კლოდ მონე 1840-1926 - ჩანაწერები და ნახატები
”იმპრესიონიზმი თვით მონეა, ტრიუმფალური, სასწაულმოქმედი და განმარტოებული თავისი გენიალურობით” - რემი დე გურმონი ”ბევრს ვმუშაობ, რომ მივაღწიო იმას, რასაც ვეძებ, ფერწერაში ვეძებ მყისიერი შთაბეჭდილებების განცდას”. ”ჩემი ერთადერთი მიზანია, შემოგთავაზოთ მხოლოდ ისეთი ფერწერული ტილოები, რომლებითაც თავად ვიქნები კმაყოფილი”. (პოლ დიურან-რიეულს) ”სამწუხაროდ, რაც უფრო შორს მივდივარ, მით მეტად მიჭირს იმის გადმოცემა, რასაც განვიცდი; ამიტომ ჩემს თავს ვეუბნები: ის ვინც ამბობს რომ დაასრულა ტილოზე მუშაობა, დიდი ამპარტავანია. დასრულება უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მხატვარმა მიაღწია ჭეშმარიტ სრულყოფას”. ”ბუდენს უნდა ვუმადლოდე, რომ მხატვარი გავხდი”. ”სინათლისა და ფერების შთაბეჭდილებები, რომლებიც ალჟირში მივიღე, მოგვიანებით დალაგდა მეხსიერებაში. ჩემი შემდგომი ძიების საწყისი უეჭველად ეს იყო”. ”რაც უნდა ძლიერი იყოს კაცი, მაინც შეპყრობილია იმით, რასაც პარიზში ხედავს და ისმენს. აქ იმას მაინც შევძლებ, რომ არავის დავემსგავსო. ყოველ შემთხვევაში, ასე მგონია”. ”დროთა განმავლობაში, როგორც იქნა, თვალი ა...