ფრანკლინ ფოერი - როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო
გლობალიზაციის სხაგვარი თეორია
ცვერნა ზვეზდას სტადიონის შემოგარენი სიმბოლური და ავის მაუწყებელია. სტადიონის სახურავზე ყვავების გუნდი დაბუდებულა. გოლის გატანისას, ხალხის ფეხზე წამოშლისას, ყვავები გაფრენით შველიან თავს, ბუდეებს ტოვებენ და ქალაქისკენ მიფრინავენ. თამაშის წარმატება-წარუმატებლობის შეტყობა ადვილია იმის მიხედვით, ჰორიზონტზე შეიმჩნევა თუ არა დიდი ორნითოლოგიური ღრუბელი.
ულტრაცუდი ბიჭები ჩვეულებრივი ტიპები არ არიან. ისინი ტრავმირებული, ომისგან გახლეჩილი ქვეყნის შვილები არიან.
როგორც ჩანს, მეზობლებზე მეტად არავის სძულს ერთმანეთი, მაგრამ სელტიკისა და რეინჯერსის მტრობა უფრო მეტია, ვიდრე მეზობლებს შორის შუღლი - ეს პროტესტანტული რეფორმაციის დაუსრულებელი პროცესია.
1999 წელს მატჩის შემდეგ, ორსაათნახევარში, პოლიციაში მოხვედრილთა დავთარში რეინჯერსელთა მიერ ჩადენილი შემდეგი დანაშაულებანი აღინუსხა: სელტიკის კლუბიდან გამოსვლისას 20 წლის კარლ მაკგრაოტის მკერდში ესროლეს არბალეტი; 25 წლის ლიამი სასიკვდილოდ სცემეს ჩინურ სასადილოში, რადგან მას მწვანე მაისური ეცვა; თექვსმეტი წლის ტომას მაკფადენი დანით დაჭრეს გულმკერდში, საზარდულსა და მუცელში ირლანდიულ პაბში ფეხბურთის მატჩის ყურების გამო.
გლაზგომ საფეხბურთო ტრაიბალიზმი შეინარჩუნა, რადგან ის ქალაქს, ასე ვთქვათ, გარკვეულ პორნოგრაფიულ სიამოვნებას ანიჭებს.
სელტიკის ხელმძღვანელობამ ნაჩქარევად შემოიერთა არაკათოლიკე ფეხბურთელები და მათ მწვანე და თეთრი ფერით გაწყობილი მაისურები გადააცვა. რეინჯერსს ასეთი რამე არ გაუკეთებია. დაახლოებით პირველი მსოფლიო ომის დროს დაწესდა, რომ რეინჯერსში ყველა პროტესტანტი უნდა ყოფილიყო, ფეხბურთელები და დარაჯიც კი. თანდათან წესები უფრო გაამკაცრეს: ის, ვინც კათოლიკეზე დაქორწინდებოდა, ვეღარ დაწინაურდებოდა.
ახლა უკვე ვხვდები, რას გულისხმობდა დამი, როდესაც ყურში ჩამჩურჩულებდა: „არასდროს დავიქირავებ სელტიკის გულშემატკივარს“.
როდესაც სელტიკმა თამაშის მეოცე წამზე გოლი გაიტანა, უცხო ადამიანი უკნიდან მომეხვია და სკამიდან ამქაჩა. ამ დროს მობილური ამომივარდა და ორი რიგით ქვემოთ ჩავარდა. ჩვენ ტრიბუნაზე ყველა რეინჯერსის გულშემატკივართა მხარს შეტრიალდა და სიმღერა წამოიწყო, რომელიც ირლანდიის რესპუბლიკური არმიის (IRA) გმირობას განადიდებდა. სიტყვები არ ვიცოდი და ირლანდიურ ინგლისურსაც ძნელად ვარჩევდი, მაგრამ ზოგიერთი ფრაზა ძალიან ადვილი გასარკვევი იყო: „შევეცი დედოფალს“, „სტაფილოსფერი ნაბიჭვრები“.
მან (დონალდ ფინდლეი) ხუმრობით, იმედია ხუმრობით, გამომიცხადა, რომ „ბრიტანეთის მოქალაქეობის მისაღებად საუკეთესო გამოცდაა, ადამიანს აჩვენო რაზმი, რომელიც მოაფრიალებს დედოფლის სამეფო ფერებიან დროშებს. თუ ამ სანახაობამ ის არ ააცრემლა, მაშინ კარგად იყოს!“
შოტლანდიაში რეინჯერსმა თავისებურად ეკლესია ჩაანაცვლა.
ფინდლეიმ ასეთი ჰიპოთეზა ჩამოაყალიბა: „ადამიანი არ შეიძლება დაამცირო რელიგიური მრწამსის გამო. მე თუ მინდა, სამსახურში დავიქირავებ შავკანიან, ლესბოსელ კათოლიკე თანამშრომელს, პრობლემა არ არის, მაგრამ ნუთუ ამის შემდეგ არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ დიდად თავს არ ვიტკივებ, კათოლიკური რელიგიით, რომელიც კერპებს განადიდებს“.
ფინდლეიმ ასევე დაამატა, რომ შოტლანდიელებს უფლება აქვთ თქვან: „მღვდლები მდიდრდებიან და ძვირფასეულობით იკაზმებიან, მაშინ, როდესაც ხალხი სიღატაკეში ცხოვრობს“.
ბორანზე ხშირად ორივე კლუბის - რეინჯერსისა და სელტიკის მხარდამჭერები ერთად მგზავრობენ. ამიტომ არსებობს ქცევის დაუწერელი კანონები - მასპინძელი გუნდის ფანებს უფლება აქვთ ხმამაღლა და უზრდელურად იმღერონ, ჩამოსული გუნდის გულშემატკივარი კი არ ეწინააღმდეგება მათ.
ჩრდილოეთ ირლანდიელების ასეთი აღტკინებული დამოკიდებულება ოლდ ფირმისადმი ძალიან მარტივი ასახსნელია. ირლანდიის ზღვის გაღმა სხვა არაფერია, რომ შეადარონ.
ჰაკოას ისტორიაში ყველაზე დაძაბული თამაში 1924-1925 წლების სეზონზე იყო. მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი მოთამაშე ჰაკოას გუნდის უნგრელ მეკარე ალექსანდრ ფაბიანს დიდი ძალით დაეჯახა, როდესაც ის ბურთს იღებდა. ფაბიანი მხრით დაეცა და იმდენად დაიზიანა, რომ კარში დგომას აზრი აღარ ჰქონდა. იმდროინდელი წესების თანახმად, ფეხბურთელის გამოცვლა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ფაბიანი მოედანს შემოხვეული და ყელზე ჩამოკიდებული ხელით დაუბრუნდა, თავის თანაგუნდელს ადგილი გაუცვალა და მარჯვენა თავდამსხმელად დადგა. სავალალო ტრავმის მიღებიდან შვიდ წუთში ჰაკოას გუნდი ძლიერ შეტევაზე გადავიდა, ფეხბურთელმა ერნო შვარცერმა ბურთი ფაბიანს ჩააწოდა, რომელმაც ბურთი პირდაპირ მოწინააღმდეგის კარში შეაგდო. ამ გოლით ჰაკოა ჩემპიონი გახდა.
1994 წელს, ტოტენჰემელები ქერა გერმანელ ფეხბურთელს, იურგენ კლინსმანს ასეთი სიმღერით შეეგებნენ: „ჩიმ-ჩიმინი, ჩიმ-ჩიმინი, კლინსმანი იყო გერმანელი, ახლა არის ებრაელი“.
ყველა კლუბს ჰყავდა გულშემატკივარი, რომელიც ტოტენჰემს აძაგებდა მისი მოთაყვანე ებრაელი სათვისტომოს გამო, მაგრამ ყველაზე მეტად ჩელსი გამოირჩეოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩელსის ქომაგთა შორის თითქმის იმავე რაოდენობის ებრაელი იყო, მათ ყველაზე ამაზრზენი სიმღერა შეთხზეს: „ჰიტლერი ისევ გაზით გაგგუდავთ, ვერ ვაჩერებთ ტოტენჰემელ ურიებს“; „გაზით გაგუდეთ ებრაელი, ებრაელი, ებრაელი. ჩააგდეთ ღუმელში და დაწვით ებრეალი“.
1980 წლის გასვლითი თამაში მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ. ტოტენჰემელებს მეტოქეები ასეთი სიმღერით მიმართავდნენ: „ამ ღამეს პენისამოგდებულნი ვირბენთ ტოტენჰემის გარშემო, ამ ღამეს პენისამოგდებულნი ვირბენთ ტოტენჰემის გარშემო, მე მაქვს ჩუჩა, მემაქვს ჩუჩა, მე მაქვს ჩუჩა, შენ კი არა, ჩვენ გვაქვს ჩუჩა, ჩვენ გვაქვს ჩუჩა, ჩვენ გვაქვს ჩუჩა, თქვენ კი - არა“. ტოტენჰემეებმა ეს შეტევა უპასუხოდ არ დატოვეს. ებრაელი გულშემატკივრები გაერთიანდნენ, შარვლები ჩაიხადეს და უტიფრად დაანახეს წინადაცვეთილი ასოები. ეს იმდენად მოულოდნელი და სასაცილო იყო, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვეღარაფრით უპასუხა.
კომფორტულმა გარემომ განაპირობა ის, რომ ბუდაპეშტის ებრაელი საზოგადოება ყველაზე მასშტაბური და ზრდადი საზოგადოება გახდა მთელ პლანეტაზე, იმდენად, რომ ჯეიმს ჯოისმა ქალაქს „Judapest” დაარქვა.
ბრიტანეტის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი, თითქოსდა მუშათა კლასის უფლებების დამცველი, ყველაზე ღიად გამოხატავდა თავის ქედმაღლურ დამოკიდებულებას ფეხბურთის მიმართ. როგორც რკინის ქალბატონის კარგმა მეგობარმა კენეთ კლარკმა თქვა: „ის ფეხბურთის გულშემატკივრებს შიდა მტრებად აღიქვამდა“.
ახალმა კლიენტურამ შეცვალა ძველი - ხმაურიანი მუშათა კლასის გარემოცვა. ალან გარისონმა ეს ტრანსფორმაცია შემდეგნაირად ახსნა: „ადრე ათი ათასი კაცი მოდიოდა სტადიონზე. აქედან ექვსი ათასი საჩხუბრად იყო მოსული, დანარჩენი კი - ამ ჩხუბის საყურებლად. თამაშის შემდეგ ვინმეს თუ ჰკითხავდით, რას უყურა, ჩხუბს, თუ თამაშს, სიამაყით გიპასუხებდა, რომ, რა თქმა უნდა, „ჩხუბს“. ალანს თვითონვე ეცინებოდა თავის ამ დაკვირებაზე: „ახლა ხალხი მართლა თამაშის საყურებლად მოდის და მერე თავი მოაქვთ, რომ ჩელსის თამაშზე იყვნენ. მე, როცა ვდგები და სიმღერას ვიწყებ, მეუბნებიან, დაჯექიო“.
იტალიელ რეჟისორ პიერ პაოლო პაზოლინის თუ დავესესხებით, ევროპული ფეხბურთი პროზაა, ბრაზილიური კი - პოეზია.
როგორც ყველა ბრაზილიური ამბავი, ბუნებრივია, ფეხბურთის ისტორიაც ასე იწყება: იყო ერთი მეფე, სახელად ედსონ არანტეს ნასიმენტო, ანუ პელე.
1960 წელს მთავრობამ პელე „არაექსპორტირებად ეროვნულ საგანძურად“ გამოაცხადა.
1985 წელს, სამხედრო დიქტატურის მიწურულს, ბრაზილიაში მდიდრებისა და ღარიბების შემოსავალთა შორის ყველაზე დიდი სხვაობა იყო მთელს მსოფლიოში.
მან (პელემ) ჟურნალ TIMES-თვის მიცეუმ ინტერვიუში თქვა, რომ ამერიკამ ბევრი რამე ასწავლა მას: „ოჯახის წევრებთან ბიზნესის წარმოება შეუძლებელია. კომპანიაში პრეზიდენტად არ უნდა დანიშნო ადამიანი მხოლოდ იმის გამო, რომ ის შენი მეგობარია, ან ძმა. აუცილებელია დანიშნო ნიჭიერი ადამიანი. ბიზნესი ბიზნესია, მტკიცედ უნდა დადგე“.
უკრაინელებს მსოფლიოში ყველაზე იდიოსინკრაზული დამოკიდებულება აქვთ ფეხბურთისადმი, რისი ფუძემდებელიცაა მწვრთნელი ვალერი ლობანოვსკი, პროფესიით სანტექნიკოსი. ის ფეხბურთს მარქსისტული ფილოსოფიის ჭრილში ხედავდა და სჯეროდა, რომ მათემატიკური გათვლებითა და თამაშისადმი მეცნიერული მიდგომით შესაძლებელი იყო დიდი წარმატების მიღწევა. მან შექმნა სისტემა, რომელშიც თამაშის ყველა მოძრაობას რიცხვითი მნიშვნელობა შეესაბამებოდა. მისი გეგმის მიხედვით, „მეცნიერები“ აღნუსხავდნენ ყველა პასს, ბურთის ართმევას, დარტყმას, „წარმატებულსა“ თუ „წარუმატებელ“ გადაცემებს. ბოლოს, ყველა ეს მონაცემი კომპიუტერში შეჰქონდათ, რომელიც ავტომატურად უბრუნებდა ინფორმაციას მოთამაშის „ინტენსივობის“, „აქტიურობის“, „ეფექტურობისა“ და „შეცდომების სიხშირის“ შესახებ.
1960 წლის დასაწყისში იტალიელები თამაშისას იყენებდნენ თავდაცვით სტრატეგიას - Catenaccio-ს, ე.წ. შეუვალ დაცვას. მათ გააძლიერეს დაცვა და ინდივიდუალური მეურვეობა დააწესეს მეტოქე გუნდის ფეხბურთელებზე. ასეთ დროს თავდამსხმელები შეტევაზე ნაკლებად გადადიან და ელვისებურად გოლები მხოლოდ კონტრშეტევების დროს გააქვთ. ამ ტაქტიკის გამოყენებით გოლი იშვიათად გააქვთ - თამაშის განმავლობაში ერთხელ, ან ორჯერ. ასეთი ცოტა საგოლე მომენტებითა და, ამავე დროს, შეცდომის დაშვების მცირე ალბათობით ყველაფერს აკეთებენ, რათა სხვა გზით მოიპოვონ უპირატესობა. ისინი იშველიებენ ტრადიციულ იტალიურ მანერას - ორივე ხელის ქნევით თავგამოდებით გაყვირიან - mamma mia-ს მსაჯების მისამართით.
1999 წელს გაზეთ Gazzetta dello Sport-ში დაიბეჭდა, რომ კლუბ რომამ ერთ-ერთ ღონისძიებაზე იტალიის ყველა წამყვან მსაჯს გადასცა 13,500 აშშ დოლარის ღირებულების როლექსის საათი. ამ ღონისძიებას შეარქვეს „საათების ღამე“.
ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ახლოსაც ვერ მოვიდოდა იმ შოუებთან, რომლებსაც ბერლუსკონი წლების განმავლობაში დგამდა. მათ შორის იყო ეპიზოდი, რომელსაც შეარქვეს „აპოკალიფსი დღეს“. როდესაც ბერლუსკონიმ ეს კლუბი იყიდა, მან საზოგადოებას ფეხბურთელები შემდეგნაირად წარუდგინა - სტადიონზე ვაგნერის „ვალკირიების გაფრენა“ ჟღერდა, არენაზე კი ფეხბურთელები ვერტმფრენით დაეშვნენ.
იტალიელ მემარცხენეებს კიდევ ერთი ჭირი სჭირთ - სნობიზმი. იტალიელებმა ბერლუსკონი და მილანი იმიტომაც შეიძულეს უფრო მეტად, ვიდრე ანიელი და იუვენტუსი, რომ ის უფრო დაბალი სოციალური წრის წარმომადგენელი იყო. ერთი გაზეთის მესვეტემ მითხრა: „მას შემოაქვს დაბალი ინტელექტუალური დონის ამერიკული სატელევიზიო შოუები, უხამსად ხუმრობს და უკადრისად იქცევა“.
ბარსას მოდერნისტული ესთეტიკის წყარო მისი მემარცხენე პოლიტიკაა. 1930-იანების ანარქიის დროს ბარსა მუშათა კოალიციად იქცა. ეს მემკვიდრეობა ბარსას დღემდე მოჰყვება.
ფეხბურთს კი ლუდისა და ბურგერების ჭამით უნდა უყურო და არა კაპუჩინოს წრუპვითა და სიგარეტის ბოლებით.
მანუელ ვასკეს მონტალბანი წერდა: „ფრანკოს ხელქვეითი ოკუპანტები ქალაქში შემოიჭრნენ. იმ ორგანიზაციათა სიაში, რომლებშიც წმენდა უნდა ჩაეტარებინათ, ბარსას საფეხბურთო კლუბი მეოთხე ნომრად იყო შეტანილი კომუნისტების, ანარქისტებისა და სეპარატისტების შემდეგ.
რეპრესიები და ტრიუმფი - ფეხბურთის პოლიტიზირებული ისტორიის ყველაზე რთული კითხვა. უმბერტო ეკომ ეს კითხვა ასე დასვა: „ნუთუ შესაძლებელია, რომ რევოლუცია ფეხბურთის მატჩის დღეს მოხდეს?“ ბარსასთვის ეს ყველაზე უხერხული კითხვაა. მათ გულშემატკივრებს თავი სწორედ იმით მოჰქონდათ, რომ სტადიონზე საშუალება ჰქონდათ გამოეხატათ თავიანთი უკმაყოფილება რეჟიმის მიმართ. მათ გამბედაობას მატებდა 100 000 ადამიანი, რომელიც ხმაშეწყობილად მღეროდა. ხალხის დიდი რაოდენობა მათ უსაფრთხოების განცდას ანიჭებდა. გულშემატკივრები სარგებლობდნენ ამით და ისეთ რამეებს წამოიყვირებდნენ, რასაც ვერც კი წაიჩურჩულებდნენ ქუჩაში ან კაფეში. ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია. საფეხბურთო მოედანზე ამბოხების წამოწყების არა ერთი ფაქტი ვიცით. ცვერნა ზვეზდას რევოლუციამ, დრაზამ, კრლემ და სხვა ბელგრადელმა ხულიგნებმა ხელი შეუწყვეს სლობოდან მილოშევიჩის ჩამოგდებას. 1990 წელს რუმინეთის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩის მოგებას ბუქარესტის მოედნებზე აღნიშნავდნენ, რაც იმით დასრულდა, რომ შეიარაღებული რაზმის წევრებმა თავიანთი ავტომატები დიქტატორ ნიკოლაუ ჩაუშესკუსა და მის მეუღლეს მიუშვირეს. პარაგვაელ დიქტატორ ალფრედო შტროსნერის ჩამოსაგდებად დაწყებული ამბოხის ეპიცენტრიც ფეხბურთის მოედანი იყო.
ყველა უცხოელს შეუძლია გახდეს აქაური, რადგან „კატალონიზმის“ მიხედვით, მოქალაქეობა მემკვიდრეობით არ გადმოეცემა. ის უნდა მოიპოვო. კატალონიელი რომ გახდე, უნდა ისწავლო ადგილობრივი ენა, უარყო და გძულდეს კასტილია, ბარსა კი გიყვარდეს. კატალონიური ნაციონალური დოქტრინა არ არის რასისტული ან თეოკრატიული, მაგრამ ის ამ ხალხის მრწამსია. კატალონიური ნაციონალიზმი იმდენად ბეცია, რომ რაც არ უნდა აუტანელი ხასიათი გქონდეს, მაინც მიგიღებს.
1987 წელს ქვეყნის სულიერმა და პოლიტიკურმა დიქტატორმა, აიათოლა რუჰოლა ხომეინმა, ახალი რელიგიური ბრძანებულება გამოსცა, რომელიც ქალებს ფეხბურთის გულშემატკივრობას ნაკლებ უკრძალავდა. თეთრწვერა დიქტატორმა გამოაცხადა, რომ ქალებს ამიერიდან უფლება ჰქონდათ ფეხბურთისთვის ტელევიზორში ეყურებინათ. ამ წესის მიღების შემდეგ, მუსლიმთა ცხოვრებაში პირველად, სატელევიზიო არხები ფეხბურთის მატჩს გადასცემდნენ.
ფეხბურთის საშუალებით ირანელმა ხალხმა გამოავლინა მისწრაფება, რომ შექმნას უფრო ახლებული და ლიბერალური ირანი. რამდენიმე თვით ადრე სწორედ ასეთივე მისწრაფებების წყალობით გაპრეზიდენტდა რეფორმისტი მუჰამედ ხათამი. პირველად მუსულმანური რესპუბლიკის ისტორიაში ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი - ბრაზილიელი ვალდიერ ვიეირა ჰყავდა. როდესაც მატჩის დროს ნერვიულობისგან ბოლთას სცემდა, მას ყელზე ყოველთვის ჰალსტუხი ეკეთა. შაჰები მოითხოვდნენ, რომ ჩაცმის ოფიციალური სტილი თანამედროვე ირანის სიმბოლოდ ქცეულიყო. ამას კი სასულიერო პირები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ევროპულ გავლენად აღიქვამდნენ. ვიეირას გაწვრთნილმა ბევრმა ფეხბურთელმა კარიერა ევროპულსა და აზიურ ლიგებში თამაშით განაგრძო. ეს გლობალურ ეკონომიკაში ირანის ჩართულობის ერთ-ერთი ნიშანი იყო.
2002 წელს, როდესაც ირანმა საუდის არაბეთი დაამარცხა, შემდეგ ერაყი და გაერთიანებული ემირატები, აღტკინებული ფანები გაყვიროდნენ: „გაუმარჯოს თავისუფლებას“ და „ჩვენ გვიყვარს ამერიკა“.
მას შემდეგ, რაც ამერიკის ფინია გახდები, ძნელია შეინარჩუნო ძველებური მოგების ჟინი.
© „რადარმი“, 2013 წელი