სომერსეტ მოემი - მთვარე და ექვსპენიანი
მე მგონი, მთავარია, ხელოვანს საკუთარი „მე გააჩნდეს“ და, თუკი ეს „მე“ სხვისას არ ჰგავს, მზადა ვარ ყველანაირი შეცდომა შევუნდო. ველასკესი თითქოს ელ-გრეკოზე უკეთესი მხატვარი იყო, მაგრამ მისი სურათები მალე გბეზრდება, ვნებიანი და ტრაგიკული კრეტოსელი კი ისე გთავაზობთ თავისი სულის საიდუმლოს, თითქოს მუდმივ სამსხვერპლოზე მოაქვსო.
მსახიობი, მხატვარი, პოეტი, თუ მუსიკოსი, თავისი ამაღლებული და მშვენიერი შემოქმედებით, ესთეტიკურ მოთხოვნილებებს გიკმაყოფილებთ, ეს სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებას ჰგავს, იმასავით ბარბაროსულია, რადგან ისიც საკუთარ თავს გთავაზობთ საჩუქრად. შემოქმედის საიდუმლოს ამოხსნას ისევე ესწრაფვის ადამიანი, როგორც დეტექტიური რომანის დამთავრებას, მაგრამ იგი სამყაროსავით ამოუხსნელი და შეუცნობელია.
ხელოვნება გრძნობების მანიფესტაციაა, გრძნობების ენა კი ყველას ესმის. მხოლოდ ერთი რამაა უდავო: ადამიანი, რომელსაც პრაქტიკულად არ ესმის მხატვრობის ტექნოლოგია, იშვიათად შეძლებს გამოთქვას რაიმე ჭეშმარიტად სრულფასოვანი აზრი ხელოვნების ამ დარგის შესახებ.
ადამიანთა მოდგმას ჩვეულებრივი ამბის ზღაპრად გადათქმის თანდაყოლილი ნიჭი აქვს. იგი ხარბად ჩასჭიდებს ხოლმე ხელს რჩეულ ადამიანთა ცხოვრებიდან აღებულ ყოველ უცნაურ და იდუმალ შემთხვევას, ლეგენდად გარდაქმნის მას და მერე თვითონვე ირწმუნებს, რომ ეს ლეგენდა კი არა, სინამდვილეა. ეს რომანტიკის ამბოხებაა ყოველდღიური, ჩვეულებრივი ცხოვრების წინააღმდეგ. ეს ლეგენდა უკვდავების პასპორტს აძლევს გმირს.
მწერალი ჯილდოდ იმ სიამოვნებას უნდა მიიჩნევდეს, რომელსაც მუშაობისას, თავისი ფიქრებიდან განთავისუფლების დროს იღებს ხოლმე, ხოლო ლანძღვასა და ქებას, წარმატებასა და მარცხს ყურადღება არ უნდა მიაქციოს.
ომმა ახალი შეხედულებები მოიყოლა თან.
...მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს ქალი ხალხის აზრს. ხშირად იგი ყველაზე გულწრფელ გრძნობასაც კი შესწირავს ხოლმე მსხვერპლად ამ აზრს. [...] მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თუ რა წინააღმდეგობებით არის აღსავსე ადამიანის ბუნება. არ ვიცოდი, რომ ხშირად ყველაზე გულწრფელი ადამიანიც კი პოზიორობს, კეთილშობილი - სიბილწეს სჩადის, გაიძვერა კი - სიკეთეს.
...აქვე ტრიალებდნენ იმ ხელობის ქალები და მამაკაცები, რომლებიც კაცობრიობის ზნეობრივი სისუსტის ხარჯზე შეულობდნენ ლუკმაპურს. პარიზის ღარიბ კვარტალებში წარი ვნებებია დაბუდებული. ადამიანს აქ სისხლი უდუღს და ყველაფერია მოსალოდნელი.
სინდისი ყველას აქვს და, როცა იქნება, თავს შეგახსენებთ.
ადამიანები მეტწილად თავს იტყუებენ, როცა ირწმუნებიან, სხვების აზრს აინუნშიაც არ ვაგდებდებთო. როცა რაიმეს აშვებენ, ჩვეულებრივ, იმის იმედი აქვთ, ვერავინ ვერაფერს გაგვიგებსო. ზოგჯერ კი იმიტომ იქცევიან უმრავლესობის თვალსაზრისის საწინააღმდეგოდ, რომ ახლობლების მხარდაჭერის იმედი აქვთ. მართლაც, ძნელი არ არის რაიმე წესის დარღვევა, თუ თქვენს წრეში ასეთ საქციელს მოგიწონებენ. როცა ასეა, ადამიანი პატივისცემით იმსჭვალება საკუთარი პიროვნებისადმი. მას მოსწონს საკუთარი სიმამაცე და თანაც თითქმის არ განიცდის შიშის უსიამოვნო გრძნობას.
სინდისი ხომ იმიტომ დაუყენეს დარაჯად ადამიანს, რომ წესებს არა გადაუხვიოს. ეს წესები კი საზოგადოებამ საკუთარი თავის დასაცავად გამოიგონა.
კარგად ვიცი, რომ ერთი და იმავე ადამიანის გულში შესანიშნავად თავსდება წვრილმანობა და სულგრძელობა, ბოროტება და გულმოწყალება, სიძულვილი და სიყვარული.
ხალხს მალე ბეზრდება სხვისი უბედურების მოსმენა.
როგორ შეიძლება ანგარიში გაუწიო ბრბოს აზრს, როცა ცალკეული ადამიანის აზრი ჩალად არ გიღირს?
წარსულზე არ ვფიქრობ, ჩემთვის მხოლოდ დაუსრულებელ აწმყოს აქვს ფასი.
სიყვარული ამაღლებს და ამავე დროს ამცირებს კიდეც ადამიანს, იგი სახეს უცვლის, ასხვაფერებს მას. შეყვარებული ადამიანი პიროვნება კი არა - საგანია, ნივთია იმ მიზნის მისაღწევად, რომელიც საბოლოოდ მის მეობას დათრგუნავს.
ქალი ხომ საშინლად გულქვა და შეუბრალებელი ხდება, როცა კაცი არ უყვარს და ის კი თავს აბეზრებს თავის გრძნობებზე ლაპარაკით. მაშინ ქალი ბოროტდება, მოუთმენელი ხდება და სულ მცირე რამაა საჭირო, რომ ცოფიანს დაემსგავსოს.
ადამიანები ძალზე ხშირად ლაპარაკობენ მშვენიერებაზე, მაგრამ ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა არ იციან. ისინი ისე დაუდევრად ექცევიან ამ ტერმინს, რომ მთლად უკარგავენ ფასსა და ძალას. ამ სახელს ათას ჩვეულებრივ საგანსა და მოვლენას აწებებენ. კაბას, ძაღლს, მოძღვრებას, მაგრამ ნამდვილ მშვენიერებას ისე ჩაუვლიან გვერდით, რომ ვერც კი შენიშნავენ ხოლმე. ადამიანები ცდილობენ ყალბი პათოსის სამოსელში გახვიონ თავიანთი უბადრუკი აზრები და ამიტომ არის, რომ ახლის შეგრძნების უნარი უჩლუნგდებათ. ისინი ძალას ატანენ თავს, არ უფრთხილდებიან თავიანთ სულიერ ენერგიას და მოკლე ხანში ფლანგავენ კიდეც.
ჩემი აზრით, შექსპირი გაცილებით დიდი სიამოვნებით ქმნიდა იაგოს, ვიდრე დეზდემონას, რომელიც მთვარის სხივებისაგან მოქსოვილი გამოუვიდა. შესაძლებელია, არამზადებისა და გაიძვერების შექმნით მწერალი ხარკს უხდის საკუთარ ბუნებაში ღრმად ფესვგადგმულ ინსტინქტს, რომელიც ცივილიზაციის კანონებისა და ჩვეულებების წყალობით ქვეცნობიერის იდუმალ სამალავშია მიყუჟული. მწერალი ხორცს ასხამს თავისი გონებით შექმნილ გმირებს და ამით სიცოცხლეს ანიჭებს თავისი არსების ამა თუ იმ თვისებას - სხვანაირი საშუალება ამ თვისებათა განვითარებისა მას არ მოეპოვება. და როცა ამას მოახერხებს, ისეთ შვებასა და სიხარულს იგრძნობს, თითქოს მძიმე კირთებისაგან განთავისუფლდაო.
სტრიკლენდი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობდა განდგომოდა ცხოვრებას, მაგრამ დროდადრო ხორცი იმარჯვებდა და დაუნდობლად უხდიდა სამაგიეროს სულს.
ჩვენ მხოლოდ იმათ ვაფასებთ, ვინც ჩვენს აზრს ანგარიშს უწევს, ხოლო ვისაც არაფრად მიაჩნია, თუ როგორი შეხედულებისა ვართ მასზე, თვალის დასანახავად ვიძულებთ, რადგან ამით საშინლად გველახება პატივმოყვარეობა.
ყოველი ადამიანი მარტოდ-მარტოა ამქვეყნად: ირგვლივ ყრუ გალავანი აქვს შემოვლებული და სხვას მხოლოდ ნიშნებით აგებინებს სათქმელს, მაგრამ ეს ნიშნები ყველას ერთნაირად არ ესმის. ასე რომ, მათ ბუნდოვნად, გაურკვევლად მიაქვთ თავიანთი აზრი მეორე ადამიანამდე.
ტაიტი გიღიმის. ტაიტი გულით გეპატიჟება. იგი საყვარელ ქალსა ჰგავს, უშურველად რომ გიძღვნისს ალერსსა და სითბოს.