაგებსაც უკვირდათ თურმე იმისი სისხლით გაუმაძღრობა.

ტატოს წიგნში, რომელიც მისმა ვექილმა დახრჩობის 30 წლის შემდეგ გამოსცა, ნათქვამია, რომ რომელ ოჯახშიაც შეიპარებოდა ეს მხეცი, გაცარცვის გარდა აკვნის ბავშვსაც-კი დაუკუწველს არ გაუშვებდაო. მთელ ქალაქში დუქანი და სახლი არ დარჩენილა, რომ ტატოს არ გაეცარცვას.

როგორც წინა ფურცლებში ვსთქვი, პოლიციის სისუსტით ყველა ქურდი სარგებლობდა, თუ არა ტატოს რა დააბრკოლებდა. ღამის დარაჯს, ესე იგი ბაზრის მცველ ასასს თავს გააგდებინებდა, მერე ადვიალთ გულდინჯათ შეუდგებოდა თავის საქმეს ძვირფას ფარჩეულს ფურგუნებით ეზიდებოდა სამხედრო გზებზე და არაგვის მოხევებში არხეინად ანაღდებდა ისე, როგორც საკუთარი ოფლით შეძენილს. ღამღამობით მისი ბინა იყო ალექსანდრეს ბაღი ანუ აბანოები.

ქალაქიდან გასაქცევათ კიდევ ერთი შეკმაზული ცხენი პეტრეპავლეს სასაფლაოსთანა ყავდა, ერთიც ვერაზე განაპირა გზის დუქანში. ამბობენ, იმას ადვილათ დაიჭერდნენ, მაგრამ შიშის გამოთ ყველა ხელს აფარებდა და მალავდა. სახლებიდან ღამით პურის საყიდლად ვერ გადიოდნენ, არამც თუ ცირკში და თეატრში ევლოთ. რა ნაირი ვაჟიკაცი უნდა ყოფილიყო, რომ ბინდისას სადმე ბაღში გაევლო და ტატოს ხიფათში არ შებმულიყო. ამბობენ საკვეხურად ხელცახოცი სავსე ადამიანის დაჭრილი ყურები დაჰქონდაო.

ერთხელ ორთაჭალის ბაღში ქეიფის დროს ტატოს ნათლია, თბილისის მეოთხე უბნის პრისტავი ლოლაძე შეესწრო, ტატომ სწრაფათ გულში დამბაჩა დაახალა, მაგრამ ლოლაძემ რაღაც ხერხით აიცდინა და ეს ჯავრი გულში შეინახა.

ეს იყო 1879 წელში რუს-ოსმალეთის ყარსის საშინელი ომიანობის დროს, რის გამოთაც მთელს სახელმწიფოში სამხედრო წესები იყო შემოღებული. ტატო წულუკიძე იმედ გადაწყვეტილი ფიქრში ჩავარდა. იმან ცხადათ იცოდა, რომ ქალაქში მისი ყოფნა საეჭვო იყო, ამის გამოთაც ამხანაგები მოიშორა და თითონ მარტო ცხენით გაემართა ოსმალეთში გადასასვლელათ, ის კიდეც მივიდა ყარსში და ნადიმობას მიეცა. პრისტავი ლოლაძემ უმაღლეს მთავრობისაგან განკარგულება მიიღო, რომ როგორც ყოფილიყო და რაც უნდა დამჯდარიყო, უსათუოთ ტატო წულუკიძესთანა მავნე პირი უნდა რაიმე ხერხით დაეჭირა. როდესაც ლოლაძემ ყური მოჰკრა, რომ თავის ნათლული ამჟამად ყარსშია, თითონაც ექესის ყაზახით დაუყოვნებლივ იქით გაემგზავრა.

სწორეთ იმ დუქანში მივიდა, სადაც ტატო ქეიფობდა. ტატოს აფიცრის ტანისამოსი ჩაეცვა, ლოლაძესაც მეგრული ჩოხა, ამის მიზეზით ერთმანეთი ვერ იცნეს. ლოლაძე დუქნის ერთ კუთხეში მიჯდა და ლუდი მოითხოვა. ამ დროს ტატომ შენიშნა და იკითხა, ეს კაცი ვინ უნდა იყოსო. ამხანაგებმა აუხსნეს, რომ ქალაქელი პრისტავია და ყაჩაღ ტატოს დაეძებსო, ამ სიტყვამ ტატოს ტვინიდა ფეხის ფრჩხილებავდისინი ელექტრონის ტოკივით გაუარა. გონება დაბნეული ახტა და კარში გავარდა, შეჯდა ცხენზე გზა და კვალ დაბნეული, ისევ აქეთ გამოაჭენა. ერთი საათის შემდეგ ლოლაძემ ყველაფერი შეიტყო, ისიც ისე გადირია, არ იცოდა, საით წასულიყო. ბოლოს ერთმა მწყემსმა უთხრა, რომ ერთი თეთრ ცხენოსანი ალექსანდროპოლისკენ მიდიოდაო. ლოლაძემ მათრახი დაჰკრა და ანაზდათ ფალდრევანის გზის დუქანში წვიმისაგან დასველებული ბუხრის წინ მჯდომი უიარაღო ყაჩაღი დაიჭირა, იმავე დუქნის წინ ტატოს ერთი ბრძენი მოეკლა და პარკით ოქრო წაერთმია. ლოლაძეს უნდოდა, იქ მყოფნი ყველა დაეჭირა, მაგრამ რაკი ტატომ ყველაფერი იკისრა, მაშინ ისინი გაუშვა და ტატო პაოსკაზე თოკებით დაშლართული ისევე ყარსში მიიყვანა. როდესაც ყარსის გუბერნატორს კიდევ 14 ყაზახი მოსთხოვა, რომ 20 ყაზახით ჩამოეყვანა ქალაქში, გუბერნატორს ლოლაძე საეჭვოდ უცვნია და უარი უთქვამს. შემდეგ ლოლაძეს დაკუმენტები უჩვენები და ხელიც მოუწერია, რომ მოვალე ვარ ტატო წულუკიძე ჩავაბარო თბილისის სამხედრო სასამართლოსო. ამით საქმე გათავებულა, ტატო ჩამოუყვანიათ ქალაქში ოცივე ყაზახის თოფები გულში დამიზნებული. ჩამოყვანის შემდეგ გაქცევის შიშით ციხეში აღარ ჩაუსომთ სამხედრო წესების გამოთ.

სამხედრო სასამართლოს ჩამოხრჩობა გადაუწყვეტია, რომელიც სისრულეში მოიყვანეს სახალხოთ არსენალის მინდორზე 1880 წლის დასაწყისში. ჩამოხრჩობის შემდეგ ტატო წულუკიძეს დარჩა 32 გასარჩევი საქმე.

***

ალექსანდრე ფრენკელი - ყაჩაღი ტატო წულუკიძე

გამოცემაში ასახულია 1875-1878 წლებში მოქმედ, ცნობილ თბილისელ ყაჩაღ ტატო წულუკიძესთან დაკავშირებული ამბები. წიგნი დაფუძნებულია იმდროინდელ სასამართლო დოკუმენტებზე. მისი ავტორია ნაფიცი მსაჯული ალექსანდრე ფრენკელი, რომელიც ცნობილი იურისტი იყო. მან რუსულად თარგმნა ვახტანგ მეექვსის კანონთა წიგნი და გამოსცა 1887 წელს.

1892 წ.
წიგნი ტატო წულუკიძის შესახებ მას დაუწერია ყაჩაღობის გამომწვევი, იმდროინდელი საზოგადოებრივი ვითარების გაანალიზების მიზნით. იგი რუსულიდან თარგმნა ვარლამ თორელმა და 1911 წელს გამოსცა თბილისში.

არსებობს მოსაზრება, რომ ტატო წულუკიძე წარმოადგენს ილია ჭავჭავაძის მოთხრობაში „სარჩობელაზედ“ ასახული ჩამოხრჩობილი ყაჩაღის პროტოტიპს.

***

კავკასიის „ყაჩაღებს“, „აბრეკებს“ და საზოგადადოდ ავაზაკებს - მაჰმადიანებს და ქრისტიანებს ყავთ თავისი გამოჩენილი მოწინავეები, რომელ რიცხვიდანაც ზოგიერთი ლეგენდარულ გმირებად გახდენ.

[...]

ქართველებს ყავთ ძლიერ ბევრი წარმომადგენლები: გამოჩენილი არსენა ოძელაშვილი, გიგო კოშარიძე, ტატო წულუკიძე, ამხანაგებით - ალერციანით, ნასკიდოვით, და სხვა, კურურა, თავადები გრიგოლ მიქელაძე, ერისთავი, სეფე წერეთელი, ამილახვარი; კიდევ ზაალოვი, დ. ანბიმაძე, გეორ. მგალობლიშვილი, ლეჟავა, დარჩია და სხვა.

***

28 ივლისს 1854 წელს, გარეთუბნის მცხოვრებს, სახელმწიფო გლეხს, სოლომონ წულუკიძეს და მის ცოლს თინათინა გლახოვას ასულს, ქალაქ თბილისში დაებადათ შვილი, რომელიც მონათლა თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა და დაარქვა ევსტაფი. ევსტაფის მშობლები ქართველები იყვნენ, მართლმორწმუნე ქრისტიანები, რომელთაც ეხლაც აქვთ სახლი მთაწმინდაში, თბილისში; სოლომონ წულუკიძე - მოხელეობით მხერხავი; იმას ჰქონდა საკუთარი ქარხანა თბილისში, ეგრედწოდებულ მადათოვის კუნძულზედ.

[...]

როგორც მამის მოწმობით, აგრეთვე ყველა მათი, ვინც კი იცნობდა პატარა ტატოს, ის იყო ძლიერ წყნარი და მუყაითი ბავშვი და არაფრიდან არ სჩანდა მაშინ, რომ ის ქურდი და ყაჩაღი გახდებოდა.

***

ერთ დროს ტატო წულუკიძემ თვითონ დაიწყო ვაჭრობა მოედანში (ქარვასლაში); ის ვაჭრობდა უბრალო სკივრებით და სხვა იმისთანა საგნებით, რომელიც იყო საჭირო გლეხის ოჯახისათვის, მაგრამ არც ამ საგნებით უვაჭრია დიდხანს წულუკიძეს.

ასე, ტატო წულუკიძე გადადის (1871 წლის დაწყებამდე) ერთი საქმიდან მეორეზე, - და ვერცერთზე ვერ ჩერდებოდა. იმავე 1872 წ. ის დაიჭირეს ვიღაც გალეგოვის გაძარცვისთვის და 1872 წლის ივლისიდან იჯდა თბილისის ციხეში თითქმის წლის ბოლომდის.

როდესაც ტატო წულუკიძე გაანთავისუფლეს, ის ისევ ეთრევა ალაგიდან ალაგზე თბილისში, სანამ მამამ არ გაგზავნა სათათრეში (ქურდისტანში), სადაც შედის სამსახურში არტემ გარდიშევთან, რომელიც ვაჭრობდა საფრანგეთთან.

გარდიშევთან სამსახურის დროს წულუკიძეს მოუხდა ყოფნა საფრანგეთში, სადაც ისწავლა ცოტა ფრანგული ლაპარაკი - ერთ თავის ჩვენებაში თვითონ თქვა საფრანგეთში მოგზაურობაზე.

უნდა შევნიშნოთ, რომ წულუკიძემ, გარდა მშობლიური ქართული ენისა, იცოდა სომხური, თათრული და ცოტა ფრანგული. როდესაც დაბრუნდა თბილისში 1875 წელს, ვითომ პასპორტისთვის, მან დახარჯა ყველა საზღვარგარეთ შეგროვილი ფულები (300 მანეთი), - სხვადასხვა ბაღებში, დუქნებში, ქაღალდის თამაშში და ქეიფში. თუმცა მამა აძლევდა შემდეგ ტატოს ხურდა ფულს, მაგრამ რას ნიშნავდა ეს უკვე აღორძინებულ ვნებებთან!.. ფული გამოელია. ქეიფი არაფრით შეეძლო, მაგრამ ამხანაგები, რომელთაც ტატო დაუმეგობრდა ამ დროს (ელიზბაროვი, გაბრიელოვი და სხ.), ითრევდენ მას ქეიფის განსაგრძობად უნდოდათ ფული ეშოვათ. ტატო წულუკიძემ გაქურდა მურადოვის საწყობი ელიზბაროვთან ერთად და თან წაიღო მურადოვის საწყობიდან მოპარული მიხაკ-დარიჩინი. მთვრალ წულუკიძეს კი შეასწრეს ქურდობაზე... და ჩასვეს პოლიციაში.

***

ტატო წოლუკიძემ დაიწყო 16 წლიდან დანაშაულთა ჩადენა და გაათავა თავისებური საქმიანობა სახრჩობელით 26 წლისამ.

***

სანამ პირველად გაიქცეოდა დარაჯების ხელიდან (მურადოვის გაქურდვის შემდეგ), ის უკვე ნაცნობი იყო პოლიციაში და გამომძიებელთა წრეში, როგორც საშიში ადამიანი. ამ გაქცევის შემდეგ, წულუკიძე მთლად გადაჰყვა სამარეს, რომელშიდაც ჩავარდა. მას აქებდნენ გამბედაობისათვის, ეძახდნენ „ყაჩაღს“ და სხვა. დიდი გავლენა იქონია ყველამ წულუკიძის დაუდგრომელ ბუნებაზედ, - და მისი სამწუხარო სახელი ჩქარა მოედო მთელ კავკასიას. ბევრ გაიძვერას შეშურდა წულუკიძის დიდება და დაიწყეს, ასე ვსთქვათ „მუშაობა“ მისი სახელით.

ბევრი ქურდობა, დარბევა, ჭრილობა და სიკვდილი, რომლებშიდაც წულუკიძე სულ არ იყო დამნაშავე, მიაწერეს ტატოს როგორც დაზიანებულებმა, ისე საზოგადოებამ; არაერთხელ უსარგებლიათ ტატო წულუკიძის სახელით ვერაგებს დანაშაულის ჩადენის დროს!

ამიტომ ის ცამდის მართალი იყო, როცა განაცხადა 22 მაისს 1879 წელს, თბილისის სამაზრო სასამართლოში:

„ჩემი სახელით ბოროტმოქმედებდნენ... ბევრი ქურდბაცაცები მაწერდნენ იმას, რასაც მე არ ჩავდიოდი“.

***

წულიკიძეს მთელი იარაღის საწყობი ჰქონდა: დამბაჩები, რევოლვერები, ხმლები, ხანჯლები, - განსაკუთრებით უკანასკნელებით ის მკაცრად მუშაობდა, ჭრილობები ძლიერი და დამღუპველნი იყვნენ.

წულუკიძეს განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა; ჰქონია გავლენა გარსშემორტყმულ ახალგაზრდებზე და, როგორც ცოტაოდენად ნასწავლი და საზღვარგარეთ ნამყოფი, რასაკვირველია, მაღლა იდგა ჭკუით იმ უბრლაო მძარცველებზე, რომლებსაც ის იხდიდა თანაშემწედ. ამისთვის წულუკიძე ყოველთვის სათავეში ედგა შეკრებილ ბრბოს, როგორც მათი ატამანი.

ამის გარდა ის გარს იხვევდა „ბავშვებს“, რომელნიც უყვარდა „აღმოსავლეთით“. ამ ბავშვების შემწეობით ის ჰკრებდა საჭირო ცნობებს, ყურადღებას აქცევდა პოლიციის მოქმედებას, ყიდულობდა თავისთვის საქმეს, გებულობდა ამბავს თავის დამმალველებისგან და საქონლის გამსაღებლებისაგან. ეს ბავშვებივე აბეზღებდნენ ხოლმე მას...

***

28 იანვარს 1880 წ. 11 საათზე და 25 წუთზე დღისით პროკურორის და თბილისის სამხედრო სასამართლოს სეკრეტის თანაშემწის დასწრებით, მოხდა ტატო სოლომონის ძის წულუკიძის ჩამოხრჩობა. ტელეგრაფმა მოფინა ცნობები მთელ რუსეთში, სადაც კარგად იცოდნენ ამ ავაზაკის თავგადასავალი. სიკვდილით დასჯა მოხდა სომხების სასაფლაოს ახლოს. დილით ადრე აუარებელი ხალხი შეიკრიბა, რომ დაენახათ უკანასკნელი დაკრუნჩხვა ავაზაკისა, რომლის წინაშე იგივე მცხოვრებნი ძაგძაგობდნენ, რომლებშიდაც მისი მომხრეებიც იყვნენ... მღვდლის გარდა, მას მიჰყვებოდა მეტეხის ციხის ზედამხედველი, რომელიც არ უკარგავდა შეწყალების იმედს, მხოლოდ ზიარების მიღების შემდეგ. შეიძლება ეს ამხნევებდა სულიერად დამნაშვეს, რომელიც განურჩევლად ხოცავდა სხვებს, მაგრამ თავის სიცოცხლეს კი ძვირად აფასებდა.

საგულისხმოა, როგორ გამოეხმაურა ადგილობრივი პრესა ამ მოვლენას:

გაზეთმა „კავკაზმა“ მხოლოდ რამოდენიმე სიტყვით შეატყობინა ყველას ამაზე და დაუმატა, რომ „წულუკიძემ შეინარჩუნა განსაკუთრებითი სულიერი მდგომარეობა და სთხოვა პირის სახეზე არ დაეფარათ“...

სომხის გაზეთმა „მშაკმა“ მოათავსა უბრალო აღწერა სასჯელისა.

„ტიფლისკი ვესტნიკმა“ ამნაირად დაასურათა წულუკიძის სასჯელი:

„დილით ადრე (28 იან. 1880 წ.) მოედანზე ხალხი ბუზსავით ირეოდა. ასი პოლიციელი და კაზაკები იკავებდნენ ძლივს ქვაფენილისკენ მომავალ ხალხს.

ცივი ღრუბლიანი დილა, წვრილი თხელი თოვლი და საკმარისად მკაცრი ქარი ძვალ-რბილში უჯდებოდა გარშემო შემოხვეულ ხალხს. ისმოდა სიცილი, მასხარაობა; ვიღაცა დედა-კაცი ყველა საგინებელ სიტყვებით ლანძღავდა სალდათებს, ბავშვები იღეჭებოდნენ ჰალვით და მჭადით და ხალხს ფეხქვეშ უცვივდებოდნენ. ხმაურობა და სიცილი ისმოდა ყოველი მხრივ, ასე რომ გეგონებოდა, თითქოს სახალხო სეირნობაზე მოსულან და არა სახრჩობელასთან. 11 საათზე დაიწყეს ბარაბანის დაკვრა. ქორივით გაირბინა ხალხში სიტყვამ „მოჰყავთ“ და ყველა ეს აუარებელი ხალხი ერთმანეთს მიაწყდა. ცდილობდნენ დაენახათ დამნაშავე.

აი, ხალხის დასწრებით, ჯარისკაცებით, კაზაკებით და ჟანდარმებით გარსშემორტყმული, გამოჩნდა დამნაშავე. ის იჯდა სამარცხვინო ეტლზე პირდაპირ, თავს არ აბრუნებდა, პირის სახე დამშვიდებული ჰქონდა; მკაცრი პირის სახე, თანასწორი გამომეტყველებით და პატარა შავი წვერებით იყო საუცხოვოდ სიმპატიური; მას სციოდა, ეხვეოდა ტუსაღის ხალათში და ხელებს სახელოებში მალავდა. როცა მივიდნენ, ის მიიყვანეს ჯარისკაცების რაზმში და სასამართლოს პროკურორმა წაიკითხა განაჩენი; არცერთი კუნთი არ შერხეულა მის პირის სახეზე; როდესაც განაჩენი მოისმინა, მან უპასუხა, რომ უკანასკნელ დანაშაულში არ სთვლიდა თავის თავს დამნაშვედ, რისთვისაც უკვე დაიღუპნენ ძმები კუზანოვები. ამის შემდეგ იმან სთხოვა ციხის უფროსს პაპიროზი, ამოიღო ტუსაღის შინელის ჯიბიდან წუმწუმა და მოსწია პაპიროზი. როდესაც სიტკბოებით მოსწია, დააგდო ძირს და ფეხით გასრისა, მივიდა მღვდელთან ჯვარზე სამთხვევად. შემდეგ მას ჩააცვეს პერანგი.

„მომხსენით ბორკილები; კანონის ძალით, არ შეიძლება ბორკილებით დასჯა“, სთქვა წულუკიძემ; მოძებნეს მჭედელი, მაგრამ იქ არ აღმოჩნდა. ისევ მშვიდად, როგორც პაპიროზს ეწეოდა, ის ავიდა სახრჩობელის სკამზე და გაუყარა თავი ბაწარში. არც ამოოხვრა, არც განძრევა; მხოლოდ პირის სახეზე გადაჰკრა სიკვდილის ფერმა. რას ფიქრობდა ეს უბედური, როცა ხედავდა სამშობლო ქალაქს, გიმნაზიას, სადაც ის იზრდებოდა და სადაც, შეიძლება გაიარა მისთვის საუკეთესო სიცოცხლემ? ძლიერი ფეხის შემოკვრით გამოაცალა მტარვალმა სკამი და მისი ტანი ჩამოეკიდა ჰაერში.

„გაასწორე ბაწარი“, გაისმა მისი ხმა კიდევ სახრჩობელიდან... მტარვალმა ღონივრად გააქნია ის და ბაწარი, რომელიც ნიკაპზე მოსდებოდა, მჭიდროდ მოეხვია მის წვრილ კისერს. რამდენჯერმე კიდევ დაიკვლანჭა და მისი უსიცოცხლო ტანი გაუნძრევლად ჩამოეკიდა ჰაერში, მხოლოდ თეთრი ტანსაცმელი ინძრეოდა და მსხვილმა რკინის ბორკილებმა უკანაკსნელად დაიჟღარუნეს ოდნავ გასაგონად.

„დაგადგა სასუფეველი შენ, თუმცა ავაზაკი იყავი“, თქვა ვიღაც მორწმუნე ბებერმა ხალხიდან. პირველ რიგში იდგნენ გიმნაზიიდან მისი ამხანაგები, რომლის თვალიდან ჩამოვარდა ცრემლი; გაახსენდა მას, რომ ეს დამნაშავე, რომელმაც ეხლა დანაშაული სიკვდილით გამოისყიდა, ნიჭიერი, გულკეთილი და მხიარული ბავშვი, მასთან ერთად აშენებდა მომავლის გეგმებს. ცხოვრება უცინოდა მას, სწავლობდა ის საუცხოოდ, მაგრამ როგორ და რარიგად გაათავა მან სიცოცხლე, - გამოსცადა, რომელზედაც ღირს დაფიქრება“.

რასაკვირველია, ამ აღწერაში ბევრი ფანტასტიურია და ტყუილი. შესაძლებელია, რეპორტიორი ვისმეს შეუყვანია შეცდომაში იმის შესახებ, რომ წულუკიძე თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა; მაგრამ ის იქ არ სწავლობდა.

***

აბო იაშაღაშვილი - არტო, ტატო წულუკიძის საყვარელი [ძველი ტფილისის დამნაშავენი]

არტო - ალექსანდრის ბაღში კიდეზე კედელზე ფულის მირტყმას თამაშობდა, გაფენილ სარეცხს და სატიოსთან საბანაოდ ჩასული ხალხის ტანსაცემლს იპარავდა. კუთხიდან დააცქერდებოდა და მობანავე ყველაფერს რომ გაიხდიდა და მტკვარში შეცურავდა, გამოვარდებოდა, აკრიფავდა ახალუხს და შალვარს, სხვაც რაც დახვდებოდა და მიიმალებოდა. ამას მერე იარმურკაში სპარსეთიდან მოსულ მეძველმანე სომხებთან აბარებდა.

მერე ერთ დღესაც, როცა მაიერის სამიკიტნო დუქანში სხვის ჯიბეებს ათვალიერებდა, უცებ იგრძნო, რომ ვიღაცის თვალები უცქერდნენ. იმან დაუქნია მოდიო და არტოც მივიდა. წამომყევიო და ისიც წაყვა. ის იყო ტატო წულუკიძე. არტო გახდა იმის ხელის ბიჭი, დამქაში და საყვარელი. როცა საქურდად და დარაბების სალეწად წავიდოდნენ, იმას დასასტვენად აყენებდნენ. ხან კარის თავზე პატარა ფანჯარაში შეაპარებდნენ, შიგნიდან კარი რომ გაეღო. ტატოს ბევრი ბიჭი ყავდა, ბევრს ყვარობდა, თავის საქმეებშიც იხმარდა, იმათ მოჰქონდათ მისთვის ქალაქის ამბები, როცა იმალებოდა და მათ სხვადასხვა საქმეზე დააგზავნიდა.

არტო იყო მისი ფავორიტი. მან მიუტანა ტატოს ვერის ბაღში ოფიცრის სამოსი, როცა ის ალყა დარტყმული იქიდან პოლიციასა და კაზაკებს გამოეპარა.

***

ისიდორე რამიშვილი - ლეგენდარული ტფილისელი ყაჩაღის - ტატო წულუკიძის ამბავი [მოგონებები]

მთაწმინდაზე, განთქმული ყაჩაღის – ტატო წულუკიძის სახლში ჩვენ სიამოვნებით ვისმენდით მამისა და ძმების ნაამბობს ტატოს შესახებ.

მე სემინარიის დაბალ კლასში ვიყავი, როდესაც მახათას მთაზე ჩამოახრჩვეს ეს განთქმული ვაჟკაცი, ტატო წულუკიძე. ჩვენ, რასაკვირველია, იქ არ გაგვიშვეს, მხოლოდ სემინარიის ფანჯრებიდან ვხედავდით მახათაზე მოგროვილ დიდ ხალხს.

ყველა იმ ხანებში, მთელი თბილისი, ამ ტატო წულუკიძეზე ლაპარაკობდა, აქებდნენ მის ვაჟკაცობას, გამბედაობას, რომ ის ღარიბებს ხელს არ ახლებდა და ემტერებოდა მხოლოდ მდიდრებს და ჩინოვნიკებს. თავადებს იბრალებდა, ამბობდნენ, რადგანაც თვითონაც თავადიშვილი იყო.

თანაგრძნობით ლაპარაკობდნენ მის არტისტულად სახრჩობელაზე ასვლაზე, სადაც ჯერ პაპიროსი მოწია და მერმედ თვითონ შეყო თავი მარყუჟში, თვითონ გაისწორა ცუდად ჩამოცმული სახრჩობელა თოკი და ჯალათს შეუკურთხა, “კაცის დახრჩობაც ხეირიანად არ შეგიძლიათ, თქვე მუდრეგებო”-ო.

აი, ამ ტატო წულუკიძის ოჯახში მოგვიხდა ჩვენ ცხოვრება და რევოლუციონერული მოღვაწეობის დაწყება სრულიად დამშვიდებით და იმედით, რომ აქ ჩვენ არავინ გაგვცემდა.