ნიკო ყიასაშვილი - ჯეიმზ ჯოისი

1941 წლის 13 იანვარს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გარდაიცვალა 59 წლის მაღალი, პირხმელი, ადრე დაბერებული, ცალთვალა ირლანდიელი, რომლის სახელიც სამუდამოდ დაუკავშირდა მეოცე საუკუნის ევროპული ლიტერატურის განვითარების ერთ მეტად საყურადღებო პერიოდს. 

მთელი სიცოცხლის მანძილზე ნებაყოფლობით ემიგრაციაში მყოფი მწერლის ცხედარი ციურიხის სასაფლაოზე დაკრძალეს ზოოლოგიურ ბაღთან ახლოს. მისი ცოლი შემდგომ ამბობდა: „მას გაგიჟებით უყვარდა ლომები - და მეც მიყვარს ფიქრი იმაზე, რომ იქ მწოლიარეს მათი ღრიალი ჩაესმის ხოლმე“...

... შესაძლოა არც ერთი სხვა ხელოვანის შემოქმედება (იქნებ პიკასოს გარდა) არ გამხდარა ისეთი კატეგორიულად განსხვავებული, ურთიერთ გამომრიცხავი შეფასების ობიექტი, არც ერთ სხვა მწერალს არ უგემნია დაგმობისა და გაბაიბურების სიმწარე და სოლიდური აღიარების სიამე ისე, როგრც ეს ჯეიმზ ჯოისს დაემართა თანამედროვე პროზის მებაირახტრე და საერთაშორისო შარლატანი, დახვეწილი, რაფინირებული სტილის მქონე დიდი მხატვარი და ბუნდოვანი, ბერწი ექსპერიმენტების შედეგად შეთითხნილი აბდაუბდის ავტორი, მეოცე საუკუნის ადამიანის სულის მესაიდუმლე, ადამიანური ბოროტების გულწრფელი მამხილებელი და ყალბი პოზიორი, უიმედობის, პესიმიზმისა და კაცთმოძულეობის მქადაგებელი, სამშობლოზე უიმედოდ შეყვარებული ყარიბი და უსულგულო იეზუიტი კოსმოპოლიტი...

ამ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებიდან უბრალოდ არითმეტიკული საშუალოს გამოძებნით ვერ ხერხდება ჯეიმზ ჯოისის როლისა და მნიშვნელობის დადგენა ინგლისური (და არა მარტო ინგლისური) ლიტერატურის განვითარებაში.

ჯეიმზ ჯოისი მოვიდა ლიტერატურაში თავდაჯერებული, საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობისადმი ღრმა რწმენით გამსჭვალული. ახალგაზრდა, თავმომწონე ირლანდიელის ეს პრეტენზიები ბევრს არ მოსწონდა მაშინდელ დუბლინსა თუ ლონდონში. მაგრამ ჯოისის ტალანტს დამფასებლებიც დროულად გამოუჩნდნენ. მათ შორის იყვნენ სახელმოხვეჭილი მხცოვანი იბსენი, რომელმაც უყურადღებოდ არ დატოვა სრულიად გამოუცდელი ჯეიმზის პირველი კრიტიკული წერილი დიდი ნორვეგიელი დრამატურგის შესახებ, და მეოცე საუკუნის ინგლისური პოეზიის ერთ-ერთი ბურჯი - უილიამ ბატლერ ეიტსი, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ახალგაზრდა, დამწყებ მწერალს, მიუხედავად მისი მამლაყინწური, ოდნავ უკმეხი ტონისა დიდ პოეტთან პირადი შეხვედრისა და საუბრის დროს.

არც კრიტიკული წერილები და არც ადრეული პოეტური ექსპერიმენტები თავისთავადი ლიტერატურული ღირებულების მქონე არ აღმოჩნდა. ისინი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მომავალი რომანისტის ნიჭის გაცნობის საშუალება მისცეს მათ, ვინც მწერლის ამ პირველ ნაბიჯებს გულისყურით მიადევნა თვალი.

თავის შემოქმედების დასაწყისში ჯეიმზ ჯოისი წერს ლექსებს, კრიტიკულ მიმოხილვებს და თანდათან აკეთებს დუბლინის მეტად თავისებური ატმოსფეროს იმპრესიონისტულ „ჩანახატებს“, რაც შემგომ მოთხრობების კრებულში გაერთიანდა სათაურით „დუბლინელები“.


„დუბლინელებზე“ მუშაობის დროსვე უღრმავდება ჯოისი ახალი საუკუნის ხელოვნების ყველაზე საჭირბოროტო პრობლემატიკას - ადამიანის ადგილის განსაზღვრას დასავლეთის ცივილიზაციის განვითარების თანამედროვე საფეხურზე. ეს საკითხი აწუხებდა და აწუხებს ყველა დროის დიდ ხელოვანთ და მათ შორის განსხვავება, თითოეული მათგანის შემოქმედების თავისებურება და უნიკალობა, განისაზღვრება არა ამ პრობლემატიკისადმი ინტერესით, არამედ მხატვრული გადაწყვეტის, ინტერპრეტაციის, გამომსახველ საშუალებათა ძიების განსხვავებული გზებით. ჯოისს არ აკმაყოფილებდა დიდ კითხვაზე გაცემული პატარ-პატარა პასუხები და მის შემოქმედებით ლაბორატორიაში თანდათან მომწიფდა თანამედროვეობის მხატვრული ინტერპრეტაციის უზარმაზარი სქემა.

ეს არ შეიძლება ყოფილიყო ფართო, სოციალურ-ისტორიული თემატიკით დატვირთული, ეპიკური ტილო, რადგან კონკრეტული სოციალურ-პოლიტიკურ-ისტორიული მასალით ხატვა ინგლისური მწერლობის იმ ნაკადისათვის, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ჯოისი, ვირჯინია ვულფი, ნაწილობრივ ოლდოს ჰაქსლი - ვეღარ იძლეოდა სასურველ შედეგს: რენესანსული ტიპის ოპტიმიზმის უკანასკნელი სახესხვაობა, თავისებურად არეკლილი ვიქტორიანულ მწერლობაში, ბურჟუაზიული ცივილიზაციის თანდათან ჩიხში მომწყვდევის შედეგად დაკნინდა, დაკარგა ცხოველმყოფელობა და შინაგანი სიმტკიცე, სიმყარე. ჯოისი, ვულფი და სხვა მწერლები, რომლებიც საკუთარი კულტურის ჩარჩოების მიღმა არ ეძებნდნენ ხსნას და გამოსავალს მეოცე საუკუნეში შექმნილი მძიმე სულიერი კრიზისიდან, ლოგიკურად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მათი კულტურა, მათი ცივილიზაციის ისტორია უპერსპექტივობის ზღუდეს მიადგა.

ამიტომ, მწერლებმა კატეგორიულად გაილაშქრეს ძველი, კლასიკური ტიპის მწერლური მეთოდების წინააღმდეგ, რადგან ეს მეთოდები მხოლოდ სოციალურ-ისტორიული პერსპექტივის შემცველ ფორმას გულისხმობდნენ ხელოვნებაში, რაც, თავისთავად, საკუთარი საზოგადოების სასიცოცხლო ინტერესების, საკუთარი კულტურის დაძლევას მოითხოვდა მწერლისაგან. მათ მთელი თავისი მხატვრული ინტერესები საკუთარ კულტურულ წრეში ჩატიეს, საკუთარ სულიერ სამყაროში ჩაბრუნდნენ და იქ აღმოჩენილ მიკროკოსმოსში დაიწყეს გარესამყაროს გააზრება, მსოფლიო კულტურის განვითარების სურათის ხატვა, და რაც უფრო გულწრფელი იყო მხატვარი, რაც უფრო მეტად იყო იგი პატრიოტი საკუთარი კრიზისული კულტურისა, მით უფრო სრულად და მხატვრული დამაჯერებლობით გამოსახავდა ამ საუკუნის ევროპული ცივილიზაციის განვითარების გარკვეული ეტაპის საერთო სურათს.

ჯოისი გრძნობდა ამ განზოგადოებების პრეტენზიის სერიოზულობას და თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოების „ულისეს“ შესაქმნელად მიმარტა წარსულ კულტურათა საგანძურში დაძებნილ დიდი შემოქმედებითი განზოგადოებების შემცველ საქმეებს - იქნებოდა ეს ჰომეროსის ეპიკური ტილო, ჟამბატისტა ვიკოს ისტორიის ფილოსოფია თუ ჰამლეტის მარადიული მონოლოგი. „ულისე“ თვრამეტი ეპიზოდისგან შედგება, რაც ძირითადად „ოდისეას“ სიუჟეტურ ქარგას შეესიტყვება; რომანის გმირი სტივენ დედალუსი ერთგვარად ახალგაზრდა ტელემაქეს ექვივალენტია, ხოლო დუბლინელი ებრაელი ლეოპოლდ ბლუმი - თანამედროვე ოდისევსი ამ ორ ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანს შორის რომანში თანდათან მამაშვილური ურთიერთობის უხილავი ძაფები გაიბმებალ შვილი დაეძებს მამას - უფლისწული ჰამლეტი ისწრაფვის მამა-მეფე ჰამლეტისაკენ; არც ოიდიპოსის მიერ საკუთარი ფესვების ძიების პათოსია აქ გამორიცხული...


მაგრამ ეს არ არის უბრალო ლიტერატურული ანალოგია. არც ლიტერატურული სიუჟეტების თუ მოტივების დასესხების ხერხია „ულისეს“ ავტორის ანტიკური ლიტერატურული ანალოგიები თუ აღორძინების ხანის რემინისცენციები იმისთვის სჭირდება, რომ ხაზგასმით გამოკვეთოს მეოცე საუკუნის ადამიანის, დასავლეთის ჰუმანიტარული აზრის კრიზისისდროინდელი ადამიანის უიმედო, ტრაგიკული განცდა. ის, რაც ჰომეროსის ეპოსში ამაღლებულ-ჰეროიკული იყო, ჯოისის რომანში პაროდირებულია მიწიური, მდაბალი ინსტინქტების ჩვენებით (თანამედროვე დუბლინელი ოდისევსის საყვარელი კერძი თირკმელია, რომელსაც შარდის სუნი უდის).

თუ ჰამლეტის ტრაგიკულ რეფლექსიაში მაინც მთლიანი, გაუბზარავი, ტიტანური აზრისა და ვნებების ადამიანი მოჩანს, დედალუს-ბლუმის თემა „ულისეში“ ჩვენი საუკუნის დასავლელი ადამიანის უმწეო, უნიათო, უპერსპექტივო არსებობის გამოხატულებაა.

ჯეიმზ ჯოისი, რა თქმა უნდა, ადამიანის დაცემას იმიტომ არ აღწერს, რომ მას მოსწონს მისი ასეთი ყოფა, რომ იგი მოუწოდებს ადამიანებს წუმპეში იცხოვრონ და ბედნიერებაზე ფიქრს მოეშვან. პირიქით, ჯოისი აღმოაჩენს ადამიანურ სიბინძურეს და მთელი ხმით კივის, ყვირის ამის შესახებ. და თუ იგი პოზიტიურ იდეალს არ სახავს, ეს იმიტომ, რომ იგი მას ვერ ხედავს. ჯოისის, როგორც მხატვრისა და მოქალაქის, სუბიექტურ პატიოსნებაში ეჭვის მისატანად კი, არც მის შემოქმედებაში და არც მის უიღბლო, გატანჯულ ცხოვრებაში, საფუძველი არ მოიძებნება. ჯოისის შემოქმედება კრიზისის აპოლოგია კი არ არის, არამედ მისი მხატვრული გამოხატულებაა და ამდენად მდიდარი მასალის შემცველია ამ კრიზისის შესასწავლად.

კლასიკური რომანისაგან განსხვავებით, „ულისეში“ ავტორისეული ჰუმანისტური იდეალი ღრმად არის ჩამალული, იგი მოფარებულია, პერსონაჟთა საქციელის, ურთიერთობათა თუ ხასიათის მიღმა მდებარეობს ის, რაც კლასიკურ მწერლობაში მეტ-ნაკლებად ნათელ იდეალს გამოხატავდა, რადგან, მიუხედავად საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრების მოუწესრიგებლობისა, ადამიანი მაინც მომავლის იმედით სულდგმულობდა და სუნთქავდა, ჯოისის მხატვრულ მსოფლაღქმაში ბუნდოვანდება, ცალკეულ მხატვრულ-ესთეტიკურ ამოცანებში ითქვიფება, ხშირად თვითმიზნურ-ფორმალისტურ ექსპერიმენტს ემსგავსება, რადგან ავტორს თავად არ გააჩნია მტკიცე რწმენა ადამიანის ნათელი მომავლისა და თვით მისი არსებობის გონივრულობისა.

იქ კი, სადაც არ არის დიდი ჭიდილი და მომავლის წინაშე პირისპირ დგომა, არც დიდი ტრაგიკული ემოცია დაიბადება ამ ცნების კლასიკური გაგებით. ამიტომ იყო, რომ ინგლისელი ნოველისტის ჯოზეფ კონრადის გერმანული თარგმანის წინასიტყვაობაში თომას მანი აღნიშნავდა:

„ჩემი აზრით, თანამედროვე ხელოვნების მონაპოვარი არსებითად ის არის, რომ იგი აღარ ცნობს ტრაგიკულის, კომიკურის ან დრამატულის კლასიფიკაციას, ტრაგედიას და კომედიას - და ცხოვრებას უყურებს, როგორც ტრაგიკომედიას“.

ეს მსჯელობა კონრადზე მეტად ჯოისის „ულისეს“ მოუხდებოდა...

... „ულისე“ ჯეიმზ ჯოისის საუკეთესო ნაწარმოებია, მისი შემოქმედების კვინტესენცია. მაგრამ, ჯოისის გასაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს მის დანარჩენ ნაწარმოებებსაც და განსაკუთრებით კი ორს - „დუბლინელებს“, რომელიც მწერლის შემოქმედების დასაწყისში დგას და ერთგვარად მის კლასიკურ-ტრადიციულ ფესვებს გამოხატავს, და უკანასკნელ უზარმაზარ რომან-ექსპერიმენტს - „ფინეგანის ქელეხს“, რომელიც მწერლის პესიმიზმის, გულგატეხილობის და ამავე დროს მომავლის ბუნდოვანი ჭვრეტის საინტერესო, მაგრამ საბოლოოდ მაინც უნაყოფო ესთეტიკური ხორცშესხმის მაგალითად დარჩება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.


„დუბლინელები“ ჯოისის პირველი სერიოზული ნაწარმოებია. მოთხრობების ამ ციკლში გამოჩნდა ახალი, მძლავრი, ორიგინალური ნიჭის მქონე მხატვრის ხელი, მხატვრისა, რომელიც ჯერ კიდევ ინგლისური პროზის ძველი ტრადიციის ფარგლებში რჩებოდა, მაგრამ რომლის სათქმელსაც უკვე ახალი დროის გულისტკივილი და საზრუნავი დასტყობოდა.

„დუბლინელები“ მეოცე საუკუნის დასაწყისის დუბლის შესანიშნავი მხატვრული მატიანეა, დუბლინისა, რომელიც მწერლისათვის ირლანდიის ისტორიის გარკვეული ეტაპის გამომხატველიცაა და იმავე დროს მაშინდელი ევროპული კულტურის ნიშნების მქონეც.

მაგრამ „დუბლინელებიდან“ „ულისემდე“ მწერალს შემოქმედების რთული გზა აქვს გასავლელი და მისი მოთხრობებიწს ეს კრებული ჯერ კიდევ შორს არის მომავალი დიდი ლიტერატურული და ენობრივი ექსპერიმენტიდან. საერთო სტილით, თხრობის მანერით „დუბლინელები“ მეტად ტრადიციული ნაწარმოებია. მომავალი დიდი მოდერნისტი აქ, შესაძლოა, მხოლოდ იმაში ჩანს, რომ კლასიკური ინგლისური მოთხრობისაგან განსხვავებით ნაკლებ ზრუნავს ფაბულასა და სიუჟეტზე, ხასიათთა გამოკვეთასა და მათი ქცევის ტრადიციულ ფსიქოლოგიურ მოტივირებაზე და მთელი ყურადღება გადააქვს გმირთა განწყობილების და სულიერი პორტრეტის იმპრესიონისტულ გამოხატვაზე.

„დუბლინელების“ ქართულ თარგმანში სწორად არის მოძებნილი ადრეული ჯოისის მთავარი სტილისტური გასაღები - ენა, თხრობა, ძირითადად, ტრადიციული პოეტიკის ფარგლებში რჩება, მაგრამ იგი, ამავე დროს, ცალკეული, ფრაგმენტული შთაბეჭდილების გადმოსაცემად მოსახერხებელი, თითქოს ცხოვრებიდან ამოგლეჯილი დიალოგებით, ძუნწი, საგანგებოდ არახატოვანი მეტყველებითა და ზოგჯერ ნატურალისტური თხრობის კილოთიც კი ხასიათდება.

ჩვენში ჯეიმზ ჯოისის რთული შემოქმედების გაცნობა ფაქტიურად ახლა იწყება. დაწყებისათვის კი დიდი ირლანდიელის ცნობილი მოთხრობების თარგმნა ქართულად სრულიად კანონზომიერი და მეტად სასარგებლო საქმეა.