აკა მორჩილაძე - წინასიტყვაობა წიგნისა როგორ აგვიხსნა ფეხბურთმა მსოფლიო
ფრანკლინ ფოერის შესანიშნავი წიგნი ფეხბურთზე და არა მხოლოდ ფეხბურთზე კიდევ ერთხელ გაახსენებს ადამიანს, თუ რამდენნაირი სიღმრე აქვს მსოფლიოს უსაყვარლეს თამაშს, რომელიც მწვანე მინდორზე კი მიმდინარეობს, მაგრამ მინდვრის გარეთაც იმხელა სივრცეებს ფლობს, რომ ვერანაირი სპორტი ვერ დაიკვეხნის.
ამ წიგნის კითხვისას, ალბათ, ფეხბურთის ბევრი ქართველი მოყვარული გაიფიქრებს, რომ თავადაც ხალისით დაამატებდა მას ერთ თავს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ფეხბურთს საქართველოს ახსნა.
დღევანდელი ფეხბურთის გლობალურობა და მისი მილიარდები დიდ სატელევიზიო იერს აძლევს ამ თამაშს და ეს იერი ხშირად გადამწყვეტია ხოლმე, ვინაიდან დღეს, სადაც ტელევიზიაა, იქ ყველაფერია. თუმცა, ფეხბურთის გავლენა ადამიანებზე უტელევიზიო ეპოქებშიც დიდი იყო.
ფეხბურთი იშვა როგორც სოციალური ფენომენი, რომელმაც თამაშის მკაცრი და შეზღუდული კანონებით დაიპყრო მსოფლიო. არსად მოიძებნება სხვა გუნდური თამაში, სადაც ადამიანს ასეთი მოუხერხებელი ამოცანა ჰქონდეს გადასაწყვეტი - მხოლოდ ფეხით მიაღწიოს შედეგს და ათასი აკრძალვის გავლით გაიტანოს ბურთი.
ნეტავ როგორი იყო ადამიანის ფეხი ფეხბურთამდე! ვინმე წარმოიდგენდა, რომ ფეხს ამდენი რამ შეეძლო? სიარულისთვის გაჩენილი კიდური იმგვარი ნიჭითა და საოცრებათა შემცველი აღმოჩნდა, რომ სამყაროს ერთ-ერთი საყრდენის შექმნაში დაიდო წილი.
ფეხბურთი იშვა, როგორც უბრალო ხალხის პროფესიული თამაში, იმ ხალხისა, რომელსაც არ ერცხვინებოდა, რომ სპორტში ფული აეღო. ამით ის თავიდანვე გაშორდა თავის ბიძაშვილს - დიდებულ რაგბის, სადაც ადამიანს ბურთი ხელში უჭირავს და ისე მიდის მიზნისკენ.
უბრალო ხალხის ამ პროფესიულმა თამაშმა გასაოცარი დემოკრატიულობა გამოავლინა უამრავი წესისა და შეზღუდვის მიუხედავად, იმიტომ, რომ ადამიანს იმთავითვე აუკრძალა რაიმეს ჩაბღუჯვა.
ფეხბურთში ყველას ყველაფერი შეუძლია. აფრიკულ პატარა გუნდს, რომლის წევრებიც ნათხოვარი ბუცებით თამასობენ, ევროპული დიდი გუნდების დამარცხება ძალუძს. ყოველ შემთხვევაში, სხვა გუნდური სპორტისგან განსხვავებით, აქ ამის საშუალება და იმედი ყოველთვის არსებობს.
ასეთი დემოკრატია არსადაა და ამ დემოკრატიის არსი კი სწორედ ისაა, რომ მინდორზე ბურთი ყველასია, ის თითქოს ყოველთვის ნეიტრალურია, რადგან მიწაზე დევს და კაცის მოხერხებაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოუვლის მას მხოლოდ ფეხით.
ფეხბურთის დემოკრატიულობაშია მისი სოციალური სიღრმეც, ის დიდი ისტორიებიც, რომლებიც ამ წიგნშია მოთხრობილი და ისიც, რაც ფეხბურთმა უძღვნა სამყაროს.
ამ წიგნის გმირებისა და სამყაროს მსგავსად, ჩვენც გვაქვს ფეხბურთის გარშემო მბრუნავი დიდი სამყარო. ამ წიგნში აღწერილი ისტორიების მსგავსად, ჩვენც დავინახავტ ადამიანის უამრავ თვისებას, ინტერესს, ქცევას, მისწრაფებას ჩვენი ფეხბურთის უკიდეგანო სურათში, რომლის წამყვანი ფენომენიც უკვე წარსულში ძევს, დღევანდელობას კი მისი ანარეკლიც ძნელად ეტყობა.
საბჭოთა დროს, განსაკუთრებით კი 60-იანი წლებიდან, ფეხბურთი ისეთი ნაციონალური საყრდენი იყო საქართველოსთვის, რომლის მსგავსიც ძნელად მოიძებნება. ის რაღაცით რელიგიურ ნიშნებსაც ატარებდა.
სხვა ამბავია, რომ პოსტსაბჭოთა ეპოქაში ჩვენს ფეხბურთს ძალიან სწრაფად გამოეცალა უზარმაზარი ძალა და ბალკანური ისტორიისგან განსხვავებით, ნაციონალისტური კი არა, სოციალური ფუნქციაც აღარ შერჩა.
მანამდე კი, საბჭოთა დროს, ფეხბურთი იყო მთავარი. ის იყო ინსტრუმენტი და იმგვარი მარადიული ძალა ჰქონდა, რომ უმალ საბჭოთ კავშირის დაშლას დაიჯერებდა კაცი, ვიდრე ჩვენი ფეხბურთის ერთ ჩვეულებრივ, მხოლოდ ახირებულთათვის სასეირო, რაღაცად ქცევას.
ფეხბურთის ცნობილი გულშემატკივრები ხშირად არანაკლებ პოპულარულნი იყვნენ, ვიდრე თავად ფეხბურთელები და მსახიობები. ფეხბურთის გულშემატკივარი თითქმის პროფესია იყო და ეს არ იყო დღევანდელი ფანობის მსგავსი რამ. ეს იყო მთავარი საზოგადოებრივი საყრდენისა და იმედის საკუთარ თავში ბოლომდე შემწოვი ადამიანი, რომელიც ეროვნულ იდენტიფიკაციას სწორედ ფეხბურთით ახდენდა.
ფეხბურთის მნიშვნელობა იყო სახალხო და სახელმწიფო. საქმე იქამდე მიდიოდა, რომ წინა დღის მატჩის საგაზეთო რეპორტაჟებს უმაღლეს პარტიულ კაბინეტებში კითხულბოდნენ და წითელი ფანქრით არჩევდნენ. თავად მიამბობდა ამ რეპორტაჟების ერთი ცნობილი ავტორი, თუ როგორ იბარებდნენ იმ მაღალ კაბინეტებში და ემუქრებოდნენ პარტიიდან გარიცხვით, როცა ამ პარტიის წევრიც კი არ იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდის ტაქტიკაზე დაწერა ორიოდე ცუდი სიტყვა. ეს მავნებლობად ეთვლებოდა, რადგან მთავარ სიხარულს ვიღაც მოკალმის ნააზრევი არ უნდა შეხებოდა. სხვა საქმეა პარტიის მკაცრი ხელი, როგორც არაერთხელ მომხდარა წარუმატებლობის წლებში. ანდა ძველ დროსაც, როცა გასახდელში ლავრენტი ბერია გამოჩნდებოდა ხოლმე, თავი ხომ არ მოგბეზრებიათ, გადით და მოიგეთო.
ფეხბურთი იყო, ფაქტობრივად ერთადერთი სახალხო ინსტიტუტი, სადაც საქართველოს თავის გამოვლენა შეეძლო საბჭოთა კავშირშიც და მის გარეთაც, სადაც, მართალია, რუსებს გვეძახდნენ, მაგრამ მცოდნემ მაინც იცოდა.
მიუხედავად შევიწროებაზე გამუდმებული ლაპარაკისა და ამ შევიწროების მართლაც შთამბეჭდავი სურათებისა, ფეხბურთი, როგორც ნაციონალური ინსტრუმენტი, მოქმედებდა. ისევ და ისევ მისი დემოკრატიულობის გამო.
მერე ეს ყველაფერი გაქრა. მაგრამ ეს დიდი ისტორიაა, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია, რომ გამოიღვიძოს და ასეც იქნება, თუკი ფეხბურთი რამე სოციალურ საყრდენს იპოვის. ის ასე დაიბადა, ასე ვითარდებოდა და ასე მოედო მსოფლიოს.
წიგნი კი მართლა ძალიან საინტერესოა, კოხტად დაწერილი და მახვილად შენიშნული ისტორიებით სავსე.
© „რადარმი“, 2013 წელი