მიგელ დე უნამუნო - ბურუსი

ხმარება აფუჭებს და სპობს ყოველგვარ სილამაზეს. 

საქმე ისაა, რომ რომ აუგუსტო ამ ცხოვრებაში გამვლელი კი არ იყო, მოსეირნე გახლდათ.

ყველა მოვლენასა თუ ბედის ტრიალში ჩვენთვის ჩვეული სევდისა და მხიარულების საზრდოს ვეძებთ მხოლოდ და მხოლოდ.

როცა ადამიანი ეძიებს ზმანებას, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჰპოვებს, როცა ზმანება თავადვე მოიღებს მოწყალებას და შეეგებება.

ქალმა ყოველთვის იცის, როდის უყურებენ, თუნდაც ვერ ხედავდნენ, და იცის, როდის ხედავენ, თუნდაც არ უყურებდნენ.

ჭადრაკში ლოგიკა ბატონობს, მაგრამ რაოდენი ბურუსი და შემთხვევითობა სუფევს ამ თამაშშიც! და განა თვით ლოგიკა შემთხვევითი და თვითნებური არ არის?

სიყვარულის გრძნობა წინ უსწრებს სიყვარლის ობიექტს; უფრო მეტიც, სწორედ ჩემმა სიყვარულმა შვა ეუხენია, გამოიხმო იგი პირველქმნილი ბურუსიდან.

ქალს თავისი მამაკაცი მანამდე უყვარს, სანამ იგი მასავით არ ფიქრობს, ანუ, უბრალოდ, სანამ ფიქრობს.

ყველაფერი საჭირო და გამოსადეგი როგორ უნდა იყოს?

დიახ, დიახ, არსებობს შეუცნობელი მოწყენილობა. თითქმის ყველა ადამიანი იტანჯება და კი ვერ შეიმეცნებს ამას. მოწყენილობაა ჩვენი ცხოვრების საფუძველი, მოწყონილობაა მშობელი ყოველი თამაშისა, გართობისა, რომანებისა და სიყვარულისა. ცხოვრების ბურუსი აპკურებს უტკბეს მოწყენილობას, რაღცნაირ მომწარო-მოტკბო ნექტარს. ეს სანიადაგდღეო წვრილ-წვრილი მოვლენები, ვითომ საამო საუბრები, ჩვენ რომ გვგონია დროის მოკვლისა და სიცოცხლის გაგრძელების საუკეთესო საშუალებააო, განა უტკბესი მოწყენილობა არ არის?

ყოველ საათს გარდასული საათი უდგას უკან და უბიძგებს.

იმაზე საიმედო საკუთრება რა უნდა იყოს, რასაც ღობეები არ სჭირდება და ყველასთვის ხსნილია. ადამიანი კეთილი იბადება, იგი ბუნებით კეთილია, საზოგადოება კი აფუჭებს და რყვნის მას...

როცა მარტო ნახავ სიზმარს, ეს ილუზიაა, მოჩვენებაა, როცა ორი ერთად იხილავთ, მაშინ სინამდვილეა, რეალობაა; რეალური სამყარო ხომ სხვა არა არის რა, თუ არა სიზმარი, რომელსაც ყველა ვხედავთ, სიზმარი ყველასთვის საერთოა.

ცხოვრება ბევრს გვასწავლის, სიკვდილი - უფრო მეტს და ორივე ერთად კი გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე რომელიმე მეცნიერება.

ცხოვრების ერთადერთი მოძღვარი ისევ ცხოვრებაა, სხვა არავითარი პედაგოგიკა არ არსებობს, ცხოვრებას მხოლოდ ცხოვრება გვასწავლის და ყველი კაცი თავიდან უნდა შეუდგეს ამ მეცნიერების შესწავლას.

მემკვიდრეობის ორად ორი სახე არსებობს მხოლოდ: ერთია ილუზია და მეორე იმედგაცრუება, ერთსაც და მეორესაც იქ უნდა ეძებდე, სადაც ახლახან შევხვდით ერთმანეთს, ტაძარში. ეჭვი არ მეპარება, შენ იქ ან დიდმა ილუზიამ მიგიყვანა, ან მწარე იმედგაცრუებამ.

ილუზია და იმედი მშობელია იმედგაცრუებისა და მოგონებისა. ხოლო იმედგაცრუება და მოგონება, თავის მხრივ, მშობელია ილუზიისა და იმედისა. მეცნიერება სინამდვილეა, აწმყოა.

სამოქალაქო კოდექსში სიყვარულზე ერთი სიტყვაც არ წერია, სამაგიეროდ, აბა ნახე, ქორწინებაზე რეებია ნათქვამი.

საუბრის მომხიბლაობაც ეს არის, საუბრისა საუბრისთვის, ცოცხალი და სხარტი საუბრისა.

მუდამ ასეა! ყველაფერი ფანტაზიაა და მეტი არაფერი. კაცი რომ ლაპარაკობს - ცრუობს, მაშინაც კი ცრუობს, როცა საკუთარ თავთან ლაპარაკობს, ანუ, როცა ფიქრობს და იცის, რომ ფიქრობს, მაინც ცრუობს. ფიზიოლოგიური სიცოცხლის გარდა სხვა ჭეშმარიტება არ არსებობს. სიტყვა საზოგადოების პროდუქტია და სიცრუისთვისაა შექმნილი. ჩვენი ფილოსოფოსისგან გამიგონია, ჭეშმარიტებაც, სიტყვის დარად, საზოგადოების პროდუქტიაო, მისი ყველას სჯერა და რაკი სჯერა, ერთმანეთისაც ესმითო. საზოგადოების ყოველგვარი პროდუქტი - სიცრუეა.

ყველაზე კარგი დიპლომატია ის არის, სენიორა, როცა დიპლომატიის გარეშე ლაპარაკობენ.

ბრბო ტყესა ჰგავს, უმალ თავის ადგილს მიუჩენს კაცს.

აზროვნება ეჭვის გარეშე შეუძლებელია!

- ასეა ეს ცხოვრება მოწყობილი, თუ შენ არ შეჭამ, შენ შეგჭამენ...
- ჰო, ან ასულელებ, ან გასულელებენ.
- კიდევ მესამე საშუალებაც არსებობს, - საკუთარი თავი უნდა შეჭამო და გაასულელო, აი, რა! საკუთარი თავი შეჭამე! ის, ვინც ჭამს, სიამოვნებას განიცდის, მაგრამ არ ავიწყდება, რომ ამ სიამოვნებას დასასრული აქვს, ამიტომ იგი პესიმისტი ხდება, ის, ვისაც ჭამენ კი იტანჯება, მაგრამ მაინც აქვს იმედი, რომ ტანჯვას ბოლო მოეღება და ამიტომ ხდება ოპტიმისტი. შეჭამე საკუთარი თავი და ნახავ, როგორ შეერწყმება სიამოვნება ტანჯვას და გააჯერებს მას; ამით მიაღწევ სულის სრულ წონასწორობას... ათარაქსიას; შენ გახდები სანახაობა, სანახაობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისთვის...

ყოველ მამას, თუ იგი ან გიჟი არ არის, ან ყეყეჩი, უჩნდება ყველაზე უფრო საშინელი ადამიანური გრძნობა - პასუხისმგებლობის გრძნობა!

რაც უფრო ღრმააზროვანია გამონათქვამი, მით უფრო გეჩვენება უქმსიტყვაობად. ყველაზე ღრმა ჭა უძიროა.

როცა უფალმა ღმერთმა აღარ იცის, რა გვიყოს, მაშინ გვკლავს ხოლმე.

გამოგონილი არსება იდეაა, ხოლო იდეა მუდამ უკვდავია...