ჰერმან ჰესე - თვითმკვლელთა შესახებ

უდაოდ ცდებიან, როცა თვითმკვლელს მხოლოდ იმ ადამიანს უწოდებენ, ვინც თავად ისწრაფავს სიცოცხლეს. 

თვითმკვლელებს შორის ბლომად არიან ისეთებიც, თვითმკვლელობას შემთხვევით რომ სჩადიან, რადგან საკუთარ თავზე ხელის აღმართვა არ გამომდინარეობს მათი შინაგანი ბუნებიდან; ცხოვრების სიმწარეს ნაზიარები ასობით, ათასობით უგერგილო ან უნიათო ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, მაგრამ ისინი ხასიათითა თუ რწმენით სრულიადაც არ მიეკუთვნებიან თვითმკვლელთა რიცხვს.

ბევრი ადამიანი კი, - და ასეთია ჭეშმარიტად თვითმკვლელთა უმრავლესობა - საკუთარი ხელით არასოდეს მოისწრაფავს სიცოცხლეს.

„თვითმკვლელისთვის“ სულაც არაა აუცილებელი სიკვდილთან უშუალო სიახლოვე. თვითმკვლელიც რომ არ იყოს ადამიანი, ამას ისედაც მოახერხებს, მაგრამ თვითმკვლელი თავის „მეს“ - სამართლიანად თუ უსამართლოდ, - ბუნების ძალზე სახიფათო, არასაიმედო და უსუსურ ნაშიერად თვლის. მას საკუთარი თავი ძალზე უმწეო ჰგონია და ისეთი გრძნობა აქვს, თითქოს კლდის ვიწრო ქიმზე იდგეს, როცა სულ პატარა ბიძგი ან მცირე შინაგანი სისუსტეც საკმარისია, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს.

ამ ყაიდის ადამიანთა ცხოვრება იმითაცაა ნიშანდობლივი, რომ თვითმკვლელობა მათთვის საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ყველაზე ნაღდი სახეობაა, ყოველ შემთხვევაში ასე სწამთ მათ. ამგვარი გუნება-განწყობა ამ ადამიანებში ადრეულ სიჭაბუკეშივე იჩენს ხოლმე თავს და მთელი ცხოვრებს მანძილზე გაჰყვებათ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი სასიცოცხლო ძალების ნაკლებობას განიცდიან, პირიქით „თვითმკვლელთა“ შორის საოცრად ჯიუტ, დაუოკებელ და მამაც ადამიანებს ვხვდებით, არიან ადამიანები, სულ მცირე გაციებაზეც რომ სიცხე აუწევთ ხოლმე.

აი, მათ მსგავსად, ჩვენი „თვითმკვლელებიც“ ბუნებით საოცრად მგრძნობიარენი არიან - პატარა ელდაც საკმარისია, რომ მთელი არსებით მიეცნენ თვითმკვლელობაზე ფიქრს.

რომ არსებობდეს ისეთი მეცნიერება, რომელიც გაბედავდა და მთელი პასუხისმგებლობით ძირფესვიანად შეისწავლიდა ადამიანს, არ შემოიფარგლებოდა მისი სასიცოცხლო პროცესების მექანიზმით, დიახ, ამ დარგში ანთროპოლოგიის ან ფსიქოლოგიის მსგავსი მეცნიერება რომ გვქონოდა, ეს ფაქტები საყოველთაოდ ცნობილი გახდებოდა.


ნაწყვეტი ჰერმან ჰესეს რომანიდან - „ტრამალის მგელი“