ფრედერიკ ბეგბედერი - კრეატიული მენეჯერის ათი მცნება
ნაწყვეტი ფრედერიკ ბეგბედერის რომანიდან - "99 ფრანკი"
2. თავში მოსული პირველივე იდეა საუკეთესოა, მაგრამ მაინც 3 კვირის ვადა მოითხოვეთ მის წარსადგენად.
3. სარეკლამო მენეჯერობა ერთადერთი ხელობაა, სადაც ფულს გიხდიან ნაკლებად კარგად კეთებაში. როდესაც შენს გენიალურ იდეას შემკვეთს გააცნობ და ის ყოველმხრივ ეცდება, რომ როგორმე გააფუჭოს, ნუ შეეწინააღმდეგები, დაიკიდე და საკუთარი ხელფასის საკითხს ჩაუღრმავდი, მერე მისი კარნახით რამე სირობა მიაფუჩეჩე 30-წამიან პრომოდ და ბოლოს, კადრირების დროს პალმები მიამატე, რომ გადასაღებად მაიამიში ან კაპრიზე წახვიდე.
4. კრებებზე ყოველთვის დაგვიანებით მიდის. პუნქტუალურ კრეატიულ მენეჯერს კაცი ვერ ენდობა. დარბაზში შესვლისას, სადაც უკვე ნახევარ საათზე მეტია გელოდებიან, ბოდიში კი არ მოიხადო, არამედ უბრალოდ თქვით: „გამარჯობა, სამ წუთზე მეტს ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაგითმობთ“, ან სულაც შეიძლება მოიყვანოთ როლან ბარტის ფრაზის ციტირება: „ეს ოცნება არ არის, რომელსაც ვყიდით, ეს გრძნობაა“ (ან კიდევ სხვა ვარიანტი: რეიმონ ლოულის ციტატა: „სიმახინჯე ნაკლებად იყიდება“ მთლად პირველისნაირი ვერ არის, მაგრამ არა უშავს, წავა). კლიენტები ბოლოს მაინც იმას იტყვიან, რაც გადავიხადეთ იმ ფასად უკეთესის გაკეთება შეიძლებოდაო. არასოდეს დაივოწყო, რომ შემკვეთი სააგენტოში იმიტომ მოდის, რომ თვითონ არაფრის მოფიქრება არ შეუძლია, ამას ძალიან განიცდის და ამიტომაც ბრაზდება შენზე. აბა, თავის თავზე ხომ არ გაბრაზდება. ამიტომაც კრეატიული მენეჯერის ვალია, სძულდეს შემკვეთი: წარმოების უფროსები მაზოხისტები და შურიანები არიან. ფულს საკუთარ დამცირებაში გვიხდიან.
5. როცა არაფერი მოგიმზადებია, ეცადე, ბოლოს გამოხვიდე სიტყვით. თან აუცილებლად დაიწუნე და სასაცილოდ აიგდე სხვების ნააზრევი. ყველა კრებაზე ბოლო გამომსვლელი ყოველთვის მართალია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საერთდ ყველანაირი შეკრების მიზანი ხალხის დამორჩილებაა.
6. პროფესიონალსა და ახალბედას შორის ის განსხვავებაა, რომ პროფესიონალი მეტს იღებს და ცოტას მუშაობს. რაც უფრო მეტს გიხდიან, სხვები შენს ნათქვამს უფრო ანგარიშს უწევენ, შენ კი ნაკლებს ლაპარაკობ. ამ საქმეში, რაც უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ, მით მეტად უნდა ეცადო, რომ ბევრი არ ილაპარაკო, რადგან რაც უფრო სიტყვაძუნწი იქნები, მით უფრო გენიოსად ჩაგთვლიან. აბა, მოვუსმინოთ კოროლერს, რას ამბობს: DC-ს (კრეატიულ დირექტორს) იდეა რომ მიჰყიდოს, კრეატიულმა მენეჯერმა თანმიმდევრულად და დაჟინებით უნდა დაარწმუნოს, რომ ეს იდეა კრეატიულ მენეჯერს კი არა, თვითონ მას, DC-ს მოუვიდა თავში. ამისათვის მან პრეზენტაცია ამგვარი ფრაზებით უნდა დაიწყოს: „კარგად ვიფიქრე იმაზე, რაც შენ გუშინ მითხარი და...“ ან კიდევ „რატომღაც ის აზრი მომივიდა თავში, შენ რომ იმ დღეს მეუბნებოდი და...“ ან სულაც: „ხომ გახსოვს, შენ რომ დამაკვალიანე? ჰოდა, იმ გზას გავყევი და...“ თუმცა, რა თქმა უნდა, ამ თქვენს კრეატიულ დირექტორს არც გუშინ არაფერი უთქვამს, არც უახლოეს წარსულში გასჩენია არანაირი აზრი, ჩანაფიქრზე ხომ სულ ზედმეტია ლაპარაკი.
კიდევ ერთი განსხვავება პროფესიონალსა და ახალბედას შორის: ახალბედა მაგარ ხოხმებს ამბობს და კაციშვილი არც კი იღიმება, მაშინ, როდესაც პროფესიონალის უკბილო ხუმრობაზე ყველა სიცილით კვდება.
7. ეცადე იყო მოუხელთებელი და ძვირი სანახავი. სამსახურში 12 საათამდე არ მიხვიდე. სალამზე სალმით არ უპასუხო. სადილზე რომ გახვალ, სამი საათი აღარ დაბრუნდე. ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ ადგილზე ვერავინ დაგიჭიროს. თუ ვინმეს საყვედურის მსგავსი წამოსცდება, არ დაიბნე და ეგრევე მიახალე: „კრეატიულ მენეჯერს განრიგი არა აქვს, ჩემო კარგო. ჩვენ მხოლოდ ვადები გვაქვს დადგენილი“.
8. არასოდეს არავის ჰკითხო აზრი კამპანიის შესახებ. თუ ერთხელ ფეხი დაგიცდა და ჰკითხე, რომ გიპასუხონ და თავიანთი სისულელე გაგიზიარონ, მერე სადღა მიდიხარ?! ხომ შეიძლება მერე ეს ე.წ. აზრი მუშაობაში გაითვალისწინო?! რა იცი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
9. აქ ყველა ზემდგომის საქმეს აკეთებს: სტაჟიორი კონცეპტიორისას, კონცეპტიორი DC-სი, DC - პრეზიდენტისას. რაც უფრო მნიშვნელოვანი პერსონა ხარ, მით ნაკლებს მუშაობ (იხილეთ მცნება #6). ჟაკ სეგელამ ოცი წელი არხეინად იცხოვრა „მშვიდი ძალის“ კმაყოფაზე, რომელიც ლეონ ბლუმის ესკიზი იყო თავიდან და მოგვიანებით მისი სააგენტოს ორმა კრეატიულმა მენეჯერმა განაახლა. მათი სახელები კი რა თქმა უნდა, აღარავის ახსოვს. ფილიპ მიშელი ფართო საზოგადოებამ ბანერული რეკლამით გაიცნო. ხომ გახსოვთ, „ხვალ მაღლა გავიხდი. ხვალ დაბლა გავიხდი“. ეს კი თურმე მისი ხელქვეითის, პიერ ბერვილის იდეა იყო. შენი საქმე სტაჟიორს უნდა შეტენო. თუ კარგი გამოვიდა, რა თქმა უნდა, სახელს შენ მოიხვეჭ, თუ ჩავარდა და ეგეც არაფერი: იმას მიაბუნძულებენ სამსახურიდან, შენ ხომ არა. სტაჟიორები თანამედროვე მონები არიან: შეგიძლია ხელფასი არ გადაუხადო, ყველანაირი საქმე დაავალო, როცა მოინდომებ, გარეთ გაისროლო, ყავის ფინჯნით ხელში აქეთ-იქით არბენინო, მთელი დრე დააყუდო და ქსეროქსი აღებინო, მერე კი როცა მოგბეზრდება, ადგე და Bic-ის საპარსივით გადააგდო.
10. როცა კოლეგა კრეატიული მენეჯერი კარგად მომზადებულ ანონსს გაჩვენებს, არავითარ შემთხვევაში არ შეიმჩნიო, რომ მისი იდეა მოგეწონა. უთხარი, რომ მაგარი ბანძობაა, მაგაში გროშსაც არავინ გადაიხდის და საერთოდ რაღა დროს ეს არის, ათასჯერ გადამღერებული და გამოყენებულია. ეს კი არადა, დასძინე, რაღაც ინგლისური რეკლამა გამახსენდა, ძალიან საეჭვოდ ჰგავს ერთმანეთს-თქო. ხოლო თუ რაღაც უნიჭობა გაჩვენა, უთხარი, რომ აღფრთოვანებული ხარ მისი იდეით და ისე დაიჭირე თავი, ვითომ შურისგან გულზე სკდები.